Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში პოლიტიკურმა პარტიებმა მოქმედი და ალტერნატიული საარჩევნო სისტემის შესახებ იმსჯელეს


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ პოლიტიკურ პარტიათა ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო თავისი ინიციატივით შემუშავებული ალტერნატიული საარჩევნო სისტემის მოდელი, რომელიც ცოტა ხანში საკანონმდებლო ორგანოს უნდა წარედგინოს. სიახლის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო პროექტის ხელმძღვანელმა ლევან ნატროშვილმა მიაწოდა. მისი განცხადებით, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ასევე უმრავლეს პოლიტიკურ პარტიებთან ერთად უკვე შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის შეცვლაზე:

„კერძოდ, მოქმედი შერეული სისტემა უნდა შეიცვალოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. კონკრეტულად ჩვენს ორგანიზაციას ჩამოყალიბებული აქვს აზრი, რომ ტერიტორიულ-პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა იყოს შემოღებული, რომელიც გულისხმობს საარჩევნო ოლქების, მანდატების თანაბარ გადანაწილებას. ამ სისტემის მეშვეობით მოხდება პოლიტიკური პარტიების იმ კანდიდატების გასვლა პარლამენტში, რომლებიც დააგროვებენ, ასე ვთქვათ, უფრო მეტ პოპულარობას, ანუ სია იქნება ღია და ამომრჩეველი თვითონ გადაწყვეტს, პარტიულ სიებში ვინ რომელ ადგილს დაიკავებს“.

ლევან ნატროშვილის თქმით, მსგავსი სისტემის ამოქმედება არა მხოლოდ მაჟორიტარული სისტემის მოქმედებასთან დაკავშირებულ პრობლემას აღმოფხვრის, არამედ შიდაპარტიულ დემოკრატიასაც შეუწყობს ხელს. მისი განმარტებით, ცვლილებებმა თავისთავად პარლამენტის მუშაობის ხარისხი უნდა აამაღლოს.

შეხვედრაზე მყოფი პოლიტიკური პარტიების წევრები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს დაეთანხმნენ, რომ მოქმედ საარჩევნო სისტემას აქვს მთელი რიგი ხარვეზები, რის გამოც მისი შეცვლა აუცილებელია, თუმცა გამოითქვა გარკვეული შენიშვნებიც. მაგალითად, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ ნუგზარ სარიას აზრით, მსგავსი მოდელი, რომელიც გულისხმობს პარტიული სიის რიგითობის ამომრჩევლის მიერ განსაზღვრას, ნოვაციაა და ეს შესაძლოა მიუღებელი და გაურკვეველი აღმოჩნდეს ზოგიერთისთვის:

„ამ წინადადებას შესწავლა სჭირდება. საარჩევნო სისტემა უნდა იყოს სამართლიანი, ეს არის მთავარი. როცა საუბარია პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულზე გადასვლაზე, ეს სერიოზულ დაფიქრებას, სერიოზულ ცვლილებებს მოითხოვს. აუცილებელია ამაში პარლამენტიც იყოს დაინტერესებული“.

განსხვავებული აზრი აქვთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის წევრის თეიმურაზ ბასილაიას განცხადებით: „ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს უნდა ჰქონდეს იმპერატიულად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, თუ რამდენად პარიტეტულად გადაანაწილებს სიებს და ამ შემთხვევაში არ უნდა იჩაგრებოდეს რომელიმე ტერიტორიული ერთეული იმის გამო, რომ მას ამომრჩეველი ნაკლები ჰყავს. ბუნებრივია, თუ ეს პროცესი გამოსწორდა, იქნება მისასალმებელი“.

„ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელ გოგიტა ბიგვავას თქმით კი, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საარჩევნო სია რეგიონების მიხედვით დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს: „დღეს ყველა პოლიტიკური პარტია თანხმდება, რომ არსებული საარჩევნო სისტემა არის შესაცვლელი და ეს მოხდეს რაც შეიძლება დროულად. ჩვენ ვემხრობით, რომ საარჩევნო სისტემა, რომელიც ადგენს რიგითობას, იყოს დახურული წესით“.

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელ გიორგი თოდუას მიაჩნია, რომ როგორც მოქმედ, ასევე შემოთავაზებულ საარჩევნო სისტემების მოდელს აქვს პოზიტიური და ნეგატიური მხარე, ამიტომ, მისი განმარტებით, ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო:

„უნდა დაიხვეწოს და მივიდეთ საბოლოოდ შეთანხმებამდე, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ ამომრჩევლის ინტერესი და ამომრჩევლის პარიტეტის და მისი სურვილის დაცვა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საარჩევნო პროექტის ხელმძღვანელის ლევან ნატროშვილის თქმით, პროცესების დასაჩქარებლად პროექტის სწრაფი ინიცირებაა აუცილებელი, რადგან მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი. მისი სიტყვებით, გაფორმდა ამ იდეის მხარდამჭერი მემორანდუმი, რომელსაც ხელს აწერს პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა და საარჩევნო საკითხებზე მომუშავე თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლის თქმით, ახლა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად არის მზად რადიკალურად შეცვალოს საარჩევნო სისტემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG