Accessibility links

logo-print

ზუგდიდის საფეხბურთო გუნდი დატოვეს მწვრთნელმა და რამდენიმე მოთამაშემ


ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“ არსებული ფინანსური პრობლემების გამო გუნდი მთავარმა მწვრთნელმა კობა წითაიშვილმა და სამმა ფეხბურთელმა - ცენტრალურმა მცველმა ნიკოლოზ აფაქიძემ, მცველმა რომეო კანკიამ და კაპიტანმა ზვიად სიხარულიამ - დატოვა.

გუნდის ახლა უკვე ყოფილი მწვრთნელი იმ პრობლემებზე საუბრობს, რის გამოც თანამდებობაზე უარი თქვა:

„ორი თვის სახელფასო დავალიანებაა. ელემენტარული, საფეხბურთო მოედანი არ არის დახაზული 21-ე საუკუნეში. მანდ გუნდი როგორ უნდა ვავარჯიშო? ფეხბურთელები ვარჯიშზე რომ გენახათ, ერთნაირი ფორმებიც კი არ აქვთ. გუნდი მინდა, რომ გადარჩეს. ზუგდიდელი ვარ. აქ დაიწყო ჩემი კარიერა. ევროპაში მიღებული გამოცდილებით მინდოდა დავხმარებოდი, მაგრამ ვერაფერი ვერ გავაკეთე“.

გუნდიდან წასვლის მიზეზებს არ აკონკრეტებს ნიკოლოზ აფაქიძე. ფეხბურთელი არ გამორიცხავს მოლაპარაკების შემთხვევაში გუნდში კვლავ დაბრუნდეს:

„მეორე თვეა არ აგვიღია ხელფასი, მაგრამ ფინანსური მდგომარეობის მიზეზით არ წავსულვარ. უფროსობა ცდილობს, ნოემბრის ბოლოსთვის დაფაროს დავალიანება. ალბათ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დავემშვიდობებით ერთმანეთს, თუმცა ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი ჩემი საკითხი. შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს, მაგრამ დღეს გუნდში არ ვირიცხები“.

ფეხბურთელის და ყოფილი მთავარი მწვრთნელისგან განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის ჟურნალისტებს კლუბის დირექტორი მალხაზ ჭეჟია. მისი თქმით, მან გუნდიდან წასვლის შესახებ მხოლოდ მწვრთნელის განცხადება დააკმაყოფილა, რაც შეეხება ფეხბურთელებს, მალხაზ ჭეჟია მათთან მოლაპარაკებას და გუნდში დაბრუნებას არ გამორიცხავს:

„უნდათ რაღაც სკანდალების მოწყობა, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მარტო ჩვენ კი არ გვაქვს ფინანსური პრობლემები, უმაღლესი ლიგის რამდენიმე გუნდშიც მსგავსი სიტუაციაა. წითაიშვილი ცრუობს, როცა ამბობს, აბანო, წყალიო. ტყუილია ყველაფერი. გუნდს მშვენიერი პირობები აქვს. მივაღწიეთ და უკვე ერთი თვეა „ბაიას“ ბაზაზე ვვარჯიშობთ. გუნდი გამგეობისაა და ის ყველაფერს იზამს, რომ გუნდი არსებობდეს. მე ეს ვიცი ზუსტად“.

გუნდი ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 700 ათასი ლარით დაფინანსდა. აქედან 280 ათასი შარშანდელი დავალიანება იყო. მისი ამოწურვის შემდეგ კლუბს გამგეობამ, დამატებით, 130 ათასი ლარი გადაურიცხა, მაგრამ ანგარიშზე დღეს ეს თანხაც არ ირიცხება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ გუნდის პრობლემების მოგვარებაში გამგეობა აქტიურად არის ჩართული:

„ჩვენთვის ცნობილია იმ პრობლემების შესახებ, რაც დგას გუნდის და მისი ხელმძღვანელობის წინაშე. გამგეობა აქტიურად არის ჩართული, რათა ერთობლივად მოხდეს ამ პრობლემების და ამ სიძნელეების გადალახვა“.

თავის მხრივ, გუნდის ფანკლუბის - „აბრაგების“ - წევრებიც გამოხატავენ უკმაყოფილებას. კლუბში აცხადებენ, რომ სამეგრელოსთვის იქნება ცუდი, თუ მხოლოდ მარტვილის „მერანი“ იქნება საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში წარმოდგენილი, რადგან ამჟამად არსებულ ვითარებაში „ზუგდიდს“ უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი არა აქვს.
XS
SM
MD
LG