Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღინიშნა ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილე


ზურაბ ჟვანია
ზურაბ ჟვანია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილე თბილისში რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნეს. მისი გარდაცვალებიდან, 2005 წლის 3 თებერვლიდან, დღემდე ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების გარშემო არაერთი კითხვა არსებობს. გამოძიება დღესაც გრძელდება და, როგორც მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, მალე საზოგადოება სიმართლეს შეიტყობს. 9 დეკემბერს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ კონფერენციაზე - "აღმოსავლეთ პარტნიორობა - გზა ვილნიუსის სამიტის შემდეგ" - ზურაბ ჟვანიას მოღვაწეობას აფასებდნენ, როგორც დასავლური ღირებულებების მქონე პოლიტიკოსისას. იქ შეკრებილმა საზოგადოებამ არაერთხელ გაიხსენა ჟვანიას ცნობილი სიტყვები - „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“.

„მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“ - ეს სიტყვები ზურაბ ჟვანიამ ევროსაბჭოს გენერალური ასამბლეის 1999 წლის 27 იანვრის სხდომაზე წარმოთქვა, სტრასბურგში. ეს სიტყვები არაერთხელ გაიხსენეს 9 დეკემბერს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის შემაჯამებელ კონფერენციაზეც, რომელიც ყოფილი პრემიერის იუბილეს ფარგლებში გაიმართა. სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შეკრებილი ხელისუფლებისა და ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ზურაბ ჟვანიას იხსენებდნენ როგორც ადამიანს, რომელმაც საქართველოს ევროპულ გზაზე დაყენების საქმეში უდიდესი წვლილი შეიტანა:

„ზურან ჟვანია იყო პოლიტიკოსი, რომლის სიდიდეს, რომლის ძლიერებას ყველა აღიარებდა - მისი მომხრე, თანამებრძოლი და მისი მოწინააღმდეგე თუ კონკურენტი. მან დატოვა სერიოზული კვალი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და სწორედ ევროპული არჩევანი იყო მისი ურყევი ორიენტირი მისი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში“, - განაცხადა 9 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც მანამდე ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მისი სახელობის კაბინეტი გახსნა, სადაც უახლესი ისტორიის კვლევა და იმ მოღვაწეების პოლიტიკური მემკვიდრეობის უკეთ შესწავლაა დაგეგმილი, რომელთაც ქვეყნის მართვა დამოუკიდებლობის წლებში მოუწიათ.

ზურა რომ დღეს ფიზიკურად ჩვენთან ერთად ყოფილიყო, მგონია, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო ენერგიულად და ხარისხიანად წარიმართებოდა, თუმცა ზურაბ ჟვანიას იდეები და ფასეულობები დღესაც ჩვენთან არის და სანამ მისი თანამებრძოლები არსებობენ და არა მხოლოდ ისინი...
გიორგი ბარამიძე
ზურან ჟვანიას ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი გიორგი ბარამიძე იხსენებს, რომ სწორედ ჟვანიას ხელმძღვანელობით დაიწყო ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე საქართველომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, დღეს კი საქართველო უკვე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ეტაპზეა, რაც ასევე ჟვანიას დაწყებული პოლიტიკის შედეგია:

„ზურა რომ დღეს ფიზიკურად ჩვენთან ერთად ყოფილიყო, მგონია, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო ენერგიულად და ხარისხიანად წარიმართებოდა, თუმცა ზურაბ ჟვანიას იდეები და ფასეულობები დღესაც ჩვენთან არის და სანამ მისი თანამებრძოლები არსებობენ და არა მხოლოდ ისინი, არამედ ის ხალხიც, ვინც მაშინ ზურას გვერდით არ იდგა, ეს იდეები იარსებებს და კარგია, თუ ეს ხალხი ზურას მოღვაწეობას სხვანაირად შეაფასებს“.

ზურაბ ჟვანია რომანტიკოსი, მაგრამ, ამავე დროს, პრაგმატული პოლიტიკოსიც იყო, - გვითხრა მისმა ძმამ, ამჟამად პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჟვანიამ, რომლის შეფასებით, ზურაბ ჟვანია არა მარტო ოცნებობდა საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გამხდარიყო, არამედ იღვწოდა კიდეც ამ მიზნით და ბევრიც გააკეთა ამ მიმართულებით საქართველოსათვის:
„ის ცნობილი სიტყვები, რომლებიც ზურამ წარმოთქვა ევროსაბჭოს სხდომაზე და საკმაოდ ფრთიან ფრაზად იქცა, რეალურად ასახავს მთელ იმ გზას, რომელიც გამოიარა ჩვენმა ერმა, და ასახავს ჩვენი ერის მისწრაფებებს, რომ საუკუნეების განმავლობაში ვყოფილიყავით ევროპული ოჯახის წევრი და გამოგვენახა ევროპასთან დაახლოების გზები. ჩვენ გვერგო ის ბედნიერება, რომ ეს ჩვენს დროში მოხდა და თუ ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მივაღწევთ, ამაში ზურას დამსახურებაც დიდი იქნება“.

ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილეზე მოსმენილი შეფასებებით კმაყოფილი იყო ყოფილი პრემიერის მეუღლე, ნინო ქადაგიძეც, რომლის თქმით, მას სულ ჰქონდა ერთგვარი უკმარობის განცდა იმის გამო, რომ ვერ ხდებოდა ზურაბ ჟვანიას გაკეთებული საქმეების სათანადოდ შეფასება.

ზურამ თქვა, მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი. ის ამბობდა, რომ ქართველი, როგორც კულტურის შემქმნელი ელემენტი, იდენტურია იმისა, რასაც დღეს ჩვენ ვხვდებით ევროპაში...
გიორგი მარგველაშვილი
ზურაბ ჟვანიას იხსენებდნენ მისი ყოფილი სტუდენტებიც, რომლებმაც პროფესიად საერთაშორისო ურთიერთობები აირჩიეს და ამ არჩევანშ იყო ჟვანიას გავლენაც. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანია თორნიკე შარაშენიძე, რომელიც ზურაბ ჟვანიას ასე იხსენებს:

„ის თავის თავს აქცევდა ხოლმე ევროპული ეთიკის ჩარჩოებში, რომ არასოდეს არ გასცილებოდა რაღაც ზღვარს. ამას მოგვიანებით მივხვდი. ცხადია, სწორედ ამითაც იყო ძალიან საინტერესო პიროვნება და კიდევ ერთიც: მისი დიდი დამსახურებაა, რომ მე ჩემს პროფესიოად სწორედ საერთაშორისო ურთიერთობები ავირჩიე“.

ჟვანიას იუბილეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, „ისტორიული უსამართლობაა, რომ ზურაბ ჟვანია ამ ისტორიულ გზაზე ჩვენთან ერთად არ არის“:

"ზურამ თქვა, მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი. ის ამბობდა, რომ ქართველი, როგორც კულტურის შემქმნელი ელემენტი, იდენტურია იმისა, რასაც დღეს ჩვენ ვხვდებით ევროპაში...

ჩვენ ვსაუბრობდით "ვეფხისტყაოსანზე", იმ ინდივიდუალიზმზე, რაც საქართველოში უკვე მე-12 საუკუნიდან არის გამოხატული.

ინდივიდუალიზმი ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი ფუნდამენტია. ვსაუბრობდით ვაჟას პოეზიაში ვაჟკაცობის თემაზე, ილია ჭავჭავაძეზე, იმ ქვეყანაზე, რომელსაც უამრავი რამ აქვს გადატანილი, სადაც რწმენისთვის უამრავი ადამიანი ეწამა და არასოდეს იყო რელიგიური დევნა. შეიძლება სულ რამდენიმე ერი იყოს, რომელსაც ამხელა ისტორია აქვს და არ ვიცით, რამდენია ერი, რომელსაც 2600 წლის ებრაული თემი ჰყავს თავის წიაღში გაძლიერებული და თანაარსებობს მათთან. ბევრმა არ იცის მსოფლიოში, რა განსაკუთრებული კულტურის მატარებელი ვართ ამ თვალსაზრისით. ზურა ამბობდა, რომ როდესაც გადადიხარ პირიქითა ხევსურეთში, იქ სხვა წესია. იცავენ მომიჯნავე კულტურისა და თემების წესებს. ბევრგან ასეთი რამ არ ხდება. ჩვენ ვსაუბრობდით, როგორ შეიძლება ეს დაინახოს მსოფლიომ. ზურა აქცენტს აკეთებდა იმაზეც, როგორ შეიძლება იმართებოდეს საქართველო", - თქვა მარგველაშვილმა.

2005 წელს ზურაბ ჟვანია, რომელსაც მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, ოფიციალური ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. გამოძიება მისი გარდაცვალების ფაქტზე დღემდე მიმდინარეობს. საზოგადოების ნაწილი დღემდე მოითხოვს პასუხს კითხვაზე, რა მოხდა რვა წლის წინ. გიორგი ჟვანია, რომელიც ცოტა ხნის წინ აცხადებდა, რომ გამოძიებაში არაერთი ახალი გარემოებაა აღმოჩენილი, დღესაც აცხადებს, რომ გამოძიება კომპეტენტურ ხელშია და ძალიან სწრაფად დასრულდება:
„უფრო მეტის თქმისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მით უმეტეს, რომ დღეს ხელისუფლებას წარმოვადგენ და არ მინდა ვინმემ ეს ზეწოლად აღიქვას“.

უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმაც შენიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, რასაც უახლოეს ხანებში უნდა ველოდეთ, ყოფილი პრემიერის ბურუსით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. ამ პასუხების მოლოდინშია ყოფილი პრემიერის მეგობარი გიორგი ბარამიძეც, რომლის თქმით, მას არა აქვს საფუძველი არ ენდობოდეს აქამდე ჩატარებულ გამოძიებას როგორც საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების, ისე ამერიკული მხარის მიერ, თუმცა იმასაც ამბობს, რომ რადგან გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა, ალბათ, რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებზეც პასუხს ისიც დაელოდება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG