Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედი პროკურორი: არის მტკიცებულება, რომ უზბეკეთის ‘რეჟიმია’ იმამზე თავდასხმის მიღმა


შვედეთში ერთ-ერთი პროკურორის განცხადებით, არსებობს ბევრი მტკიცებულება, რომელიც მოწმობს, რომ უზბეკეთის ხელისუფლება იდგა 2012 წლის თებერვალში განხორციელებული თავდასხმის უკან, რომლის სამიზნე იყო ოპოზიციონერი, პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის მწვავე კრიტიკოსი, ემიგრანტი სასულიერო პირი. იმამ ობიდხონ ყორი ნაზაროვს, რომელმაც უზბეკეთი 1998 წელს დატოვა, შვედეთმა თავშესაფარი 2006 წელს მიანიჭა. ის ქალაქ სტრომსუნდში ცხოვრობს, სადაც მას სულ მცირე სამჯერ ესროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან. მისმა ნათესავებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თავდასხმის შედეგად იმამმა მიიღო თავის ტვინის დაზიანება. პროკურორმა კრისტერ პეტერსონმა რადიო თავისუფლებას 2 სექტემბერს უთხრა, „არის ბევრი მტკიცებულება და ფაქტი, რომელიც მიუთითებს, რომ ამის უკან უზბეკეთის რეჟიმი დგასო.“ პეტერსონი აცხადებს, რომ უზბეკეთის მთავრობა მას არ დახმარებია იმ დანაშაულის გამოძიებაში, რომლის სამიზნესაც მთავრობა „ტერორისტს“ უწოდებდა. „ამდენად, ვთვლი, რომ ბევრი ინდიკატორი გვაქვს საიმისოდ, რომ ვივარაუდოთ - ამ თავდასხმის შეკვეთა უზბეკეთში მოხდა“ - აცხადებს პროკურორი.

XS
SM
MD
LG