Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა გადასახადების გაზრდას არ აპირებს


საქართველოს მთავრობა გადასახადების გაზრდას არ აპირებს, ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს განუცხადეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა ნოდარ ხადურმა და გიორგი კვირიკაშვილმა. მათი განმარტება მოჰყვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის რეკომენდაციებს, რომ საქართველოს მთავრობამ გარკვეული გადასახადები უნდა გაზარდოს და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი შეამციროს. „გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთ, პირიქით, სერიოზული განხილვა მიმდინარეობს გადასახადების შემცირების კუთხით და ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილში ლიბერალიზაცია გვჭირდება“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზე და კონკრეტულ მონაცემებს უახლოეს ხანში წარმოადგენს. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, მოსახლეობის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, გადასახადების გაზრდა არ იგეგმება. რაც შეეხება საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, ნოდარ ხადურის განმარტებით, ეს პროცესი შეეხება მხოლოდ მიმდინარე და არა კაპიტალურ და სოციალურ ხარჯებს. ფინანსთან მინისტრის განცხადებითვე, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც დაადასტურა ის, რასაც მანამდე საქართველოს მთავრობაც ამბობდა, რომ ქვეყანაში პრობლემები გამოიწვია საგარეო ფაქტორებმა, მათ შორის ეკონომიკის სფეროში მთავარ პარტნიორ სახელმწიფოებში შექმნილმა ვითარებამ.

XS
SM
MD
LG