Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი: ქურთებთან სამშვიდობო პროცესი აღარ არის შესაძლებელი


თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 28 ივლისს განაცხადა, რომ ქურთები ძირს უთხრიან თურქეთის ეროვნულ ერთიანობას და მთლიანობას და რომ მათთან სამშვიდობო პროცესის გაგრძელება „შეუძლებელია.“ მისი სიტყვების ფონია აკრძალული, ქურთისტანის მუშათა პარტიის განცხადება, რომ თურქეთთან მისი ზავი ფაქტობრივად დასრულდა, როცა თურქეთის საჰაერო დარტყმებმა გასულ კვირაში ჩრდილოეთ ერაყში ამოიღო მიზანში ამ ორგანიზაციის ობიექტები. ერდოანის განცხადებებამდე რამდენიმე საათით ადრე თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ტანერ ილდიზმა ქურთი ექსტრემისტები დაადანაშაულა ანკარასა და ირანის ქალაქ ტაბრიზის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გაზსადენის აფეთქებაში. აფეთქება, რომელმაც მილსადენი გახეთქა, მოხდა წუხელ, თურქეთის აგრის პროვინციაში, ირანის საზღვრიდან თხუთმეტიოდე კილომეტრში. თურქეთის მმართველი ძალის, სამართლისა და განვითარების პარტიის პრესმდივანმა, ბესირ ატალაიმ განაცხადა, ქურთთა ძალებთან სამშვიდობო პროცესი შეიძლება გაგრძელდეს, თუ „ტერორისტი ელემენტები“ იარაღს დაყრიან და თურქეთს დატოვებენო. თურქეთმა გასულ კვირაში ქურთ დემონსტრანტებზე განახორციელა ზეწოლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, პარალალურად კი სირიაში ბომბავდა ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტებს. „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები ასევე ქურთებს ებრძვიან სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში.

XS
SM
MD
LG