Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში უხუცესები მოითხოვენ დასახლებაში საპოლიციო რეიდის გამოძიებას


ბაქოს შემოგარენში მდებარე დასახლების უხუცესები მოითხოვენ მთავრობასთან შეხვედრას, მას შემდეგ, რაც ერთი დღით ადრე ძალადობა მოჰყვა პოლიციის მიერ მათ დასახლებაში, ნარდარანში განხორციელებულ რეიდს. უხუცესებს სურთ გამოძიება ჩატარდეს ამ მოვლენების გარშემო. ამასთან, ისინი მოითხოვენ ძალადობის დროს მოკლული ოთხი ადგილობრივი შიიტი მუსლიმის გვამების დაბრუნებას. პარალელურად, ნარდარანში მცხოვრები ახალგაზრდა კაცები მობილიზებული იყვნენ ბარიკადებთან, რომლებიც დასახლების შესასვლელში ადგილობრივმა ხალხმა აღმართა წინა ღამით. ვრცელდება ცნობები, რომ დასახლებას გარს ერტყმიან საპოლიციო ძალები. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ორი პოლიციელი და ოთხი სავარაუდო ექსტრემისტი შეეწირა რეიდს, რომლის სამიზნეც იყო ქვეყანაში ტერორისტული აქტების დამგეგმავი „ბოროტმოქმედების ბანდა“. 26 ნოემბერს განხორციელებული რეიდის დროს დააკავეს სულ მცირე 14 პირი,მათ შორის ჯგუფის ლიდერი, ტალეჰ ბაგირზადე. აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, ბაგირზადე ხელმძღვანელობდა „მუსლიმთა ერთობის“ სახელის მქონე დაჯგუფებას, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას, „მასობრივი შეტაკებების და ტერორისტული თავდასხმების“ გზით. პოლიციის ცნობით, ძალადობა მოჰყვა ამ ჯგუფის წევრთა მხრიდან ავტომატური იარაღით ცეცხლის გახსნას და ხელყუმბარების სროლას საპოლიციო ძალებისთვის.

XS
SM
MD
LG