Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართვა გაავრცელა ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლიდან ორი წლისთავის გამო


საქართველოს ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლიდან 2 წლისთავის გამო ქვეყნის მოსახლეობისადმი მიმართვა გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი შეფასებით, 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ხალხმა აირჩია ცხოვრება შიშის გარეშე, პერსპექტივა თითოეული ადამიანისთვის და ქვეყნის წინსვლა და განვითარება. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ 2 წლის წინ გამოცხადებული ნდობისთვის. „ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა და არ იქნებოდა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც შეძლო მაშინდელი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია, არჩევნებამდე პროცესის მშვიდობიანად მიყვანა და რეჟიმის ღირსეულად დამარცხება“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, შესაძლოა, გარდამავალ ეტაპზე ყველაფერი იდეალურად არ ხდება, მაგრამ ხელისუფლება ხალხს ერთგულად ემსახურება და ქვეყნის განვითარებას ვერანაირი ძალა ვერ შეაჩერებს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში და ქვეყანაში კანონის უზენაესობა და სამართლიანობა დაამკვიდრა. "ბუნებრივია, ამ ხნის განმავლობაში კოალიციაში იყო კამათი, მსჯელობა დაძიება, რაც წმინდა დემოკრატიული პროცესია. ხელისუფლებაც და ხალხიც ახლა ვართ ძალიან რთულ და საპასუხისმგებლო პერიოდში და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გავივლით ამ ეტაპს“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საქართველო ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატიაა, თუმცა განვითარების სწორ გზას ადგას. პრემიერის განცხადებით, დემოკრატიის ერთ-ერთი საზომი დამოუკიდებელი მედიაა და მისი და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად ხელისუფლება ყველა პირობას ქმნის. მოსახლეობისადმი მიმართვისას ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება ადგას ხალხის მიერ არჩეული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ისტორიული შეთანხმებაც ადასტურებს, მისი შესრულება კი ხელისუფლების მოქმედების მთავარი გეგმაა. უმთავრეს მიზნებს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაასახელა ქვეყნის გამთლიანებაც აფხაზებთან და ოსებთან შერიგების გზით.

XS
SM
MD
LG