Accessibility links

logo-print

კვლევის თანახმად, ზუგდიდის საბავშვო ბაღებში მნიშვნელოვანი დარღვევებია


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში მძიმე ინფრასტრუქტურული პირობებია. მოშლილია სახურავი, დაზიანებულია კედლები, იატაკი, ჭერი, ფანჯრები და მოძველებულია ინვენტარი - ასეთ დასკვნამდე მივიდა საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტრი“.
თითქმის ყველა მიმართულებით არის პრობლემები - ეს შეეხება მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, გვაქვს ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებთან დაკავშირებული პრობლემები...

ორგანიზაციამ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებზე დაკვირვების შედეგები ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გააცნო.

„სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ წარმომადგენლის ნუგზარ გაბელიას განცხადებით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში - მცირე, არასაკმარისი ფართის მიზეზით - მისაღებ ბავშვთა კონტინგენტი ხელოვნურად არის შემცირებული. თითქმის ყველა ობიექტის თითო ოთახი ზამთარში შეშის ღუმელით თბება, რის გამოც ბავშვებში სხვადასხვა ვირუსული დაავადებების გავრცელების საშიშროებაა:

„თითქმის ყველა მიმართულებით არის პრობლემები - ეს შეეხება მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, გვაქვს ჰიგიენურ-სანიტარულ ნორმებთან დაკავშირებული პრობლემები. ძალიან მნიშვნელოვანია დევნილთა დასახლების პრობლემა, რადგან საბავშვო ბაღები გადაქცეულია კოლექტიურ ცენტრებად. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში საბავშვო ბაღებში გაუმჯობესდა კვება, რასაც აღნიშნავენ ჩვენ მიერ გამოკითხული ადამიანები“.
ყველა იმ პრობლემიდან, რაც აქ იყო წარმოდგენილი, ადგილობრივი თვითმმართველობა ერთ და ორ წელიწადში ასე ერთბაშად ვერ მოაგვარებს, რადგან ეს დაკავშირებულია დიდ დანახარჯებთან...

ამ პრობლემების პარალელურად, ირკვევა, რომ ბაღებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით არ არის მოწესრიგებული, არ მოქმედებს ინკლუზიური სწავლების მეთოდოლოგია, რის გამოც ამ ადამიანებს სკოლამდელ დაწესებულებებში საწყისი, თავდაპირველი განათლების მიღების შესაძლებლობა არა აქვთ.

ანგარიშის ავტორების თქმით, ჩამოთვლილი საკითხების პარალელურად, პრობლემას ქმნის ბაღის თანამშრომელთა მიზერული შრომის ანაზღაურება, რაც 102, 5 ლარით არის განსაზღვრული. ეს კი ერთსულიანი ოჯახისთვის განკუთვნილ საარსებო მინიმუმს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ექსპერტ-ანალიტიკოსმა ოთარ კიკვაძემ, რომელიც შეხვედრას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდა, „სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტრის“ წევრებთან ერთდ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს რეკომენდაციები მიაწოდა:

„ყველა იმ პრობლემიდან, რაც აქ იყო წარმოდგენილი, ადგილობრივი თვითმმართველობა ერთ და ორ წელიწადში ასე ერთბაშად ვერ მოაგვარებს, რადგან ეს დაკავშირებულია დიდ დანახარჯებთან. კარგი იქნება, თუ თავდაპირველად შეფასდება, ფინანსურად რა არის გასაკეთებელი. ასევე კარგი იქნება, თუ თვითმმართველობა არასამთავრობოებთან ერთად იმუშავებს ბაღების სხვადასხვა მოდელებზე“.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა უკვე მუშაობს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე, რომელშიც აუცილებლად აისახება ის რეკომენდაციები, რაც „სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტრმა“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ, მიუხედავად ამ მიმართულებით გამოვლენილი არაერთი მწვავე პრობლემისა, მათზე მუშაობა შესაძლებელია:

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა უკვე მუშაობს 2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე, რომელშიც აუცილებლად აისახება ის რეკომენდაციები, რაც „სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტრმა“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს“.

„სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტრის“ წარმომადგენლებმა ადგილობრივ თვითმმართველობას ურჩიეს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებების პრობლემებზე მუშაობა ზუგდიდის 58-ივე საბავშვო ბაღში არსებული მდგომარეობის შესწავლით დაიწყოს, შემდეგ კი შეიქმნას მათი განვითარების სტრატეგია.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ გრძელვადიან პერიოდში სასურველია თითოეულ ბაღს მიენიჭოს იურიდიული პირის სტატუსი, რათა მათ ჰქონდეთ სრული დამოუკიდებლობა ადმინისტრირების პროცესში.
XS
SM
MD
LG