ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 07:13

ახალი ამბები

წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების წესები კენჭისყრამდე 50 დღით ადრე ამოქმედდება

ტექსტის ზომა - +
16.01.2012
მედიას წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების რეგულაციების დაცვა კენჭისყრამდე 50 დღით ადრე მოუწევს. ახალი "საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა კენჭისყრის დღემდე სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებული არიან გარკვეული პირობები დაიცვან. კერძოდ, მაუწყებლობის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის შემთხვევაში, მათ საჯაროდ გამოაცხადონ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ ინფორმაცია, თუ რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება. ასევე, ტელე- ან რადიოკომპანიის მიერ ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდა აღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის (როგორც კვალიფიციური, ისე არაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს. კოდექსში რჩება ვალდებულება იმის შესახებ, რომ პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში იყოს წარწერა "ფასიანი პოლიტიკური რეკლამა" ან "უფასო პოლიტიკური რეკლამა", ხოლო მაუწყებლებმა არ უნდა დაუშვან პოლიტიკური რეკლამის განთავსება სხვა დროს, გარდა ამ მიზნით გამოყოფილი დროის შუალედისა.
16 იანვარი 2012
16 იანვარი 2012

კალენდარი