Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მწუხარებას გამოთქვამს აღმოსავლეთ უკრაინაში ქართველი მებრძოლის, გიორგი ჯანელიძის დაღუპვის გამო. უსუფაშვილმა, რომელიც ამჟამად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება კიევში, აღნიშნა, რომ დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველების თანადგომა უკრაინელი ხალხისადმი, უკრაინისადმი და პატივი მიაგო გარდაცვლილი გმირების ხსოვნას. „სამწუხაროდ, ამ დღეებში, როდესაც ჩვენ უკვე უკრაინისაკენ მოვემგზავრებოდით, კიდევ ერთი ქართველი შეეწირა აქ საომარ მოქმედებებს, გიორგი ჯანელიძე. მე მინდა იმედი მქონდეს, რომ აღარ გაგრძელდება მსხვერპლი და ეს პრობლემები მოგვარდება მშვიდობიანი გზით. მაგრამ ამის ნათელი პერსპექტივა ჯერ-ჯერობით არ ჩანს“, - განაცხადა კიევში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემაც გამოთქვა მწუხარება აღმოსავლეთ უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო და მის ოჯახს მიუსამძიმრა. მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო თავის თავზე აიღებს დაღუპული მებრძოლის სამშობლოში გადასვენების ხარჯებს. გიორგი ჯანელიძე საქართველოს მესამე მოქალაქეა, რომელიც უკრაინაში დაიღუპა სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. ერთი ქართველი კი სეპარატისტების მხარეს ბრძოლის დროს მოკლეს.

XS
SM
MD
LG