Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სირიაში გააგზავნის მოწინავე საზენიტო-სარაკეტო სისტემას


რუსეთი აპირებს სირიაში თავის სამხედრო ბაზაზე განათავსოს მოწინავე საზენიტო-სარაკეტო სისტემა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 25 ნოემბერს მოსკოვში განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით სირიაში, ჰმეიმიმის სამხედრო ბაზაზე დამონტაჟდება მოწინავე, S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, რაც უკვე დაამტკიცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. S-400 ტიპის რაკეტები სწვდება 400-მდე კილომეტრით დაშორებულ სამიზნეებს. 25 ნოემბერს უფრო ადრე პუტინმა ეკატერინბურგში გამოსვლისას, როგორც ჩანს, შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, რომ სირიაში აგზავნიან არა მოწინავე, არამედ S-300 ტიპის რაკეტებს. ეს განცხადებები გაკეთდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც თურქეთის საბრძოლო თვითმფრინავმა სირიასთან საზღვარზე ჩამოაგდო რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი და დაიღუპა რუსი მფრინავი. ანკარა აცხადებს, რომ რუსეთის SU-24 ტიპის თვითმფრინავმა რამდენჯერმე დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე და არ მოახდინა რეაგირება 10 გაფრთხილებაზე, ვიდრე მას ესროდნენ. მოსკოვი კი ირწმუნება, რომ თვითმფრინავს არ დაუტოვებია სირიის საჰაერო სივრცე. ინციდენტის შემდეგ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა თურქეთი დაადანაშაულა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მფარველობაში. მედვედევმა 25 ნოემბერს ეკატერინბურგში განაცხადა, რომ ზოგ თურქ ოფიციალურ პირს "პირდაპირი ფინანსური ინტერესი" აკავშირებს ექსტრემისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიაზე წარმოებულ ნავთობპროდუქტებთან.

XS
SM
MD
LG