Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასი აცხადებს, რომ შურს იძიებს მეთაურთა სიკვდილისთვის


ისლამური ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასი აცხადებს, რომ მისი სამი მაღალი რანგის სამხედრო მეთაური იქნა მოკლული დღეს გამთენიისას ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული საჰაერო შეტევის შედეგად და ამბობს, რომ ამის გამო შურს იძიებს. ჰამასის განცხადებით, მეთაურები - მუჰამედ აბუ შამალა, რაედ ალ-ატარი და მუჰამედ ბარჰუმი - სამხრეთის ქალაქ რაფაში მოკლეს. ჰამასის პრესმდივანმა, სამი აბუ ზუჰრიმ განაცხადა, ისრაელი „ვერ შესძლებს ჩვენი ხალხის ნების გატეხვას ან წინააღმდეგობის დასუსტებასო“ და დასძინა, რომ მომხდარის გამო ისრაელი „საფასურს გადაიხდის“. დასახელებული სამი პირი ჰამასის ყველაზე მაღალი რანგის წევრები იყვნენ იმ 24 პალესტინელს შორის, რომლებიც ისრაელის მიერ 21 აგვისტოს განხორციელებულ საჰაერო შეტევას ემსხვერპლნენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დადებითად შეაფასა შეტევის ზუსტი განხორციელება. 20 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭომ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა ისრაელსა და ჰამასს შორის შეტაკებების განახლების თაობაზე, ათდღიანი სიმშვიდის შემდეგ.

XS
SM
MD
LG