Accessibility links

logo-print

ზურაბ ჟვანიას გვამის შემდგომი ექსპერტიზა


​ზურაბ ჟვანია

​ზურაბ ჟვანია

ზურაბ ჟვანიას საქმის საგამოძიებო პროცესში - უცხოელი ექსპერტების დასკვნის საფუძველზე - შესაძლოა გამოიკვეთოს გვამის ექსჰუმაციისა და შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა, რასაც ეთანხმება გარდაცვლილი ექს-პრემიერის ოჯახი. პროკურატურის ინფორმაციით, უკვე გარკვეულია, თუ საიდან აიტვირთა რამდენიმე თვის წინ ფოტომასალა ინტერნეტსივრცეში ჰაკიმ ფაშას სახელით. ნახშირჟანგით გაგუდვა თუ მკვლელობა - რამდენად შესაძლებელია ამის დადგენა გარდაცვალებიდან თითქმის 10 წლის შემდეგ?

კონკრეტულ ქალაქს არ ასახელებს, მაგრამ პროკურორ რევაზ ნადოის ინფორმაციით, ფოტომასალა, რომელზეც გვამის ექსპერტიზის ცალკეული ფრაგმენტებია ასახული, საქართველოს მეზობელი ქვეყანიდან არის ატვირთული და ამ ფაქტთან დაკავშირებით მალე ახალი დეტალებიც გაირკვევა:

”ჩვენს მიერ გაგზავნილ იქნა YouTube-ის სათავო ოფისში, აშშ-ში, სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობა, ამ კონკრეტული მასალის მფლობელის ინფორმაციის დადგენის მიზნით. იქიდან მიღებულ იქნა შესაბამისი პასუხი და დადგენილ იქნა, რომ მასალა ატვირთულ იქნა თურქეთის რესპუბლიკიდან”.

ინტერნეტსივრცეში ჰაკიმ ფაშას სახელით გაზაფხულზე ატვირთული ფოტომასალა, რომელმაც გარკვეულ წრეებში გაამძაფრა ეჭვები ექს-პრემიერის მკვლელობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპისთვის სასამართლოს მტკიცებულებად აქვს მიჩნეული. გავიხსენოთ, რომ ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე თვეა დაკავებულია სამი პირი: დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე, დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა. პროკურორ რევაზ ნადოის ინფორმაციით, საერთაშორისო ექსპერტების კონკრეტულ დასკვნებზე დაყრდნობით, შესაძლოა დიდი ალბათობით გამოიკვეთოს გვამის ექსჰუმაციის აუცილებლობა.

სუფთა იურიდიულად რომ მიუდგე, სისხლის სამართლებრივი კუთხით რომ მიუდგე, - და სხვა, პოლიტიკური მიდგომა აქ გამორიცხულია და არ შეიძლება ამ შემთხვევაში პოლიტიკური მანიპულაცია, - ბუნებრივია, უნდა განხორციელდეს ეს პროცედურა...

ექსჰუმაციას აუცილებელ პროცედურად მიიჩნევს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ყველაფერი უნდა გაკეთდეს სიმართლის დასადგენად:

”სუფთა იურიდიულად რომ მიუდგე, სისხლის სამართლებრივი კუთხით რომ მიუდგე, - და სხვა, პოლიტიკური მიდგომა აქ გამორიცხულია და არ შეიძლება ამ შემთხვევაში პოლიტიკური მანიპულაცია, - ბუნებრივია, უნდა განხორციელდეს ეს პროცედურა. ვიცი, რომ ოჯახი თანახმაა. სხვა მხრივ, ალბათ, სიმართლის დადგენა გაჭირდება - მხოლოდ ან ამოწმის ჩვენებით, ან სხვა მტკიცებულებებით... მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი და გონივრული პროცედურული გადაწყვეტილება, რასაც გარკვეული შედეგი ექნება, რა თქმა უნდა”.

იმას, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეში პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს, არ იზიარებენ ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები. მაგალითად, როგორც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ხელისუფლებას სიმართლის დადგენა მართლაც რომ აინტერესებდეს, გამოძიება აქამდე აუცილებლად დაკითხავდა თუნდაც მას და მისი გუნდის სხვა წარმომადგენლებს, რომელთა მისამართითაც საკმაოდ სერიოზული ბრალდებები ისმის:

”ამ ადამიანებს არ აინტერესებთ, რეალურად რომ სიმართლე გაირკვეს. რადგანაც, თუ სიმართლე გაირკვევა, მაშინ გაქრება კითხვის ნიშნები ჩვენს გუნდთან მიმართებაში, რომ შეიძლება ვიცით გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი რამე ისეთი, რითიც გაირკვეოდა,ზურა მოკლულია თუ არა... დამთავრდებოდა ეს კითხვები და ისიც გაირკვეოდა, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი ცილისმწამებლები, რაფალიანცის საქმის არ იყოს და კიდევ ბევრი სხვა საქმის არ იყოს... ამიტომ, ჩემი აზრით, ამათ არ აინტერესებთ ობიექტურად საქმის გამოძიება”.

აქ შეიძლება ნახვა, მაგალითად, ქალასარქველი, ნეკნები, სახის ძვლები მოტეხილია თუ არა. მარტო ის ვერსია ხომ არ არის, რომ CO-თი გარდაიცვალა; ზოგი ამბობს, რომ თავში რაღაც ჩაარტყესო... საზღვარგარეთიდან ჩამოსული სპეციალისტები თუკი ჩაერთვებიან პროცესში, რაც სურს პროკურატურას...

გიორგი ბარამიძისა და ”ნაციონალური მოძრაობის” სხვა წარმომადგენლების სამომავლო დაკითხვის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 30 სექტემბერს, ხარშილაძისა და ძაძამიას საქმის პროცესზე იქნა მიღებული. გიორგი ბარამიძე მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რაც ნათელს მოჰფენს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტს. სიმართლის დადგენის პროცესში ის გვამის ექსჰუმაციის გადაწყვეტილებასაც ამართლებს.

რა შეიძლება დადგინდეს ექსჰუმაციის შედეგად? - ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ დამოუკიდებელი სასამართლო-ექსპერტიზის ცენტრის, ”ვექტორის” ხელმძღვანელს ალექსანდრე გეჯაძეს მიმართა. როგორც ექსპერტი განმარტავს, გარდაცვალებიდან თითქმის 10 წლის შემდეგ, შეუძლებელი იქნება რბილ ქსოვილზე აღნიშნული სავარაუდო დაზიანებების დადგენა, რაც, მაგალითად, ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელებულ ფოტომასალაში გვხვდება, მაგრამ, სამაგიეროდ, შესაძლებელი იქნება ძვლოვანი ქსოვილის შესწავლა და ქიმიური გამოკვლევა, რაც საკმაოდ შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს:

”აქ შეიძლება ნახვა, მაგალითად, ქალასარქველი, ნეკნები, სახის ძვლები მოტეხილია თუ არა. მარტო ის ვერსია ხომ არ არის, რომ CO-თი გარდაიცვალა; ზოგი ამბობს, რომ თავში რაღაც ჩაარტყესო... საზღვარგარეთიდან ჩამოსული სპეციალისტები თუკი ჩაერთვებიან პროცესში, რაც სურს პროკურატურას, არ არის გამორიცხული, რომ მათ ჰქონდეთ ქიმიური კვლევის რესურსი, რათა დაადგინონ, შერჩენილ კუნთებში, ქსოვილებში, შინაგანი ორგანოების შერჩენილ ნაწილაკებში არის თუ არა CO-ს კვალი. CO თუ გამოირიცხა, მაშინ პრობლემაა, ანუ (გარდაცვალების ოფიციალური) ვერსია იცვლება მთლიანად”.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეიძლება ჩატარდეს ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია. პროკურორ რევაზ ნადოის ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკება სასამართლო-სამედიცინო დარგში საერთაშორისო დონის ექსპერტებთან და ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა 2005 წელს გვამიდან აღებული ნიმუშების მიხედვით და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება ექს-პრემიერის გვამის შესაძლო ექსჰუმაციის საკითხი.

თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურატურა 2005 წლის 3 თებერვალს დაღუპული ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გვამების ექსჰუმაციაზე ლაპარაკობს. ამის შესახებ განცხადება მთავარ პროკურატურაში ჯერ კიდევ 20 მარტს გაკეთდა და ცნობა ამის თაობაზე კვლავაც გვხვდება უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე: ”მოცემულ მომენტში პროკურატურა დგას ზ. ჟვანიას და რ. უსუპოვის გვამების ექსჰუმაციისა და ახალი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროების წინაშე, ვინაიდან საქმის ანალიზით დგინდება, რომ ჩატარებული ექსპერტიზები არასრულყოფილია. მათში არ არის ნამსჯელი გარდაცვლილების სხეულზე არსებული ფიზიკური დაზიანებების ნიშანდობლივ კვალზე, რაც ბევრ კითხვას ბადებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარი პროკურატურა აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტეტულ საექსპერტო დაწესებულებებთან, რათა უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მოხდეს გვამების ექსჰუმაცია და ჩატარებულ იქნეს ახალი სრულყოფილი ექსპერტიზა ზ. ჟვანიას და რ. უსუპოვის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. გვინდა აღვნიშნოთ, რომ მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია და უახლოეს მომავალში მოხდება ექსჰუმაცია შესაბამისი ექსპერტიზის ჩასატარებლად”.

XS
SM
MD
LG