Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტი


საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის 9 წლის წინანდელი ფაქტი გახსნილად გამოაცხადა მთავარმა პროკურატურამ. მან ოფიციალური ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს. პროკურატურის განცხადებით, გელაშვილზე 2005 წელს მომხდარ თავდასხმას წინ უძღოდა მისი საგაზეთო ინტერვიუ ქვეყნის იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ცხოვრებასა და რეზიდენციის მშენებლობის დეტალებზე. „შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორმა ერეკლე კოდუამ მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლების მონაწილეობით დაგეგმა ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება და ხელმძღვანელობა დაავალა ერთ-ერთი სამმართველოს უფროს გია სირაძეს“, - ნათქვამია პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში. მისივე ცნობით, 2005 წლის 14 ივლისს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, ავტომატებით შეიარაღებული სპეცრაზმელები თბილისში დაესხნენ თავს დეპუტატის ავტომანქანას და სასტიკად სცემეს ვალერი გელაშვილს და მისი დაცვის წევრს მალხაზ ცხაკაიას. პროკურატურის მიერ ერეკლე კოდუასა და გია სირაძისთვის წარდგენილი ბრალდება 10-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კოდუას ადვოკატმა ოთარ კახიძემ დღეს ჟურანლსიტებს განუცხადა, რომ გამოძიების მასალები, რომლებიც სპეცრაზმელთა ჩვენებებს ეფუძნება, არ შეიცავს იმის მტკიცებულებებს, რომ ბრძანება ერეკლე კოდუამ გასცა. თავად ვალერი გელაშვილი მასზე თავდასხმის დამკვეთად მიხეილ სააკაშვილს და ვანო მერაბიშვილს მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG