შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:20

ბლოგები

ტექსტის ზომა - +
მაისი 2012

დატრენინგებულთა ანდერმაინინგი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, კოკა სეფერთელაძის 5-წუთიან სატელევიზიო „ტანჯვას“ პირველად რომ ვუსმინე, ბევრი ვიცინე; მეორედ - გავბრაზდი; მესამედ - კი სიბრალულით აღვივსე.

რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ზემოხსენებული ინტერვიუს მოსმენის შემდეგ ასეთივე ამბივალენტური განწყობა დაეუფლებოდა ყველა ადამიანს, გარდა დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური რეჟიმის შეურიგებელი კრიტიკოსებისა, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ კოკა სეფერთელაძე „პოლიტიკური ზომბია“ და მისი გამოსწორება ისევე შეუძლებელია, როგორც ჯერ „მოქკავშირის“, მერე კი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ინკუბატორში გამოჩეკილი ავანგარდისა, რომლის წარმომადგენლებსაც პარტიის ინტერსების გულისთვის შეუძლიათ უკადრებელი იკადრონ.

აშკარად უხერხულ მდგომარეობაში იგდებს თავს იმისათვის, რომ, ჩემი აზრით, SOS-სიგნალი რამდენჯერმე გამოუშვას კატასტროფის წინაშე მდგარი განათლების სამინისტროს კედლებიდან.

არადა, ვინც კოკა სეფერთელაძეზე ამ დღეებში დაუღალავად შაყირობთ, გთხოვთ, გულისყურით დააკვირდეთ ამ ახალგაზრდა კაცის გამომეტყველებას! ნახეთ როგორი სასოწარკვეთაა აღბეჭდილი მის სახეზე, როგორ განიცდის, როდესაც აშკარად უხერხულ მდგომარეობაში იგდებს თავს იმისათვის, რომ, ჩემი აზრით, SOS-სიგნალი რამდენჯერმე გამოუშვას კატასტროფის წინაშე მდგარი განათლების სამინისტროს კედლებიდან.

„ჩვენი მიზანია პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება, ამ ადამიანებზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით მასწავლებელთა სახლი, სადაც 24 საათის განმავლობაში თითოეულ პედაგოგს ჩვენ ვატრეინინგებთ იმისათვის, რათა მათ შეძლონ სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება. ჩვენი ამოცანა არის მათი კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდაზე მათი წარმატება არის ნამდვილად ჩვენი ამოცანა და არა ვინმეს ჩაჭრა“...

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დავით პაიჭაძის მიერ ჩაწერილ ხუთწუთიან ექსკლუზიურ ინტერვიუში, კოკა სეფერთელაძემ ეს ეზოტერული, დაშიფრული ფრაზა სამჯერ გაიმეორა და მეოთხედ მის განმეორებას თავადვე არჩია მიკროფონის მოხსნა და ტელეკამერის წინ საჯარო „ანდერმაინინგი“ (ეს კიდევ ერთი სახელმწიფო მოხელის ლექსიკონიდანაა).



დიახ, სწორედ ამ „თვითანდერმაინინგში“ მე ვხედავ კოკა სეფერთელაძის თავდადებას!

მან, ფაქტობრივად, ფარდა ახადა საქართველოს განათლების სამინისტროში ფეხმოკიდებულ საკაცობრიო მასშტაბის დანაშაულს, რაც ადამიანის შრომითი უფლებების შებღალვაში გამოიხატება!

გული მეუბნება, რომ მალე „მასწავლებელთა სახლები“ საქართველოში წარმოების რიტმს მოუმატებენ და, შესაძლოა, მასწავლებელთა 24-საათიანი „დატრენინგების“ პროგრამა დღე-ღამეში 48 საათამდე გაიზარდოს!

8-საათიანი სამუშაო დღე კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ბარიკადებზე, ბრძოლის ველსა და სატუსაღოებში. საქართველოში კი, თურმე, ქართველ პედაგოგებს, 24 საათი იქამდე „ატრენინგებენ და ატრენინგებენ“ „მასწავლებელთა სახლებში“, სანამ სასერტიფიკატო გამოცდებს წარმატებით ჩააბარებენ და იგრძნობენ, რომ ასეთი „აღკვეთა“ მათსავე ბედნიერებას ემსახურება!

საინტერესოა, რა ლოზუნგი აქვთ „მასწავლებელთა სახლებს“ საქართველოში? – „ტრენინგი ათავისუფლებს“, თუ „მხოლოდ სერტიფიკატს შეუძლია მოგანიჭოს სრული სიმშვიდე“?

განათლების მინისტრის მოადგილის ამ მოულოდნელი აღიარების შემდეგ, ნორმალურ ქვეყანაში ეს „მასწავლებელთა სახლია“, თუ გულაგის არქიპელაგი სასწრაფოდ უნდა დაიშალოს, სამინისტროს ხელმძღვანელობა კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს ადამიანების ფუნდამენტური უფლებების შელახვის გამო!

თუმცა, საქართველოში, შესაძლოა, საპირისპირო სურათიც ვიხილოთ!

ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება მიღწეულზე არასოდეს ჩერდება, გული მეუბნება, რომ მალე „მასწავლებელთა სახლები“ საქართველოში წარმოების რიტმს მოუმატებენ და, შესაძლოა, მასწავლებელთა 24-საათიანი „დატრენინგების“ პროგრამა დღე-ღამეში 48 საათამდე გაიზარდოს!

ასეთი ვარაუდის უფლებას იძლევა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის ყოფილი უფროსის, თავისი მიღწევებით „ძალიან ამაყი“ და უშრეტი ენერგიის ხატია დეკანოიძის დანიშვნა, რომელიც, განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის თქმით, „ახალ ეტაპზე გადაიყვანს განათლების რეფორმას“.

Tags:განათლება, განათლების სამინისტრო, კოკა სეფერთელაძე, მასწავლებელთა სახლი, "დატრენინგება"


სტუმრები მომავლიდან

"მშვენიერი მომავლიდან გავიგონე ხმაო"
სტუმარი მომავლიდან

"ღმერთია მოწმე, არ მინდოდა!"
რიჩარდ III


"ნაციონალურ მოძრაობას" რომ ჰკითხო, სქარათველომ უნდა აირჩიოს ბნელ ძალებს შორის, რომლებსაც საქართველოს წარსულში დაბრუნება უნდათ (რომელსაც პინგვინების მოყვარული ფულის ტომარა ბიძინა ივანიშვილი და მის გარშემო შემოკრებილი 30 ვერცხლად ყველაფრის გამყიდველი ადამიანები განასახიერებენ) და ნათელ (გაბრწყინებულ) მომავალს შორის, რომელშიც ჩვენი ქვეყანა მმართველი პარტიის ბრძნული ხელმძღვანელობით შეაბიჯებს.

ივანიშვილის დაპირებები უხვი კია, მაგრამ კონკრეტულობით ვერ დაიკვეხნის და ამიტომაც ვარაუდისათვის საჭიროზე დიდ სივრცეს ტოვებს. ასე, ჩემი კოლეგა გია ნოდია ივანიშვილისეული ქართული ოცნების მოდელს "ჭორვილურ კომუნიზმში" ხედავს. მართალია, მისი ანალიზის ლოგიკური ჯაჭვის ყველა რგოლი ჩემთვის ბოლომდე ნათელი არ არის, მაგრამ დღევანდელი პრაქტიკიდან მომავლის პროგნოზირება, როგორც ანალიტიკური მეთოდი, ეჭვს არ უნდა იწვევდეს. მოდი, ეს მეთოდი მმართველ პარტიასაც მივუსადაგოთ. მაშ, როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ის მომავალი, რომელშიც "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა, რომ შეგვიყვანოს?
სხვა საქმეა, როდესაც მინისტრს თავის გვერდით განათლების სისტემის მასზე უკეთ მცოდნე, მასზე გამოცდილი და თანაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის ყოლა არ უნდა.

რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, თანამდებობიდან გაათავისუფლა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. ამ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ ამბავს არაჩვეულებრივი გამოხმაურება მოჰყვა. საქმე ის იყო, რომ განათლების სამინისტროს ცოტათი გაუჭირდა აეხსნა, რატომ მოხსნეს ადამიანი, რომელსაც თითქოს დაშავებითაც არაფერი დაუშავებია, იშვიათი პროფესიონალის რეპუტაცია ჰქონდა და განათლების რეფორმაშიც არც თუ ისე პატარა წვლილი მიუძღოდა. რეზონანსი, რომელიც თანამდებობიდან მაია მიმინოშვილის გათავისუფლებას მოჰყვა, იმით თუ აიხსნება, რომ სამინისტროს ნაბიჯი არა მარტო დიმიტრი შაშკინის, არამედ მთელი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკის სიმბოლოდ გამოდგება.

დიმიტრი შაშკინის გამინისტრების შემდეგ ერთობ კარჩაკეტილი სამინისტროს პირველი, სიტყვაძუნწი კომენტარი გვამცნობდა, რომ მინისტრმა ქ-ნი მიმინოშვილი თანამდებობიდან "პირადი შეუთავსებლობის" გამო გაათავისუფლა (თუმცა, "ღმერთია მოწმე", ამის გაკეთება არ უნდოდა). არაფერს ვიტყვი მინისტრის იგავ-არაკზე "პირადი შეუთავსებლობის" შესახებ. ისე, გასაკვირი არ არის, რომ განათლების ყოფილი (მიმინოშვილი) და ჯერ კიდევ აქტუალური (შაშკინი) მინისტრი ერთი სამინისტროს ჭერქვეშ თავს ძალიან კომფორტულად ვერ იგრძნობენ. კომფორტი კი, მოგეხსენებათ, განათლების სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ. გაირკვა, რომ ქ-ნ მიმინოშვილსა და ბ-ნ შაშკინს, სხვათა შორის, გამოცდების ფორმაზე, შინაარსზე და რაოდენობაზე განსხვავებული მოსაზრებები ჰქონიათ.

ორივე პოზიცია არგუმენტირებულია, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია შეკითხვა, აუცილებელია თუ არა მინისტრს და მის თანამშრომელს ერთი და იგივე პოზიცია ჰქონდეთ. ქ-ნი მიმინოშვილის თქმით, ის არ მალავდა თავის შეხედულებებს და მინისტრს ეკამათებოდა კიდეც, მაგრამ, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მის ბრძანებას ემორჩილებოდა. მე რომ მკითხოთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია და თუ სამინისტროს თანამშრომელი ბრძანებას, მიუხედავად იმისა, რომ მას არ ეთანხმება, კარგად ასრულებს, პრობლემაც არ გაჩნდება. სხვა საქმეა, როდესაც მინისტრს თავის გვერდით განათლების სისტემის მასზე უკეთ მცოდნე, მასზე გამოცდილი და თანაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანის ყოლა არ უნდა.
სწორედ ეს ტყუილნარევი თავხედური არაკომპეტენტურობაა შაშკინის და მისი გუნდის სამარკო ნიშანი.

შეუთავსებლობის კიდევ ერთი მიზეზი, როგორც გაირკვა, უცნაური ატესტატები ყოფილა, რომელიც მინისტრს სპეციალურად შეუქმნია "ეთნიკური სომხების და აზერბაიჯანელებისათვის", რომლებმაც გამოსაშვები გამოცდები ვერ ჩააბარეს. ამ ატესტატის უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ ატესტატს ატესტატი კი ჰქვია, მაგრამ გაუგებარია, რის ატესტაციას აკეთებს, იმიტომ, რომ არ შეესაბამება ცოდნას, რომელსაც ადასტურებს. ასეთი ატესტატით ადამიანი საქართველოში ვერ ისწავლის (იმიტომ, რომ ვერ ასრულებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების კრიტერიუმებს), მაგრამ შეიძლება საზღვარგარეთ ისწავლოს. საზღვარგარეთ კი იმიტომ მოახერხებს სწავლას, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ჩვენი სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტებს (ჯერჯერობით) ენდობიან და ძნელად წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს შეიძლება ორი ატესტატი ჰქონდეს: ერთი ნამდვილი, ხოლო მეორე გარეგნულად ნამდვილი (ნომრით, ბეჭდით და ა.შ.), ხოლო სინამდვილეში კი - ყალბი. კაზუისტიკის მოყვარული სამინისტრო განგვიმარტავს, რომ სიყალბე "არის ყალბი ინფორმაციის ან ჩანაწერის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში, რასაც სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემისას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატები, რომლებიც სამინისტროს მიერ გაიცა, არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და შეიცავს კანონით განსაზღვრულ ყველა დამცავ მექანიზმს". თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე გამიჩნდებოდა შეკითხვა, რას დაარქმევდა სამინისტრო ატესტატს, რომელიც არარსებულ ცოდნას ადასტურებს.

შაშკინის მინისტრობისათვის ეს შემთხვევა ტიპურია. მან ვერ მოახერხა განათლების სისტემის პრობლემის აღმოფხვრა: საშუალო განათლება საქართველოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია. საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (რომელიც განათლების მინისტრს არასამთავრობო ორგანიზაცია ჰგონია) მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA) ქართველ მოსწავლეებს კატასტროფული შედეგები ჰქონდათ. ნებისმიერი, თუნდაც ოდნავ პასუხისმგებელი მინისტრი შეეცდებოდა გაერკვია, რაშია პრობლემა და როგორ შეიძლება მისი დაძლევა. შაშკინმა კი კვლევა გამოაცხადა "ნონსენსად" და თან მკითხველის მოტყუება სცადა, ამ კვლევაში წამყვანი ქვეყნები მონაწილეობას არ იღებენო. სწორედ ეს ტყუილნარევი თავხედური არაკომპეტენტურობაა შაშკინის და მისი გუნდის სამარკო ნიშანი.

პრობლემა ის არის, რომ არაკომპეტენტურობა და მისთვის დამახასიათებელი თავხედობა მმართველი პარტიისათვის ერთეული შემთხვევა არ არის. განათლების მინისტრმა ისიც გაგვიმხილა, რომ ქ-ნი მიმინოშვილისათვის, თურმე, ასარჩევად ორი თანამდებობა შეუთავაზებიათ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და რომელიმე ქვეყანაში საქართველოს ელჩისა. მინისტრიცა და მისი თანაპარტიელებიც ძალიან გაკვირვებულები იყვნენ, რომ განათლების ექსპერტს არც დიპლომატობა მოუნდომებია და არც ჯანდაცვის მენეჯერობა. ამ შემთხვევაში ქ-ნი მიმინოშვილი უფრო გამონაკლისი შემთხვევა გახლავთ, ისე კი მინისტრიდან მოყოლებული მნიშვნელოვან თანამდებობებზე მრავლად იხილავთ არა განათლების, უნარის და კომპეტენციის, არამედ პარტიული ნიშნით, პირადი ერთგულებით ან საქართველოს პრეზიდენტის სიმპათიის გამო მოხვედრილ ადამიანებს. პრობლემა იმაში კი არ არის, რომ საქართველოში პროფესიონალები არ არიან, არამედ იმაში, რომ ერთი სფეროს პროფესიონალები, შაშკინისნაირი პირადი შეუთავსებლობის გამო ისეთ თანამდებობებზე ხვდებიან, რომლებისაც არაფრის გაეგებათ. სააკაშვილის მთავრობისათვის ეს ჩვეულებრივი ამბავია.

შაშკინმა, რომელიც იქამდე მეციხოვნეთუხუცესად მუშაობდა, საშუალო განათლების რეფორმას იოლად გასაპიარებელი უსაფრთხოების რეფორმა ამჯობინა და სკოლები მაქსიმალურად მიამსგავსა თავის ყოფილ საკურატოროს. არც არის გასაკვირი: კონსერვის ქარხნის დირექტორი რომ დაენიშნათ განათლების მინისტრად, ალბათ სასკოლო სასადილოებს კონსერვებით ავად თუ კარგად უზრუნველყოფდა, მაგრამ განათლების დონეს ვერაფერს უშველიდა. შაშკინმა შეძლებისდაგვარად დახურა განათლების სისტემა, საჯარო განხილვისათვის ხელმიუწვდომელი გახადა, ჩაკლა თვითმმართველობის ყველა ელემენტი და მინისტრზე აწყობილი ადმინისტრაციული ვერტიკალის შექმნა განიზრახა. ცხადია, რომ ვერც მიმინოშვილი და ვერც რომელიმე განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი ამ ვერტიკალში ვერაფრით ჩაეწერებოდა.

მიმინოშვილის მოხსნას კიდევ ერთი სავარაუდო მიზეზი დაემატა: მისი ძმა და შვილი ოპოზიციურ "ქართულ ოცნებას" უჭერენ მხარს. ამ ვარაუდის დამადასტურებელი მე არაფერი ვიცი და ამიტომ ვერ გავიზიარებ, მაგრამ სამაგიეროდ შემიძლია გაგიზიაროთ მარადი ვიცე-სპიკერის, გიგი წერეთლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თუ საჯარო მოსამსახურეები ოპოზიციის მიტინგებში მონაწილეობენ, მაშინ მათ სახელმწიფო სამსახური უნდა დატოვონ. როგორც ჩანს, მრავალმმართველპარტიაგამოვლილ ვიცე-სპიკერს სახელმწიფო და მმართველი პარტია ერთი და იგივე ჰგონია.

ახლა კი მოდი ვიკითხოთ, რით განსხვავდება ის მომავალი, რომელსაც აწმყოში მინისტრი შაშკინი და ვიცე-სპიკერი წერეთელი წარმოადგენენ, იმ არც თუ ისე კარგად დავიწყებული წარსულისაგან, სადაც სახელმწიფო მოხელეებად პარტიული და პირადი ერთგულების მიხედვით ინიშნებოდნენ უვიცი და პრეტენზიული ვიგინდარები?

Tags:განათლება, ბლოგი, განათლების სამინისტრო, გამოცდების ეროვნული ცენტრი, მაია მიმინოშვილი, დიმიტრი შაშკინი, გიგი წერეთელი, PISA


"პიდარასტები მოდიან!"

აჩრდილი დადის საქართველოში. ჰომოსექსუალიზმის აჩრდილი. რადიო 105-ის არ იყოს, "კაცები გადამალეთ, პიდარასტები მოდიან".

ჰომოსექსუალიზმის აჩრდილი იმდენად საშიშია, რომ რამდენიმე ლ.გ.ბ.ტ (ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსგენდერების) გამოჩენამ, ან, ღმერთმა დაგვიფაროს, გეი აღლუმმა შეიძლება ქართველს დაავიწყოს ქართველობა და მართლმადიდებელს მართლმადიდებლობა. ლიბერალი ჰომოფობები (აჩრდილით შეშინებულები) თვლიან, რომ "პიდარასტებს" რაც უნდათ ქნან, მაგრამ გარეთ თავს ნუ გამოყოფენ. მებრძოლ ჰომოფობებს (მაგ. "ქრისტიან"-"დემოკრატ" გ. თარგამაძეს) მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალიზმის "პროპაგანდა" კანონით უნდა აირკძალოს. აბა რა დროს ეგ არისო, იკითხავს რომელიმე მკითხველი და არ იქნება მართალი, იმიტომ რომ ლ.გ.ბ.ტ უფლებების დაცვა დიდად სცილდება მათ კერძო ინტერესებს. ეს პრეცედენტული საკითხი გახლავთ, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება წარმოიქმნას და რა პრინციპებზე დაყრდნობით გადაწყდეს კონფლიქტი უმრავლესობას და უმცირესობას შორის ზოგადად, როგორია ამ კონფლიქტში პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და სახელმწფოს როლი და როგორი სახელმწიფო იქნება საქართველო: ისეთი, სადაც ყველას ექნება საკუთარი ინტერესების გამოხატვის საშუალება, თუ ისეთი, სადაც ადამიანების ამა თუ იმ კრიტერიუმით დახარისხება მოხდება. პრეცედენტული ეს საკითხი იმიტომაც გახლავთ, რომ ლ.გ.ბ.ტ. ყველაზე დაუცველი უმცირესობაა, ისეთი, რომელსაც პროფესიონალი უფლებადამცველებიც მთლად გულწრფელად არ იცავენ ხოლმე, დაბალი ღობეა, რომელიც რომელიმე პოპულისტმა შეიძლება ხუთპროცენტიანი საპარლამენტო ბარიერის გადასალახ ტრამპლინადაც გამოიყენოს.

ლ.გ.ბ.ტ-ს მთავარი ოპონენტი მართლმადიდებელი ეკლესიაა. ქრისტიანისათვის ჰომოსექსუალობა მძიმე ცოდვაა. ასე, მაგალითად, პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი, ამბობს, რომ "ისინი (სექსუალური უმცირესობები) უმძიმეს ცოდვაში იმყოფებიან". ცოდვასთან ბრძოლისათვის კი ეკლესიას თავისი, კანონიკური საშუალებები აქვს. მაგრამ საპატრიარქო რატომღაც ამ კანონიკურ საშუალებებს არ სჯერდება (ან საერთოდაც არ იყენებს) და საერო საშუალებებით ცდილობს ლ.გ.ბ.ტ-ს "ალაგმვას". საპატრიარქო სახელმწიფოს ცოდვასთან ბრძოლას არ სთხოვს (ეს ცოტა კურიოზულიც კი იქნებოდა). სასულიერო პირები, როგორც ეს ბოლო დროს ხშირად ხდება ხოლმე, საერო საკითხებზე ლაპარაკისას სამეცნიერო (უფრო სწორად კი, ფსევდოსამეცნიერო) ჟარგონს მიმართავენ. ასე, მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებაში ცოდვა "ავადმყოფობად" გადაიქცევა. "ისინი (სექსუალური უმცირესობები) ავადმყოფებიც არიან". აქედან კი მამა მიქაელს არატრივიალური დასკვნა გამოაქვს: "თუ ავადმყოფია ადამიანი, იგი ჩუმად მაინც უნდა იყოს. თუ ავადმყოფობის დემონსტრირებას ახდენს, ეს ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება".

გამოდის, რომ თუ ადამიანს რამე სენი შეეყარა, სახლში უნდა იჯდეს და "ჩუმად უნდა იყოს", გარეთ თავი არ გამოყოს და სხვები ამით არ შეაწუხოს. ქვეყანას ავადმყოფები არაფერში სჭირდება.

თავისთავად საინტერესოა საპატრიარქოს ოფიციალური დამოკიდებულება ავადმყოფების მიმართ: გამოდის, რომ თუ ადამიანს რამე სენი შეეყარა, სახლში უნდა იჯდეს და "ჩუმად უნდა იყოს", გარეთ თავი არ გამოყოს და სხვები ამით არ შეაწუხოს. ქვეყანას ავადმყოფები არაფერში სჭირდება. როგორც ჩანს, მამა მიქაელის აზრით, მართლმადიდებლობაც ჯანმრთელთა რელიგია ყოფილა. ლოგიკური იქნებოდა გვევარაუდა, რომ საპატრიარქოს წარმომადგენელი სახელმწიფოს "ავადმყოფების" მკურნალობას მოსთხოვდა. მაგრამ არა, ის სახელმწიფოს მოუწოდებს, "ჰქონდეს იმის ბერკეტები, რომ ხალხის გაღიზიანება არ გამოიწვიონ ერთეულმა ავადმყოფმა ადამიანებმა, რომლებიც საზოგადოებაში ზიზღსა და სიძულვილს იწვევენ“. როგორ უნდა გააკეთოს ეს სახელმწიფომ? მამა მიქაელის აზრით, როგორც ჩანს, სახელმწიფომ "ავადმყოფებს" არ უნდა მისცეს თავიანთი "ავადმყოფობის" საჯაროდ გამოვლენის საშუალება. ალბათ იმიტომ, რომ ჰომოსექსულიზმი არა მარტო ავადმყოფობა, არამედ გადამდები ავადმყოფობა ჰგონია, რომელმაც მოსახლეობის ჯერ კიდევ ჯანმრთელი ნაწილი შეიძლება ეპიდემიისებრ მოიცვას და დააავადოს. მაგრამ მამა მიქაელი ამას პირდაპირ არ ამბობს: ჰომოსექსულთა "ავადმყოფობა" გადამდები კი არა, გამაღიზიანებელია. უმრავლესობის ეს გაღიზიანება, როგორც ჩანს, საკმარისია იმისათვის, რომ უმცირესობამ საკუთარ იდენტობაზე ხმამაღალი საუბრისაგან და მისი დემონსტრირებისაგან თავი შეიკავოს, ხოლო თუ არ შეიკავა, ამის "ბერკეტები" სახელმწიფომ უნდა გამონახოს. მამა მიქაელი სახელმწიფოს ფაქტობრივად სამართლებრივი მშვიდობის დარღვევით ემუქრება, ხოლო სახელმწიფოს როლი ხალხის რისხვის შემაკავებლამდე და ამ რისხვის გამომწვევი მიზეზების თავიდან ამცილებლის ფუნქციამდე დაჰყავს. კაცმა რომ თქვას, ამ სამართლებრივ მშვიდობას კი ისევ და ისევ საპატრიარქოს მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები, "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" და "წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის საზოგადოება" არღვევენ. ამ ორგანიზაციის წევრები, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა ჯერ შეაჩერეს და მერე მისი დაშლა ძალის გამოყენებით სცადეს, ამბობდნენ, რომ "გვიყვარხართ და არ გვინდა რომ დაიღუპოთ. თქვენი სული, თქვენი ხორცი არ გვინდა რომ დაიღუპოს“.

ქრისტეს სახელით ძალადობა მაინცა და მაინც ახალი არ არის. შენი სულის ცხონების მოტივით ვიღაცამ რომ შეიძლება გაწამოს და, რამე რომ იყოს, სიცოცხლესაც გამოგასალმოს, ცნობილია. ათასობით კოცონზე დამწვარი "კუდიანი" და "ერეტიკოსი" ამ ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია. მისი მეორე ნაწილი კი უშუალოდ არის დაკავშირებული თანამედროვე სახელმწიფოს წარმოშობასთან.

აქ კი მივადექით პირველი პრობლემის არსს: რელიგიური და სეკულარული პოზიციების აღრევას საპატრიარქოს და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შეხედულებებში სახელმწიფოს შესახებ. მაგ. ხსენებული მამა მიქაელ ბოტკოველი მიიჩნევს, რომ "ჩვენ ვართ ტრადიციული, მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანა, რომლისთვისაც ასეთი რამ (ლ.გ.ბ.ტ იდენტობის საჯარო გამოხატვა) კატეგორიულად მიუღებელია." კონფლიქტი სწორედ აქ წარმოიშვება: საქართველო კი არის ქვეყანა, სადაც მართლმადიდებლები უმრავლესობას წარმოადგენენ, მაგრამ საქართველო არ არის მართლმადიდებლური ქვეყანა. მართლმადიდებლური ქვეყანა იქნებოდა თეოკრატია, სადაც კონსტიტუციის სადუძველს არა ხალხის ნება და ადამიანის საყოველთაოდ აღებული უფლებები და თავისუფლებები შეადგენდა, არამედ კონფესიური დოგმატიკა, სადაც, ვთქვათ, ჰომოსექსუალიზმი (ისე როგორც ირანში), სისხლის სამართლის დანაშაული იქნებოდა. მაგრამ საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა, სადაც დემოკრატიული ღირებულებები კონსტიტუციის მიხედვით უფრო მაღლა დგას ვიდრე კონფესიური. რატომ არის ასე? ამისათვის მოკლე ისტორიული ექსკურსი დამჭირდება.

დასავლეთის საქრისტიანოს ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ ევროპას რელიგიური ომები დიდი სისხლის ფასად დაუჯდა. ბართლომეს ღამე (1572 წლის 24 აგვისტოს, როდესაც ფრანგმა კათოლიკებმა ქორწილში ჩასული ფრანგივე ჰუგენოტები ამოწყვიტეს) ან მაგდებურგის ჟლეტა (1631), როდესაც საღვთო რომის იმპერიის იმპერატორის კათოლიკე ჯარმა ქალაქ მაგდებურგის ოციათასიანი პროტესტანტი მოსახლეობა ოთხასამდე ჩამოიყვანა ისე, რომ არც ქალი, არც ბავშვი და არც მოხუცი არ დაუნდია, ამ ომში შეიძლება ყველაზე სასტიკი, მაგრამ ერთეული შემთხვევები არ ყოფილა.

ოცდაათწლიანმა ომმა (1618-1648), ბოლო წმინდა წყლის რელიგიურმა ომმა ევროპაში, ევროპელებს რამდენიმე რამ ასწავლა: მაგალითად ის, რომ ომიც კი გულისხმობს გარკვეულ კანონებს. მშვიდობიანი მოსახლეობის ხელშეუხებლობა და სამხედრო ტყვეებისათვის სიცოცხლის შენარჩუნება სავალდებულო ამ დროიდან ხდება.

ქრისტეს სახელით ძალადობა მაინცა და მაინც ახალი არ არის. შენი სულის ცხონების მოტივით ვიღაცამ რომ შეიძლება გაწამოს და, რამე რომ იყოს, სიცოცხლესაც გამოგასალმოს, ცნობილია.

თანამედროვე სახელმწიფოს თეორიაც და პრაქტიკაც ოცდაათწლიანი ომის შემდეგ იწყება. უკონტროლო ძალადობას (გნებავთ რწმენის სახელით ჩადენილს) სჭირდებოდა საპირწონე, რომელიც უფრო ძლიერი იქნებოდა, ვიდრე თითოეული ცალკე აღებული ძალა. ასეთი "ზე-ძალა" ინგლისელმა ფილოსოფოსმა თომას ჰობსმა (1588-1679) სახელმწიფოში დაინახა. მისი აზრით, მხოლოდ სახელმწიფოს შეეძლო იმ „უფლებამოსილებით, რომელსაც მას თანამეგობრობის ყოველი წევრი ანიჭებს", "იმოდენა მინიჭებული ძალაუფლების და ძლიერების გამოყენება" […], რომ მისი ძალაუფლებით და ძლიერებით თავზარდაცემულთა ნება ერთიანად [მიემართა] მშვიდობისაკენ შინ და ურთიერთდახმარებისაკენ გარეშე მტერთან საბრძოლველად.“ სახელმწიფომ თვითონ დაიკავა ის ადგილი, რომელიც ადრე რელიგიას ეკავა: ამიტომ უწოდობს ჰობსი სახელმწიფოს ლევიათანს, ანუ მოკვდავ ღმერთს. ევროპაში სეკულარიზაციის ხანა დაიწყო: რელიგია არსად არ წასულა, მაგრამ სახელმწიფოსათვის მან განმსაზღვრელი, უფრო სწორად კი, მისი ფუნდამენტის მნიშვნელობა დაკარგა. თანამედროვე სახელმწიფო, მათ შორის ჩვენი, სწორედ ამ საფუძველზე დგას: მისთვის განმსაზღვრელი სუვერენის (ჩვენს შემთხვევაში ხალხის) ნება გახლავთ და არა ღვთის სახელით მოლაპარაკე (და ხანდახან მოძალადე) ეკლესია.

აქ კი პრობლემის მეორე მხარეს მივადექით. სუვერენი, ანუ ხალხი, სხვადასხვა "ნებებისაგან" შედგება. ეს "ნებები" შეიძლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდეს. როგორ აბალანსებს (ან უნდა აბალანსებდეს) სახელმწიფო სხვადასხვა ძალებს ან სხვადასხვა ინტერესებს?

ბუნებრივია, საპატრიარქოსაც და მართლმადიდებელ მშობლებსაც აქვთ უფლება ჰქონდეთ (თუნდაც მცდარი) შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე. მაგალითად, ეგონოთ, რომ დედამიწა სამ ვეშაპზე დგას, ან რომ ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობაა. სრული უფლება აქვთ, ამაზე ხმამაღლა ილაპარაკონ და საკუთარ სისწორეში სხვების დარწმუნებას შეეცადონ. სრული უფლება აქვთ, მოსწონდეთ ან არ მოსწონდეთ რაღაც, მაგრამ არანაირი უფლება არ აქვთ, ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობდნენ ვინმესათვის აზრის ან ცხოვრების წესის შეცვლას.

სახელმწიფო მოხელეც შეიძლება იყოს ჰომოფობი (ცუდია, მაგრამ არა დაუშვებელი), მაგრამ დაუშვებელია, როდესაც ის თავისი კერძო სიმპათია-ანტიპათიების გამო უარს ამბობს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე და არ აკავებს მოძალადეებს. უცნაურია, როდესაც სახელმწიფო, რომელიც ძალის გამოყენებას იმდენად არ უფრთხის, რომ ამაში ლეგიტიმურად დასაშვებ ზღვარს არც თუ ისე იშვიათად (და საკმაოდ შორსაც) გასცდება ხოლმე, ამ შემთხვევაში უცნაურ ლმობიერებას იჩენს. (ასეთ უცნაურ ლმობიერებას, სახელმწიფო, რომელშიც, როდესაც საჭიროა, პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო ისევე შეხმატკბილებულად მუშაობს, როგორც "რევოლუციამდე" ან საერთოდაც დამოუკიდებლობამდე, მაშინ იჩენს ხოლმე, როდესაც მმართველი პარტიის ინტერესებზეა საუბარი.)

რითი უნდა ვიხელმძღვანელოთ, როდესაც უმრავლესობის ფასეულობები და ცხოვრების წესი წინააღმდეგობაში მოდის უმცირესობის ფასეულობებთან ან ცხოვრების წესთან? ამისათვის, სამართლებრივ სახელმწიფოში კონსტიტუციას უნდა მივაკითხოთ. საქართველოს კონსტიტუცია ცალკე არ აწესრიგებს უმრავლესობის უფლებებს. თავისთავად იგულისხმება, რომ ის, როგორც ხალხის ნების უზენაესი გამოხატულება, უმრავლესობის ნებას გამოხატავს. სამაგიეროდ უმცირესობების უფლებები კონსტიტუციაში ცალკეა აღნიშნული და დაცული. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლში ვკითხულობთ, რომ "ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება." 21-მუხლი კი გვეუბნება, რომ "ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით".

საქართველოს კონსტიტუციით წარმოუდგენელია, რატომ არ უნდა ჰქონდეს რომელიმე ეთნიკურ, რელიგიურ ან სექსუალურ ჯგუფს, მისი რაოდენობისაგან დამოუკიდებლად, იმის საშუალება, ისე იცხოვროს, როგორც მას მიაჩნია სწორად და კარგად და თავისი იდენტობა საჯაროდ, ყველას დასანახად და გასაგონად გამოხატოს.

საქართველო არ არის მართლმადიდებლური ქვეყანა. მართლმადიდებლური ქვეყანა იქნებოდა თეოკრატია...

თუკი რომელიმე ჯგუფი არსებული კონსტიტუციით კმაყოფილი არ არის და თვლის, რომ მისმა ფასეულობებმა საკანონმდებლო ნორმის სახე უნდა მიიღოს, მაშინ, როგორც უმცირესობისათვის, ისე უმრავლესობისათვის, საკუთარი ინტერესების გამოხატვის ლეგიტიმური გზა საკონსტიტუციო უმრავლესობის მობილიზებაა. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ჰომოფობია ფასეულობად ჩაითვალოს, მაგრამ რუსეთის მმართველმა პარტიამ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა (რაშიც, უმეტეს წილად, ლ.გ.ბ.ტ იდენტობის ნებისმიერი გამოხატულება იგულისხმება) აკრძალა, ხოლო რუსი ჰომოფობების ქართველმა "ქრისტიან"-"დემოკრატმა" თანამოძმეებმა ანალოგიური ცვლილებების დამკვიდრება საქართველოს კონსტიტუციაში დააპირეს. "ქრისტიან"-"დემოკრატებისათვის" ლ.გ.ბ.ტ. უკვე არა ავადმყოფობა, არამედ "გაუკუღმართებული ცხოვრების წესი" და "საზოგადოებრივი მორალის საწინააღმდეგო უხამსობის პროპაგანდაა". თავი რომ დავანებოთ კურიოზს, როდესაც ცნობილი პოლიტიკური მეძავი ზნეობის დამცველად გვევლინება, "ქრისტიან"-"დემოკრატების" ლიდერის ლოგიკა ასევე ურევს რელიგიურ და საერო არგუმენტაციას: ლ.გ.ბ.ტ. იდენტობის გამოხატვა არა მარტო "ამორალურია", არამედ ლახავს "საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიურ მიმდინარეობათა მიერ აღიარებულ რელიგიური პრინციპებს". თარგამაძეს სწორედ ამ პრინციპების კონსტიტუციურ დონეზე დაკანონება უნდა. ეს პრინციპები რომ ბევრად შორდება ჰომოსექსუალიზმის თემას და მაგ. შარიათის პრინციპების დაკანონებასაც გულისხმობს, ჰომოფობთა ხმებზე მონადირე ელექტორატშეთხელებულ პოპულისტს ეტყობა არ გახსენებია. მისი ლოგიკა მარტივია: უმცირსობის ცხოვრების წესი "შეურაცხყოფს" უმრავლესობას, შესაბამისად, ის უნდა აიკრძალოს. მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია ამის საშუალებას არ იძლევა. კონსტიტუციის მეშვიდე მუხლი გვეუბნება, რომ "სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულია ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით." შესაბამისად, ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც რომელიმე ჯგუფის უფლებას ისე ზღუდავს, როგორც ეს ქართველ მემარჯვენე პოპულისტებს წარმოუდგენიათ, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებთან და თავისუფლებებთან. კანონმდებელი არა მარტო ხალხის ნებით არის შეზღუდული, არამედ სამართლიანობის და თანასწორობის უნივერსალური პრინციპებითაც.

ის, რომ როგორც საპატრიარქოს, ისე "ქრისტიან"-"დემოკრატების" მოთხოვნა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ნათელია, მაგრამ უმცირესობათა იდენტობის დაცვის არგუმენტები არა მარტო პოზიტიურ სამართალში, არამედ სამართლის ფილოსოფიაშიც არსებობს.

ზნეობრივი სახელმწიფო იმდენად არსებობს, რამდენადაც მას კერძო მოქალაქის თავისუფლების გარანტირება შეუძლია.

აქ კი, სახელმწიფოს კიდევ ერთი თეორეტიკოსი უნდა გავიხსენო. გერმანელი ფილოსოფოსი გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი (1770-1831) ფიქრობდა, რომ ადამიანი (აბსტრაქტული ინდივიდუუმი) თავისუფლებას მხოლოდ "ზნეობრივ" სახელმწიფოში აღწევს, თავად სახელმწიფო კი "ზნეობრიობის" (Sittlichkeit) იდეის განხორციელებაა. რა არის ეს ზნეობრიობა? (ამ შეკითხვაზე რუბენ ხაჩიკიანის პასუხი "какой моральный человек приедет в Москву без денег" ზნეობრიობაზე სრულ წარმოდგენას ისევე ვერ მოგვცემს, როგორც გიორგი თარგამაძის შეხედულებები - მორალზე), ასე რომ, ცოტა სხვა გზით მოგვიწევს წასვლა.

ადამიანს მხოლოდ საზოგადო საქმიანობაში - კორპორაციაში, სამოქალაქო საზოგადოებაში, სახელმწიფოში - მონაწილეობით შეუძლია უფრო დიდ სუბსტანციურ ცხოვრებაში გადასვლა - ამას ჰეგელი "გაზნეობრიობას" (Versittlichung) ეძახის. ჰეგელის სამართლის ფილოსოფიაში ადამიანი თანდათან ხდება "ზნეობრივი": ის სამ "ჯგუფშია" ჩაწერილი, ოჯახში, სამოქალაქო საზოგადოებაში და სახელმწიფოში. თუ ოჯახი კერძო სფეროა, სამოქალაქო საზოგადოება "საზოგადოს" პირველი საფეხურია. სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ადამიანის უსაფრთხოებას, მისი ქონების დაცვასა და პირად თავისუფლებას უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, აღიარებს ისეთ პიროვნებას, რომელიც საკუთარი მიზნისაკენ მიისწრაფვის, მეორე მხრივ კი, "საზოგადოს" ისეთი ფორმაა, სადაც ადამიანს სხვების მეშვეობით საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლია. თუ სამოქალაქო საზოგადოება კერძო ინტერესების ერთობლიობაა, სახელმწიფო ამ კერძო ინტერესების ერთობლიობაზე კიდევ უფრო მაღლა დგას და საზოგადო ინტერესს წარმოადგენს. მხოლოდ სახელმწიფოს აქვს "საზოგადო" ინტერესი, თუმცა ის არც კერძოს გამორიცხავს: პირიქით, ზნეობრივი სახელმწიფო სწორედ ისეთი სახელმწიფოა, სადაც კერძო ინტერესი გამოხატულებას პოულობს და ზოგადის ნაწილი ხდება. ზნეობრივი სახელმწიფო იმდენად არსებობს, რამდენადაც მას კერძო მოქალაქის თავისუფლების გარანტირება შეუძლია. ერთის მხრივ, ადამიანი პოლიტიკურად თავისუფალი უნდა იყოს, მეორე მხრივ, თავისი თავისუფლების სრულყოფილი განხორციელება მხოლოდ სახელმწიფოშია შესაძლებელი. სწორედ ამ თავისუფლების გარანტირებით სახელმწიფო მოიპოვებს კერძო მოქალაქის ნდობას ისე, რომ მისი თავისუფლება და საზოგადო ინტერესი ორგანულად ერწყმიან ერთმანეთს. (შესაბამისად, იქ, სადაც ადამიანი არ არის თავისუფალი, ვერც სახელმწიფო იქნება ზნებორივი). ჰეგელისეული "ზნეობრიობა" გარკვეულწილად რელიგიას ანაცვლებს, იმიტომ რომ მხოლოდ მას შეუძლია სახელმწიფოსათვის მყარი ფუნდამენტის ფუნქციის შესრულება: ზნეობრიობა გახლავთ სახელმწიფოს ავტორიტეტის და ძალაუფლების წყარო. (სახელმწიფო ინსტიტუტებს ემყარება, რელიგია კი ერთი ინსტიტუტის ფარგლებში ვერ ეტევა და ამიტომ არ შეიძლება სახელმწიფოს საფუძველი იყოს).

საუბარი სწორედაც რომ ქართული სახელმწიფოს მოწყობის ერთ-ერთ და თანაც საკმაოდ მნიშვნელოვან პრინციპზეა...

"ზნეობრივი სახელმწიფოს" კრიტიკა ბევრი პოზიციიდან შეიძლება, მაგრამ თუ გვინდა, რომ მისი ფუნქციონირების კონკრეტული მაგალითი წარმოვიდგინოთ, ისეთი შემთხვევები უნდა ვეძებოთ, როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არის არა კერძო ინტერესების კონსენსუსი, არამედ "ზნეობრიობის" ზოგადი, მაგ. თავისუფლების ან სამართლიანობის პრინციპის გამოხატულება. ქართული სახელმწიფო ასეთ რამეს იშვიათად, მაგრამ მაინც ახერხებს. ქართული სახელმწიფო ასე მოიქცა, როდესაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა ეკლესიებსაც მიანიჭა. ამით კანონმდებელმა რამდენიმე რამ აჩვენა: ერთი, რომ ის კანონმდებელია და არა ვიწროპარტიული ინტერესების პარლამენტში გამტარებელი, მეორე ის, რომ ქართული სახელმწიფო ცდილობს, გახდეს არა მარტო ეთნიკური ქართველების და აღმსარებლობით მართლმადიდებლების სახელმწიფო, არამედ არ განასხვაოს საქართველოს მოქალაქეები ეთნიკური და რელიგიური ნიშნით.

ლ.გ.ბ.ტ.-ჯგუფის დაცვა სწორედ ამიტომ არ არის ტრივიალური და მეორეხარისხოვანი საკითხი: საუბარი სწორედაც რომ ქართული სახელმწიფოს მოწყობის ერთ-ერთ და თანაც საკმაოდ მნიშვნელოვან პრინციპზეა: კერძოდ კი იმაზე, რომ კანონის წინაშე ქართულ სახელმწიფოში უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენელი თანასწორია (იმისაგან დამოუკიდებლად, მოსწონს თუ არ მოსწონს უმრავლესობას უმცირესობები ან მათი ცხოვრების წესი), რომ კანონი ერთნაირად იცავს ქართველს და სომეხს, მუსულმანს და იეღოველს, ჰეტეროს და ჰომოს, მაჩოსა და გეის. ეს პრინციპი კონსტიტუციაში ისედაც არის ჩაწერილი, მაგრამ ახლა იმაზეა საუბარი, რამდენად შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოებას (და ეკლესიას, როგორც მის წევრს), პოლიტიკურ პარტიებს და თავად სახელმწიფოს საკუთარი ძირითადი კანონის პატივისცემა და დაცვა.

Tags:ბლოგი, კონსტიტუცია, ეკლესია, მართლმადიდებლობა, ჰომოფობია, ლგბტ, ჰომოსექსულობა, ლ.გ.ბ.ტ, სახელმწიფო, კანონი


3. Georgian, Do You Speak It?

ნიკო ნერგაძე
Because the music that they constantly play
It says nothing to me about my life
მაესტრო მორისი

(დასაწყისი აქ და აქ)

პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაც ინგლისურად მღერის. პრობლემა ისაა, რომ ყველა ინგლისურად მღერის. შეიძლება სუყველა არა, მაგრამ უმეტესობა. ბოლო რამდენიმე წელია, სრულიად შემობრუნდა ტენდენცია, რომელსაც სათავე 90-იანების როკმუსიკოსებმა დაუდეს. მაშინ უმეტესობა ქართულად მღეროდა და მხოლოდ რამდენიმე - ინგლისურად. ახლაც რომ ეგრე იყოს, უკეთესი იქნება ყველასთვის - მსმენელისთვისაც და მუსიკოსისთვისაც.

ვიდრე ვიტყოდეთ, თუ რატომაა ეგრე, ჯერ ისიც უნდა ვთქვათ, რატომ ვლაპარაკობთ ამდენს ტექსტზე და არა, ვთქვათ, მუსიკაზე ან პროდიუსერებზე, ან, რავი, მომღერლის ჩაცმულობაზე. მაშ, რატომაა ტექსტი ყველაზე მნიშვნელოვანი?


ა. ტექსტი (My Words Are Like a Dagger With a Jagged Edge)

ტექსტი, ყველაზე მნიშნელოვანი, ცხადია, არ არის. მუსიკა ისეთი რამაა, რომ არც ერთი კომპონენტი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რამდენი კარგი თანამედროვე მუსიკოსია, რომელიც ვოკალს სულ არ იყენებს (მაგ. Ratatat); ზოგია, ვოკალი რომ აქვს, მაგრამ ტექსტი არა აქვს - გამოგონილ ენაზე მღერის და ვოკალსაც მხოლოდ ერთგვარ ინსტრუმენტად იყენებს (Sigur Ros-ის შემოქმედების ნახევარი, შინამანეკენა); ზოგან მხოლოდ ვოკალი კი არა, თავად ტექსტი ასრულებს ინსტრუმენტის ფუნქციას - იმისთვისაა, რომ ფრაზების ნაგლეჯებმა და სიტყვების ჟღერადობამ შეგიქმნას განწყობა (Midnight City);  ზოგ სიმღერას ტექსტი კი აქვს, მაგრამ მას ინტერნეტის გამოჩენამდე კაციშვილი ვერ არჩევდა (Smells Like Teen Spirit-ის ეს პაროდია მაგაზეა); ზოგის ტექსტიც გესმის, სიტყვებსაც არჩევ, მაგრამ აზრი მაინც ვერ გამოგაქვს (თუნდაც All Along The Watchtower). ხანდახან სიტყვებიც გესმის და შინაარსიც, მაგრამ სიმღერას ეგ არაფერს მატებს - ტექსტი მსგავსი ჟღერადობის სიტყვებით რომ შეცვალო, ზუსტად იმავე სიმღერას მიიღებ (Rio, მაგალითად. რატომღაც ეგ გამახსენდა, მაგრამ კიდევ ათასობით ეგეთია). კაი, მაგასაც რომ თავი დავანებოთ, რამდენი სიმღერა მოგვწონებია ისე, რომ ტექსტზე არც დავფიქრებულვართ - კარგია, ცუდია თუ როგორია და საერთოდ რაზეა. მოგვწონს და მორჩა!

მაშ, რა ტექსტი აგვიტყდა?

აი, რა ტექსტი აგვიტყდა. კი, ზემოთ მოყვანილი მაგალითები, მართალია (ჩემს ძველ მეს დავესესხე. ჩემი ეს პოსტი დიდწილად მასთან კამათია. ის ძველი მე ამბობდა, სიმღერა კარგი იყოს და ენას რა მნიშვნელობა აქვსო), მაგრამ ეგ მაინც გამონაკლისებია. თანამედროვე სიმღერების სრულ უმეტესობას ტექსტი აქვს და ეს ტექსტი ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.

კარგი სიმღერა ხომ იდეაში რაღაცაზეა. შეიძლება ამბავი არ იყოს მოყოლილი, მაგრამ განწყობას გადმოსცემდეს. კარგი მუსიკოსი ხომ ისაა, ვისაც სათქმელი აქვს. შეიძლება ეს სათქმელი მუსიკოსს ჩამოყალიბებული არ ჰქონდეს. არ არის საჭირო, მუსიკა იმისია, რომ აზრის დალაგება არ გჭირდება. მაგრამ, რაღაც გრძნობა ხომ უნდა იყოს? ეგ არ არის ის მუსიკა, ჩვენ რომ გვიყვარს?

ამ ამბის თუ გრძნობის გადმოცემა უტექსტოდაც მშვენივრად შეიძლება, მაგრამ უფრო რთულია. ტექსტი გეხმარება. ერთ-ერთი ინგრედიენტია, რომელიც საბოლოო პროდუქტს უკეთესს ხდის. კი, მუსიკოსს შეუძლია თქვას - არ მინდა, ტექსტი ხელს მიშლის და მაგის გარეშე მირჩევნიაო. ბაზარი არაა. მაგრამ, როგორც წესი, უარს არ ამბობენ ხოლმე. სხვა თუ არაფერი, ტექსტს იყენებენ თუნდაც იმიტომ, რომ მსმენელი ამას მიჩვეულია.

კი, მუსიკა უნივერსალური ენაა. მაგრამ, ეს მაშინ, თუ მოცარტი ხარ, ან მაილს დევისი ან, „სიგურ როში“ მაინც. ნაკლებ მუსიკოსებს სიტყვები დიახაც რომ ძალიან ეხმარება.

სიმღერა ხომ მეტია, ვიდრე მის შესაკრებთა უბრალო ჯამი. რომ დაშალო - ცალკე ვოკალი განიხილო, ცალკე ტექსტი, ცალკე გიტარა და ცალკე, რავი, დრამი, შეიძლება ვერც მიხვდე, რატომაა კარგი სიმღერა. ერთად კი გესმის და, ბიჭო, გრძნობ!

აი, ქიშოს და ინტელიგენციის ჭეშმარიტება ხომ მოგისმენიათ? მუსიკა როგორია? დიდი ვერაფერი. ცალკე ინსტრუმენტალი რომ ჩაგირთოს ვინმემ, შეგაწუხებს. ტექსტი? „მე ვერ გპირდები ველურ სექსს/მე ვერ გავუძლებ ასეთ ტემპს“? დაწერილი რომ ნახო, არ მოიხიბლები. ლექსი რომ იყოს, ცუდი ლექსი იქნებოდა. მაგრამ ლექსი არ არის. სიმღერაა. თან კარგი სიმღერაა. რაზეა? რის თქმა უნდა ავტორს? რა ვიცი მე. უფრო სწორად, ვიცი, მაგრამ სიტყვებით გადმოცემა გამიჭირდება. ვგრძნობ. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ერთად „მუშაობს“.

ჰოდა, ინგრედიენტების ეს ერთობლიობა ძალიან ფაქიზ ბალანსზეა დამოკიდებული. ჯადოქრობაა, რა. სიმღერის ცოტა სხვა მიქსს ჩაწერ და მაგია ქრება - კარგი სიმღერა იყო და უცებ საშუალოდ გადაიქცევა. ისეც ხდება, რომ კარგი სიმღერის ჩაწერის დროს გიტარისტი სტუდიაში აურევს, სიმებს დროზე ადრე ჩამოჰკრავს ხელს და ჰოი, საოცრებავ, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სიმღერას მიიღებ. ხელოვნება მცირე, ერთი შეხედვით, არაარსებით რამეებზეა დამოკიდებული. და ეს მცირე რამე ხშირად ტექსტია. მიდი, აბა, შეცვალე ქიშოს სიმღერის სიტყვები. იმავე ხმით იმღეროს ინგლისურად, თუნდაც უფრო ჭკვიანური რამეები. რა გამოვა?

მაი ლეგზ.


ბ. ქართული ტექსტი (You're Talkin' a Lot, But You're Not Sayin' Anything)

ზემოთ დაწერილში, როგორც ვხვდები, ბევრი არც შემეკამათება, მაგრამ მაინც საჭიროდ ჩავთვალე - არგუმენტის უკეთ ასაგებად. ახლა ისიც ვთქვათ, რატომ არ შეიძლება, ეგ სათქმელი მუსიკოსმა ინგლისურად გადმოსცეს.

აუ, როგორ არ შეიძლება. ძალიან კარგადაც შეიძლება. უბრალოდ, უფრო რთულია და, როგორც წესი, არ გამოსდით ხოლმე. გასაკვირია? სად შენს ენას რომ გრძნობ ადამიანი და სად სხვისას?! კი, ზოგმა ინგლისურიც წყალივით იცის, ვინძლო ქართულზე უკეთესადაც, მაგრამ უმეტესობა ხომ არ არის ეგრე. აჰა, ვუსმენ ამ ბოლო ორი წლის ინგლისურენოვან ქართულ სიმღერებს და ან ისერა ინგლისურია და ან კიდევ სულ არ ისმის, რას მღერიან. კი, ბატონო. მოსულა. მაშინ, როდესაც არა აქვს მნიშვნელობა, რას მღერი და ტექსტი მხოლოდ ორნამენტია, მაგრამ უმეტესობა რომ არ მღერის ეგეთ სიმღერებს?

რამდენჯერ მომისმენია, რომ ბევრს მუსიკოსს უფრო ბუნებრივად ტექსტი ინგლისურად მოსდის. ინგლისურად ეწერინება და რა ქნას. ან იქნებ მუსიკა აქვს ისეთი, ქართული რომ არ მოუხდება. იმიტომ, რომ ისეთ რამეებზე მღერის, ქართულად რომ არ გადმოიცემა.

ბულშიტ. არ მჯერა მე მაგისი.

ათი-ოცი სიმღერის, ან სამი-ოთხი ჯგუფის შემთხვევაში კიდევ დაიჯერებდა კაცი. ნუ, ეგრე ხედავს ადამიანი თავის მუსიკას და უთხარი ეხლა, გინდა თუ არა, სხვანაირად დაინახეო. მაგრამ ყველა, ტო?

ყველა ეგრე იმიტომ მღერის, რომ ინგლისურად ტექსტის წერა უფრო ადვილია. ადვილია იმიტომ, რომ მსმენელს არ ესმის რას მღერი და თავად მუსიკოსსაც უკეთესად ეჩვენება, ვიდრე სინამდვილეშია.

ის, რომ, აი, ინგლისურად ვწერ, იმიტომ, რომ ქართულად სასაცილოდ ჟღერსო, არის თავის მოტყუება. თუ ქართულად სასაცილოდ ჟღერს, დიდი შანსია, რომ ინგლისურადაც ეგრე იყოს. თუ ქართულად უაზროა, სავარაუდოდ, ინგლისურადაც უაზროა. არის გამონაკლისებიც. ზოგი რამე მართლა უკეთესად ჟღერს ინგლისურად. მაგრამ არა ყველაფერი. მაგის უმეტესობა არის სიზარმაცე. და კიდევ ის, რომ სათქმელი ჯგუფს რეალურად არა აქვს.

მთავარ პრობლემას, აი, ეს აზრის ჩამოუყალიბებლობა ქმნის. ნუ კარგი, არ ვარგა ტექსტი და არ ვარგა. ისედაც გავალთ იოლას. კარგი სიმღერა უსიტყვებოდაც მუშაობს. მაგრამ უშინაარსოდ კარგი იშვიათად გამოდის.


გ. თბილისის ანძა რომ ჯობია ეიფელს...

საქმე ისაა, რომ ქართული ჯგუფების უმეტესობა მთლად ორიგინალურ მუსიკას არ უკრავს. ყოველთვის ასე იყო. საქართველო და სხვა პატარა ქვეყნები მუსიკის ახალი მიმდინარეობების სამჭედლო არ არიან ხოლმე. ყველა ვიღაცის პონტში უკრავს. ეს, ცხადია, ნორმალურია. სხვისას აიღებ, შენსას დაამატებ და კარგი გამოდის.

შენი გამოდის.

ცუდი კი ისაა, როცა ამ შენის დამატება ვერ ხერხდება. ამაში დამნაშავედ  კი მე დიდწილად ისევ ინგლისური ტექსტი მგონია. ინგლისური ბევრს სწორედ ამ, თავისი საყვარელი სიმღერების მეშვეობით აქვს ნასწავლი. ამიტომ შთაგონებას არა მხოლოდ თავიანთი საყვარელი ჯგუფების მუსიკაში ეძებენ, არამედ მათ ტექსტებშიც. შესაბამისად, როცა ამბავია მოსაყოლი, იმათ ამბავს ყვებიან და არა ჩვენსას.

ბევრი თქვენგანის საყვარელ ბენდს რომ დავესესხო, ავიწყდებათ, რომ საბურთალოდან არიან და არა ჰანტერს ბარიდან. ზუსტად არ ვიცი, სად არის ჰანტერს ბარი (სადღაც სამხრეთ-დასავლეთ შეფილდში), მაგრამ ის კი ვიცი, რომ აქედან შორია. სოუ, გეთ ოფ ზი ბენდვაგონ ენდ ფუთ დაუნ ზი ჰენდბუკ.

იე იე იე იე.

ეგაა, თორემ განა ვინმე 90-იანების მუსიკას მისტირის. ის დრო გავიდა, მოკვდა-მოკვდა, აღარ არის და ძალიანაც კარგი. არც ისე კარგი იყო, როგორც გვახსოვს. დღეს გვყავს უფრო მეტი და უკეთესი მუსიკოსი (ეს, გეხვეწები, სააკაშვილის ხმით წაიკითხე), ვიდრე ოდესმე გვყოლია. დღეს მეტ ნიჭიერ ტიპს უჭირავს გიტარა ან ლეპტოპი, ვიდრე აქამდე. და რას აკეთებს ამ ნიჭიერი ტიპების უმეტესობა?

სხვა, უკეთეს ჯგუფებს აქსეროქსებს.

ამათი დიდი ნაწილი ცუდ მუსიკას სულაც არ წერს. მაგრამ, ხანდახან ნეტა ცუდი იყოს. ხშირად  ჯობია ცუდი იყოს, ვიდრე საშუალო. ისერა. ნორმალური.

ჯენერიკ.

სეიფ.

მიდიოკრ.
                              
ქართული თანამედროვე მუსიკის უდიდესი ნაწილი მეორადი საქონელია. არ არის ეგრე? ნუ, კარგი - შენი ჯგუფი არ არის ეგეთი. სხვებისა ხომ არის? არ არის?

ხომ იცი, რომ არის. საშუალო დონის კავერ-ვერსიაა.

„ადიბასი“.

„ელვისის“ სუში.

„შუა ქალაქში“ ახალი შემადგენლობით.

ქართული ფლეშმობები.

ბუტკის პიცა კეტჩუპით და მაიონეზით.

თითქმის, მაგრამ არცთუ მთლად ზი რიალ თინგ.

თუ არა და ჰა. იძახე, თბილისის ანძა ჯობია ეიფელსო. და იცი რა? რაღაც პონტში მართლა ჯობია - თუ თბილისის ანძა თბილისისანძობს და არ ეიფელობს. ეიფელი არ დაგვნათოის თბილისელებს თავზედა. თბილისის ანძაა ეგ. და უმეტესობას ანძასთან მეტი ტკბილი მოგონება გვაკავშირებს (აი, ამ ჭიქით, ძმებო...), ვიდრე ეიფელთან. „გომი ორიგინალი“ უფრო ვიცით, ვიდრე „საუზერნ კომფორტი“. ვაკის პარკში უფრო ხშირად დავდივართ, ვიდრე ჰაიდ პარკში.

ჰოდა, ფაქინგ ექთ ლაიკ ით.

გეთ ოფ ზი ბენდვაგონ ენდ ფუთ დაუნ ზი ჰენდბუკ.

იე იე იე იე.

(გაგრძელება იქნება)

Tags:ბლოგი, მუსიკა, როკი, ნიკო ნერგაძე


დეკლარირებულად დაწინაურებული ასპირანტობა

„რას ნიშნავს ტერმინი „ასპირანტი“ საქართველოსთან მიმართებით?“ - ვეკითხები საქართველოს სახელმწიფო მინისტრს გიორგი ბარამიძეს, რათა თვითნებურმა ინტერპრეტაციამ ან ნატოს ტერმინოლოგიაში ჩემმა გაუწაფაობამ, არ დააკნინოს საქართველოს დაწინაურებული ურთიერთობა ნატოსთან. ვთანხმდებით, რომ ასპირანტი ქვეყანა უნდა გავიგოთ, როგორც ალიანსის წევრობის მოსურნე, გაწევრიანების მაძიებელი ქვეყანა.

კაცმა რომ თქვას, მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ აქამდე, აბა რა ვიყავით - ასპირანტობის ასპირანტები? ანდა დეკლარაციის 31-ე მუხლის ეს ჩანაწერი გამაგებინოს ვინმემ და თავს მოვიჭრი: „მადლიერი ვართ პარტნიორების, რომლებიც ნატოს წევრობას ესწრაფვიან (aspire), ნატოს სარდლობით მოქმედ ოპერაციებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.“

ოღონდ საქართველო ნატოში არ მიიღონ და, გაოცდები, რანაირ ლინგვისტურ ტრიუკებს აღარ იყენებენ ალიანსის მახვილგონიერი „პიარშჩიკები!“

თუ მადლიერი ხარ, მამაცხონებულო, რას აჯანჯლებ?! მომეცი რა, კლუბის წევრის პირადობის მოწმობა! რა, გასული საუკუნის 50-იანი წლების გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაზე უარესი ვარ, თუ 90-იანი წლების ალბანეთზე უფრო არადემოკრატიული?

ეჰ, იყვირე და ივიშვიშე, რამდენიც გინდა. ბოლო-ბოლო, გაწელე-გამოწელე, მაინც „პარტნიორი ქვეყანა" გქვია და კაცმა არ იცის, ნატოს კიდევ რამდენი სამიტი ჩაივლის და რამდენი სადღეგრძელო ითქმება მაღალი დონის „სამუშაო სადილ-ვახშმებზე“, სანამ სანუკვარ ალიანსში მიგვიღებენ...

არადა, საშინლად არ მომწონს ეს „ასპირანტობა“.

უნებურად მახსენდება ჩემი სტუდენტობისდროინდელი, გასული საუკუნის 80-იანი წლების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის კათედრები, სადაც მარადიული ასპირანტები მუშაობდნენ ლაბორანტებად, ასისტენტებად და რაღაც კიდევ ასეთ გამოგონილ მუშაკებად. თან მეცნიერებაში იყვნენ და თან არც იყვნენ. ცხოვრობდნენ თავისთვის წყნარად 100-მანეთიან ხელფასზე,  ეხმარებოდნენ კათედრების ხელმძღვანელებს საორგანიზაციო საკითების მოწესრიგებაში, დამატებითი შემოსავლისათვის ამზადებდნენ აბიტურიენტებს, შედიოდნენ საგამოცდო კომისიებში და, შესაბამისად, დიდი წონა ჰქონდათ ნაცნობ-მეგობრებსა და მეზობლებში: ასპირანტია, რაც უნდა იყოს, საჭირო კაციაო, - ამბობდნენ მათ დანახვაზე.

ვიცი, ახლა დამიწყებენ დამუნათებას ჩემი კეთილისმყოფელი ანონიმი კომენტატორები. „რა, სკეპტიციზმს ნერგავ?! ამისთვის წახვედი ჩიკაგოში კონგრესის ფულით? შენგან ამას არ მოველოდით!“

მაგრამ ვიდრე ქვას მესვრით, ჩემო კეთილო მსაჯულებო, ჯერ ყურადღებით წაიკითხეთ 2012 წლის მაისის ნატოს ჩიკაგოს სამიტის დეკლარაცია. მერე შეადარეთ ამას 2010 წლის ნოემბრის ლისაბონის სამიტის დეკლარაცია. მერე ამ ორ დეკლარაციას, ერთად აღებულს, შეადარეთ 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტის დეკლარაცია და, თუ რაიმე დიდ განსხვავებას აღმოაჩენთ, ქუთაისში მშენებარე პარლამენტის წინ მდგარ, ყველაზე მაღალ ხეზე ჩამომკიდეთ.

Tags:ნატო, სამიტი, ჩიკაგო


მიშას ნიშა

დღეს ვისარგებლებ ბლოგის უპირატესობით და პოლიტიკური სპექტრის ისეთ დაყოფას შემოგთავაზებთ, როგორიც ტერმინოლოგიურად მხოლოდ ბლოგშია შესაძლებელი. სამაგიეროდ, იმედი მაქვს, სურათი მკაფიო და ზუსტი გამოვა.

ეს სურათი ადასტურებს, რომ საქართველოს პოლიტიკის აწმყოც და უახლოესი მომავალიც მიხეილ სააკაშვილზეა აწყობილი: ან პირადად მის ყოფნაზე პოლიტიკაში, ან მის მემკვიდრედ ყოფნაზე, ან მისი მემკვიდრეობის სრულ თუ ნაწილობრივ უარყოფაზე.

პოლიტიკური სპექტრის ის ნაწილი, რომელიც შემოდგომაზე პარლამენტში მოხვედრას გეგმავს, სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ საკუთარი ნიშა, საკუთარი შეთავაზება აქვს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით.

როგორც არაპირდაპირ უკვე ვთქვი, ჩემი აზრით, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის არსებითი ნაწილი ოთხ ნიშაშია განთავსებული.

პირველი ნიშა უჭირავს ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ამომრჩეველს 2004 წლიდან მომდინარე საშინაო და საგარეო კურსის გაგრძელებას სთავაზობს. თუმცა, მმართველ პარტიას აქვს ორი ქვენიშა, შეთავაზების ორგვარი რესურსი, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის: პირველი - „საკუთრივ მიშა“ და მეორე - „გაუმჯობესებული მიშა“. პირველი შეთავაზება აბსოლუტურად მკაფიოა პიროვნული კუთხით, მაგრამ დამაბნეველია საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით; რადგან ახალი ვადით ქვეყნის პირველ პირად მიხეილ სააკაშვილის დარჩენა ვერაფრით თავსდება პროდასავლურ ვექტორზე. მეორე შეთავაზება ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს პროდასავლურ (პროამერიკულ) საგარეო ორიენტაციას, თუმცა, არ არის გამოკვეთილი პიროვნებების კუთხით. თავად ტერმინი „გაუმჯობესებული მიშა“ თბილისის მერს - გიგი უგულავას - ეკუთვნის. ამ ნიშაში შეიძლება აღმოჩნდეს ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი ლიდერი (ბოკერია, მერაბიშვილი, უგულავა...), რომელიც მოინდომებს და შეძლებს, რომ გახდეს პრემიერ-მინისტრი, ესე იგი (სახეცვლილი) პარტიის ახალი ლიდერი.

მეორე ნიშა ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნის. ამ პარტიის - როგორც ნაციონალური მოძრაობის კონსტრუქციული ოპოზიციის - შეთავაზება ერთი ერთზე ემთხვევა „გაუმჯობესებულ მიშას“, პროდასავლური (პროამერიკული) ვექტორის შენარჩუნებით და სააკაშვილის მემკვიდრეობის ლეგიტიმაციით. შესაბამისად, გიორგი თარგამაძე ხდება არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი სხვა ლიდერის - ბოკერიას, მერაბიშვილის, უგულავას... - პირდაპირი პოლიტიკური კონკურენტი. „გაუმჯობესებული მიშა“ ერთადერთი ნიშაა, რომელშიც რეალური და ბუნებრივი  კონკურენცია არსებობს.

მესამე ნიშას იკავებს კოალიცია „ქართული ოცნება“ - მესიჯით „არამიშა“. ეს მესიჯი გულისხმობს არსებითად უარის თქმას სააკაშვილის მემკვიდრეობაზე, მაგრამ პროდასავლური (პროამერიკული) საგარეო ვექტორის შენარჩუნებას (იხ. ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი ბარაკ ობამასადმი, რომელიც იანვრის ბოლოს გამოქვეყნდა „ვაშინგტონ პოსტში“. „არამიშა“ ნიშნავს ქვეყნის გადაყვანას ახალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ რელსებზე, ოღონდ, იმ პოზიტიურის შენარჩუნებას, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა რვა წლის განმავლობაში. სწორედ იმის გამო, რომ „არამიშა“ არ ნიშნავს სააკაშვილის მემკვიდრეობის 100%-ით უარყოფას, ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ, ნაციონალური მოძრაობის ხლეჩის შემთხვევაში, შესაძლოა, სააკაშვილის გარემოცვის გავლენიანი წევრები ივანიშვილის გარემოცვაში აღმოჩნდნენ. ეს ხმები, სულ მცირე, იმას ადასტურებს, რომ ხალხის წარმოდგენაში ივანიშვილს შეუძლია, თავის გუნდში მიიღოს მერაბიშვილიც, ბოკერიაც, ადეიშვილიც და დღევანდელი ხელისუფლების სხვა გავლენიანი პირებიც.

მეოთხე ნიშას იკავებენ ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა. ამ ნიშის მთავარი მესიჯია „ანტიმიშა“, რაც გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობის სრულ უარყოფას როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. იმ შემთხვევაში, თუ ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავას პოლიტიკური პარტიები ერთ საარჩევნო სუბიექტს შექმნიან (ალბათ, ასეც მოხდება), მეოთხე ნიშაში კონკურენცია გამოირიცხება. თუ ერთ სუბიექტად გაერთიანება ვერ მოხერხდა, მაშინ მეოთხე ნიშაში ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. რაკი, ჩემი აზრით, ბურჯანაძე ამას არ დაუშვებს, მას ისღა რჩება, თავად გახდეს ახალი „ანტიმიშური“ კოალიციის ლიდერი.

სხვა ნიშას საპარლამენტო არჩევნებისთვის მე ვერ ვხედავ. შესაბამისად, საქართველოს ამომრჩეველს საშუალება ეძლევა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისი პოლიტიკური გემოვნება შემდეგ შეთავაზებებს შეუსაბამოს:

1. თუ მისთვის ძვირფასია მიხეილ სააკაშვილი, როგორც ლიდერი - მიუხედავად მისი საგარეო ორიენტაციისა, რაც ადეკვატურად აისახება საშინაო პოლიტიკაზე - ირჩევს ნაციონალურ მოძრაობას.

2. თუ მისთვის ძვირფასია პროდასავლური საგარეო ვექტორი და მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობა, ოღონდ, გაუმჯობესებული შინაარსით - ირჩევს სახეცვლილ  ნაციონალურ მოძრაობასა და ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას შორის ერთ-ერთს.

3. თუ მისთვის ძვირფასია პროდასავლური საგარეო ვექტორი, ოღონდ, არსებითად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილი - ირჩევს კოალიცია „ქართულ ოცნებას“.

4. თუ მისთვის მიუღებელია პროდასავლური საგარეო ვექტორიც და მიხეილ სააკაშვილიც, ირჩევს ნინო ბურჯანაძესა და კახა კუკავას.

აქვე გავიხსენებ ჟურნალ „ტაბულის“ მთავარი რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის სტატიას „მოჯადოებული წრე“, სადაც სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილს სთავაზობს, დაიკავოს „გაუმჯობესებული მიშას“ ნიშა, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილი კონკურენციაში უნდა შევიდეს სახეცვლილი ნაციონალური მოძრაობისა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან (და დატოვოს ნიშა, რომელიც ყოველგვარი ალტერნატივისა და კონკურენციის გარეშე უკავია).

ინფორმაცია ამ შეთავაზების შესახებ დოკუმენტურად რომ დავადასტურო, გთავაზობთ ორ ციტატას სტატიიდან: „ლოგიკური იქნებოდა, ახალ პოლიტიკურ ფიგურას ამომრჩევლისთვის სააკაშვილის მიერ დაწყებული გზის გაგრძელება და მის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეეთავაზებინა.“ აქვე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, ჩერგოლეიშვილი განმარტავს, რომ „ბრძოლა დღესვე!“-სტრატეგიას ელექტორატის მხოლოდ ერთი მეოთხედი ემხრობა, ხოლო ამომრჩეველთა დანარჩენი სეგმენტი „არსებული კურსით მეტ-ნაკლებად კმაყოფილია და მხოლოდ გაუმჯობესებას ითხოვს“.

საყურადღებოა, რომ პირველ ციტატაში საუბარია არა მაინცდამაინც ოპოზიციურ ლიდერზე, არამედ, „ახალ პოლიტიკურ ფიგურაზე“, რაც „გაუმჯობესებული მიშას“ ნიშაში ადგილს ნაციონალურ მოძრაობასაც უტოვებს და ოპოზიციურ პარტიებსაც.

აქვე გავიხსენებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის სოსო გალუმაშვილის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ, ზოგიერთ სხვა პარტიასთან ერთად, ქრისტიან-დემოკრატებმა „ახალ პოლიტიკურ რეალობაში თავიანთი ნიშა ჯერ ვერ იპოვეს“. ჩემი აზრით, გიორგი თარგამაძეს აქვს მყარი ნიშა, მაგრამ, შესაძლოა, ციტატის ავტორი გულისხმობს, რომ „გაუმჯობესებული მიშას“ ნიშაში გიორგი თარგამაძე კონკურენციას ვერ გაუწევს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს. ამ პროგნოზს არც ერთი გამოკვლევის შედეგი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რადგან გამოკვლევებში, ჯერჯერობით, კონკრეტული ლიდერების გვარების ნაცვლად, შავით თეთრზე წერია: „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი“.

ჩემი აზრით, დღეს ნაციონალურ მოძრაობას ორი დიდი პრობლემა აქვს. პირველი პრობლემა არის ლიდერი, რომელსაც ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც კი არ სურს პოლიტიკიდან წასვლა; მეორე პრობლემა არის რეფორმირებული კონსტიტუცია, რომელიც მთელ ძალაუფლებას ერთი პირის - პრემიერ-მინისტრის - ხელში აქცევს და სხვა მსურველებს ძალაუფლების ვერტიკალზე ღირსეულ ადგილს აღარ უტოვებს. ასე რომ, „საკუთრივ მიშას“ ნიშაში ზედმეტი სიხალვათეა, „გაუმჯობესებული მიშას“ ნიშაში კი მეტისმეტი სიმჭიდროვე და კონკურენციაა. ამიტომ, იმ ერთიან ნიშაში, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა იკავებს, შინაგანი წონასწორობა უკვე დარღვეულია.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ჩემი აზრით, პოლიტიკური  სივრცე უპრეცედენტოდ მკაფიოდ დაიყოფა და, „პატიოსანი მსაჯობის“ პირობებში, ასევე მკაფიოდ დადასტურდება, რა სურს საქართველოს მოსახლეობას - „საკუთრივ მიშა“, „გაუმჯობესებული მიშა“, „არამიშა“ თუ „ანტიმიშა“.

თუმცა, როგორც ვხედავთ, საქართველო, არსებითად, ჯერ კიდევ მიშას ნიშად რჩება და უახლოესი პერიოდის ამოცანაც, ალბათ, ეს არის - ამ გაპიროვნებული, შეზღუდული ნიშისგან თავის დაღწევა.

ფელგენგაუერს მიეცა ჩემი ცოდვა!

ჩიკაგოს „მაკკორმიკ პლეისში“ მდებარე თვალუწვდენელ საერთაშორისო პრესცენტრში ვზივარ და ამერიკულ გაზეთებს ვათვალიერებ. ილინოისის დროით (აშშ-ის სხვადასხვა შტატში საათი სხვადასხვა დროს უჩვენებს) დილის 9 საათია. უზარმაზარი ჰოლი ნელ-ნელა ივსება ჟურნალისტებით. 20-21 მაისს, ნატოს ჩიკაგოს სამიტის მუშაობის დღეებში, ღონისძიების ორგანიზატორები 2500-მდე ჟურნალისტს ელოდებიან.

ნატოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი, მაგრამ ალიანსის წევრი სახელმწიფოების უმაღლესი დონის შეხვედრას არც ინტრიგა აკლია და არც ფართო საზოგადოების ყურადღება.

მთავარი ინტრიგა სამიტში საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის მონაწილეობა და ჩიკაგოში რუსეთის ახალი/ძველი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ჩამოუსვლელობაა. სამიტზე ცალკე საკითხი იქნება პაკისტანთან თანამშრომლობა. პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი ჩიკაგოში ჩამოვა, თუმცა, აშშ-სა და ნატოს ჯერჯერობით აშკარად უჭირთ დაიყოლიონ პაკისტანი, გახსნას ავღანეთთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო არტერია, რომლითაც დადგენილ ვადებში უნდა მოხერხდეს ავღანეთიდან საბრძოლო ტექნიკისა თუ სხვა სახის ტვირთების გატანა.

როგორც 19 მაისის „ჩიკაგო ტრიბიუნი“ იუწყება, პაკისტანმა თითოეული კონტეინერის გატარებაში ხუთი ათასი დოლარი მოითხოვა, რაც პენტაგონისათვის მიუღებელია. ცნობისათვის: გასული წლის ნოემბრამდე, ვიდრე აშშ-ის ავიაციის მიერ პაკისტანელი ჯარისკაცების დახოცვის გამო ისლამაბადი საქარავნე გზას დაკეტავდა, ნატო თითოეული კონტეინერის ტრანსპორტირებაში სულ 250 დოლარს იხდიდა.

განვაგრძობ ამერიკული მედიის თვალიერებას, მაგრამ საქართველოს ხსენებას ვერსად ვპოულობ. საქართველოს პრობლემა ჩიკაგოს სამიტის დღის წესრიგისათვის უმნიშვნელოა. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩიკაგოში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მოულოდნელი და ექსტრავაგანტული შეთავაზებით ყოველთვის შეეძლო ყურადღების მიპყრობა. „მე ყველაზე მეტად სააკაშვილის პრესკონფერენცია მაინტერესებს“, - მეუბნება ცნობილი რუსი სამხედრო ჟურნალისტი პაველ ფელგენგაუერი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომი ორი თვით ადრე იწინასწარმეტყველა. რუსი ჟურნალისტი, რომელიც ნატოს სამიტის პრესცენტრში ჩემს უკანა რიგში ზის, დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი ამჯერადაც იტყვის რამეს რუსეთიდან მომავალ სამხედრო საფრთხეზე და რუსეთსა და საქართველოს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირებაზე, რისი ალბათობაც, ჩემი თანამოსაუბრის თქმით, ირანის წინააღმდეგ დასავლეთის საომარი სამზადისის პირობებში, კვლავინდებურად მაღალია. „მოდი რა, აღარ გვინდა ომზე საუბარი“, - ხუმრობით ვეუბნები პაველს, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შემდგომ, 2008 წლის სექტემბერში ცხინვალის მიმდებარე დაბომბილი ქართული სოფლები დავათვალიერებინე და რომელთანაც მანამდეც და მერეც, არაერთხელ მისაუბრია კავკასიაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე.

ფელგენგაუერს მიეცა ჩემი ცოდვა!

თვითონ პრესცენტრის შუაგულში მდებარე კაფეში მშვიდად გაემართა ყავის დასალევად. მე კი ვრჩები მისი პირქუში პროგნოზით გულდამძიმებული და ვფიქრობ, რა შეიძლება თქვას მიხეილ სააკაშვილმა ჩიკაგოში საინტერესო, სამშვიდობო და ახალი, რასაც დასავლეთის ქვეყნების ლიდერებიც ყურადღებით მოისმენენ და საქართველოს გრძელვადიან ინტერსებსაც წაადგება. ისიც მესმის, რომ ეს არ არის იოლი ამოცანა - საქმიანი, მოსაწყენი პრესკონფერენციის გამართვა საქართველოს პრეზიდენტის ბობოქარ სტილში ვერ ჯდება.

არადა, ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, სივრცე თითქოს შეზღუდულია.

ავღანეთში ქართული კონტინგენტის კიდევ გაზრდაზე აპელირებას აზრი აღარ აქვს. ჯერ ერთი, ამას სააკაშვილი ერთხელ უკვე დაჰპირდა ნატოსა და კოალიციის წევრებს. თანაც, რადგან 2012 წლის შემოდგომიდან აშშ-ის თაოსნობით, ავღანეთიდან ყველა ქვეყანა იწყებს სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანას, ასეთი დაპირება უკუდო ამპარტავნობა იქნებოდა.

ცხადია, საქართველოს შეუძლია, სრულიად უსასყიდლოდ შესთავაზოს ნატოს საკუთარი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სივრცე ავღანეთიდან ტვირთების ტრანსპორტირებისათვის, მაგრამ პაკისტანთან და რუსეთთან შედარებით, საქართველო ნაკლებად მომხიბვლელია და, ამდენად, სააკაშვილის ასეთ განცხადებას დიდი რეზონანსი არ მოჰყვებოდა.

ყველაზე უკეთესი იქნებოდა, ნატოს ტრიბუნიდან მტკიცე პირობა, რომ საქართველო ჩაატარებს თავისუფალსა და სამართლიან არჩევნებს, წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პარტიისათვის უზრუნველყოფს თანაბარ პირობებს, გაათავისუფლებს სატელევიზო მედიას, საშუალებას მისცემს ბიზნესს, დააფინანსოს ის, ვინც სურს, უარს იტყვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ამას გააფორმებს შესაბამისი ბრძანებით, რომელსაც სწორედ ჩიკაგოდან უკარნახებს თავის ადმინისტრაციას, მინისტრებსა და რეგიონებში რწმუნებულებს, რომლებიც, ბევრის აზრით, „შავი პიარის“ მთავარი დამკვეთები და განმახორციელებლები არიან.

მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც გრძელვადიანი მიზნები აქვს ხელისუფლების შესანარჩუნებლად და ე.წ. „პრორუსული ოპოზიციური ძალებისა და ბოროტი მუმიების ბოლომდე გასანადგურებლად“, ამას არ გააკეთებს.

ამ ფიქრებში რომ ვარ, „სკაიპში“ ერთი კოლეგის ზარი შემოვიდა. მეკითხება, რაიმე ხომ არ შემიძლია დავწერო მისი საიტისთვის სამხედრო ჯავშანმანქანა „ლაზიკაზე“, რომელიც სამხედრო-საწარმოო ბაზა „დელტის“ კონსტრუქტორებმა შექმნეს საქართველოში.

„ლაზიკა“! - უცებ აღმომხდა მეც. აი, რა შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს შესთავაზოს!

დიახ, მიხეილ სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო საზოგადოება კვლავ გააკვირვოს მოულოდნელი გულუხვი შეთავაზებით. საქმე ეხება არა ჯავშანმანქანა „ლაზიკას“, არამედ მომავლის ქალაქ ლაზიკას.

ცხადია, არ ვგულისხმობ „ლაზიკის“ არქიტექტურული პროექტის სიდიადეზე საუბარს. ჩიკაგოში, სადაც მხოლოდ ცათამბჯენი სასტუმრო „ჰაიატის“ ქსელი დაიტევს საქართველოს მთელ დეველოპერულ პოტენციალს, - მომავლის ქალაქზე საუბარი სასაცილოა. მიხეილ სააკაშვილმა უნდა განაცხადოს, რომ თავის უმთავრეს დეველოპერულ პროექტს ავღანეთის მომავალს სწირავს მსხვერპლად და მზად არის, ქალაქ ლაზიკის მშენებლობისათვის გათვალისწინებული ბიუჯეტი ავღანეთის უსაფრთხოების ფონდში მიმართოს.

ნატოს წევრების სახტად დატოვება და ლაზიკაზე მოქირქილე ოპონენტების გაწბილება მერე იკითხეთ თქვენ!

ეჰ, მართლა რა დღეში ჩამაგდო ფელგენგაუერმა ამ შუაგულ ჩიკაგოში!

Tags:სააკაშვილი, ნატო, ბლოგი, სამიტი, ფელგენგაუერი


პოპ-მართლმადიდებლობა

საქართველოში არსებობს აზრი, რომ საზოგადოება ორადაა გაყოფილი: ტრადიციის დამცველებად და მოდერნიზაციის მომხრეებად. პირველები (რომლებსაც ჰგონიათ, რომ ერის უმეტეს და უკეთეს ნაწილს შეადგენენ) თავს ქართველობის და მართლმადიდებლობის მესვეურებად თვლიან და მოდერნიზაციის მომხრეებს ეკლესიის მტრობას და ქართველობის გადაგვარებას აბრალებენ. მეორენი კი  პირველებს რეტროგრადობაში, ობსკურანტიზმში, ეთნონაციონალიზმში, ქსენოფობიაში და რასიზმში  სდებენ ბრალს. ვფიქრობ, რომ სურათი ასეთი მარტივი არ არის: კავშირი ამ ორ "ბანაკს" შორის უფრო დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ყველაზე მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, საქართველოს მთავრობა, რომელსაც ეკლესიის მტრობას აბრალებენ ხოლმე, სინამდვილეში ეკლესიას ყოველწლიურად საბიუჯეტო და სპეციალური ფონდებიდან აფინანსებს. პირადად მიხეილ სააკაშვილს, ისევე როგორც მის მასწავლებელსა და წინამორბედს, ედუარდ შევარდნაძეს, თავისი, საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი ეკლესიის გამდიდრებასა და პოლიტიკური გავლენის მოპოვებაში.

თავის მხრივ, მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ხშირად აბრალებენ ხოლმე ზოგადად სეკულარული, განსაკუთრებით კი დასავლური კულტურის სრულ უარყოფას, სინამდვილეში ამ კულტურის არა მარტო მატერიალური პროდუქტებით სარგებლობს, არამედ ინტელექტუალურითაც.  ორ მგალითს მოვიყვან, ერთს საქართველოდან და ერთსაც რუსეთიდან (რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითად ინტელექტუალურ წყაროა).

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი ერთ-ერთ ქადაგებაში საუბრობს იმაზე, რომ ანტიქრისტე დაიბადება მოსკოვს და პეტერბურგს შუა და მერე თორმეტი წლის ასაკში გადავა ამერიკაში. დეკანოზს საერთოდ მდიდარი ფანტაზია აქვს და სამეცნიერო (რბილად რომ ვთქვათ, სამეცნიერო-პოპულარულ და, სიმართლე რომ არ დავმალოთ, ფსევდოსამეცნიერო) და რელიგიურ დისკურსებს იოლად აერთებს ხოლმე. ამ ქადაგებაში მოყოლილი ისტორია სხვაგვარადაა აწყობილი და რელიგიურ დისკურსს პოპ-კულტურის დისკურსთან აჯვარებს: ის სერაფიმე საროველის წინასწარმეტყველების და ამერიკული მხატვრული ფილმი "ომენის" ნაზავს წარმოადგენს. რუისისა და ურბნისის ეპისკოპოსი მეუფე იობი (აქიაშვილი) კი გვიქადაგებს, რომ "2013 წელს მზეზე მოხდება აფეთქება. მაგნიტური ველი მოიცავს მთელ კაცობრიობას", შემდეგ კი გამოიწვევს საკომუნიკაციო საშუალებების გამორთვას და ადამიანების გაგიჟებას. ეს, მეუფე იობის სიტყვით, "მეცნიერული ახსნაა, რომელიც, რა თქმა უნდა, ემთხვევა მამათა წინასწარმეტყველებებს".   დეკანოზი არჩილისა და მეუფე იობის მცდელობა, სამეცნიერო და რელიგიური დისკურსები დააკავშირონ, უფრო სწორად კი რელიგიურ დისკურსს მეცნიერების ავტორიტეტი შესძინონ, იმის მანიშნებელია, რომ მხოლოდ ეკლესიის ტრადიციაზე დაყრდნობა ამ სასულიერო პირებს რატომღაც არასაკმარისად მიაჩნიათ და საჭიროდ თვლიან საკუთარი პოზიციების მეცნიერულ გამყარებას. 

შემდეგი მაგალითისათვის რუსეთს მივაკითხოთ. ცოტა ხნის წინ გახმაურდა რუსეთის პატრიარქის, კირილეს საათის ამბავი. მისი უწმინდესობის მაჯაზე ცნობილი ფრანგული (ამჟამად შვეიცარული) ფირმა "ბრეგეტის" საათი შეუნიშნავთ.  "ბრეგეტის" ტარება ჯერ კიდევ რევოლუციამდელ რუსეთში ითვლებოდა სოციალური პრესტიჟის ნიშნად. როდესაც ქრონომეტრის ფასი (დაახლოებით 30 000 $) ცნობილი გახდა და ხალხის გაკვირვება გამოიწვია, რად უნდა ნეტავი პატრიარქს ასეთი ძვირი საათიო, სურათებიდან, სადაც პატრიარქ კირილეს ეს საათი ეკეთა, "ბრეგეტის" რეტუშირება სცადეს. მაგრამ პრიალა მაგიდაზე საათის ანარეკლის წაშლა დაავიწყდათ. ესეც რომ გახმაურდა, ძველი სურათები ისევ დააბრუნეს, საპატრიარქოს პრესცენტრს კი მოუწია სპეციალური განცხადების გაკეთება. ამ განცხადებით, პატრიარქს ასეთი ძვირადღირებული საათი იმისათვის სჭირდება, რომ "ეკლესიის საზოგადოებრივი პრესტიჟი გამოხატოს". უცნაური ის არის, რომ ეკლესია პრესტიჟს და ავტორიტეტს არა საკუთარი ტრადიციის, არამედ შვეიცარიელი მესაათეების მეშვეობით იმკვიდრებს.

ეს შემთხვევები სიმპტომატურია. ეკლესიის ავტორიტეტი, რომელიც ზედაპირზე ძლიერად და შეურყევლად გვეჩვენება, შიგნიდან ასეთი მყარი აღარ ჩანს და თავის მხრივ სეკულარულ კულტურას და მის ნიშნებს ეყრდნობა. საკრალური და სეკულარული კულტურები ერთმანეთს ერწყმის და ერთგვარ დიფუზიას განიცდის. საკრალური კულტურის ნიშნებს სეკულარული კულტურა ითავსებს: აქედან მოდის ყოველი ეკლესიის წინ პირჯვრის გადაწერა, პატრიარქის სადღეგრძელო სუფრაზე, მაღაზიათა ქსელი "სამოსელი პირველი", ფსევდორელიგიური ლირიკა და მუსიკა, ზედაპირული რელიგიური სოციალიზაცია ("მამაოსაგან" შვებულებაში წასვლაზე კურთხევის აღება, სარეცხი მანქანების და ტელევიზორების კურთხევა და ა.შ).  საკრალური კულტურა კი სეკულარული კულტურის ნიშნებს ითავისებს (აქედან მოდის სასულიერო პირებისათვის ბოლო მოდელის ჯიპების და მობილურების აუცილებლობა). შედეგად ვიღებთ "პოპ-მართლმადიდებლობას", მართლმადიდებლობის ხალხურ ვერსიას, რომლის მატარებლები როგორც სასულიერო, ისე საერო პირები არიან. სწორედ ეს არის დღევანდელი ქართული პოპ-კულტურა (ან ყოველ შემთხვევაში მისი ერთ-ერთი ვერსია).

არ გამიკვირდება, თუკი ეს შეხედულება ბევრს დაუსაბუთებლად და გამაღიზიანებლადაც მოეჩვენება. დასტურად კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. "ნეტგაზეთში" ასეთ ახალ ამბავს გადავაწყდი: "პატრიარქის საიუბილეო კონცერტს პარიზში ივანიშვილი და ხელისუფლება აფინანსებენ". პრინციპში, არ არის გასაკვირი, რომ სახელმწიფო პატრიარქის 80 წლის იუბილეს და აღსაყდრების 35 წლისთავს აღნიშნავს. ბოლო-ბოლო საზოგადო პირებს იუბილეებს სახელმწიფო საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული უხდის. პრინციპში, არც ის იქნებოდა გასაკვირი, რომ საიუბილეო კნოცერტზე პატრიარქის მუსიკალური კომპოზიციები შესრულებულიყო (მისი უწმინდესობა მოყვარული კომპოზიტორია). მაგრამ სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა ჩატარდეს პატრიარქის საიუბილეო კონცერტი პარიზში (სადაც 200-კაციანი დელეგაცია გაემგზავრება), რომელიც ზოგადად რელიგიურობის და კერძოდ მართლმადიდებლობის ცენტრად ძნელად თუ ჩაითვლება. უფრო სწორად, გაუგებარი იქნებოდა, თუკი რელიგიური და სეკულარული ფასეულობების დიფუზიას  (იუბილე, როგორც პატივის მიგების არსებითად სეკულარული ფორმა, პარიზი, როგორც "მოდერნის დედაქალაქი",  ბომონდის დაბადების ადგილი და პარალელურად ერთ-ერთი ცენტრი იმისა, რასაც ეკლესია ვითომ ასე ძალიან ებრძვის) ვერ დავინახავდით. ამ შემთხვევაში პატრიარქი არა მარტო და არა იმდენად ქართველი მართლმადიდებლების წინამძღვარია, არამედ ქართველების პოპ-ხატი (pop-icon), რომლის თაყვანისცემა სხვამხრივ შეურიგებელ ადამიანებს აერთიანებს. უფრო პოპულარული პოპ-ხატი საქართველოს დიდი ხანია არ ჰყოლია და, ამდენად, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი ეპოქის ტრენდს, ან თუ გნებავთ სულისკვეთებას, ზედმიწევნით გამოხატავს.

რაში მდგომარეობს ეს ტრენდი და  რატომ არის საქართველოში პოპულარული კულტურა (ან მისი ერთ-ერთი ფორმა) რელიგიურად შეფერილი? ყოველი საზოგადოება აყალიბებს შეკითხვებს, რომლებსაც ადრე საჭირბოროტოს დაარქმევდნენ. ამ შეკითხვებზე შეიძლება სხვადასხვანაირი პასუხები არსებობდეს (პრინციპში, ნებისმიერი კულტურა შეგვიძლია აღვწეროთ როგორც ასეთი შეკითხვებისა და მათზე გაცემული სხვადასხვა პასუხების ერთობლიობა). სხვადასხვა "ბედნიერების ინდექსები" გვიჩვენებენ, რომ "საშუალო ქართველი" თავისი ყოფით კმაყოფილი არ არის. აქედან რომ გამოვიყვანოთ შეკითხვა, რატომ არ არის "საშუალო ქართველი" ბედნიერი, შეიძლება ბევრი პასუხი მივიღოთ: ა) იმიტომ რომ ბევრი სოციალური პრობლემა არსებობს ბ) მთავრობის ბრალია, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს გ) ოპოზიციის ბრალია, რომელიც მთავრობას არ აცდის საქმის კეთებას დ) ღმერთი გვსჯის გ) ჩინელების (სომხების, იეღოველების, თათრების, რუსების) ბრალია და ა.შ. ყოველი პასუხი ამგვარ შეკითხვაზე კულტურულ (ხანდახან კი ანტიკულტურულ) სივრცეებს ქმნის (მაგ. ბოლო პასუხმა ასეთი ტიპის შეკითხვაზე 30-იან წლებში გერმანია ანტიკულტურულ სივრცედ გადააქცია).

ახლა კი მთლიანად უნდა გადავიდე ვარაუდის სფეროში. ჩემი აზრით, მართლმადიდებლობის პოპ-კულტურული ფორმა, სხვათა შორის, ამ შეკითხვაზე თავისებური პასუხი და რამდენიმე ემოციის პროექციაა: მომავლის შიშისა და კარგი ცხოვრების სურვილის ერთდროულად (ჰიპოტეტურ შეკითხვაზე: "რატომ არ არის "საშუალო ქართველი" ბედნიერი", პასუხის ჩემი ვერსია იქნებოდა: იმიტომ, რომ ცუდად ცხოვრობს და მომავლის ეშინია ანუ ეშინია რამის გაკეთებისა საკუთარი მდგომარეობის გამოსასწორებლად).  ამ შიშისაგან თავშესაფრის შემოთავაზება ვერცერთმა სეკულარულმა ინსტანციამ ვერ შეძლო. მარლთმადიდებელი ეკლესია, უფრო სწორად კი მართლმადიდებლობის პოპულარული ფორმა (რომელიც ჩნდება "მიწოდებისა" და მოთხოვნის" გადაკვეთის წერტილში), საკრალიზებული გლამური, ან, თუ გნებავთ, გლამურული საკრალურია. ის არის ხატი, ან თუ გნებავთ სარკე, რომელიც გვიჩვენებს, რა აკლია და რა უნდა რომ ჰქონდეს "საშუალო ქართველს" (ან, ყოველ შემთხვევაში, ქართველების ერთ, არც თუ ისე პარატა ნაწილს): ავტორიტეტი, რომელიც, ერთი მხრივ, ურყევ მეტაფიზიკურ გარანტიებს, მეორე მხრივ კი  შემოწირულ, ან, თუ გნებავთ, ნაჩუქარ, არა საკუთარი შრომით მოპოვებულ კეთილდღეობას (სხვანაირად რომ ვთქვათ, დაუმსახურებელი კეთილდღეობის მეტაფიზიკურ ლეგიტიმაციას) ემყარება: კეისრისა და ღვთისა ერთ ჭურჭელში.

Tags:ბლოგი, ეკლესია, მართლმადიდებლობა, პოპკულტურა


ნაწყვეტი

ამას წინათ წერილი დავწერე ქართულ ტელევიზიებზე, დიდი გამოვიდა და ბოროტი. როცა მოვრჩი და წავიკითხე, მივხვდი, რომ ვერ გამოვაქვეყნებდი - ძალიან არაკოლეგიალური ვიყავი. აბსოლუტურად ყველას ვლანძღავდი. ყველას “იმედის” გარდა, რადგან ისინი ამას ჩემზე უკეთ უკეთებენ საკუთარ თავს. მერე წერილში მოვძებნე ყველაზე უწყინარი ნაწილი, ამოვიღე საკუთარი სახელები, ნაწყვეტი დავარქვი და ამ ბლოგზე დავდე.

მოგეხსენებათ, ტელევიზია მარტო ინფორმაცია არ არის. იდეაში მას გართობისა და განათლების ფუნქციაც უნდა გააჩნდეს.

განათლება - ახლა ტელევიზორია და ძალიან ბევრიც არ უნდა მოსთხოვო, ნუ, ლექციას ხომ არ წაგიკითხავენ?! მაგრამ რა განათლებაზეა ლაპარაკი, როცა დღის განმავლობაში ერთი და იმავე არხის სამ სხვადასხვა დროს გასულ საინფორმაციო პროგრამაში ბელგიის ქალაქ ლიეჟის სახელი ერთხელაც არ ემთხვევა მის ორიგინალურ დასახელებას?!

კიდევ იმაზე ვღიზიანდები, როცა ოფიციოზს პრეტენზია აქვს, რომ ნათარგმნი ფილმებით მოსახლეობას უცხო ენას ასწავლის. რა უცხო ენის სწავლებაზეა ლაპარაკი, როცა მასწავლებელმა მშობლიურიც არ იცის?!

რაც შეეხება გართობას, აქ თითქოს ყველაფერი რიგზე უნდა იყოს: ღლაბუცი ხომ სამი ცენტრალური არხიდან ორის პროფილია?! პირადად მე მათ პროგრამებზე არ მეცინება. მე უფრო იმ გადაცემებზე მეცინება, სადაც, წესით, არ უნდა გაგეცინოს. მაგალითად, საინფორმაციო პროგრამებზე. ისე არ მინდა გაიგოთ, თითქოს ამ პროგრამებში იუმორის წინააღმდეგი ვიყო. პირიქით, ძალიან მომწონს BBC-ს ახალი ამბების წამყვანის ერთი ძველი ხუმრობა, რომელსაც ყველას ვუყვები ხოლმე და არც თქვენთვის დავიზარებ: დიქტორმა მაყურებელს მიულოცა ლონდონში ახალი საავტომობილო გვირაბის გახსნა და დასძინა - დღეიდან ერთი სატრანსპორტო საცობიდან მეორეში ბევრად უფრო სწრაფად მოხვდებით, ვიდრე ამ გვირაბის აშენებამდეო.

ღმერთმა დამიფაროს, ჩვენს წამყვანებს ასეთი დონე მოვთხოვო. მათი ძალიან მადლობელი დავრჩები მხოლოდ იმ შემთხვევაშიც კი, თუ საკუთარი სახელების სწორად გამოთქმას შეძლებენ. სიცილით კი მათი კოლეგების მიერ მომზადებულ სიუჟეტებზე გავიცინებ.

მაგალითად, ძალიან მამხიარულებენ იმ ბოროტმოქმედების მეზობლები, რომელთა დანაშაულიც კვალიფიცირებულია, როგორც “საზარელი მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებებით”. საშინაოდ გამოწყობილი ეს სათნო ქალბატონები კამერების წინ გაოცებას ვერ მალავენ:

- როგორ გეკადრებათ?! მაგას ვინ იფიქრებდა?! ჭიანჭველას არ გაჭყლიტავდა, არა გენაცვალე, ბუზს არ ააფრენდა. საერთოდ ისე უყვარდა მწერები, ერთი სკაც კი ჰქონდა და სულ ფუტკრებს ეფერებოდა.

- მარტო მწერები?! უნდა გენახა მცენარეები როგორ უყვარდა. რაღაც პატარა ბუჩქიც კი დარგო სახლის უკან, მოფარებულში, შვილივით უვლიდა. გაგიჟდა კინაღამ ნერვიულობისაგან, უბნის ბიჭებმა რომ დაუკრიფეს.

მაგრამ, სანამ ამ სიუჟეტს გვაჩვენებენ, დანაშაულს დეტალურად აღწერს საინფორმაციო პროგრამის წამყვანი. შემდეგ ის სიტყვას გადასცემს დანაშაულის ადილზე მყოფ ჟურნალისტს, რომელიც უკვე იქიდან მოგვიყვება ზუსტად იმავე ისტორიას. შემდეგ ეს ჟურნალისტი, თავის მხრივ, ალაპარაკებს ბოროტმოქმედის მეზობელს (მამაკაცს), რომელიც კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ მოგვიყვება ამ ისტორიას, ოღონდ წამყვანისა და ჟურნალისტისგან განსხვავებით, ის დამნაშავეს გვარით კი არა, სახელით მოიხსენიებს.

და სწორედ ამ მესამედ მოსმენის შემდეგ, როცა უკვე ზეპირად იცი ავისმქნელის ყველა მზაკვრობა, მობეზრებული გაქვს ეს ისტორია და მზად ხარ ტელევიზორი სხვა არხზე გადართო, სიუჟეტის მხსნელად გვევლინებიან ზემოთ ნახსენები ქალი მეზობლები თავიანთი გამამხიარულებელი კომენტარებით. და ამის შემდეგ სიუჟეტს დამათავრებამდე იუმორის მაღალი დონე უჭირავს.

მაყურებლისთვის ამბავი გრძელდება ქუჩაში, რომელიმე გამჭვირვალე შენობის წინ მდებარე კიბეებზე, რომელსაც ხალისიანი კუნტრუშით აუყვება ბორტმოქმედი სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების თანხლებით. მერე ჰუგო ბოსში გამოწყობილი ახალგაზრდა სამართალდამცავი მეოთხედ მოგვასმენინებს დანაშაულის ისტორიას, ოღონდ ბოროტმოქმედს ეჭვმიტანილად მოიხსენიებს.

და ბოლოს დგება კულმინაცია: დანაშულის შესახებ ამჯერად მეხუთედ მოგვიყვებიან! და ამას თვით დანაშაულის შემოქმედი გააკეთებს. ყველაზე უცნაური ის არის, რომ დანაშაულის სიმძიმის და ამაზრზენობის მიუხედავად, ჩემი მხიარულების ხარისხი იზრდება. ამას კი ძირითადად განაპირობებს ბოროტმოქმედის საოცარი გახსნილობა და მკაფიოდ გამოხატული სურვილი - მაქსიმალურად დაეხმაროს გამოძიებას და ტელემაყურებელს აღუწეროს სასტიკი მკვლელობის ყველა გულისამრევი დეტალი: თუ როგორ არ მოაწევინა დაზარალებულმა სიგარეტი, რის შედეგადაც დამნაშავე აფექტში ჩავარდა. ის გაიქცა სახლში, გამოიტანა პურის დანა და მივიდა მომავალ დაზარალებულთან, რომელიც “ძერსკი როჟით ისევ უბანში აბირჟავებდა". მის მოკრძალებულ შეკითხვაზე, რა პრავით არ მაწევინებ სიგარეტსო, მომავალმა მსხვერპლმა გამომწვევად უპასუხა - არამწეველი ვარ და არ მაქვსო. ამ თავხედურმა პროვოკაციამ ეჭვმიტანილი საბოლოოდ გამოიყვანა მწყობრიდან. “თავში სისხლი ამივარდა და დანა დავაძრე. თავიდან მეთქი გავაფუჭებთქო და ერთი ორი ტრაკში ვხიე, მარა სისხლი რო დავინახე, მივხვდი, რო სპრავედლივად ისჯებოდა და დავაი მუცელში, კისერში, მკერდში. ბოლო-ბოლო დაეცა და აკუწვა დავუწყე, თან ვითვლიდი. სულ 362 ნაწილი გამოვიდა. პასუხისმგებლობას არ გავურბივარ და იმედი მაქვს, რომ მოსამართლე შეგნებული პიროვნება იქნება.”

ასე მხიარულად დაწყებულ საინფორმაციო პროგრამას, სხვა, არანაკლებ მხიარული სიუჟეტები მოჰყვება ხოლმე. მაგალითად მე ძალიან მამხიარულებს ქართული საინფორმაციო სერიალი “ახალი საავადმყოფო”. ასევე საკმაოდ ხალისიან განწყობაზე მაყენებს მეორე სერიალი, რომელსაც “მიტინგის დარბევა მოსკოვში” ჰქვია. მათ ტოლს არ უდებს სიუჟეტები საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ, განსაკუთრებით ის ადგილები, რომლებიც “ძალიან მაგარია”. თუმცა, ასეთები ხომ ჩვენ სამშობლოში ძალიან ბევრია! ასე რომ, მხიარული განწყობა თითქმის უწყვეტად გვაქვს გარანტირებული.

სამწუხაროდ, განათლებასთან დაკავშირებით ასეთ მხიარულებას ვერ დაგპირდებით. ჩვენი არხებით ნაჩვენები ფილმები ძალიან ცალმხრივ განათლებას იძლევიან. მათი მეშვეობით სრულფასოვან ინგლისურს ვერა, მაგრამ “ით მაი შით” და “ბლადი მადა ფაკა”-ს ნამდვილად ისწავლით. და გგონიათ, რომ ვაჭარბებ? თუ ასეა - “ქის მაი ეს!”

Tags:ბლოგი, ტელევიზია, მედია, ბიძინა მაყაშვილი


სუბტიტრები, როგორც “ოდნოკლასნიკის” დამარცხების იარაღი

“ჩვენ დავიწყეთ... სუბტიტრების დადება ფილმებზე, რომ ხალხმა მოისმინოს ინგლისური, რადგან მარტო კომპიუტერი არ კმარა, თუ არ იცი კომუნიკაციის ენა, ინგლისური” - გვითხრა მიხეილ სააკაშვილმა.

ბოლოს და ბოლოს გავარკვიე - საქართველოს პრეზიდენტი, არც მეტი არც ნაკლები, ფილმებზე სუბტიტრების დადების ერთ-ერთი ინიციატორი ყოფილა. აქამდე მაინც არ მჯეროდა, რომ ეს ნოვაცია საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის მიზნით შემოიღეს.

აქამდე მაინც არ მჯეროდა, რომ ეს ნოვაცია საქართველოში ინგლისური ენის შესწავლის მიზნით შემოიღეს.

90-იან წლებში, როცა მე და ჩემმა მეგობრებმა ნელ-ნელა (!) უცხოური ფილმების ქართულად გახმოვანება დავიწყეთ, უამრავი ხალხი დაგვესხა თავს: ზოგი ამბობდა, ქართულად გახმოვანებული ფილმის აღქმა შეუძლებელია, ქართული ენა, უბრალოდ, არ უხდება უცხოენოვან ფილმებსო.

მერე შეეჩვივნენ. ზურა კიწმარიშვილმა კარგი სტუდიაც დააარსა, “ქართული გახმოვანება”, სადაც რამდენიმე წარმატებული პროექტი განხორციელდა.

მაგრამ, ის-ის იყო, ყური შეეჩვია ქართულ გახმოვანებას, ხელისუფლებამ ახალი ნოვაცია დანერგა - ფილმებზე სუბტიტრები დაადეს და კინოს ასეთი ჩვენება ტელევიზიებისთვისაც სავალდებულო გახადეს.

გადასარევი იდეაა. საფრანგეთში, მაგალითად, დიდი ხანია წარმატებით დამკვიდრდა. უცხოენოვან ფილმს ზოგ კინოთეატრში სუბტიტრებით, ზოგანაც დუბლირებულს უჩვენებენ. ყველა კმაყოფილია, მათ შორის ის ადამიანებიც, რომელთაც სმენა დაქვეითებული აქვთ. ტელევიზიაც ასეთივე პრინციპით არჩევს პროგრამას - “პრაიმტაიმში”, როგორც წესი, დუბლირებული სახით უჩვენებს, გვიან ღამით, ტიტრებით.

პირადად მე, კინოს ყურება ორიგინალში მირჩევნია - ფილმის ხმა კარგად მესმის და მსახიობებს იმის მიხედვითაც ვაფასებ, თუ როგორ მეტყველებენ. ამიტომ, წესით, ფილმების სუბტიტრებით ჩვენებისთვის მხარი უნდა დამეჭირა.

მაგრამ ვცდილობ, ყოველთვის მახსოვდეს, რომ მარტო მე არ ვარ ამ ქვეყანაზე! მახსოვდეს, რომ “მარტო ვარ” სხვა რამეა და “მარტო მე ვარ” - სხვა. აი, ისე, ეიზენშტეინის “ივანე მრისხანეში” როგორცაა. პირველ სერიაში მეფე ამბობს, მარტო ვარო და მაყურებელი თანაუგრძნობს ივანეს, რომელმაც დაშლილი, წყვდიადსა და ქაოსში მყოფი რუსეთი უნდა გააერთიანოს... მაგრამ მეორე სერიაში, როცა წარმატება მიღწეულია, ივანე მოულოდნელად განაცხადებს “მარტო მე ვარ!”... მხოლოდ და მხოლოდ ეს “მე” ჩნდება და ყველაფერი იცვლება. ყველაფერი. იმდენად იცვლება, რომ თუკი სტალინი “ივანე მრისხანეს” პირველ სერიას პრემიით აჯილდოვებს, მეორე სერიის დასრულების შემდეგ ეიზენშტეინის სურათი იკრძალება. ბელადი განრისხებას ვერ მალავს, რადგანაც ძალაუფლების ვერტიკალის თავში მოქცეულ მეფეში საკუთარ თავს ხედავს.

ვცდილობ, ყოველთვის მახსოვდეს, რომ მარტო მე არ ვარ ამ ქვეყანაზე! მახსოვდეს, რომ “მარტო ვარ” სხვა რამეა და “მარტო მე ვარ” - სხვა.

ქართული საზოგადოება კარგა ხანია, ძალაუფლების ვერტიკალზე რომაა მიჯაჭვული, არაერთხელ გვიმსჯელია ამაზე. მათ შორის აქ. სტალინის ძეგლი აიღეს, მაგრამ “კარგი კაცის”, როგორც წინამძღოლის მოთხოვნილება ქვეყანაში ისევ ძალიან ძლიერია. არც “კარგი კაცების” დეფიციტს განიცდის ეს ქვეყანა - იმათი, ვინც გულის სიღრმეში, ანდა უკვე ღიად, საჯაროდ იმეორებს: “მარტო მე ვარ ამ ქვეყანაზე!”

სუბტიტრების დამკვიდრების ისტორია ტიპიურია და კარგად გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას თავისივე ხალხის მიმართ.

ჰო, კინოს ვინ დაეძებს?

ვის ადარდებს, აეხლა, მაგალითად, ქართველი პენსიონერები, რომლებიც კინოს საყურებლად საქართველოს ხელისუფლებამ ლათინურამერიკული სერიალების და საპატრიარქოს ტელევიზიის პირისპირ დატოვა (სხვა არხებისგან განსხვავებით, “ერთსულოვნებას” ვერ უბედავენ მოსთხოვონ, დაიცვას კანონი) - წვრილი და გაურკვეველი შრიფტით აწყობილი სუბტიტრები ასაკოვან მაყურებელს ფილმის ნახვის სურვილს უკლავს. საერთოდ. სუბტიტრების შემოღების შემდეგ, რეიტინგების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა ტელევიზიით კინოს ნახვის მსურველთა რიცხვი.

მაგრამ ამ იდეის ავტორი, საქართველოს ხელისუფლება და, როგორც ახლა გაირკვა, პირადად მიხეილ სააკაშვილი, კვლავაც არ აპირებს უარის თქმას ნოვაციაზე. ოღონდ არა იმიტომ, რომ მაყურებელი ორიგინალის ყურებას შეაჩვიოს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით... ინგლისურის შესწავლის მიზნით!

საქართველოს ხელისუფლების ინფანტილიზმი და სიჯიუტე (“მინდა და ასე იქნება”) ამ ნოვაციაში ახალი ნიუანსით “მდიდრდება” - სნობიზმით!.. პრინციპში, ეს სნობიზმი ჩვენი ცხოვრების სხვა სფეროებშიც წარმოჩინდა - თუნდაც ხელისუფლების საკადრო პოლიტიკაში. მთავრობაში იმ ხალხის დაწინაურებაში, რომლებმაც, შესაძლოა, რამდენიმე თვით გაიარეს სტაჟირება დასავლეთის რომელიმე უნივერსიტეტში, მაგრამ ეს “სივი” სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ მთავრობაში მოგვევლინონ.

სნობიზმი აქ იმდენად უბნელებს იდეის ავტორებს ტვინს, რომ ავიწყდებათ - კინო არ არის მხოლოდ ინგლისურენოვანი. იაპონური, ფრანგული, გერმანული, უნგრული ფილმებით ინგლისურს ვერ ისწავლი!

ამ ნოვაციის ასეთი გამართლებით ხელისუფლება აღიარებს, რომ ინგლისურის გარდა, მას ნაკლებად მნიშვნელოვნად მიაჩნია სხვა ენები, სხვა კულტურები.

“უნდა და აკეთებს!”. კიდევ ერთხელ ავლენს შეზღუდულობას და სწორხაზოვნებას, რომელსაც, როგორც მიხეილ სააკაშვილის სუბტიტრებთან დაკავშირებით წარმოთქმული სიტყვით გაირკვა, თავისი მიზეზი აქვს.

პრეზიდენტს არავინ გაახსენა, რომ სოციალური ქსელები უკვე ქართულ ენაზეც არსებობს

საქართველოს პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ინგლისური თუ არ იცი, “ოდნოკლასნიკებში” შეხვალ და რუსეთის უშიშროების საიტით გაერთობი. პრეზიდენტს არავინ გაახსენა, რომ სოციალური ქსელები უკვე ქართულ ენაზეც არსებობს და რომ არიან ადამიანები, რომლებიც არ ფლობენ ინგლისურ ენას, მაგრამ თავის დღეში არ უნახავთ ეგ რაღაც “ოდნოკლასნიკები.”არც აინტერესებთ და საერთოდ, დარწმუნებულები არიან, რომ არ უნდა შევიზღუდოთ თავი რომელიმე ერთი ენის, თუ კულტურის შესწავლით...

პრეზიდენტს არავინ გაახსენა, რადგანაც, როგორც ჩანს, მის გარემოცვაშიც, დასავლეთის უნივერსიტეტებში სტაჟირებაგანვლილ ყმაწვილებსაც მოსწონთ ტახტზე წამოწოლა და ფილმის ორიგინალურ ენაზე ყურება, ინგლისურ ენაზე! ესაა ის ენა და კულტურა, რომელიც ამ ხალხისთვის ვერტიკალის თავზე იმყოფება. კარგია ის, რაც ძლიერია! ესაა ცხოვრების დევიზი, რომელიც პარადოქსულად წარმოჩინდა ისეთ, ერთი შეხედვით არაპოლიტიკურ, ნოვაციაში, როგორიც სუბტიტრებით ფილმის ჩვენების მოთხოვნაა.

მერე ნუ გაბრაზდებიან ხალხზე, რომელიც თავის ტელევიზორს “ერთსულოვნებაზე” გადართავს და არა მარტო კინოს შეხედავს, არამედ მორჩილების მორიგ გაკვეთილსაც გაივლის იმათგან, რომელთაც, თავის მხრივ, ასევე აქვთ პრეტენზია, მოხვდნენ ძალაუფლების ვერტიკალის სათავეში.

Tags:ბლოგი, ტელევიზია, გოგი გვახარია, კინო, სუბტიტრები, გახმოვანება, მარტო ვარ, მარტო მე ვარ


მართლმადიდებლობა, როგორც ქართველი ლიბერალების უკანასკნელი თავშესაფარი

XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოაზროვნე, იტალიის კომპარტიის თანადამაარსებელი ანტონიო გრამში მიიჩნევდა, რომ ყველა სოციალურ ჯგუფს საკუთარი ინტელექტუალები ჰყავს. დღევანდელ საქართველოში კი შეიძლება ითქვას, რომ ყველა სოციალურ ჯგუფს თავისი საკუთარი „მოძღვარი“ ჰყავს, რომელსაც ზოგისათვის აქსესუარის დანიშნულება აქვს, ზოგსაც იმუნიტეტად და ხელშეუხებლობის გარანტად სჭირდება, რომ ვინმემ მასზე ცუდი რამ არ იფიქროს, არ გარიყოს, მარგინალად არ აგრძნობინოს თავი. ზოგსაც მოძღვრის ყოლა, მისდამი უსიტყვო მორჩილება და ეკლესიაში სიარული „სულიერების“ ილუზიას უქმნის, რადგანაც სულიერება რიტუალების შესრულებასა და ეკლესიის დანახვაზე პირჯვრის წერასთანაა გაიგივებული.

საქართველოს მართლმადიებელ ეკლესიას, რომელიც დღეს საქართველოში ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციაა, რიტუალებისა და „სასწაულების“ გარდა სხვა არანაირი „სულიერების“ შეთავაზება არ შეუძლია ადამიანისთვის და თავადაა ყოველგვარი სულიერებისა და სულიერი კულტურის მთავარი მოძულე, რომელიც ყველგან და ყველაფერში, სადაც მისი ლოცვა-კურთხევის ბეჭედი არაა დასმული, ეშმაკეულებს ხედავს. უფრო მეტიც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმდენად დაშორდა ყოველგვარ სულიერებას, იმდენად მოწყდა თავად მართლმადიდებლურ თეოლოგიურ საწყისებს, რომ მასზე, როგორც სულიერების გამომხატველ ინსტიტუციაზე, სერიოზული საუბარიც კი ძნელია. რელიგურობისა და „სულიერების“ ერთადერთი ნიშანი, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მორწმუნეების დარწმუნებას ცდილობს, სრულიად მატერიალური ფორმებია, როგორიცაა მოტირალი ხატები ან სამღვდელო პირთა საფლავებიდან ამომავალი მადლი, რომელიც უბრალო ზეთს სასწაულმოქმედ წამლად აქცევს. ან იქნებ სულიერების გამოხატულება იყოს ეკლესიისათვის შემოწირულობების მოთხოვნა, რომელსაც არა მხოლოდ ცალკეული „მოძღვრები“, არამედ საეკლესიო სარეკლამო რგოლებიც ქადაგებენ, რასაც „სულიერების“ მსახურები ცოდვების მიტევებისა და სამოთხეში მოხვედრის გარანტად წარმოაჩენენ?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იმდენად დაშორდა ყოველგვარ სულიერებას, იმდენად მოწყდა თავად მართლმადიდებლურ თეოლოგიურ საწყისებს, რომ მასზე, როგორც სულიერების გამომხატველ ინსტიტუციაზე, სერიოზული საუბარიც კი ძნელია.

საქართველოში მასობრივი მორწმუნეობა სწორედ სულიერების დეფიციტისა და განათლებისა და კულტურის კატასტროფული ვარდნის შედეგია, როდესაც ადამიანები თავიანთ ბუნებრივ ლტოლვას არამატერიალური საგნებისადმი, სულიერების მარტივი სუროგატებით ამოვსებას ცდილობენ, რასაც ეკლესია უხვად სთავაზობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ისინი საკუთარ პროდუქტზე მაქსიმალურად დამოკიდებული გახადოს. ეს ფენომენი ყველაზე მეტად ნარკომანიას ჰგავს, როდესაც ადამიანი ნარკოტიკული ნივთიერების გამაბრუებელი ზემოქმედების ქვეშ დროებით მაინც ახერხებს მის წინაშე არსებული პრობლემებისგან გაქცევას, მაგრამ ამავე დროს თანდათანობით მისი სულიერი „სიმშვიდე“ მთლიანად ნარკოტიკების მოხმარებასა და მათი დოზის ზრდაზე ხდება დამოკიდებული.

მაგრამ ეკლესიის უმაღლეს ავტორიტეტად ქცევა, უპირველეს ყოვლისა, მაინც პოლიტიკური ფაქტორებითაა განპირობებული: რამდენადაც იდეოკრატიული, ანუ ტოტალური იდეოლოგიით მართული საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ საქართველოში ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერანაირი საკუთარი ალტერნატიული ღირებულებების შექმნა ვერ შეძლო, გარდა რელიგიურ ხარისხში აყვანილი ნაციონალიზმისა, და ამიტომაც საკუთარ იდეოლოგიურ საყრდენად ეკლესიის გამოყენება სცადა. 90-იანი წლების დამდეგიდან მოყოლებული, ჟურნალისტების თანხლებით პოლიტიკოსების ეკლესიაში სიარული მათი „პიარ-კამპანიის“ აუცილებელი ნაწილია. 1995 წლიდან პრეზიდენტის ეკლესიაში ინაუგურაციებით კი საქართველოში სიმბოლურად შუა საუკუნეების მონარქისტული იდეოლოგიის სუროგატი დამკვიდრდა. ამგვარი გარეგნული საკრალიზაციით ხელისუფლება საკუთარი ავტორიტეტის გამყარებას ცდილობს, რაც, თუნდაც ფორმალურ დონეზე, შუა საუკუნეებისაკენ გადადგმული ნაბიჯია. ეს კი თავად ეკლესიას უმაღლეს სალეგიტიმაციო ფუნქციას უბრუნებს და მას ქმედითუნარიან პოლიტიკურ ორგანიზაციად გარდაქმნის.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბოლო ოცწლეულის მანძილზე არა მხოლოდ უმაღლეს ავტორიტეტად, არამედ ყველაზე პრივილეგირებულ უმსხვილეს ფეოდალადაც იქცა, რომელიც შეიძლება იმაზე მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე მას შუა საუკუნეებში ჰქონდა. მისი მაღალი ავტორიტეტი კი არა ეკლესიის დამსახურებებისა და „განსაკუთრებული როლის“ შედეგია, არამედ გარდა საგანმანათლებლო-კულტურული კრიზისისა, ძირითადად ორ საფუძველს ემყარება. ესენია: 1. პოლიტიკისა და პოლიტიკური იდეების დაბალი ავტორიტეტი და მათდამი ადამიანების უნდობლობა და 2. ეკლესიის განსაკუთრებული, ფაქტობრივად, შეუზღუდავი პრივილეგირებულობა, რომელიც მას სახელმწიფოსა და მმართველი პოლიტიკური ძალებისგან აქვს მიღებული, რაც 2002 წლის საკონსტიტუციაო შეთანხმებით („კონკორდატი“) ოფიციალურად გაფორმდა. ეკლესია თავისუფალია გადასახადებისგან, არ მოწმდება მისი კომერციული საქმიანობა, ყოველწლიურად იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს, რომ არაფერი ვთქვათ ბიუჯეტით გაუთვალისწინებელ ძვირფას საჩუქრებზე – მიწებზე, შენობებზე, ავტომანქანებზე და ა.შ.

ასეთი რეალობა უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალასა და არაერთ ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფს ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებაში სრული ოპორტუნიზმისაკენ უბიძგებს

ასეთ ფონზე ეკლესიისა და სახელმწიფოს (ხელისუფლების) მოჩვენებითი დაპირისპირება ფარსია, რომელსაც ორივე მხარე თავის სასარგებლოდ იყენებს: მმართველი პოლიტიკური ძალა (ნაციონალური მოძრაობა) ეკლესიისა და მის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების ფონზე საკუთარ თავს ყველაზე პროგრესულ და ლიბერალურ ძალად მოგვაჩვენებს და გვავიწყებს იმ ფაქტს, რომ ეკლესიის ასეთი უმასშტაბო გაძლიერება სწორედ ნაცმოძრაობის მმართველობის ქვეშ და მისივე ძალისხმევით განხორციელდა. ეკლესია, თავის მხრივ, ხელისუფლებასთან ზოგჯერ კრიჭაში დგომით, რასაც უმალვე ახალ-ახალი ძვირფასი საჩუქრები მოჰყვება ხოლმე ხელისუფლების მხრიდან, სააკაშვილის მმართველობით უკმაყოფილო ადამიანებს მისი უკეთესი ალტერნატივისა და ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველი კეთილი მამის ილუზიას უქმნის.

ასეთი რეალობა უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალასა და არაერთ ცალკეულ საზოგადოებრივ ჯგუფს ეკლესიის მიმართ დამოკიდებულებაში სრული ოპორტუნიზმისაკენ უბიძგებს, რამდენადაც დღევანდელ საქართველოში აღარ არსებობს „ხსნა“ – პოლიტიკური თუ კომერციული წარმატება – ეკლესიის ლოცვა-კურთხევის გარეშე. ამისათვის ისინიც კი, ვინც საკუთარ თავს ლიბერალებად ან მემარცხენეებად მიიჩნევენ, თვალს ხუჭავენს ეკლესიის რეალურ პოლიტიკურ სახეზე და უნდათ, რომ საეკლესიო პირთა ექსტრემისტული თუ შოვინისტური გამონათქვამები ან ეკლესია-მონასტრების მიერ მოსახლეობის შევიწროება და მომხვეჭელური ქმედება კერძო შემთხვევებად წარმოაჩინონ. ეკლესიის უკეთ გაცნობისა და მასთან დიალოგისაკენ მოწოდებით კი, „ლიბერალები“, უპირველეს ყოვლისა, კრიტიკულად განწყობილ აბსოლუტურ უმცირესობას ემიჯნებიან. ამგვარი რიტორიკა არა გულუბრყვილო თვითმოტყუება, არამედ საკუთარი ოპორტუნიზმის ზომიერებითა და კეთილგონიერებით შენიღბვის ერთობ უღიმღამო მცდელობაა.

არანაირი განსაკუთრებული თეორიული ცოდნა და ანალიტიკური უნარები არაა იმისათვის საჭირო, რომ ეკლესიიდან მომავალი აგრესია, შეუწყნარებლობა, შუა საუკუნეების დროინდელი სექსიზმი და ქალთმოძულეობა, ადამიანების ფსიქოლოგიური მანიპულაცია და წამქეზებლობა დავაფიქსიროთ და მას კერძო შემთხვევების კვალიფიკაცია არ მივცეთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნული თუ სარწმუნოებრივი შუღლის გაღვივება უმეტეს შემთხვევაში მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ორგანოს – წმინდა სინოდის წევრებისგან – ეპისკოპოსებისა და მიტროპოლიტებისგან მოდის, აბსურდული უნდა იყოს იმისი მტკიცება, რომ ეს გამონაკლისებია. საქმე ეხება არა ცალკეულ, კერძო შემთხვევებს, არამედ თავად საპატრიარქოსა და სინოდის გეგმაზომიერ პოლიტიკას. სამაგალითოდ კმარა რუსთავის მიტროპოლიტ ათანასე ჩახვაშვილის აგრესიული შოვინიზმით გამსჭვალული ქადაგების მოსმენაც, რომლისთვისაც მას ნებისმიერ დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში სასამართლოს წინაშე პასუხისგება მოუწევდა. მაგრამ საქართველოში ეკლესია ის ერთადერთი ინსტიტუციაა, რომელიც კანონზე მაღლა დგას და კანონმდებლობა მასზე მხოლოდ მის სასარგებლოდ ვრცელდება.

ეკლესიის თემა, ჩემი აზრით, საქართველოში ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდიცაა ამა თუ იმ პოლიტიკური თუ სოციალური იდეის სინაღდისა და დამაჯერებლობის შესამოწმებლად.

ამავე დროს, ეკლესიის თემა, ჩემი აზრით, საქართველოში ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდიცაა ამა თუ იმ პოლიტიკური თუ სოციალური იდეის სინაღდისა და დამაჯერებლობის შესამოწმებლად. „ლიბერალებისა“ თუ „მემარცხენეების“ მზარდი ლოიალურობა ეკლესიის მიმართ, სინამდვილის შელამაზება, აღმსარებლობითი ჟანრის თვითკრიტიკა და სრულიად აბსურდული მოწოდებები დიალოგისაკენ იმ ორგანიზაციასთან, რომელიც არათუ გამორიცხავს განსხვავებულ აზრებსა და პოზიციებს, არამედ მათ გამო საშინელი სამსჯავროთი და შეჩვენებით იმუქრება, საქართველოში ლიბერალური იდეების სიხისტესა და საფუძველმორყეულობაზე მეტყველებს, რომლებიც ადვილად „ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“.

საქართველოში ლიბერალური იდეების სისუსტე იმითაცაა განპირობებული, რომ ამ იდეებით გატაცებულებმა ალტერნატიული ღირებულებების შემოტანა და დამკვიდრება ვერ შეძლეს, ვერ შეძლეს ფეოდალური ცნობიერებისგან თავისუფალი გარემოს შექმნა, ალბათ იმ მიზეზითაც, რომ თავად „ლიბერალებისათვის“ არ ყოფილა ეს ღირებულებები არც გააზრებულ-გაცნობიერებული და, საბოლოო ჯამში, არც ღირებული. გარიყვისა და უმცირესობაში ყოფნის საფრთხის თავიდან ასაცილებლად კი მართლმადიდებლობა იდეალური და უკანასკნელი თავშესაფარია ქართველი „ლიბერალებისათვის“, რომელიც, როგორც ერთ დროს გზასაცდენილ, მაგრამ მერე დაბრძენებულ და გონს მოგებულ შვილებს, ისევ გულში ჩაიხუტებს და მათთვის კუთვნილ „მადლსაც“ უწილადებს.

Tags:გიორგი მაისურაძე, ეკლესია, რელიგია, მართლმადიდებლობა, ნაციონალური მოძრაობა, ლიბერალიზმი, ლიბერალები, გრამში, სინოდი, კონკორდატი, ფეოდალიზმი, ათანასე ჩახვაშვილი


ეს ის არ არის, რაც მე მგონია?

შენიშვნა მიღებულია. ჩემივე ზედაპირული წარმოდგენების ბრალია ის, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, დღევანდელი სახით, ძირითადად რეაქციული, შოვინისტური და იერარქიების გამყარებაზე ორიენტირებული ინსტიტუტი მგონია. რეალურად არც ამ ინსტიტუტს ვიცნობ, არც მის მესვეურებს და არც იმ ენას, მეტაფორებს თუ დისკურსს, რომლითაც ისინი მოქმედებენ. ცალკეული სასულიერო პირების ქადაგებები და განცხადებები, რომელთაც მედიაში ვაწყდები ხოლმე, მაოცებს და პროტესტის სურვილსაც მიჩენს - მაგრამ ამ განცხადებებს არ უნდა ვაზოგადებდე და “მთელ ეკლესიაზე” არ უნდა ვიქმნიდე წარმოდგენას.

მაგრამ რა ვქნა. ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს, “გარედან” ვუყურებ და შთაბეჭდილებაც ამის მიხედვით მექმნება. აი ახლაც, გასულ კვირა დღეს, საკმარისი იყო ინტერნეტში თვალი მომეკრა ჰედლაინისთვის „ილია მეორე ცოლებს ქმრების მორჩილებისკენ მოუწოდებს,“ რომ მაშინვე გამომეტანა ცალსახა დასკვნა - ეკლესია არქაულ, ქალთმოძულე კლიშეებს ამკვიდრებს და ქალების ჩაგვრას უწყობს ხელს. ამ შემთხვევაში ნამდვილად ძნელი იყო განზოგადების ცდუნებასთან გამკლავება. ჯერ ერთი, დამეთანხმებით, რომ პატრიარქის წარმოდგენა „ცალკეულ სასულიერო პირად“ და არა მთელი ინსტიტუტის პოზიციის გამომხატველად, რთულია; და თან, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ჩემთვის, როგორც ფემინისტისთვის, ეკლესია აქამდეც გამოირჩეოდა ქალების მიმართ აშკარად დისკრიმინაციული პოლიტიკით და დამამცირებელი დამოკიდებულებით.

ჩემთვის, როგორც ფემინისტისთვის, ეკლესია აქამდეც გამოირჩეოდა ქალების მიმართ აშკარად დისკრიმინაციული პოლიტიკით და დამამცირებელი დამოკიდებულებით.

შესაბამისად, პატრიარქის ბოლო ქადაგება - რომელიც ცნობის წაკითხვის შემდეგ სრულად მოვისმინე  - ადვილად დავუკავშირე ამ ზოგად კონტექსტს. იმან, რომ ილია მეორემ სქესებს შორის თანასწორუფლებიანობას „ტერმინი“ უწოდა და თქვა, ოჯახში მეთაური ერთმნიშვნელოვნად ქმარი უნდა იყოსო, მაშინვე გამახსენა სხვა ბევრი რამ, რასაც ყოველთვის აღვიქვამდი სამღვდელოების მხრიდან ქალების დისკრიმინაციის და ქალთმოძულეობის გამოვლინებად. მაგალითად ის, რომ ცოლებს ქმრების მიმართ „მორჩილებისკენ“ ჯვრისწერის ყოველი რიტუალის დროს მოუწოდებენ. ისიც, რომ მენსტრუაციის პერიოდში ქალს “უწმინდურს” უწოდებენ და ეკლესიაში სანთლის დანთების უფლებაც კი არ აძლევენ. ისიც, რომ დედას, ბავშვის გაჩენის შემდეგ, საერთოდ არ უშვებენ ეკლესიაში - მასაც „უწმინდურად“ თვლიან მანამ, სანამ მშობიარობიდან 40 დღის შემდეგ მღვდელი ეკლესიის კარებთან წაუკითხავდეს სპეციალურ ლოცვებს, მისი „განსწმენდის“ მიზნით. ერთი არქიმანდრიტის სიტყვებიც გამახსენდა - რომ ქალში, თურმე, მხოლოდ დედობა უნდა გვიყვარდეს და არა „სიბინძურე“. ანუ, დედის სტატუსის მქონე ქალი თუ მხოლოდ დროდადროა “უწმინდური”, ამ კაცის თანახმად, ისე გამოდის, რომ დედობის ფუნქციის მიღმა ის ზოგადადაც “ბინძურია”.

ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგალითები ბევრია. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ ათიოდე წლის წინ საქართველოს ეკლესიის სინოდმა საჭიროდ ჩათვალა დადგენილება მიეღო - მოუნათლავად გარდაცვლილი, თუნდაც დედის მუცელში მოწყვეტილი ბავშვი „პირველქმნილი“ ცოდვის გამო ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს, ანუ ჯოჯოხეთში მოხვდებაო. როგორც ვიცი, დადგენილების ფორმით ეს მხოლოდ საქართველოში დაზუსტდა. ისე კი ასეთი სწავლება სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებსაც ჰქონიათ. თეოლოგიურ დისკუსიაში შესვლას ვერასოდეს გავბედავ - საამისოდ არც ცოდნა მაქვს და არც ინტუიცია. მაგრამ ჩემი პერსპექტივიდან - „გარედან“ - ეს დადგენილებაც ქალის - დედის - წინააღმდეგ მიმართულად აღიქმება. შეუძლებელია ის უმძიმეს გავლენას არ ახდენდეს მორწმუნე დედების ემოციურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომლებსაც შვილი ჰყავთ დაკარგული.

მოკლედ, კიდევ ერთხელ ვაღიარებ -  იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქალთმოძულეობა, ქალის მარგინალიზაცია და დისკრიმინაცია ეკლესიისთვის ძალიან ჩვეულებრივ, ხშირ და ლამის ორგანულ პრაქტიკას წარმოადგენს. თუმცა გვეუბნებიან, ეს ასე მხოლოდ ზედაპირზე მოჩანს, სინამდვილეში ის არაა, რაც თქვენ გგონიათ, „შიგნიდან“ საქმე ბევრად სხვანაირად და უკეთესადააო - და შეიძლება მართლაც ასეც იყოს. მაგრამ, რა ვქნა და ჩემი შეზღუდული წარმოსახვის უნარით მიჭირს იმის წარმოდგენა, მაინც რა ისეთი იდუმალი მნიშვნელობები თუ მეტაფორული განზომილებები შეიძლება იდოს “მორჩილების”, “უწმინდურობის” თუ “სიბინძურის” ცნებებში, რომ რაიმე ფორმით დადებითად აისახებოდეს ქალების მდგომარეობაზე ყოველდღიურ, რეალურ ყოფაში.

ამ და მსგავსი ქადაგებების პირდაპირი შედეგი სქესებს შორის უკვე არსებული იერარქიების განმტკიცება, ქალის დაქვემდებარებული პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარება და ქალის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ფორმების ლეგიტიმაცია იქნება.
მეტაფიზიკურ მეტაფორებში ვერ ვარ მოწოდების სიმაღლეზე. მაგრამ შედარებით კონკრეტული და “მიწიერი” ამბების აღქმა უფრო მიადვილდება - და სწორედ ეს ამბები მაძლევს შეშფოთების საფუძველს. მაგალითად, გაეროს მიერ რამდენიმე წლის წინ შემუშავებული სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში  ყოველი მეთერთმეტე დაქორწინებული ქალი აღიარებს, რომ ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გამხდარა. არის ძალადობის ფაქტები ორსულობის პერიოდშიც. ქალების 34 პროცენტი ქმრის მიერ ცოლის ცემას „გარკვეულ შემთხვევებში“ დასაშვებად მიიჩნევს; 50 პროცენტი კი ფიქრობს, რომ ცოლი ქმარს მაშინაც კი უნდა უჯერებდეს, როცა არ ეთანხმება. რაც ყველაფერზე უფრო საგანგაშოა, საქართველოს ქალების 78 პროცენტზე ცოტა მეტი თვლის, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტები ოჯახშივე უნდა დარჩეს - ანუ ქმარი რომ ცემს, ეს ამბავი უნდა დამალოს და შველა არ უნდა ითხოვოს.

ასეთ ფონზე შეუძლებელია იმაზე არ ვიფიქრო, მაინც რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში, ალბათ, ყველაზე გავლენიანი პირის, ილია მეორის ქადაგებას, რომ ოჯახში მთავარი კაცია, რომ ცოლი ქმრის მორჩილი უნდა იყოს, რომ ბედნიერი ოჯახი ის ოჯახია, რომელსაც დედამ “თავი შესწირა”, რომ ცოლის მთავარ მოვალეობებს შორის სამსახურიდან დაბრუნებული ქმრის მოსვენება და მისთვის “ფეხების დაბანის” შეთავაზება შედის. და დასკვნებიც ერთმნიშვნელოვნად სწორხაზოვანი გამომაქვს - ამ და მსგავსი ქადაგებების პირდაპირი შედეგი სქესებს შორის უკვე არსებული იერარქიების განმტკიცება, ქალის დაქვემდებარებული პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარება და ქალის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ფორმების ლეგიტიმაცია იქნება.

შესაძლოა ახლაც მითხრან, რომ ეს ის არ არის, რაც მე მგონია - და რომ აქაც ალეგორიული მნიშვნელობები და მეტაფორული განზომილებები უნდა ვეძიოთ. მაგრამ, რა ვქნა და ჩემი მიწიერი ინტუიცია მაინც ჯიუტად იმას მკარნახობს, რომ ოჯახის „თავად“ ყოფნის, თუ „ფეხების დაბანის“ პრივილეგიის შესახებ სიტყვები ფრიად არამეტაფორული და ზედმიწევნით პირდაპირი მნიშვნელობით იქნება გაგებული ბევრი, ისედაც დომინანტურ პოზიციებზე მდგომი ქმრის მიერ. მეტაფორების მიღმა ხომ ძალიან კონკრეტული რეალობა არსებობს, რომელშიც ქალების წინააღმდეგ ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა მწვავე პრობლემად რჩება. დღევანდელ ულმობელ ეკონომიკურ გარემოში ოჯახების სარჩენად უამრავ ქალს უწევს მუშაობა დაუცველ და ექსპლუატაციურ პირობებში. ასეთ ფონზე კიდევ იმის ხაზგასმა, რომ ქალი ოჯახს უნდა „შეეწიროს“ და ქმარზე დაქვემდებარებულ პოზიციას უნდა დამორჩილდეს, უსამართლოდ და რეალობასთან შეუსაბამოდ მოჩანს. მით უმეტეს მაშინ, როცა ამ მოწოდებების ავტორს ისეთი მძლავრი ავტორიტეტი თუ ირაციონალური კაპიტალი აქვს, რომ, როგორც გამოჩნდა, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, „ქალთა უფლებების დამცველებიც“ და „გენდერულ დისკრიმინაციასთან მებრძოლებიც“ კი ვერ ბედავენ მისი სიტყვების ეჭვქვეშ დაყენებას, კრიტიკაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

სწორად გამიგეთ - მესმის, რომ ეკლესია ყველა კულტურაში კონსერვატიული და პატრიარქალური ინსტიტუტია და მისი მეთაური ალბათ ვერასოდეს გაიზიარებს ფემინისტების ყველა ოცნებას სქესებს შორის სამართლის, თუ თანასწორუფლებიანობის დამყარების შესახებ. ისიც გასაგებია, რომ ქალების “მეორეხარისხოვნების” თუ “პრობლემურობის” შესახებ თვალსაზრისები - რომ ისინი კაცის შემდეგ შეიქმნენ, პირველი ცოდვა მათ ჩაიდინეს, ჩუმად უნდა იყვნენ და ოჯახის “თავ” ქმრებს უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდნენ - მართლა გვხვდება ქრისტიანობისთვის უმნიშვნელოვანეს ტექსტებში. მაგრამ ეს ტექსტები ხომ კონკრეტული ისტორიული ეპოქების თუ კულტურული კონტექსტების ნაყოფია - ვიცით, რომ ქრისტიანობა მძლავრად პატრიარქალური სოციალური სტრუქტურების გარემოში იშვა და განვითარდა; ძველი აღთქმა კი კაცობრიობის პროგრესის ისტორიაში ძალიან ადრეულ და სასტიკ ხანას ასახავს - მონობის, მასობრივი ხოცვა-ჟლეტის და ადამიანების რიტუალური მსხვერპლშეწირვის ეპოქებს. ჩემთვის მართლა უცნაური და გაუგებარია, რანაირად შეიძლება ამ ტექსტების წაკითხვისას ეს კონტექსტები დავივიწყოთ და მათში გამოხატული იერარქიებით ვხელმძღვანელობდეთ თანამედროვე საზოგადოებების მოწყობის ფორმებზე მსჯელობისას. მით უმეტეს, რომ ქრისტიანობის უმთავრეს ღირებულებად - იმად, რაც ყოველგვარი „კონტექსტებისა“ თუ „ინტერპრეტაციების“ მიღმაა - სრულიად საპირისპირო რამ ითვლება: ადამიანებს შორის იერარქიების უარყოფა და ღმერთის წინაშე მათი თანასწორობის პრინციპი, ეთნიკური წარმომავლობის, სოციალური სტატუსის თუ სქესობრივი კუთვნილების მიუხედავად.

თუმცა, კიდევ ერთხელ - და უკვე უკანასკნელად - ვიმეორებ, რომ ამ ყველაფერზე ძალიან ზოგადი შეხედულება მაქვს. ანუ, ალბათ სწორედ ის შემთხვევა ვარ, რომელსაც ჩემი მეგობარი და ბევრ სხვა საკითხში თანამოაზრე, შორენა შავერდაშვილი, ეკლესიის „შიგნით“ არსებული სურათის არმცოდნე, იდეოლოგიის მქადაგებელ ადამიანს უწოდებს - რომელიც "კარჩაკეტილია" განსხვავებული პოზიციების მოსმენისთვის. ამიტომაც მინდა გთხოვოთ - თუ შესაძლებელია, იქნებ რაიმე სახით გვეცადა ასეთი საუბრის დაწყება. ან ამ ბლოგის კომენტარებში, ან რაიმე სხვა ფორმით, იქნებ როგორმე ავხსნათ, მაინც რაშია საქმე და რანაირად ხდება, რომ ქალის მორჩილებაზე, მეორეხარისხოვნებაზე, უწმინდურობაზე თუ სიბინძურეზე ასე ხშირად მქადაგებელი ინსტიტუტი სინამდვილეში არ დგას ქალთმოძულე თუ დისკრიმინაციულ პოზიციებზე. ცხადია, ეს თემები მჭიდროდ არის დაკავშირებული მეტაფორებთან, ინტუიციასთან, ემოციებთან თუ ირაციონალურ განცდებთან - და პოზიციების არგუმენტებად ვერბალიზაცია ალბათ არ იქნება ადვილი. მაგრამ იქნებ რაღაც ზღვრამდე მაინც შესაძლებელი იყოს ამაზე საუბარი.

თუკი, რასაკვირველია, ეკლესიის პოზიციების შესახებ საერთოდ შესაძლებელია თავისუფალი მსჯელობა და კრიტიკული რეფლექსია. ჩვენს რეალობაში ეს იმდენად იშვიათად ხდება - და ისეთ ირაციონალურ შიშებს თუ აგრესიას იწვევს - რომ მართლა არ ვარ დარწმუნებული ასეთი შესაძლებლობის არსებობაში. თავად პატრიარქის თუ სხვა სასულიერო პირების მიერ არაერთხელ გამეორებული სიტყვები - რომ ეკლესიის, სინოდის და პატრიარქის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების გამოხატვა „უდიდესი ცოდვაა“, რომელსაც ღმერთი „დაუსჯელს არ დატოვებს“ - მე ადამიანების დათრგუნვა, დაშინება და მათთვის თავისუფალი აზროვნების უფლების წართმევა მგონია. მაგრამ იქნებ აქაც ვცდები? იქნებ ეს ის არ არის, მე რაც მგონია?...

Tags:ბლოგი, ეკლესია, სალომე ასათიანი, პატრიარქი, ილია მეორე, ფემინიზმი, პარტიარქატი, ოჯახი


რა უშველის ქართულ როკს? ნაწილი 2: რა არის და რა არ უნდა იყოს

ნიკო ნერგაძე

დასაწყისი იხილეთ აქ.

ქართულ ესტრადას ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე იმის გამო, რომ რაღაც სისულელეებზე მღერიან. სამართლიანადაც. ხომ იცით, არა? წვიმა ასველებს ჩემს თბილისს და აი, ისევ აღმაშენებლის ხეივნის მეთერთმეტე კილომეტრისკენ მიმიწევს გული, იქ გაგანდობ მოგონებებს ლამაზ ღამეზე, თუ დაგივიწყო, დვრილებიც დამისკდეს... არის კი რამე ამაზე უარესი?

კი, არის. ქართული როკი.

მოიცა,მართლა?

ეგეთ პონტში. რეალურად, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ჯობია. წინა პოსტის წერისას კარგ აზრად მეჩვენა ასეთი დასაწყისი (ინტრიგა და რამე...), მერე კი მაგის მძევალი გავხდი და ასე... რადგან დავიწყე, ბარემ დავამთავრებ:

ქართული როკი, როცა კარგია, მართლა კარგია

ქართული როკი, როცა კარგია, მართლა კარგია. ალბათ კარგა 40-50-მდე აზრიანი სიმღერა დაგვიგროვდება, შეიძლება მეტიც. ზოგი წყლის მოტანაზეა, ზოგი ტოლსტოის ანაზე, ზოგიც ჭეშმარიტებაზე. მოკლედ, ეს ის სიმღერებია, რომლებშიც ზოგი თავის განწყობას ამოიცნობს, ზოგი სხვისას გაიგებს. ზოგი სიმღერა კარგი მოწოდებაა, ზოგი კი არც განწყობას გადმოსცემს და არც არაფრისკენ მოგიწოდებს, უბრალოდ საკაიფოა.

თუმცა, ეგრე არც ესტრადაა ჯაბანი. რომ, ჩამოყვე, იქ ვინძლო მეტი დაგროვდეს აზრიანი სიმღერა. სხვა თუ არაფერი, ზოგის ტექსტის ავტორი გალაქტიონია, ზოგისაც კი - ანა კალანდაძე. საშუალო საესტრადო სიმღერებიც კი, რომლებიც ენის ნაკლები ოსტატების დაწერილია, ხშირად არცთუ ცუდად გადმოსცემენ გრძნობებს - სიყვარულს, როგორც წესი, მაგრამ სხვა რამეებსაც - ახალგაზრდა ლოთი ბიჭის პრობლემებს, ვთქვათ, ან იმას, რომ დათვრები და, ავოეეე ადანდალი დანდალი რომ ხარ.

კი, საშუალოზე უარესი ესტრადის უმეტესობა უაზრო სიმღერებია წვიმაზე და გატანჯულ ღამეებზეა. კარგზე უარესი როკი კი, როგორც წესი, საერთოდაც არაფერზე არ არის. კი, რაღაც სიტყვები გესმის, უფრო ხშირად ინგლისური, მაგრამ იქიდან, უმეტეს შემთხვევებში არც არაფერი მოდის. მარტო ნორმალური მუსიკა, გასაგები ტექსტის გარეშე კი საკმარისი იშვიათადაა.

საშუალოზე უარესი ესტრადის უმეტესობა უაზრო სიმღერებია წვიმაზე და გატანჯულ ღამეებზეა

ვიდრე გავაგრძელებდეთ, ერთი გადახვევა გვჭირდება. იმის გასარკვევად, თუ ვინ სად ვდგავართ და რას რატომ ვამბობთ. იმიტომაცაა საჭირო, რომ ჩემი აქამდე დაწერილი ერთგვარ თავდასხმად ჩანს ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსებზე. არადა, განწყობა მაგის საპირისპირო მაქვს. ჰოდა, აი, გადახვევაც:

ჯერ ერთი, თუ გგონია, რომ ქართულ როკს (ან ალტერნატივას, ინდის, ნეო-სოულს, გოთიკურ პოპს, ინდასტრიალ შუგეიზს, ეისიდ კარნივალ ჰიპ-ჰოპს, დაბსტეპ ფანკს, რასაც გინდა...) არაფერი უჭირს და პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ბიზნესი არაა აწყობილი ან ტელევიზორში ხშირად არ აჩვენებენ, ან რომ ერია გოიმი და კარგს ვერ აფასებენ, მთელი ჩემი ნაწერი წყლის ნაყვად მოგეჩვენება. კი, ბატონო. ვისაც გჯერათ, გაგატარებთ.

ასევე გაგატარებ, თუ გგონია, რომ ქართულ როკს (ან ნეოელექტროს, სლიფ მეტალს, პროგრესივ ფოლკს, სილიკონ ქანთრის, ვაზისუბნის ბრიტპოპს...) აზრი თავიდანვე არა აქვს და ეს წმინდა ბრიტანული თუ ამერიკული მოვლენაა; ან თუ გგონია, რომ ქართული როკი ირაკლისთან ერთად მოკვდა; ან რომ პრობლემა მუსიკოსების ახალი თაობის უნიჭობაში ან სულისკვეთების არქონაშია; რომ „მეამბოხე სული დაიკარგა“ და ეგეთები - ეგეც არ მგონია, რომ მართალი იყოს და თუ ეგრე ხარ განწყობილი, მიკვირს, აქამდე წაკითხვა რატომ არ დაგეზარა.

მე მგონია ასე: ძალიან კარგი ჯგუფი, უკვე „იქ“ რომ იყოს, დღეს არა გვყავს. სამაგიეროდ, გვყავს რამდენიმე ათეული კარგი, საშუალო, ნორმალური, საკაიფო ან ისერა ჯგუფი, რომლებისგანაც ზოგი შეიძლება დროთა განმავლობაში ძალიან კარგ ან გადასარევ ბენდად გადაიქცეს (ცხადია, როგორც ყველგან და ყოველთვის, უნიჭო სასტავებიც არიან, რომლებიც ვერასდროს ვერაფერს მიაღწევენ. მაგათ ამ სტატიაში არ შევეხებით).

ასევე მგონია, რომ არსებული ვითარება არ უწყობს ხელს ამ ჯგუფებს, რომ განვითარდნენ, ან, თუნდაც, უბრალოდ არსებობა გააგრძელონ. უახლესი წარსულის გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, აი, ასე მოხდება:

გვყავს რამდენიმე ათეული კარგი, საშუალო, ნორმალური, საკაიფო ან ისერა ჯგუფი

ეს ქართული ჯგუფები, კარგებიც და საშუალოებიც ერთად (ხომ იცით არა, ვისზეც ვამბობ: ZurGi, SvanSikh, Landmark, Kung Fu Junkies, პორნოპოეზია, Me and My Monkey, კიდევ ხუთი-ექვსი) დღეს და ხვალ კონცერტზე ხალხს კი შეკრებენ - ზოგჯერ ასს, ზოგჯერ ათასს და, იშვიათად, რამდენიმე ათასს. მაგრამ ყველაფერი ამით დამთავრდება. ერთი ან ორი ჯგუფი რამდენიმე წელს შემორჩება, თუ გაგვიმართლა, იქნებ მეტსაც. მაგრამ, ამათი უმეტესობა ხვალ და ზეგ დაიშლება - ზოგის ბასისტი ბანკში დაიწყებს მუშაობას, ზოგის ვოკალისტი ლონდონში წავა, ზოგს მოსწყინდება, ზოგს კი გული აუცრუვდება, რადგან „ამ საქართველოში დაფასება მაინც არ იციან“. მაზეგ ამ ბენდების უმეტესობა მხოლოდ დღეისა და ხვალის კონცერტზე მისული მსმენელის მოგონებებში დარჩება. მათგან შემორჩება ნახევრად დამუშავებული დემოები „იუტუბზე“, რომლებსაც ნახვა იშვიათად თუ მოემატება ხოლმე - მხოლოდ მაშინ, როცა ვიღაცას კარგად გატარებული დრო გაახსენდება და ერთხელაც დაატრიალებს კონცერტზე მოსმენილ სიმღერას. და ვსიო. მანდ დამთავრდება.

ასე იყო და ასე იქნება.

ჰოდა, ძალიან ცუდია ეგ. არ იმსახურებენ ქართული ჯგუფები ასეთ ბედს. ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუდმივად ჩნდებიან საშუალო და კარგი ქართული ჯგუფები და მერე მალევე კვდებიან, უძეგლოდ. მათი გვამებითაა მოფენილი უახლესი ქართული მუსიკის ისტორია.

მოდი გავიხსენოთ. რამე შესაბამისი სიმღერა ჩავრთოთ (მაუსის შუა ღილაკზე (ბორბალზე) დაწკაპუნება ფონურ ტაბში გახსნის) და შესანდობარი ვთქვათ. Sky End-ისა, რომელზეც ბავშვობაში ჩემი პირველი თუ მეორე სტატია დავწერე. ძმები ლეჟავები იყვნენ, სიმპათიურები, გოგოები გიჟდებოდნენ. Wild Stream-ისა, რომლებიც, სულ არ მახსოვს, რას უკრავდნენ, მაგრამ მაგათ კონცერტზე ვიყავი მარტო, მთვრალი და 15 წლისა და კარგია-მეთქი, ვფიქრობდი. Overbalance-ისა ვთქვათ, რომლის კონცერტზე UR-ში ერთ-ერთი საუკეთესო დრო მაქვს ნატარები - 20 თუ 30 კაცი ვიყავით დარბაზში, მაგრამ ძალიან კარგი იყო. Steeplechase ვახსენოთ, რომლებიც, წარმოდგენა არა მაქვს, ვინ არიან. ამას წინათ სახელი გამახსენდა, ბავშვობის კონცერტებიდან და წამლად MP3 ვერ ვიპოვე, რომ მომესმინა. ცოტა აქეთ რომ წამოვიდეთ, Afternoon Version დავლოცოთ - თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსებისგან შედგებოდა და დღესაც რომ მოისმინო, თანამედროვედ ჟღერს. სულ რამდენიმე წლით აქეთ გადმოვიდეთ, Jazz or Cat-იც ვახსენოთ, რომლებსაც კლიპიც ჰქონდათ და ალბომიც და ის ალბომი კი საშინლად არ მომეწონა, მაგრამ ლაივებში კარგი იყოო, ამბობდნენ.

„ძველ კარგ დროს“ კი არ ვიხსენებ, რომ აი, ჩვენ დროს იყო მუსიკა და ის იყო. პირიქით. ბევრი ჯგუფი გვყავდა (აქ რაც თავში მომივიდა, ისინი ჩამოვთვალე. კიდევ ბევრი იყო) და ბევრი დავკარგეთ. კი, ზოგი იმიტომ, რომ ვერ იყო მთლად კარგი, ზოგიც იმიტომ, რომ თავის დროისთვის არა უშავდა, მაგრამ დროს ფეხი ვერ აუწყვეს (დრო ხომ მუტანტურდება და ჩვენც ვმუტამურებთ მასთან ერთად). მაგრამ, დანარჩენები შეიძლებოდა დღესაც ჩვენ გვერდით ყოფილიყვნენ და ვინძლო კარგი რამე დაეწერათ. მაგრამ არა, იმიტომ რომ ასე ხდებოდა და ასე მოხდება.

ასეა, მაგრამ ასე არ უნდა იყოს. შეიძლება, რომ ასე არ იყოს.

ქართული როკ-ჯგუფები უამრავი პრობლემის წინაშე დგანან. ზოგი ობიექტური, გარედან მოტანილი რამეა, რასაც თვითონ მუსიკოსები ძნელად თუ უშველიან - ვთქვათ ის, რომ ამ საქმეში ფული არ იშოვება და ახლო მომავალში არც იქნება. ის, რომ აპარატურა და რეპეტიციები ძვირია. ის, რომ დასაკრავი ადგილი ცოტაა.

მაგრამ ეგ გადაულახავი წინაღობები არ არის. ხომ არიან იმდროინდელები, დღესაც რომ შემორჩნენ - ირაკლი, ცხადია (მკვდარია, მაგრამ შარშან საუკეთესო ალბომი მისი იყო. სხვა, მგონი, არც გამოსულა), მაგრამ სხვებიც - „აუტსაიდერი“ და 33ა, კიდევ რამდენიმე. ეხლა, ფული შეიძლება არ უშოვიათ - მაგრამ ვინც ამ მუსიკაში ფულის გამო მიდის, დეგენერატია - ბანკის საშუალო რგოლის კრედიტ- ოფიცრობა უფრო შემოსავლიანი საქმეა.

ამას გარდა არის სხვა პრობლემაც. რომ ქართული ბენდების დიდი ნაწილი მსმენელთან სიახლოვეს ვერ ამყარებს (ას და ორას კაცს არ ვთვლი). არა იმიტომ, რომ მუსიკას ვერ უკრავენ კარგს (მაგას, ტექნიკურად როგორ უკრავ, არა აქვს, მგონი, დიდი მნიშნელობა. ყოველ შემთხვევაში, მაგის გარეშეც შეიძლება), არამედ იმიტომ, რომ, დასაწყისს რომ მოვუბრუნდე, ტექსტი არ ვარგა.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტექსტია. ტექსტის მთავარი ნაკლი კი ისაა, რომ ის ინგლისურადაა.

სანამ ქართული ჯგუფები ისევ ქართულად არ ამღერდებიან, ეს სიკვდილის ციკლი ისევ გაგრძელდება.

ეხლა, ეს აზრი, ცხადია, მარტო მე არ გამჩენია. პირველაღმომჩენობაზე პრეტენზია არა მაქვს. წინა პოსტის რამდენიმე კომენტატორმაც იგივე დაწერა და სხვაგანაც წამიკითხავს. მაგრამ, ხშირად მსგავს კომენტარებს „ლოლ, ქართველობას გვართმევენ არა?“ მოჰყვება ხოლმე. არ სჯერათ, რომ ეგრეა. „სჯერათ“ კი არა, ექვსიოდე წლის წინ მე თვითონ ვკამათობდი აწ განსვენებულ ჟურნალ „ოზონში“, რომ ენას არა აქვს მნიშვნელობა და თუ ინგლისურად ემღერებათ, იმღერონ-მეთქი. არცთუ დიდი ხანია, რაც აზრი შევიცვალე და იმედი მაქვს, რომ ვინმეს მაინც გადმოვიბირებ.

მაგას დავუთმობ გაგრძელებას.

Tags:ბლოგი, მუსიკა, როკი, ნიკო ნერგაძე, პოპი

მაისი 2012

კალენდარი

ყველაზე პოპულარული