Accessibility links

logo-print

„პოეზია

რათქმაუნდა

წყლის ნაყვაა -

როგორც რომელიღაც ზოგად წვიმაში

გამოარჩიო, მოიწონო,

დაიმახსოვრო

ერთი

კონკრეტული

წვეთი“...

ამბობს ზვიად რატიანი გამომცემლობა „დიოგენეს“ მიერ სულ ახლახან დაბეჭდილ წიგნში სახელწოდებით „შენთვის შეიძლება“. არადა, მე ახლა ის მევალება, რომ ამ ზოგად წიგნში თუ ზოგად რატიანში რაღაც კონკრეტული გამოვარჩიო, მოვიწონო, დავიმახსოვრო და თქვენც დაგამახსოვროთ. ანუ ავტორის ლოგიკას თუ გავყვებით, მეც წყლის ნაყვას უნდა შევუდგე, მაგრამ არა უჭირს: წყლის ნაყვაცაა და წყლის ნაყვაც. ამ პოეტის პოეზიის 31 წვეთს, რომელიც 2009 წელს გამოცემული „ნეგატივის“ შემდეგ, ექვსი წლის განმავლობაში დაგროვდა, ნამდვილად ექნება რაღაც ისეთი მახასიათებლები, რაც მას ადრინდელები წვეთებისაგან განასხვავებს. ყოველივე ამაში გასარკვევად კი დახმარება პოეტ პაატა შამუგიას ვთხოვე.

პაატა შამუგია

პაატა შამუგია

პაატა შამუგია: „რაც შეეხება სიახლეს, რა თქმა უნდა, ბევრი ნიუანსი არის, თუმცა ზვიად რატიანი, შეიძლება ითქვას, იმდენად ბრენდია უკვე, რომ მის სტილს ნებისმიერ ლექსში, ნებისმიერ ტექსტში გამოარჩევ, თუ მთლად დაბლაგვებული არ გაქვს ალღო ადამიანს. ასე რომ არის სიახლე და ამავდროულად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის ძველი ზვიად რატიანი. მინიმალისტური პოეზია მას ადრე ფაქტობრივად არც ჰქონია, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. ძირითადად მაინც უყვარდა მოვლენების პანორამულად დანახვა და აღწერა, უფრო მასშტაბში. ამ შემთხვევაში არც უმაგისობაა ამ კრებულში, მაგრამ არის ასევე მინიმალისტური პოეზია, რაც არის მის პოეზიაში ნამდვილად მოულოდნელი რაკურსი.“

რამ გამოიწვია ლაკონიზაციის ეს ვნება მასში? ვფიქრობ, იმან, რომ ის დიდი ხანია ცდილობს გაექცეს პოეტური თხრობის ზედმეტად ემოციურ ფორმებს, თუმცა რაღაცნაირად თითქოს მაინც მიჯაჭვულია იმ ესთეტიკაზე, რომელიც დიდწილად თვითონვე გამოიმუშავა და წლების განმავლობაში დახვეწა პერფექციონისტის გულმოდგინებით. ეს ბრძოლა საკუთარ თავთან და საკუთარ სტილთან ადრეული პერიოდიდან მოდის, როდესაც პირველ რიგში პათოსი ამოშანთა საკუთარი პოეზიიდან, ის ლექსები კი, სადაც ეს პათოსი, როგორც ახალგაზრდული მგზნებარების ბუნებრივი თანამდევი არსებობდა, მოიძულა. დიდი ხანია, რაც საკუთარ ვრცელ ლექსებში იგი ნაღმებივით ალაგებს თვითკმარ, პოეტურ სურათებს, აქსიომებივით დაკვირვებებს, ლოგიკურ პარადოქსებს, ცხოვრებისეულ ფორმულირებებს, ამიტომ მისი ციტირება მუდამ იოლია, ეს ფრაგმენტები, ეს ფრაზები სრულიად დასრულებულია, მათ კუდი, შლეიფი არ მოჰყვება, მათ კონტექსტიდან ამოგლეჯვის გარეშე, დამოუკიდებლად შეუძლიათ არსებობა. სწორედ ამ უნარმა უბიძგა ალბათ მას იმისკენ, რომ ასეთი მონაკვეთები ძველებურად გრძელ ლექსებში კი არ გაეფანტა, არამედ მათთვის ავტონომიურობა მიენიჭებინა. ამან კი, ვფიქრობ, ვერლიბრის მეტი საჭიროება გააჩინა. არადა, ზვიად რატიანი არის ის პოეტი, რომელიც მუდამ თანაბარი წარმატებით წერდა კონვენციურ ლექსსაც და ვერლიბრსაც. და ორივეში საკუთარი, ერთი მთლიანი ხელწერა ჰქონდა. მაგრამ ახალ კრებულში წამლადაც კი ვერ იპოვით ერთ რითმას.

ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად ვიცი, რომ ზვიად რატიანი არის ერთ-ერთი ის პოეტი, რომელსაც სიცოცხლის ბოლო წუთებშიც წავიკითხავ, იმიტომ რომ ნამდვილად მაძლევს დიდ ენერგიას და ხშირ შემთხვევაში, შთაგონებასაც...

ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ იგი ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ცდილობს დაანგრიოს ძველი, "მიმზიდველი" ზვიად რატიანის სტერეოტიპი და ნელ-ნელა ახალი ააშენოს? - ვკითხე პაატა შამუგიას.

პაატა შამუგია: „რთული სათქმელია, რამდენად იყო ზვიად რატიანისადმი სიყვარულის მიზეზი მისი კონვენციური ლექსები, იმიტომ რომ არაერთი არაკონვენციური ლექსი ჰქონია, რომელიც ფაქტობრივად გაჰიტებული იყო, ყოველ შემთხვევაში სოციალურ ქსელებში. მაგრამ რა თქმა უნდა ზვიადი ამ ბეწვის ხიდზე გადიოდა ყოველთვის - კონვენციური და თავისუფალი ლექსის მიჯნაზე. ამ კრებულში კი საბოლოოდ თავისუფალი ზვიად რატიანი ვიხილეთ. მთლიანობაში იმის თქმა შემიძლია, რომ ზვიად რატიანს აქვს საოცარი უნარი, შექმნას განსაკუთრებულად ინტიმური გარემო და, რა თქმა უნდა, ის არის ერთ-ერთი ის ადამიანი, ვისაც უკავშირდება ქართული პოეზიის განახლება, რაღაც ახალი სიტყვის შემოტანა, და მგონია, რომ ეს წიგნიც იქნება რაღაც ახლის დასაბამი. მე ვიცი ბევრი ადამიანი, რომელიც ცდილობს, იმ პოეტიკაში იმუშაოს, რაშიც ზვიად რატიანი მუშაობს. რა თქმა უნდა ეს წარმატებულად მხოლოდ ზვიადს გამოუვა და არა სხვას, ვინც მას მიბაძავს, მისი გავლენის ქვეშ მოექცევა, მაგრამ თავად ეს ფენომენი, მისი მიმბაძველების ანალიზითაც შეგვიძლია რაღაცნაირად გავიგოთ. მე ვფიქრობ, რომ დღეს ახალგაზრდებს განსაკუთრებით უყვართ ზვიად რატიანი და ესეც რაღაცნაირად სიმპტომურია.

ზვიად რატიანი 90-იანელების წარმომადგენელია თარიღით, მაგრამ მისი შემოქმედება ჩემთვის რაღაცნაირად ჩემთვის არ არის 90-იანი წლების შემოქმედება. ოდნავ სხვაგან არის. არ ვიცი, წინ არის, არ ვიცი სად არის, მაგრამ 90-იანების პოეზია იყო უფრო უხეში, უფრო სასტიკი, ზვიად რატიანის პოეზია არის უფრო ინტიმური, უფრო ლმობიერიც კი ზოგჯერ. ყოველ შემთხვევაში მე ნამდვილად ვიცი, რომ ზვიად რატიანი არის ერთ-ერთი ის პოეტი, რომელსაც სიცოცხლის ბოლო წუთებშიც წავიკითხავ, იმიტომ რომ ნამდვილად მაძლევს დიდ ენერგიას და ხშირ შემთხვევაში, შთაგონებასაც.“

პაატა შამუგია მართალია. ზვიად რატიანს არასდროს უყვარდა, როცა რაღაც ჯგუფს თუ თაობას აკუთვნებდნენ, ყოველთვის ხელოვნურად მიაჩნდა ეს. და არც არასდროს გამიგია მისი პირიდან ამოსული სიტყვა: 90-იანელი ვარო, ან ის ვარო, ან ეს ვარო. ერთ თაობაში, ეპოქაში ტრიალი ყოველთვის არ ნიშნავს საერთო მნიშვნელს. თუმცა, ალბათ, ბოლომდე ასეც არაა, საერთო მნიშვნელები ყოველთვის იძებნება, მაგრამ გადამწყვეტი ხშირად უფრო სხვა რამაა. ამ შემთხვევაში, მისი ესთეტიკის საცეცები ბევრ პოეტურ სივრცეს ეხება, მაგრამ ამავე დროს რაღაცნაირად ჰერმეტულია.

ზვიად რატიანი

ზვიად რატიანი

და ერთიც: რათა იმან, რაც დასაწყისში ვილაპარაკე, არ შეგიქმნათ შთაბეჭდილება, რომ ზვიად რატიანი უცებ გადაიქცა ისეთ პოეტად, რომელიც ფორმულებივით წერს მშრალ და ბრძნულ, ბოლომდე დაწურულ ლექსებს, გეტყვით, რომ ამ წიგნში ისევ დასეირნობენ ზღვის პირას, ისევ სხედან კაფეებში, ისევ სვამენ, ისევ გულის გაგლეჯამდე უყვართ, ისევ იტანჯებიან ცოდვებისგან, ისევ ახსენდებათ გარდაცვლილი მეგობრები... ანუ ეს ყველაფერი კვლავ არის. ასე რომ, ნუ გეშინიათ. და ყოველივე ეს იწვევს ალბათ იმას, რასაც პაატა შამუგია აღნიშნავს.

პაატა შამუგია: ზვიად რატიანის შემოქმედებას არ ჰყავს მონოლითური მკითხველი. აბსოლუტურად სხვადასხვა გემოვნების ადამიანებს აკმაყოფილებთ მისი პოეზია, რაც ჩემთვის უცნაური მოვლენაა, იმიტომ რომ ვიღაცას, მაგალითად, მოსწონს აბსოლუტურად სხვა რამეები, მაგრამ მოსწონს ზვიად რატიანი. ვფიქრობ, კარგია პოეზიისთვის, ასეთი ფაქტორი როცა არსებობს. "შენთვის შეიძლება" მიმართავს მკითხველს. მე ვფიქრობ, ყველასთვის შეიძლება, და მეტიც, აუცილებელიც არის ეს კრებული.

დაბოლოს, ერთგან ის ამბობს:

„ხოლო ლექსები,

თუკი საერთოდ შედგებიან გრძნობებისგან,

ისეთებისგან, ჩვენ რომ ვერ ვწვდებით;

როგორც ჩვენ შევდგებით ლექსებისგან,

რომლებსაც ვერ ვწერთ.“

და ამ წიგნის მიღმა მართლა იგრძნობა ბევრი ლექსი, რომელიც პოეტს აწვალებს, მაგრამ რატომღაც ჯერჯერობით ვერ წერს. მაგრამ არის 31 ლექსი თუ წვეთი, რომელიც ამ კრებულშია და რაც არ უნდა უცნაური იყოს, მაინც დაიწერა. ანუ უმნიშვნელო, მაგრამ ძალიან ღირებული ნაწილი იმისა, რისგანაც შედგება ზვიად რატიანი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG