Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნეგატივზე“, ოღონდ სავსებით პოზიტიურად


ზვიად რატიანი
ზვიად რატიანი
ზვიად რატიანის ლექსების კრებული ,,ნეგატივი“ რამდენიმე წლის წინათ დაისტამბა გამომცემლობა ,,დიოგენეში”. რატიანი იმ პოეტების რიცხვს მიეკუთვნება, მკითხველს დიდად რომ არ ანებივრებენ საკუთარი შემოქმედების ახალ-ახალი პუბლიკაციებით. ეს, ცხადია, ერთი მხრივ, პოეტის ერთგვარი სიზარმაცითაა მოტივირებული, მაგრამ მეორე და უმთავრესი, ჩემი აზრით, არის გადაჭარბებული მომთხოვნელობა საკუთარი თავისა და ნაწერისადმი.

საგულისხმოა, რომ ზვიად რატიანის პირველივე კრებულმა, უჩვეულო სათაური ,,გამომიგონე“ რომ ერქვა, მიიქცია მკითხველისა და კრიტიკოსების ყურადღება. ამას მოჰყვა ,,ჩურჩულის გაკვეთილი“ 1990-იანი წლების დასაწყისში, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ ქართულ პოეზიას სასიცოცხლოდ ახალი ენერგია
ზვიადის ლექსები, ტექნიკურ სიახლეებსაც რომ თავი დავანებოთ, ძალიან ღრმაა. ეს არის, მე ვიტყოდი, ახალი ინტონაცია - არა იმპულსური, არამედ ღრმა და, გარკვეული აზრით, ნეიტრალური ინტონაცია...
ინა კულიშოვა
შეემატა, თუმცა თვითონ პოეტი მოგვიანებით ამ წიგნებს თითქოსდა ადვილად შეელია და პირველი კრებულები ერთგვარ შემამზადებელ ეტაპად მიიჩნია შემდგომი ორი წიგნისათვის, რომელთაგან ბოლო, ,,ნეგატივი“, მართლაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მარტო ზვიად რატიანის, არამედ მთლიანად უახლესი ქართული პოეზიისათვის.

ეგებ ზემოთ ნახსენები გადაჭარბებული მომთხოვნელობის გამოცაა, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში რატიანმა თავის თავს ,,გავლენებისაგან შემდგარი პოეტი“ უწოდა. თუ ამ თემაზე სერიოზულად ვიმსჯელებთ, მის პირველ წიგნებში ბესიკ ხარანაულის, მომდევნო კრებულებში კი, ძირითადად, ბროდსკის გავლენა გამოიკვეთება. ამასთანავე, აქ ძალუმად მოისმის იმ ევროპელი და ამერიკელი პოეტების ინტონაციებიც, რომლებიც ზვიადს ბოლო 20-25 წლის განმავლობაში თვითონაც მრავლად და შესაშური ოსტატობით უთარგმნია. თუმცა, ცხადია, აქვე აუცილებლად უნდა დაზუსტდეს ერთი მნიშვნელოვანი რამ: რა მოაქვს შედეგად გავლენას და რა ხარისხით გადარდაისახება ის სიახლედ თანამედროვე პოეზიისათვის.

თუ აღნიშნულ პრობლემას ამ კუთხიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ ზვიად რატიანთან ყველანაირი გავლენა შეიძლება ბრჭყალებში ჩაისვას, რადგან ეს არის პოეტი, რომელიც უბრალოდ კი არ ბაძავს ძველს, არამედ ყოველგვარ მოტივს, თემასა თუ ინტონაციას ახალი პოეზიის საშენ მასალად გამოიყენებს.

სწორედ ეს მომენტი გამოკვეთა საქართველოში მცხოვრებმა რუსმა პოეტმა და უახლესი ქართული პოეზიის ერთ-ერთმა საუკეთესო მთარგმნელმა ინა კულიშოვამაც ზვიად რატიანის შესახებ ჩვენთან საუბარში. კულიშოვამ აღნიშნა:

,,მე მგონია, რომ ზვიადი თავისი თაობის ძალზე მნიშვნელოვანი პოეტია (მომავალი გვიჩვენებს, რა თაობისა) და ქართული ლიტერატურის ის ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომ ის ამჟამად (კარგი აზრით) ძალიან ბევრ რამეს იღებს დასავლურისაგან, დიდი ხანია, რაც დაიწყო და, აი, ზვიადთან მაქსიმალურად გამოკვეთილია. როცა მის ლექსებს რუსულად ვთარგმნი, ისე უნდა მოვიქცე, რომ ინტონაცია ბროდსკისას არ დაემსგავსოს, რადგან რუსულ ენაზე იყო დიდი ბროდსკი, ქართულად კი ზვიადი დაახლოებით იმასვე აკეთებს. ეს მნიშვნელოვანია იმ
ინა კულიშოვა
ინა კულიშოვა
თვალსაზრისითაც, რომ ქართული ენა თავისთავად თბილი ენაა და თუ ბუკვალურად თარგმნი ამ ენიდან რუსულად, ზოგჯერ ლექსი კი არა, უგემოვნო სანტიმენტალობა გამოვა. ეს კი რაღაცნაირად უნდა მოიშორო, თუკი კარგი ლექსი გინდა“.

ზვიად რატიანის პოეზიის ერთი მთავარი ღირსება, ჩემი აზრით, სწორედ ისაა, რომ ეს ლექსები, მთელი თავისი გულისშემძვრელობის მიუხედავად, არასოდეს ტოვებს სანტიმენტალობის, უფრო სწორად, უგემოვნო სანტინიმენტალობის განცდას. პირიქით, ზვიადს ახასიათებს ერთი შესაშური თვისება: ყველანაირი განცდა გაიმანძილოს და ისე წეროს ამ განცდების შესახებ, თითქოს თავისას კი არა, სხვის ცხოვრებას აღწერდეს, თვითონ უბრალო (ხშირად გულგრილი) დამკვირვებელი იყოს და არა მონაწილე. ეს პოზიცია განაპირობებს თავად პოეტური ენის გადაუტვირთაობასაც, ფრაზის ოსტატურ სიმკაცრესა და სისადავეს. რატიანთან ხშირად ერთი სავსებით ჩვეულებრივი ფრაზით არის ნათქვამი ყველაფერი, რაც სხვა სიტუაციაში ეგებ სრულიად არაპოეტურად გაიჟღერებდა, მაგრამ, ტექსტის საერთო დინამიკაზე დაყრდნობით, ეს ფრაზა ჯერ თავისთავს, ხოლო შემდეგ ყველაფერს აცოცხლებს.

ზვიადმა 70-იანი წლებიდან ქართულ პოეზიაში შემოტანილი და დამკვიდრებული თხრობით-აღმსარებლობითი კილო იმემკვიდრევა და სრულიად ახალ რეგისტრში გადატეხა. ჩემთვის თავისთავად საინტერესო იყო იმისთვის თვალის გადევნება, თუ როგორ იცილებდა ის ბესიკ ხარანაულის არსებითად პოზიტიურ ზეგავლენას და როგორ გარდაისახებოდა მისი პოეზია დამოუკიდებელ სუბიექტად, რა ხმები და ხერხები ერეოდა იმ ძირითად ფერს, რითაც, საბოლოოდ, რატიანი არა მხოლოდ ხარანაულისაგან, არამედ მთელი თავისი თაობის პოეტებისგანაც გამოირჩა.

აქ შეხვდებით თითქმის ყველა პოეტს, ოღონდ შეუძლებელია უკვე ამას მარტივად დაარქვა გავლენა, რადგან ზვიადი თავისას ქმნის და სხვა თანამედროვე დიდი პოეტების ამ ქვეშეცნეული შეხსენებებით ოსტატურად ეწერება თანამედროვე, უფრო სწორად, უახლესი მსოფლიო პოეზიის ერთიან კონტექსტში.
ჩემთვის იყო კონკრეტული ამოცანა: გამომეცალკევებინა ის, რაც ჩემთვის ასე თუ ისე გადარჩენილად მიმაჩნდა იმ პერიოდში, იმ წიგნებისგან და ლექსებისგან, რომლებიც მანამდე იყო და რომლებიც უფრო მეტად აღარ მიყვარდა...
ზვიად რატიანი

ამასვე გულისხმობს ინა კულიშოვაც, როცა მის შესახებ ამბობს:

,,მისი პოეზია არის საზღვარზე აბსოლუტურად ნეიტრალურ ანგლოსაქსონურ ინტონაციასთან. ზვიადს ძალიან უყვარს დასავლური ლიტერატურა და ბევრს თარგმნიდა ანგლოამერიკელ, შემდგომში კი გერმანელ პოეტებსაც. და, აი, ამ ტექნიკურ და გრაფიკულ მონახაზს (გრაფიკულ მონახაზსაც კი) ანიჭებს ის ქართულ პოეზიას და ეს სერიოზული ნოვაციაა ამ ენისათვისაც და, საერთოდ, იმისთვისაც, რომ ქართულმა ლიტერატურამ კიდევ ერთი ნახტომი გააკეთოს სამომავლოდ. თანაც, ზვიადის ლექსები, ტექნიკურ სიახლეებსაც რომ თავი დავანებოთ, ძალიან ღრმაა. ეს არის, მე ვიტყოდი, ახალი ინტონაცია - არა იმპულსური, არამედ ღრმა და, გარკვეული აზრით, ნეიტრალური ინტონაცია“.

საგულისხმოა, რომ ჩვენს ახალგაზრდობაში ზვიადს არასოდეს უყვარდა თეატრი და არც ერთ პრემიერაზე პრინციპულად არ წამოსულა. მიზეზად კი იმას ასახელებდა, რომ ნერვებს უშლიდა პათეტიზმი, რომელიც ქართულ სცენაზე მაშინაც იყო გაბატონებული. ეს ამბავი ახლა იმიტომაც გამახსენდა, რომ მან დაახლოებით ამავე პათეტიკისაგან განძარცვა ქართული პოეზია თავის ლექსებში და მოძებნა ისეთი ინტონაციები, რომელიც სასაუბრო ენისაგან მხოლოდ ერთი ან, იქნებ, ნახევარი ტონალობით არის დისტანცირებული.

თამაშიც, რომელიც, ჩემი აზრით, მწერლობის აუცილებელი პირობაა, მასთან არა ენობრივად, არამედ სიტუაციურად არის გამოვლენილი.

მაგალითად ,,ნეგატივში“ დაბეჭდილი ერთი ლექსის ფინალიც გამოდგება: ,,მკითხე, სად ქრება ხოლმე სიყვარული? და მე გიპასუხებ - არ ვიცი!“

ვფიქრობ, დამოწმებული ფრაგმენტი რატიანის ამჟამინდელი პოეზიის ბევრ თავისებურებას მკაფიოდ ასახავს, კერძოდ, ამ პოეზიის ღერძია ნეიტრალური ნახევარტონი, რომელსაც მკითხველი თავისი განწყობისა და ცხოვრებასთან საკუთარი დამოკიდებულების შესაბამისად გააგრძელებს. ამ ნახევარტონში კონდენსირებულია: გულგრილობაც, ცინიზმიცა და სიყვარულიც, სასოწარკვეთაც და იმედიც... გააჩნია, მკითხველი იმ წუთისათვის მზად რის დასანახად და მისაღებად აღმოჩნდება.

როცა თვითონ რატიანს ვკითხეთ, რით არის მნიშვნელოვანი პირადად მისთვის „ნეგატივი“, ჩვეული ორაზროვნებით გვიპასუხა:

,,ამ წიგნს ვერც კმაყოფილების და ვერც უკმაყოფილების კუთხიდან ვერ ვხედავ. ჩემთვის იყო კონკრეტული ამოცანა: გამომეცალკევებინა ის, რაც ჩემთვის ასე თუ ისე გადარჩენილად მიმაჩნდა იმ პერიოდში, იმ წიგნებისგან და ლექსებისგან, რომლებიც მანამდე იყო და რომლებიც უფრო მეტად აღარ მიყვარდა, ვიდრე ის, რაც ამ ,,ნეგატივში“ შევიდა, და რაღაცნაირად დამელაგებინა“.

ჩემი აზრით, ,,ნეგატივში“ ყველაფერი შესანიშნავად არის დალაგებული, დალაგებული და არა დავარცხნილი. საკუთარი თავისადმი ეს მომთხოვნელობა კი, სხვათა შორის, იმაშიც გამომჟღავნდა, რომ ზვიად რატიანი ბოლო 15 წლის განმავლობაში სავსებით ჩამოშორდა აქტიურ ლიტერატურულ ცხოვრებას, უფრო სწორად, თბილისურ ლიტერატურულ „ტუსოვკებს“ და თავისი სპეციალობით კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა. ხშირად მინახავს, როგორ ადიოდა უზარმაზარ ანძებზე და იმისათვის, რომ ადამიანებს შორის კომუნიკაცია შემდგარიყო, ჩემი თვალთახედვით, წარმოუდგენელ სამუშაოებს ასრულებდა: ერთმანეთს აბამდა რაღაც გაუგებარ სადენებსა და ხლართებს, რომელშიც მერე ჩვენი, მილიონობით ადამიანის, ხმები გაივლიდა. ეს ხატი ყველაზე უფრო მკაფიოდ გადმოსცემს თანამედროვე პოეტის დანიშნულებასაც და, რაც მთავარია, ბედისწერასაც: ვეება ანძის ჯვარზე გაკრულმა, იზრუნოს ადამიანური კომუნიკაციის შესანარჩუნებლად. არ ვიცი, კავშირგაბმულობაში როგორ, მაგრამ ლექსებში ეს ზვიად რატიანმა შესანიშნავად მოახერხა.
XS
SM
MD
LG