Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის საფეხბურთო კლუბში ფინანსურ პრობლემებზე ჩივიან


საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ ფეხბურთელებს და ადმინისტრაციას კლუბის მფლობელი უკრაინელი ინვესტორის მიმართ პრეტენზიები აქვთ. სპორტსმენების განცხადებით, ინვესტორს, ვალდებულების მიუხედავად, ორი თვეა თანხა არ დაურიცხავს. შესაბამისად, არსებობს ორი თვის სახელფასო დავალიანებაც.

„ზუგდიდის“ 51% წილის მფლობელი სამი თვის წინ გახდა ბიზნესმენი სერგეი დოროშენკო . საფეხბურთო კლუბის 49%-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ფლობს. აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ბიზნესმენი იღებს ვალდებულებას კლუბის დაფინანსებაზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზე. უმეტესი წილის მფლობელს სწორედ ამ ვალდებულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ ფეხბურთელები და მერიას პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.

გადმოწერა

გუნდის კაპიტანის, ნიკოლოზ აფაქიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის საშუალებით ინვესტორს ესაუბრნენ, ვერ გაარკვიეს შექმნილი ვითარების მიზეზები. ფეხბურთელის თქმით, აღმოჩნდა, რომ მერიასთან გაფორმებულ კონტრაქტში არ არის პუნქტი, რომელიც ავალდებულებს ინვესტორს საკუთარი ვალდებულების შესრულებას.

„ის უარს აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე. მას შემდეგ, რაც მან გუნდი გადაიბარა, ერთი თეთრი არ ჩაურიცხავს სპონსორს ჩვენს ანგარიშზე და არც ხელფასები დარიგებულა“.

ქალაქ ზუგდიდის მერის, ირაკლი გოგოხიას განცხადებით, კლუბს ინვესტორი თანხას უახლოეს დღეებში ჩაურიცხავს და პრობლემებიც მოგვარდება. მისი მტკიცებით, ხელშეკრულებაში გაწერილია ყველა დეტალი, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მერია გუნდს დაიბრუნებს.

„იმედია ეს არ მოხდება. ინვესტორი ამბობს, რომ კონტრაქტით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს და დაფინანსება მომავალშიც გაგრძელდება“.

ფეხბურთელების პარალელურად, კლუბის მფლობელებთან პრეტენზიები აქვთ ფანკლუბ „აბრაგების“ წევრებსაც. გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ გუნდს წინ გადამწყვეტი მატჩები ელოდება და თანხა დაუყოვნებლივ სჭირდებათ. ამიტომაც ფანკლუბმა ფულის შეგროვება თავად დაიწყო. მათ სპეციალური ანგარიში გახსნეს ბანკში და ზუგდიდელებს დახმარებისკენ მოუწოდებენ:

„არის ძალიან პრინციპული მატჩი. მოგების შემთხვევაში, ფლეი ოფის თამაში მოგვიწევს, თუ შემდეგაც ყველაფერი კარგად გაგრძელდა. „სიონთან“ ქულების დაკარგვა იქნება ტრაგედიის ტოლფასი. ფაქტიურად, ჩვენ უმაღლესი ლიგიდან გავვარდებით და ვითამაშებთ პირველ ლიგაში. ანგარიშზე შეგვიძლია ჩავრიცხოთ, ვის რამდენი შეგვიძლია: 1, 10, 100 ლარი, არ აქვს მნიშვნელობა. ვისაც რისი საშუალება გვექნება, იმდენს ჩავრიცხავთ და ამით ჩვენს გუნდს დავეხმარებით, იქნება საკვები თუ ტრანსპორტირება, რომ ფეხბურთელმა თავი ფეხბურთელად იგრძნოს”, – ამბობს „აბრაგების” ლიდერი გიორგი ბაჩილავა.

თავის მხრივ, მერიაში აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ინვესტორმა კონტრაქტი გაწყვიტა, თვითმმართველობა არ დატოვებს სპორტსმენებს ხელფასის გარეშე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG