Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძემ საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია


საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, კოალიცია "ქართული ოცნების" წევრმა კახა კალაძემ დღეს თბილისში საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ იტალიის პოლიციიდან შეტყობინება არ მისვლია. ბოლო რამდენიმე დღეა ქართული ნაციონალური არხები იტალიურ პრესაზე დაყრდნობით, ერთ-ერთ მთავარ ამბად იუწყებიან, რომ კალაძე შესაძლოა, დაიკითხოს ე.წ. ჩაწყობილი მატჩების საქმეზე, რომლის გამოც იტალიაში 19 ადამიანი დააპატიმრეს. თავად კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ მოწმის სტატუსით შესაძლოა ან დაიბარონ, ან არა, ამიტომ "თუ ვინმეს უნდა კუდი მოაბას ამ ამბავს და ბუზი სპილოდ აქციოს, ეს მათი საქმეა.” კალაძის თქმით, შექმნილი სიტუაცია მისთვის სასაცილოა, რადგან ”ჩაწყობილ თამაშებს” ყოველთვის ებრძოდა. ამასთან, ყოფილმა ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ მზად არის ნებისმიერ დროს ჩავიდეს იტალიაში და მოწმის სტატუსით ჩვენება მისცეს. კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, ნუ გააკეთებენ წინასწარ მცდარ დასკვნებს და ნუ მოახდენენ სიტუაციის დრამატიზებას. რაც შეეხება იტალიური პრესით გავრცელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, კალაძის განმარტებით, მოხსენიებული კარის და მარმარილოს შეძენა ქობულეთის სასტუმროსთვის სურდა, თუმცა გარიგება ვერ შედგა. ყოფილი ფეხბურთელი ვარაუდობს, რომ იტალიელი სამართალდამცავების ეჭვი შესაძლოა გამოეწვია სიტყვა "კარს" და ჩაეთვალათ, რომ რაღაც კოდირებულ საუბართან ჰქონდათ საქმე, რაც სინამდვილეში ასე არ ყოფილა.
XS
SM
MD
LG