Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფეხბურთო ჩხუბის შემდეგ გადაიდო ალბანეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სერბიაში


ორი ქვეყნის საფეხბურთო გუნდების შეხვედრაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად გამძაფრებული პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, გადაიდო ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას ვიზიტი სერბიაში, რომელსაც ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. სერბიის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდარ ვუჩიჩის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „ორი ლიდერის შეხვედრა 22 ოქტომბრის ნაცვლად გაიმართება 10 ნოემბერს.“ განცხადების თანახმად, პრემიერ მინისტრები შეთანხმდნენ, „რომ არ უნდა დაუშვან და არ დაუშვებენ ერთმანეთთან შეხვედრის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას. შეხვედრაზე განიხილავენ რეგიონის სტაბილურობას და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ახალი ეტაპის დაწყებას.“ ეს ალბანეთის პრემიერის ბელგრადში ჩასვლის პირველი შემთხვევა იქნება ბოლო 68 წლის განმავლობაში. 15 ოქტომბერს ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი სერბიასა და ალბანეთს შორის ჩაიშალა ბელგრადის სტადიონზე მომხდარი არეულობის გამო. დაპირისპირება მოჰყვა საფეხბურთო მოედნის თავზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოჩენას, რომელზეც ალბანეთის ნაციონალისტური დატვირთვის მქონე დროშა იყო დამაგრებული.

XS
SM
MD
LG