Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთი უარყოფს საფრანგეთის კრიტიკას მიგრანტებთან მოპყრობის შესახებ


უნგრეთმა უარყო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორან ფაბიუსის კრიტიკა, რომელიც ეხებოდა ბუდაპეშტის მხრიდან ასობით მიგრანტის მიმართ გამოვლენილ დამოკიდებულებას. მიგრანტები უნგრეთის გავლით გერმანიაში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ცდილობენ მოხვედრას. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ 30 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომ „შოკისმომგვრელი და უსაფუძვლო ბრალდებების ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა ევროპისთვის ერთიანი გამოსავლის მოძებნაზე გვემუშავაო.“ ამ განცხადებამდე ლორან ფაბიუსმა თქვა, რომ უნგრეთის მიერ სერბიის საზღვარზე აგებული, მავთულხლართების ღობე არ პასუხობს „ევროპის ერთიან ღირებულებებს.“ უნგრეთს მწვავედ აკრიტიკებენ ამ ღობის გამო, რომლითაც ის ცდილობს შეაჩეროს ათასობით მიგრანტი და ლტოლვილი სირიიდან, ავღანეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან. ამჟამად იგეგმება მავთულხლართების ღობის გამაგრება ოთხი მეტის სიმაღლის ბეტონის კედლის აგებით. უნგრეთს ასევე აკრიტიკებენ მიგრანტების ბანაკებში განთავსების გამო და იმის გამოც, რომ მათ უფლებას არ აძლევს ავსტრიისკენ და გერმანიისკენ მიმავალ მატარებლებზე ავიდნენ.

XS
SM
MD
LG