Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კვლევის მიხედვით, ზუგდიდის საკრებულო საკმაოდ სუსტ საზედამხედველო ორგანოებს შორისაა


ზუგდიდი
ზუგდიდი

ადგილობრივი ანტიკორუფციული სისტემების შეფასების შესახებ ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევა თბილისსა და ქუთაისთან ერთად ზუგდიდსაც მოიცავს. მასში განხილულია თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტი. გამოვლინდა, რომ ზუგდიდის საკრებულოც, კვლევის ობიექტი დანარჩენი ქალაქების საკრებულოების მსგავსად, საკმაოდ სუსტი ზედამხედველობის ორგანოა და მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი მისი დამოუკიდებლობის გასაზრდელად. კვლევის ავტორების განმარტებით, ზუგდიდი შეირჩა არა მხოლოდ როგორც საქართველოს ერთ-ერთი დიდი ქალაქი და რეგიონალური ცენტრი, არამედ როგორც ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თვითმმართველი ქალაქი, რომელმაც ეს სტატუსი 2014 წლის თვითმმართველობის რეფორმის შედეგად მიიღო.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, კვლევის ფარგლებში რესპონდენტების უმრავლესობა მიუთითებდა, რომ საკრებულო ძირითადად ადგილობრივი ხელისუფლებიდან წამოსულ ინიციატივებზე მსჯელობს და ყურადღების მიღმა ტოვებს თვითმმართველი ერთეულისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორ არჩილ თოდუას თქმით, ადგილობრივი ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული გათანაბრებითი ტრანსფერი შეადგენს, რაც თვითმმართველობის ფინანსურ დამოუკიდებლობას ამცირებს:

„არის ძალიან ბევრი რეკომენდაცია და, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ის, რომ ფინანსური დამოუკიდებლობა თვითმმართველობებში იყოს უფრო მეტი, ვიდრე დღეს არის. მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი, რომ არ იყოს მათი დამოკიდებულება ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ასევე მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს საჯარო ბიუროკრატიის მართვა და ბიუროკრატიის გამიჯვნა მოხდეს პარტიული, პოლიტიკური პროცესებისგან“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის შედეგების უმეტეს ნაწილს არ ეთანხმება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია. ის, პირიქით, ფიქრობს, რომ მათ საკრებულოსა და აღმასრულებელ ორგანოს - მერიას - შორის ჯანსაღი ურთიერთობაა, ისეთი, როგორიც უნდა იყოს:

„ვერანაირ არგუმენტაციას ვერ ვხედავ - ვერც ლოგიკურს, ვერც სიღრმისეული ანალიზის შედეგებს - ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ მაინც რაღაც ზეპირი შეფასებაა და არანაირად არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ძალიან ჯანსაღი ურთიერთობაა საკრებულოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. ეს არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ერთი მხრივ, საზედამხედველო ფუნქციას ასრულებს საკრებულო, - სხვათა შორის, ძალიან მაღალ დონეზე, - მეორე მხრივ, ეს არის პარტნიორული ურთიერთობა, მხარდაჭერის ელემენტებით, როცა ეს საჭიროა“.

კვლევის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის დამოუკიდებლობა მწირია და ის მეტწილად დამოკიდებულია ცენტრზე, მერაბ ქვარაიამ განმარტა:

„თვითმმართველობას გააჩნია როგორც საკუთარი რესურსები, ისე რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების. რამდენად საკმარისია ის რესურსები, რომელიც თვითმმართველობას მიეწოდება, მე გეტყვით, რომ არსად, არც ერთ ქვეყანაში არ არის საკმარისი ის რესურსები, რომელიც თვითმმართველობას მიეწოდება. ანუ მუდმივად არის საჭიროება, რომ ის გაიზარდოს და ეს აბსოლუტურად ჯანსაღი ამბიციაა“.

მერაბ ქვარაია არც იმ ნაწილში ეთანხმება კვლევის ავტორებს, სადაც ვკითხულობთ, რომ „პრობლემაა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოქალაქეების ურთიერთქმედების მექანიზმების სისუსტე“. პირიქით, ამბობს, რომ მათ მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობა, კომუნიკაცია აქვთ ნებისმიერ საკითხზე. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ თვითმმართველობის საქმიანობის შესახებ მომზადებულ კვლევაში საუბარია დადებით ტენდენციებზეც. მაგალითად, მაღალი შეფასება დაიმსახურა ადგილობრივ ბიუროკრატიაში ფინანსური, ინფრასტრუქტურული და ადამიანური რესურსების მხრივ არსებულმა ვითარებამ, გადასახადების ადმინისტრირების სფეროში მოქმედმა გამჭვირვალე და მარტივმა რეგულაციებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG