Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი ქვეყნის მხარდაჭერად აფასებს აშშ-ის სენატის კომიტეტში დამტკიცებულ კანონს


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დამტკიცებული კანონი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, დოკუმენტის ოფიციალურად ამოქმედებას სჭირდება სხვადასხვა პროცედურა თავად სენატში, კონგრესის წარმომადგენელთა პალატასა და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. დავით ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ პროცედურები დროულად დასრულდება. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა იმას, რომ უკრაინა, მოლდავეთი და საქართველო ერთად იქნებიან აღიარებულნი აშშ-ის მთავარ მოკავშირეებად ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან. "საბოლოო გადაწყვეტილებამდე საჭიროა გარკვეული პროცედურები, მაგრამ პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, ეს რეზოლუცია საქართველოს თანამშრომლობას აშშ-თან, როგორც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, თვისებრივად ახალ საფეხურზე აიყვანს და პირველ ყოვლისა, ეს ეხება უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ასევე მედიაკომუნიკაციას, ეკონომიკას და სხვა სფეროებს“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილმა.

XS
SM
MD
LG