Accessibility links

logo-print

ორი აქცია ერთი მოთხოვნით - უპირობო გათავისუფლება თენგიზ გუნავას


თენგიზ გუნავა

თენგიზ გუნავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას უპირობო გათავისუფლების მოთხოვნით ზუგდიდში მეორე დღეა ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. იმავე მოთხოვნით სოციალურ ქსელ ფეისბუქში დღეიდან მოქალაქეთა ვიდეომიმართვების გავრცელება დაიწყო. ორივე აქციის ორგანიზატორი „სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფია“. ჯგუფის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ, რომელიც, იმავდროულად, ზუგდიდის საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა განყოფილების წამყვანი სპეციალისტია, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ხელმოწერები ზუგდიდის პარალელურად შეგროვდება თბილისსა და ქუთაისში. აქციის დასრულების შემდეგ ხელმოწერები გადაეგზავნება საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მათ გუნავას საქმე პირად კონტროლზე აიყვანონ:

„თენგიზ გუნავა არის ის ადამიანი, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად 9 წლის განმავლობაში ებრძოდა რუს ოკუპანტებს და მისი დაკავება - ეს არის იმ რუსული ოკუპაციის დიდი ნაწილი, რომელსაც საქართველოს ანექსირება ჰქვია. 10 ათასზე მეტი ელექტრონული ხელმოწერა გვაქვს უკვე. ველოდებით, რომ ორი დღის განმავლობაში სამეგრელოში 15 ათასზე მეტი ხელმოწერა იქნება“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ პირველმა მოაწერა ხელი გუნავას გათავისუფლების მოთხოვნას:

„თენგიზ გუნავა მაინც „დაგიჭერის“ პრინციპით არის დაკავებული, იმიტომ რომ კაცს, რომელსაც 12 ტონა საწვავი ჰქონდა ოფიციალურად დასახარჯად, სამი ტონა საწვავის მითვისებისთვის დაიჭერენ, მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ამ სამი ტონა საწვავის გამო დაჭერილ კაცს პოლიტპატიმარი უნდა უწოდო, სხვა არაფერი“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიიჩნევენ, რომ თენგიზ გუნავასთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება, თუნდაც მისი მხარდამჭერების მიერ, არასწორი და გაზვიადებულია. გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თოდუა ფიქრობს, რომ გუნავას გათავისუფლების მოთხოვნას ბევრი ხელმომწერი არ ეყოლება:

„მე რაც პირველ აქციაზე ვნახე, იქიდან გამომდინარე... ანუ იქ რამდენიმე ადამიანი იყო სულ აქციის მონაწილე, შეიძლება იმ რამდენიმე ადამიანში სხვა რაიონიდან ჩამოსული იყო, რადგან სულ ერთი-ორი ადგილობრივი მოსახლე ვიცანი. შესაძლოა მათ ჰქონდეთ ათასობით და ათიათასობით მოქალაქის გვერში დადგომის სურვილი, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებაა, როგორც მოქალაქის და არა საჯარო მოხელის, არა მგონია, მათ 10 ათასობით ხელმოწერა შეაგროვონ“.

გიორგი თოდუას განცხადებით, თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ გუნავა უკანონოდაა დაკავებული, არსებობს შესაბამისი ინსტანციები, სადაც შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება.

თავის მხრივ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ იგეგმება განაჩენის გასაჩივრება, თუმცა ამ პროცედურის დაწყებას ხელი სასამართლოს მხრიდან ეშლება. კერძოდ, ლაშა დამენიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადვოკატებისთვის ჯერ არ გადაუცია მოტივირებული დადასტურება თენგიზ გუნავას დაკავების შესახებ. მისივე თქმით, ეს გასაკვირი არ არის, რადგან სასამართლოს გაუჭირდება მსგავსი დოკუმენტაციის შედგენა.

შეგახსენებთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა 12 ივნისს შეუფარდა. გუნავა დამნაშავედ ცნეს ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG