Accessibility links

logo-print

„ალექსანდერ და ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტები“ ზურაბ სუმბაძის ილუსტრაციებით


ბერლინში გამოიცა წიგნი გერმანული კულტურის ორი უდიდესი წარმომადგენლის, ალექსანდერ და ვილჰელმ ჰუმბოლდტების ცხოვრების შესახებ. გამოიცა ის ბერლინში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ზურაბ სუმბაძის, ისეთივე მრავალფეროვანი ილუსტრაციებით, როგორიც იყო ამ ორი გენიოსის ცხოვრება. ბერლინში მხატვარმა გვიამბო, თუ როგორ მოხდა, რომ გერმანულმა გამომცემლობამ „ბერლინ სტორი ფერლაგმა“ მას შესთავაზა გერმანელთათვის განკუთვნილი წიგნის დასურათება, ვინ არიან ძმები ჰუმბოლდტები მხატვრისთვის, რას ნიშნავს ხელოვანისთვის ასეთი შეკვეთის მიღება. ზაფხულის დასაწყისში მას თურმე მაგდალენა შუპელიუსმა დაურეკა და სთხოვა დაესურათებინა მისი ახალი წიგნი ძმები ჰუმბოლდტების ცხოვრების შესახებ. შუპელიუსს მხატვრისთვის უთქვამს, თქვენი ნამუშევრები ვნახე თქვენს ვებგვერდზე, მომეწონა და მინდა ჩემი წიგნი დაასურათოთო. ზურაბ სუმბაძისთვის, რომელსაც გერმანიაში უკვე ათამდე ნაკლებად ცნობილი ავტორის წიგნები აქვს დასურათებული, მოულოდნელი იყო ეს შემოთავაზება, რადგან, ჩვეულებრივ, მხატვარს თვითონ უწევს ასეთი შეკვეთების მოძიება. სუმბაძის ვებსაიტის მისამართია www.sumbadze.com.

ზურაბ სუმბაძე
რაც შეეხება ავტორებს, მაგდალენა და გუნარ შუპელიუსებს, მათი პოპულარობა იმდენად არაა თემა, რამდენადაც ჰუმბოლდტებისა. აქვე გეტყვით, რომ ბერლინის ისტორიის, იქ მცხოვრები მნიშვნელოვანი პირების შესახებ წიგნების ამ სერიაში, ეს პირველი არაა. ბერლინის ორიდან ერთ-ერთი უნივერსიტეტი ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სახელს ატარებს. სწორედ ამ უნივერსიტეტის 200 წლისთავს უკავშირდება „ბერლინ სტორი ფერლაგის“ მიერ ძმების ცხოვრების შესახებ წიგნის გამოცემა ასეთი ფორმით, ბავშვებისთვის.

როგორც წიგნის თავშივე წერია, ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტი განსაკუთრებულად მამაცი და ჭკვიანი ადამიანი იყო, პირველაღმომჩენი, გამომგონებელი, რომელსაც დიდხანს ეკუთვნოდა მსოფლიო რეკორდი მთამსვლელობაში, რომელმაც გამოიგონა მაღაროელთათვის ფარანი, მიაკვლია მცენარეთა და ცხოველთა უცნობ სახეობებს, ფრაკში და თავზე ცილინდრით ავიდა ვულკანზე. მისი ძმა, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტი, სასკოლო სისტემის გამომგონებელია, მან შეისწავლა ინდიელთა უცნობი დიალექტები, სხვა ენები, დაწერა ათასზე მეტი სონეტი. ძმების სახელს ატარებს არაერთი ქალაქი აშშ-ში, მთვარეზე მათი სახელობის კრატერია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, ასეთ ადამიანებზე დაიწერა წიგნი, მათი ბიოგრაფია, მოთხრობილი თავისუფალი ფორმით, რომლისთვისაც უნდა მოერგო ილუსტრაციები ზურაბ სუმბაძეს. მან გვითხრა, ჩანს,
წიგნის ილუსტრაცია
წიგნის ავტორმა ნახა ჩემი პროექტები, აფრიკაში, რე იუნიონზე ცხოვრების პერიოდის ფლორა და ფაუნა, ასევე ისტორიულ თემატიკაზე გაკეთებული ნამუშევრები, ჩემი ციკლი „ქართული ანბანის“ შესახებ, ასევე ენებით დაინტერესება და ამან აფიქრებინა, რომ „გავქაჩავდი“ ჰუმბოლდტების თემასო.

მხატვარს, ცხადია, გარკვეული ძიება დასჭირდა, თვითონ წიგნის გმირების შესახებ მეტი რომ შეეტყო. ავტორს თავიდან, როცა მიმართა მხატვარს, ტექსტი დასრულებული არ ჰქონდა, მას მხოლოდ თავების სათაურები გაუგზავნა. და ამას მოჰყვა ჰუმბოლდტების კვლევა. ზურაბ სუმბაძე ამბობს, რომ იმ ზღვა ნაშრომების გაცნობას, რაც ძმებმა დატოვეს ფიზიკის, ქიმიის, ბოტანიკის, ზოოლოგიის, გეოლოგიის, მინერალოგიის, ოკეანოგრაფიის, რომელსაც, სხვათა შორის, ვილჰელმმა დაუდო საფუძველი, ენათმეცნირების, ეთნოგრაფიის, დემოგრაფიის სფეროებში, დიდი დრო და ენერგია სჭირდებოდა.

წიგნის ავტორმა მას 30-მდე ილუსტრაცია სთხოვა. მან მოამზადა ბევრად მეტი, რომლებიც ისე მოეწონათ გამომცემლობაში, რომ კიდევ დაამატებინეს და, საბოლოო ჯამში, წიგნში რამდენიმე ათეული ილუსტრაცია შევიდა, ძმების ბავშვობის, მოწიფულობის, მათი მოგზაურობის, მათი მეგობრების თუ სხვათა ამსახველი. ერთ-ერთი
წიგნის ილუსტრაცია
ილუსტრაცია ქართველის ყურადღებას მიიქცევს. ესაა ცხენის გამოსახულება, რომელსაც მიწერილი აქვს სხვადასხვა ენაზე სიტყვა „ცხენი“. როგორ შეაპარა მხატვარმა ქართული წარწერა გერმანელ მკვლევართა ცხოვრების ამსახველ წიგნში? ეს შეპარება არ ყოფილა თვითმიზანი, ამბობს ზურაბ სუმბაძე, ვილჰელმ ჰუმბოლდტმა ნაშრომები მიუძღვნა ენათმეცნიერებას, ენის არსის კვლევას და, ამ კონტექსტში, ძმების ცხოვრების შესახებ წიგნში მოხვდა მისი ფრაზა: „გულისხმობენ ადამიანები ერთსა და იმავეს, როცა სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ და თავიანთ სიტყვებს იყენებენ?. აქვს გერმანულ სიტყვას „Pferds“ მართლაც იგივე მნიშვნელობა, რაც ლათინურ სიტყვას „equus”? ამ პასაჟის ილუსტრაცია წიგნში არის ცხენის გამოსახულება, კითხვის ნიშნით, და სხვა 14 ენას შორის, მის ქვეშ ქართულადაა მიწერილი „ცხენი“.

ასე რომ, ილუსტრცია მეტს ეუბნება მკითხველს არა მარტო მაშინ, როცა კითხვა არ იცის ან ენა არ ესმის. ზურაბ სუმბაძე ამბობს, რომ მის მიერ დასურათებული წიგნი იყიდება ბრიტანეთშიც და მომავალში, შესაძლებელია, ითარგმნოს კიდეც. მხატვარი გვიამბობს პირველ გამოხმაურებაზე ბერლინის პრესაში. გაზეთი „ბერლინერ მორგენპოსტი“ მკითხველს ურჩევდა შეეძინა ეს წიგნი, რომელიც, როგორც ზურაბ სუმბაძემ გვითხრა, ბოლო პერიოდში გამოცემულ წიგნებს შორის „ულამაზესი წიგნია“.

მხატვარი დამოკიდებულია შეკვეთებზე, მხატვარს ხშირად არ შეუძლია მოხელესავით ხელფასზე იცხოვროს. მით უმეტეს, თუ წიგნის დასურათებასთან გვაქვს საქმე, ალბათ, იოლი შესაფასებელია, როგორ გადაგიხდიან. ზურაბ სუმბაძე განმარტავს, რომ იმის მიხედვით, რამდენი წიგნი გაქვს დასურათებული, რამდენი გამოფენა გაგიმართავს, და, საერთოდ, როგორია „მხატვრული ბიოგრაფია“, გამომცემელი დაადგენს ნიხრს, რომლის მიხედვითაც გადაგიხდის. ზურაბ სუმბაძეს გამომცემლობა მის მიერ დასურათებული წიგნის „ალექსანდერ და ვილჰელმ ჰუმბოლდტების“ შემოსავლიდან 12 პროცენტს გადაურიცხავს. როგორც მხატვარმავე გვამცნო, აღიარებული ილუსტრატორები 15 პროცენტს იღებენ. ასე რომ, ის ამ წინადადებას ადვილად დასთანხმდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG