Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის თვითმმართველი თემის ახალი საკრებულოს პირველი გადაწყვეტილებები


ზუგდიდის თვითმმართველი თემის ახალ საკრებულოში, სადაც კოალიცია „ქართული ოცნება“ უმრავლესობითაა წარმოდგენილი, თავმჯდომარე და მისი მოადგილე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს თავმჯდომარედ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა გოგია, მის მოადგილედ კი ასევე კოალიციის წარმომადგენელი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ლაშა ადეიშვილი აირჩიეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა დღეს უხუცესმა წევრმა, 78 წლის ნაპო გაბისონიამ გახსნა. ის სოფელ ერგეტის მაჟორიტარი დეპუტატია კოალიცია „ქართული ოცნებიდან“. სხდომაზე დეპუტატებს დღეს კიდევ ერთხელ გააცნო არჩევნების შედეგები ზუგდიდის #67 საოქლო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანა ოყუჯავამ.

ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციული ოპოზიცია. ჩვენ პირადი ამბიციები არ გვაქვს. პირიქით, სწორედ იმ ადამიანების სასიკეთოდ უნდა ვიმუშაოთ, რომლებმაც ჩვენ მოგვცეს ხმა და რომლებმაც მათ მისცეს ხმა...
კახაბერ ჩანგელია

სხდომას, რომელიც გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა, 45-ივე დეპუტატი დაესწრო. მათი დიდი ნაწილის მიერ არჩეულმა თავმჯდომარემ დეპუტატებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და კოალიციის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების პირობა დადო:

„პირველ რიგში გავა ინფრასტრუქტურული პროექტები, დასაქმება და სოციალური პროგრამები“.

ლაშა გოგიას კანდიდატურის წინააღმდეგ ხმა საკრებულოს 13-მა წევრმა მისცა. ზუსტად ამდენი დეპუტატი ჰყავს ახალ საკრებულოში ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ამ ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის განსაკუთრებული დაძაბულობა იყო, საკრებულოში მუშაობისას ოპოზიციური პარტია საჭიროების შემთხვევაში მმართველ გუნდთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. „ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში ორი ფრაქციის ჩამოყალიბებას აპირებს:

„ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციული ოპოზიცია. ჩვენ პირადი ამბიციები არ გვაქვს. პირიქით, სწორედ იმ ადამიანების სასიკეთოდ უნდა ვიმუშაოთ, რომლებმაც ჩვენ მოგვცეს ხმა და რომლებმაც მათ მისცეს ხმა. თუკი ისინი გააკეთებენ საქმეს, რასაც ჰქვია ზუგდიდელების საქმე, ჩვენ ვიქნებით მათთან ერთად“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახაბერ ჩანგელიამ.

ჩვენთან, პირველ რიგში, ძალიან დიდი პრობლემაა გზის. იმედი მაქვს გამგებელი და საკრებულო გვერდში დაგვიდგება და ერთად შევძლებთ ამ დიდი საქმის გაკეთებას...
ედიტა კოდუა

მუნიციპალიტეტის ახალ საკრებულოში საინიციატივო ჯგუფებიდან 2 წევრია წარმოდგენილი. ისინიც თანამშრომლობის პრინციპით გეგმავენ საკითხების გადაწყვეტას. სოფელ აბასთუმნის მაჟორიტარი დეპუტატი საინიციატივო ჯგუფიდან, ედიტა კოდუა, თავისი სოფლის პრობლემებს დააყენებს მომდევნო სხდომებზე:

„ჩვენთან, პირველ რიგში, ძალიან დიდი პრობლემაა გზის. იმედი მაქვს გამგებელი და საკრებულო გვერდში დაგვიდგება და ერთად შევძლებთ ამ დიდი საქმის გაკეთებას“.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევის შემდეგ, დამტკიცდა რეგლამენტი, რომელიც საკრებულოს მუშაობის პრინციპებს მოიცავს.

XS
SM
MD
LG