კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:37

ბლოგები / სალომე ასათიანი

ტექსტის ზომა - +

„კულტურული კავშირების“ ლაბირინთში

ეს ალბათ ყველაზე უხერხული პოსტია, რაც კი დამიწერია (და, იმედია, აწი რასაც დავწერ). უცნაური ამბავია წერილობით დაპირისპირება პოზიციასთან, რომელსაც ბოლო პერიოდის საჯარო დისკუსიებში ჩემი უახლოესი ადამიანი - დედა (ირმა სოხაძე) - იცავს თავის კოლეგებთან ერთად. ნამდვილად არ ვიცი, რა გამომივა ან როგორ იქნება ეს პოსტი აღქმული. მაგრამ თემა ძალიან მაინტერესებს და ამიტომ მაინც გადავწყვიტე დავწერო.

ალბათ მიხვდებოდით რაზეც ვლაპარაკობ - “რუსეთთან კულტურული კავშირების”, უფრო კონკრეტულად კი, მათი “აღდგენის” ამბავზე. თავად ის ფაქტი, რომ ჩვენში ამ თემებზე ღია საუბარი დაიწყო, მე დადებითი მოვლენა მგონია - ცხადია, რომ დისკუსია ყოველთვის სჯობს ცალმხრივ პროპაგანდას და ზედაპირულ ლოზუნგებს. თუმცა, მეჩვენება, რომ ამ მძაფრი ემოციებით და ვინ-უფრო-მაგარი-პატრიოტია სულისკვეთებით გაჟღენთილ საუბრებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი რჩება სათანადო ყურადღების მიღმა. და ეს პოსტი სწორედ ამ გარემოებების აქცენტირებას ისახავს მიზნად.


ბაზარი და გულები

ჯერ მარტივ საკითხზე - მსუბუქ შეუსაბამობაზე, რომელიც ძირითადად რუსეთში ტურნეების მოსურნეთა რიტორიკაში იჩენს ხოლმე თავს. ერთი მხრივ, გვესმის მტკიცება, რომ კულტურა მხოლოდ საქმოსნობის ერთ-ერთი ფორმაა - შემოსავლის წყარო, თუ გნებავთ ბიზნესის სახეობა, რომელიც იქით მიილტვის, სადაც “ბაზარი” და “მყიდველი” ეგულება. მეორე მხრივ კი, ვისმენთ რომანტიკულ განცხადებებს კულტურის ექსპორტის გზით საზოგადოებების დაახლოების და “რუსეთის აუდიტორიის გულების გათბობის” თაობაზე. ეს პოზიციები ერთმანეთთან აშკარა შეუსაბამობაში მოდის - “ჩვეულებრივი” საქმოსნობით, მაგალითად, რუსეთის ბაზრებზე ციტრუსების ან მინერალური წყლის გატანით დაკავებულ ხალხს თავში არასოდეს მოუვა იმის თქმა, ამით ვინმეს გულებს გავუთბობ ან სახალხო დიპლომატიას გავაჩაღებო. ეს შეუსაბამობა კი, ჩემი აზრით, ორ რამეს ამტკიცებს: (1) კულტურის და პოლიტიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან რთულია; (2) კულტურა არ წარმოადგენს “ჩვეულებრივ ბიზნესს” და მისი აღქმა თუ გავრცელებაც მნიშვნელოვნად სცდება მხოლოდ მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო კანონებს.

მეტიც - “კულტურა” არც მხოლოდ ცალკეული საგნების თუ ტექსტების ნაკრებია, იქნება ეს რომანი, ნახატი, სიმღერა თუ რომელიმე ვოკალურ-ინსტრუმენტული კოლექტივი. საქმე ბევრად უფრო ფართო ცნებასთან გვაქვს - განცდებთან, ემოციებთან, აზრებთან და შეხედულებებთან დაკავშირებულ პროცესთან. სივრცესთან, რომლის მთავარ დანიშნულებასაც  მნიშვნელობების წარმოქმნა და მინიჭება წარმოადგენს საგნებისთვის თუ პროცესებისთვის. სწორედ კულტურა გვაძლევს გარემოს აღსაქმელად საჭირო კოდებს თუ სიმბოლოებს. კულტურა ქმნის იმ კონტექსტებს, რომლებიც მოვლენების ინტერპრეტაციისთვის არის აუცილებელი.

და სირთულეც, ჩემი აზრით, ზუსტად აქ იჩენს თავს. საქართველოსა და რუსეთს შორის “კულტურულ კავშირებს” მდიდარი კონტექსტი, თუ გნებავთ, თავისი “კულტურა” აქვს, რომელიც მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ისტორიულ პროცესებთან - იქნება ეს საქართველოზე რუსული იმპერიული დომინაცია თუ საბჭოთა სივრცეში მოქმედი ძალაუფლების სტრუქტურები. სხვა კონტექსტი, სხვა მნიშვნელობები ან სხვა “დისკურსი” არ არსებობს - პოსტსაბჭოთა ოცწლეულს ამ მხრივ თვისებრივი გარღვევა არ მოუტანია. დღევანდელი, ენთუზიაზმით წამოწყებული კავშირების “აღდგენის” მთავარი პრობლემაც სწორედ ის არის, რომ სიახლეს ვერც ის გვთავაზობს წარსულის ან, მით უფრო, აწმყოს ასახვის, ან შეფასების თვალსაზრისით. ქართული ფოლკლორული წარმოდგენის კრემლის დარბაზში შესრულება ან “სულიკოს”, “თბილისოს” თუ რუსული რომანსების სიმღერა პირველ რიგში სწორედ ამ, უკვე დამკვიდრებულ კოდებს გაააქტიურებს - აუდიტორიის გამთბარი გულებიდან ბევრში ძველი, საბჭოთა დროის ნოსტალგიას გააღვივებს და მორიგ ჯერზე გამოიხმობს რუსეთის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური დომინაციის შემნიღბავ, დახავსებულ და ტრაფარეტულ მითებს “ორი ერის ძველი ძმობისა და მეგობრობის” შესახებ.

x
ცხადია ეს არ ნიშნავს, რომ ნოსტალგიური კონტექსტი ავტომატურად გარდაუვალია ქართველი არტისტების ყველა გამოსვლისთვის რუსეთში. მაგრამ ახალი მნიშვნელობების დამკვიდრება ალბათ ახლებური კულტურული ფორმებით იქნება შესაძლებელი. “ვოლშებნოე მნოგოგოლოსიე ი ოგონ გრუზინსკოგო ტანცა” - როგორც ანსამბლ “რუსთავის” საგასტროლო აფიშაზე ვკითხულობთ - რამდენადაც შესანიშნავია, იმდენადვე ჯდება იმპერიულ სტერეოტიპში, რომელიც საქართველოს წარმოსახავს ეთნიკურ, ეგზოტიკურ, დროში გაყინულ და ტრადიციულ სანახაობად. ძველი კულტურული კოდების შესაცვლელად კი ალბათ ცოტა სხვა რამ არის საჭირო - უფრო ახლებური, უფრო უჩვეულო და, თუ გნებავთ, უფრო “პოლიტიკური” ხელოვნება. გამოხატვის ფორმები, რომლებიც ოდნავ მაინც აირეკლავს დღევანდელ დღეს და ვითარებას. არა იმიტომ, რომ, როგორც გვარწმუნებენ, რუსეთს უნდა “დავუმტკიცოთ”, ამ წლების განმავლობაში როგორ საოცრად განვვითარდით, არამედ იმის გამო, რომ ეს, უბრალოდ, უფრო ადეკვატური იქნება, თუკი მართლა გვსურს წარსულზე რეფლექსია და, მით უფრო, სამომავლო ურთიერთობებზე ორიენტირება.

მაგრამ ეს, სამწუხაროდ, უიმედო ამბავს ჰგავს. ახლებური კონტექსტების შემქმნელი ან ახალი მნიშვნელობების წარმომშობი კულტურული ფორმები საექსპორტოდ კი არა, ჩვენივე, შიდა მოხმარებისთვის წარმოადგენს ძალიან დიდ დეფიციტს. აგერ ქართული “ალტერნატიული” პოეზიის სიმბოლო, ლამის ქართველ ბიტ-პოეტად  მიჩნეული ბატონი კოტე ყუბანეიშვილი, ყველაზე მდარე და გაცვეთილ სნობიზმს ვერ სცდება და დღევანდელი ვითარების მოკლე აღწერას ასე გვთავაზობს - “ვაკელებს პროლეტარები ებრძვიან”. (ერთადერთი, მგონი, “ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრია” ის იშვიათი პროექტი, რომელიც ნამდვილად ატარებს კონტრკულტურულ იმპულსს. თუმცა ჯერჯერობით საკმაოდ ლოკალურს.) აღარაფერს ვამბობ სუფთად პოლიტიკური მესიჯების მატარებელ პრაქტიკებზე, რომლებიც, როგორც “არა-ოკუპაციას” ლოზუნგის ქვეშ ახლახან ჩატარებულმა კულტურულმა აქციამ კიდევ ერთხელ ზედმიწევნით ნათლად გვაჩვენა, ვერა და ვერ სცდება პათეტიკაშერეულ, ლოზუნგურ და სალონურ სულისკვეთებას. ამიტომაც - ბევრი რომ არ გავაგრძელო -  პირადად მე ეს კულტურული ურთიერთობების “აღდგენის” კამპანია უმეტესწილად ნოსტალგიით გაჟღენთილი ამბავი მგონია, რომელმაც ყველაზე დიდი იმის მიღწევა შეძლოს, რომ დღევანდელობის კულტურული გამოწვევები და, მით უფრო, პოლიტიკური პრობლემები “ძველი მეგობრობის” დამტკბარი და ილუზორული ფასადით შენიღბოს. ეს არის და ეს. 


ართქმული ამბები 

თუმცა, როგორც რუსული ანდაზა გვასწავლის, “ნეტ ხუდა ბეზ დობრა” (ან “ვ კაჟდოი შუტკე დოლია პრავდი”, ვერ გადავწყვიტე რომელი უფრო უპრიანი იქნება). ჩემი აზრით, რუსეთთან კულტურული კავშირების შესახებ ჩვენში გაჩაღებული ეს დისკუსია შეიძლება, რომ ღირებული გამოდგეს, თუკი მოვახერხებთ მორალიზმის და ემოციების მიღმა გასვლას და უფრო სიღრმისეული თუ უფრო რაციონალური ტონალობის მიგნებას. მე უკვე დიდი ხანია მეჩვენება, რომ რუსეთზე და მასთან საქართველოს კავშირებზე დისკუსიებში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი რჩება თითქმის უთქმელი. არადა მათ შესახებ მსჯელობის დაწყება საინტერესო უნდა იყოს.

პირველ რიგში ალბათ იმის აღიარება, - თან, ვიმეორებ, მშვიდად აღიარება, - რომ მოსკოვთან ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მომხდარი პოლიტიკური თუ სამხედრო კონფლიქტების მიუხედავად, ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილის თვალში - “ინტელიგენციის” მიღმაც - “რუსეთი” ბევრად უფრო ახლობელ სივრცეს თუ იდეას წარმოადგენს, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა თუ კულტურა. კი, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. მაგრამ ეს ამბავი ერწყმის რუსეთთან კულტურული სიახლოვის განცდას. ცხადია, რომ აქ თანაბრად  მნიშვნელოვანია როგორც თაობების, ისე სოციალური კლასის საკითხი - ახალგაზრდებს, მით უმეტეს მათ, ვისაც მშობლებმა საკმარისი კულტურული ან ეკონომიკური კაპიტალი მისცეს დასავლეთში სწავლისთვის და მოგზაურობისთვის, ეს განცდა ნაკლებად აქვთ. მაგრამ ზოგადად მგონი აშკარაა, რომ “უცხოს”, თუ “სხვას” - და, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში “ქართულ ეროვნულობას დამუქრებულ მტერსაც” კი - ჩვენს კოლექტიურ წარმოსახვით სივრცეში, მაგალითად, თურქეთი ან თუნდაც “დასავლეთი” უფრო წარმოადგენს, ვიდრე რუსეთი.

ამას ბევრი მიზეზი აქვს - მათ შორის ყველაზე მარტივი ალბათ ის, რომ ორასწლოვანი კულტურული, ენობრივი თუ სხვა სახის  კავშირის გაწყვეტა ადვილი არ არის, რაც უნდა მწვავე იყოს პოლიტიკური ფონი. უფრო კონკრეტულად კი, ჩემი აზრით, ეს დიდწილად არის იმ გარემოების შედეგი, რომ ჩვენს კულტურულ სივრცეში მოქმედი ალბათ ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი - მართლმადიდებელი ეკლესია - სწორედ რუსულ სივრცესთან ინარჩუნებს ახლო კავშირს.

ახლა არ ვსაუბრობ ილია მეორის მოსკოვში ვიზიტებზე. არც მის განცხადებებზე საქართველოსა და რუსეთს შორის ძმურ ურთიერთობებებში „ვიღაცის“ შურის გამო ხელოვნურად გაჩენილი მტრობის ან მისი აღმატებულება ვლადიმირ პუტინის სიბრძნის თუ სითბოს შესახებ (ისე კი ამაზე ალბათ ცალკე წერილი შეიძლება დაიწეროს. მაგალითად, იმის ანალიზი, თუ რა გამოდის, როცა ერთი მხრივ ვამბობთ, რომ “ის, რაც მოხდა, არც რუსეთის ბრალია და არც საქართველოსი - ეს იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი”.  მეორე მხრივ კი, პუტინს “ბრძენ პიროვნებად” ვაცხადებთ). არც ამ ტენდენციის უკიდურესად გროტესკულ გამოვლინებებზე ვწერ - მაგალითად, მეუფე იობის ეპარქიის გამოცემა „ქვაკუთხედში“ დაბეჭდილ, სკანდალურად ცნობილ მეტაფორაზე, რომ აგვისტოს ომის დროს რუსეთის ჯარის მიერ აღმართული ბლოკ-პოსტები “ზეციური მარწუხები” იყო, რომლებსაც საქართველოს დასავლეთისკენ სვლა უნდა დაებრკოლებინა. მხედველობაში ბევრად უფრო ზოგადი სურათი მაქვს -  რომ ეკლესიის სახით, საქმე გვაქვს დიდწილად იზოლაციონისტურ ინსტიტუტთან (როგორც ვიცით, საქართველოს ეკლესია ოფიციალურად გამოსულია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდანაც და ევროპის ეკლესიათა კონფერენციიდანაც), რომელიც ანტიდასავლური - ან, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთის მიმართ მძაფრი სკეფსისით განმსჭვალული - პოზიციებით გამოირჩევა, მართლმადიდებელ სამყაროში კი სიახლოვე - ისტორიიდან გამომდინარე - რუსულ სივრცესთან აქვს. 


მთავარი არდასმული შეკითხვა

აქ კი მივადექით მთავარ შეკითხვას, რომელიც ჩვენს რეალობაში ძალიან აშკარად დგას - მაგრამ რომელსაც ჯიუტად ვარიდებთ თავს მთელი ამ წლების განმავლობაში. მაინც როგორ შეესაბამება ერთმანეთს ერთი მხრივ პოლიტიკურად დეკლარირებული და მოქალაქეების მიერ მხარდაჭერილი პროდასავლური ორიენტაცია, მეორე მხრივ კი ის ფაქტი, რომ ინსტიტუტი, რომელსაც, უკლებლივ ყველა გამოკითხვით, მოსახლეობა ყველაზე დიდ ნდობას უცხადებს, დასავლეთს ხშირად გამოსახავს მორალური მანკიერების წყაროდ - დენაციონალიზებულ სივრცედ, რომელიც ჩვენს ტრადიციებს და ეროვნულობას ემუქრება? არადა ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რომელსაც - კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - ემოციების, ურაპატრიოტიზმის, მორალიზმის და ქედმაღლური „ზაპადნიკობის“ გარეშე სჭირდება განსჯა. პირადად მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. თუმცა ველი, რომ ამაზე ჩემზე კომპეტენტური ხალხი - ინტელექტუალები, ექსპერტები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები და სოციოლოგები - დაიწყებს ლაპარაკს.

სასაუბრო კი მართლაც ბევრია. მაგალითად, კიდევ ერთი შეკითხვა - რამდენად არის განპირობებული ჩვენს რეალობაში არსებული ქსენოფობიური, ანტილიბერალური და ანტიდასავლური განწყობები სწორედ რუსეთის საეკლესიო სივრცესთან სიახლოვით? ისტორიულ ასპექტებს თავი დავანებოთ - იქნება ეს დიდწილად რელიგიით  ნასაზრდოები რუსული მესიანიზმი თუ ერეტიკოს ევროპასთან დაპირისპირებული მოსკოვის, როგორც “მესამე და უკანასკნელი რომის”, მეტაფორა. დღევანდელობის მაგალითიც საკმარისია - რუსეთის საეკლესიო წრეებში კვლავაც უხვად შეხვდებით სენტიმენტს, რომ “უცხოელი დემონები” ებრძვიან “წმინდა რუსეთს”. რუსეთის პატრიარქი ლიბერალიზმს მსოფლიო ბოროტებას ადარებს და აცხადებს, რომ ის კოლაფსს და აპოკალიფსს მოიტანს. ამასთან, როგორც ალბათ ისტორიის ყველა ეტაპზე - საბჭოთა ეპოქის ჩათვლით - რუსეთის ეკლესია კვლავ სახელმწიფოს სამსახურში დგას და დასავლეთთან კრემლის იდეოლოგიურ დაპირისპირებასაც უმაგრებს ზურგს. ეს დაპირისპირება კი, მოგეხსენებათ, სხვა ბევრ ასპექტთან ერთად, დღეს უკვე “პუტინის დოქტრინად” წოდებულ პოლიტიკას მოიცავს - იმ გეოსტრატეგიული მდგომარეობის მაქსიმალურად აღდგენას, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად იქნა დაკარგული.

ჩვენში ბოლო პერიოდში დაწყებულ დისკუსიას თეორიულად შეუძლია ბიძგი მისცეს ამ კითხვებზე მსჯელობას. ოღონდ საამისოდ ისტერიული ფონის გადალახვაა საჭირო. სანამ ერთნი „რუსეთთან კოლაბორაციონისტების და სამშობლოს მოღალატეების“ მხილებით არიან დაკავებულნი, მეორეებს კი ყველგან „ეკლესიის და პატრიარქის მტრები“ ელანდებათ, ამ დისკუსიიდან არაფერი გამოვა. ასე დავრჩებით - იმის განხილვაში, გაათბობს თუ ვერ გაათბობს გულებს „ოგონ გრუზინსკოგო ტანცა“ და მაინც რას იზამს ეს სითბო რუსეთთან ურთიერთობების „დალაგების“ ილუზორულ პროცესში...

Tags:რუსეთი, ბლოგი, მართლმადიდებელი ეკლესია, ლიბერალიზმი, კულტურული კავშირები


სამთავრობო ნავთი აგრესიის ცეცხლზე

სანამ საქმეზე გადავალ, ჯერ ერთი ამბავი უნდა დავაზუსტოთ, მოკლედ და კონკრეტულად. თბილისის ქუჩებში 8 თებერვალს კონცენტრირებული აგრესია ცალსახად შემზარავი იყო; თავაშვებული ძალადობის შემყურე პოლიციის უნიათობა - ძალიან დამთრგუნველი. მაგრამ სენტიმენტები, რომ “თვისებრივად არაფერი შეცვლილა” და “ისევ ძალადობრივ გარემოში ვცხოვრობთ” მაინც უადგილო მგონია.

რაღაცეები - და თან არც ისეთი უმნიშვნელო რაღაცეები - მგონი მაინც შეიცვალა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასე ჩანს. ახალი ხელისუფლების და მისი ლიდერის ირგვლივ ბევრი ეჭვის თუ შეშფოთების საფუძველი გვაქვს; პირადად მე ივანიშვილის მიერ ირაკლი ალასანიას სულ მცირე ორჯერ საჯაროდ დატუქსვის და დასჯის შემდეგ განსაკუთრებული სიძლიერის სკეფსისი მომეძალა როგორც თავად პრემიერ-მინისტრის “დემოკრატობასთან”, ისე მთლიანად კოალიციის პოლიტიკურ სიჯანსაღესთან მიმართებით. მაგრამ ძალადობის ხარისხის თუ ინტენსივობის მხრივ მაინც მგონია, რომ ცოტაოდენი უკეთესობაა.

ჯერ ერთი, ალბათ შეგვიძლია ფრთხილად, მაგრამ მაინც ვივარაუდოთ, რომ საპატიმროებში თუ სამხედრო სტრუქტურებში წამების პრაქტიკა ამ ეტაპზე შეწყვეტილია. ეს არ ნიშნავს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში წამება ნამდვილად არ მოხდება - თუმცა ის, რომ ეს პრობლემა უწინდელ მასშტაბებს აღარ შეედრება, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთეა. უფრო ზოგადად თუ ვიტყვით, საქმე აღარ გვაქვს სახელმწიფოს ძალისმიერი თუ ძალადობრივი მექანიზმების ლამის ფეტიშამდე აყვანასთან. კი, ბატონო, ეჭვი არავის შეაქვს დახვეწილი თეორიების ჭეშმარიტებაში - რომ “თანამედროვე სახელმწიფოში მთავრობა უნდა ფლობდეს მონოპოლიას ლეგიტიმურ ძალადობაზე” და რომ ეს “საზოგადოებრივი ხელშეკრულებით” უნდა იყოს განპირობებული. მაგრამ კიდევ უფრო ბანალური ჭეშმარიტებაა ის, რომ სახელმწიფოს ძალაუფლებას მკაფიო ზღვარი უნდა დაუწესდეს, ხოლო მთავრობამ თავისი ფუნქცია კანონის ფარგლებში უნდა შეასრულოს. სხვა შემთხვევებში - როცა ხელისუფლება თავისი უფლებამოსილებით ბოროტად სარგებლობს, ძალის გამოყენებას და ძალადობას შორის ზღვარს სისტემატურად არღვევს და საპროტესტო აქციების “დაშლად” წოდებულ, სისხლიან და თავაშვებულ სადამსჯელო ოპერაციებს “სახელმწიფოდ შედგომად” მიიჩნევს - მოქალაქე უუფლებო და დაუცველი ხდება სახელმწიფოს რეპრესიული მექანიზმების წინაშე. დაახლოებით ისეთი, როგორიც ის საქართველოში წინა ხელისუფლების პირობებში იყო.

ეს შესავლის სახით. ახლა მთავარ სათქმელს რაც შეეხება: 8 თებერვალმა აშკარად გვაჩვენა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ ჩვენს ბევრ თანამოქალაქეში დაგროვილი სიბრაზე თუ უსამართლობის განცდა ძალიან ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სპონტანურ და ქაოსურ აგრესიაში. ვითარება კიდევ უფრო მძიმდება იმით, რომ ამ აგრესიას შესაძლოა ბევრი მოწინააღმდეგე არც გამოუჩნდეს, გულგრილი პრინციპით “აბა რა ეგონათ” და “რასაც დასთესავ, იმას მოიმკი”. ყველაზე დიდ პრობლემას კი, ჩემი აზრით, ის წარმოადგენს, რომ ახალი ხელისუფლება ამ სახიფათო რეალობას ხშირად იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის - თავისი მორალური უპირატესობის გასამყარებლად. იმის ნაცვლად, რომ ყველანაირად ცდილობდეს საზოგადოების ემოციები როგორმე რაციონალურ ჩარჩოებს დაუქვემდებაროს და სამართლებრივ კალაპოტში მოაქციოს, ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი, თავისი ქმედებებით, ხშირად ცეცხლზე ნავთს ასხამს და ვნებების თუ აგრესიის კიდევ უფრო მეტად გაღვივებას უწყობს ხელს. (დღეს შეგნებულად არაფერს ვამბობ უმცირესობის წარმომადგენელთა გამომწვევ და უპასუხისმგებლო ქცევაზე. რომელი ერთი ჩამოვთვალო - მარტო პრეზიდენტის მიერ იმავე 8 თებერვლის საღამოს ნათქვამი სიტყვები რად ღირს, გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულები იმიტომ შევიწყალე, რომ ეს თემა „ზეპოლიტიზებული“ გახდაო. ან ქალაქის მერის ძველბიჭურ-ქედმაღლური პოზიცია - რომ დასაკითხად იქით უნდა ესტუმრონ და თავად გამოცხადებას არ აპირებს. ამ პოლიტიკური გუნდის წევრთა ქცევას და რიტორიკას უკვე თითქმის ათწლეულია ვუყურებთ და პირადად მე უკვე ზედმიწევნით უშედეგო, უიმედო და უინტერესო მგონია იმის გაუთავებელი წერა, რომ დაშვებულ მძიმე შეცდომებზე ცოტაოდენი რეფლექსია და ოდნავ უფრო ადეკვატური ნაბიჯები მათთვისვე იქნებოდა უკეთესი. დღეს ხელისუფლებაში ახალი ძალა მოვიდა - და სწორედ მას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა რაციონალურად მოიქცეს და საზოგადოებაში დაგროვილ ემოციებს სამართლიანი მიმართულება მოუძებნოს).

ყველაზე ნაკლებად ახლა პოლიციის მიერ 8 თებერვალს გამოვლენილ პასიურობას ვგულისხმობ აგრესიის მიმართ - ისევე, როგორც ძალადობის დაშვების შემდეგ თავის მართლებას ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწყობილი „პროვოკაციის“ საბაბით. ცხადია, თავისთავად ესეც დიდი პრობლემაა - თუმცა, ჩემი აზრით, საქმე კიდევ უფრო ფართო ტენდენციასთან გვაქვს. მაგალითად, მე ცოტა არ იყოს მიჭირს ჩვენი ემოციებით და ციხის კადრებით მიღებული კოლექტიური ტრავმით მანიპულირება არ დავინახო გენერალური პროკურორის ქცევაში, რომელსაც ლამის უკვე ტრადიციად ექცა ორ კვირაში ერთხელ ტელეეკრანიდან ახალ-ახალი შემზარავი ამბების მოყოლა - რომ “პატიმრებს აყურებინებდნენ, როგორ აუპატიურებდნენ მისი ოჯახის წევრს”, რომ “ყელამდე მიწაში ჩაფლული ადამიანის თავზე ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდნენ”, რომ “პატიმარი ყვებოდა, როგორ აბანავეს მორგში გარდაცვლილი ადამიანის სისხლში”. გავიგეთ - წინა ხელისუფლების პირობებში საპატიმროებში საშინელება ტრიალებდა. ისიც გავიგეთ, რომ წამების ფორმები სისასტიკის თავაშვებულ ორგიებში იყო გადაზრდილი. ეს რომ გავიგეთ, სწორედ ამიტომ დაისაჯა ნაციონალური მოძრაობა 1 ოქტომბრის არჩევნებში. ახლა, ჩემი აზრით, გენერალური პროკურორისგან პორციებად მოწოდებული, სენსაციური და შემაძრწუნებელი ამბებით კიდევ უფრო მეტად დაზაფვრა კი არ გვჭირდება, არამედ წამების პრაქტიკის მიუკერძოებელი, რაციონალური და უკომპრომისო გამოძიება. ზუსტად ისეთი, როგორიც ახლახან თერთმეტმა ავტორიტეტიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა და იქვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მკვეთრი ნაბიჯები არ არის გადადგმული - არც ციხეებში შეიმჩნევა მსჯავრდებულებთან გამომძიებლების აქტიური საუბრები წამების ფაქტების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით და არც საზოგადოებაა სათანადოდ ინფორმირებული გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე.

აღარაფერს ვამბობ იმ ირონიულ ფაქტზე, რომ პოლიციის პროფესიონალიზმის და ეთიკის ამაღლების და, რაც მთავარია, მისი “დეპოლიტიზაციის” შესახებ დიდი რიხით გაცემული დაპირებების ფონზე პოლიციის აკადემიის პრორექტორად აი ამ სიტყვების ავტორია დანიშნული: “რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მისი დიდსულოვნება და პატიების უნარი, დღეს თითოეული ‘ნაციონალი’ ცოცხლად იქნებოდა გატყავებული". ლუკა კურტანიძის სახელს პოლიციის აკადემიის გარეთაც უკავშირდება უსიამოვნო ამბები, იქნება ეს არჩევნების წინა პერიოდში რწმუნებულის დაშინება თუ ჭიდაობის ფედერაციაში ახლახან მომხდარი ცემა-ტყეპა. მაგრამ ყველაზე მძიმე და აშკარა პრობლემა, ცხადია, მისი ამ თანამდებობაზე ყოფნაა. ასეთი მოუთოკავი აგრესიის მფრქვეველი პირი პოლიციის აკადემიაში უბრალოდ არ შეიძლება მუშაობდეს. თან ის ხომ რიგითი ფიგურა არ არის - ცნობილი სპორტსმენია, ჩემპიონი, რომელსაც მომავალი პოლიციელები ალბათ ავტორიტეტად, მისაბაძ პიროვნებად აღიქვამენ. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ასეთი “ავტორიტეტის” ყოლის პირობებში მათ თავიანთი უმთავრესი მოვალეობების და ეთიკური პრინციპების გათავისება შეძლონ - რომ, უკანონობასთან ბრძოლასთან ერთად, მათი უპირველესი ფუნქცია უნდა იყოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დაცვა და, რაც მთავარია, სუბიექტური ემოციების, პოლიტიკური შეხედულებების, პირადი მტრობის თუ მეგობრობის გვერდზე გადადება მოვალეობის შესრულების დროს.

სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, შევაჯამებ - მგონი დროა, ახალმა ხელისუფლებამ მოუკლოს პათეტიკურ, მორალისტურ და ადამიანებში ისედაც დაგროვილი ნეგატიური ემოციების კიდევ უფრო დამუხტვისკენ მიმართულ განცხადებებს და, თუკი ეს საერთოდ შეუძლია, “სამართლიანობის აღდგენის” გზაზე კონკრეტული, რაციონალური ნაბიჯები გადადგას. „სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმზე“, “მკვლელებზე” და “ჯალათებზე” ლაპარაკი და თუნდაც „რეჟიმის მსხვერპლთა“ მემორიალის გახსნა პირველ რიგში სწორედ ემოციების გაღვივებას ემსახურება. და ეს მაშინ, როცა არჩევნებიდან ოთხი თვის თავზე კვლავაც ძალიან ცოტა რამ ვიცით იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ან რა სტადიაზეა იმ საქმეების გამოძიება, “გახმაურებულებს” რომლებსაც ვუწოდებდით და შეძრწუნებულები რომლებითაც ვიყავით. ციხეებში წამებაზე ახალი და კონკრეტული ბევრი ვერაფერი შევიტყვეთ; ხაშურის პოლიციაში „კიბიდან გადმოვარდნილი“ სოლომონ ქიმერიძის ან 26 მაისის შემდეგ “სახურავზე ნაპოვნი” ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის საქმეები ჯერჯერობით მგონი საერთოდ არავის უხსენებია; გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით იანვრის ბოლოსთვის დაპირებული ახალი დეტალებიც აშკარად იგვიანებს. ერთადერთი საქმე, რომლის ირგვლივაც მეტნაკლებად გამოიკვეთა ახალი გარემოებები, ბუტა რობაქიძის მკვლელობაა - ოღონდ, ამ ახალი ინფორმაციის გავრცელების და კონკრეტული პირებისთვის ბრალის წაყენების პარალელურად, შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს და შემდეგ სააკაშვილის ბობოქარ ოპონენტად ქცეულ ირაკლი ოქრუაშვილს ყველა ბრალდება მოუხსნეს, რაც ცოტა არ იყოს ირონიულ ჟღერადობას ანიჭებს იუსტიციის მინისტრის მიერ თავდაჯერებული კატეგორიულობით გაკეთებულ განცხადებას - რომ „საქართველოში, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, არ არსებობს შერჩევითი სამართალი“.

ბოლოს ძალიან მოკლედ ყველაზე მთავარზე. ჩვენ ჯერ კიდევ თითქმის არაფერი ვიცით იმაზე, თუ როგორ აპირებს, ან საერთოდ თუ აპირებს სახელმწიფო წამების და ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას, მათ რეაბილიტაციას. რაც ვნახეთ და რასაც ვისმენთ, იმის ნახევარი მაინც თუ სიმართლეა, ეს ნიშნავს რომ ჩვენს გვერდით ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ვისაც ძალადობამ სიცოცხლე დაუმახინჯა და ალბათ სამუდამო დაღი დაატყო. მათ დასახმარებლად ნამდვილად არ იკმარებს რამდენიმე, თუნდაც ძალიან კარგი და კეთილშობილი არასამთავრობო ორგანიზაციის ძალისხმევა. ამაზე პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, საგანგებო დაფინანსება გამოყოს და პროგრამები აამუშავოს. დრო სწრაფად გადის - არადა წამებასთან მებრძოლი ყველა ჯგუფი თუ ორგანიზაცია გეტყვით, რომ მსხვერპლის დახმარება წამების ფაქტიდან რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში ზიანი შესაძლოა შეუქცევადი აღმოჩნდეს.

შურისძიების სურვილი ძლიერი ვნებაა, რომელსაც ესკალაცია ახასიათებს. თუმცა კანონიერებით, სამოქალაქო სოლიდარობით, აგრესიის არდაშვებით და ტრავმირებულთა დახმარებით ემოციების დაცხრობაც შეიძლება და ესკალაციის აღკვეთაც. მაგრამ ჩვენში, როგორც ჩანს, ეს საფრთხე კიდევ დიდხანს იარსებებს. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ჩვენი ბევრი თანამოქალაქის მიერ რეალურად გამოვლილი წამების და ძალადობის შემზარავი გამოცდილება პირველ რიგში პოლიტიკური ელიტების დაპირისპირებას თუ არჩევნებში მოგება-წაგებას მოხმარდება. და სანამ ადამიანების დახმარებაზე უფრო მეტად უკვე ლამის სიტყვიერ კლიშედ ქცეულ „ცოცხებზე“ ნიშნისმოგებით ლაპარაკს მოვუნდებით.

Tags:ძალადობა, პოლიტიკა, ბლოგი


ტონი ჯატი ქართულად

საახალწლო პოსტების წერა არ მეხერხება. განვლილი წლის მოვლენების შეჯამება ბანალური მეჩვენება; მომავალი წლის პერსპექტივებზე ვარაუდების გამოთქმა - პრეტენზიული; სავალდებულო დადებითი განწყობა თუ პოზიტიური მუხტი კი უბრალოდ არ გამომდის.

მაგრამ თან მაინც მინდა რაღაც განსაკუთრებული შემოგთავაზოთ. ხარისხით გამორჩეული თუ არა, შინაარსით განსხვავებული მაინც. ჰოდა გადავწყვიტე, ეს პოსტი გამოვაქვეყნო. საახალწლო განწყობას ალბათ მაინც ვერ შევქმნი - პოსტი გრძელი და სპეციფიკური გამომივიდა - მაგრამ ორი კარგი ამბავი ნამდვილად შემიძლია გაგიზიაროთ. ჯერ ერთი, ახლახან გავიგე, რომ თურმე საქართველოში მოქმედებს ერთი ძალიან კარგი და საჭირო არასამთავრობო ორგანიზაცია, სახელად „რადარამი“. ეს ორგანიზაცია ქართულად გამოსცემს და ხელმისაწვდომ ფასად ავრცელებს წიგნებს, რომლებიც გამორჩეულად მნიშვნელოვანია დასავლეთში მიმდინარე დისკუსიებისთვის პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებზე. მეორე, და ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო ამბავი კი ის გახლავთ, რომ ამ გამომცემლობამ წლის ბოლოს არჩევანი შეაჩერა ჩემი საყვარელი ავტორის, ბრიტანელი ისტორიკოსის, ტონი ჯატის, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წიგნზე - „უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას“ - რომელიც უკვე დაიბეჭდა და წარედგინა კიდეც მკითხველს. წიგნის წინასიტყვაობის დაწერის პატივი „რადარამმა“ მე მარგუნა - რისთვისაც მათ დიდ მადლობას მოვახსენებ. სწორედ ამ წინასიტყვაობის ოდნავ შეცვლილ ვარიანტს წარმოადგენს პოსტი, რომელსაც ახლა (იმედია) კითხულობთ.

ტონი ჯატის სახელი პირველად ხუთიოდე წლის წინ გავიგე. რამსახურში ბალკანელ კოლეგებთან ვლაპარაკობდი იუგოსლავიის დაშლის პროცესის თანმდევ ომებზე. მათ მირჩიეს წამეკითხა ერთი თავი ჯატის წიგნიდან „Postwar“ („ომისშემდგომი“) - მითხრეს, ამ ურთულესი და სისხლიანი მოვლენების ასეთი ზუსტი, ასეთი ღრმა და თან ასეთი მოკლე ანალიზი ძალიან იშვიათიაო. წიგნი წავიკითხე და დავრწმუნდი, რომ ის არა მხოლოდ იუგოსლავიის დაშლას, 1945 წლის შემდგომი ევროპის მთელ ისტორიას ასე გადმოსცემს - სისადავის, ლაკონიურობის, სიღრმის და აზროვნების მასშტაბის უჩვეულო სინთეზით. ალბათ ამიტომაც, ჯატის ტექსტებში ყველაზე დიდ მიღწევად სწორედ „Postwar“ ითვლება - 2005 წელს გამოცემული წიგნი.

ეს წიგნი ერთდროულადაა ომის შემდგომი დასავლეთის ისტორიაც და უკომპრომისო პოლემიკაც თანამედროვეობის პოლიტიკური კლიმატისა თუ სოციალური პრობლემების შესახებ.

თუმცა ჯატს მხოლოდ „ისტორიკოსი“ ნამდვილად არ ეთქმის. რაც უფრო მეტს ვკითხულობ, მით უფრო მაოცებს მისი მრავალფეროვნება როგორც თემატიკის, ისე წერის სტილის თუ თხრობის ფორმის თვალსაზრისით. მისი ტექსტები მოიცავს უმწვავეს პოლემიკას საერთაშორისო ურთიერთობების, ევროკავშირის, ისრაელის თუ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ; უჩვეულო და ახლებურ მიდგომებს სხვა ავტორების მიმართ (მაგალითად, ჰანა არენდტზე, ან ედუარდ საიდზე მისი წერილები ჩემთვის შეუდარებელია); მოულოდნელად გულწრფელ, ელეგიურ და ლირიკულ ავტობიოგრაფიულ მოტივებს - რომლებიც, როგორც წესი, გადაჯაჭვულია ხოლმე მეოცე საუკუნის ევროპის მოვლენების, იდეოლოგიების თუ კონცეფციების ისტორიასთან. მისი სახელი - "Tony" - თავად იყო ისტორიით დატვირთული. მამამისმა მას ეს სახელი დაარქვა თავისი ბიძაშვილი ქალის, Toni-ს პატივსაცემად, რომელიც ოსვენციმის გაზის კამერაში დაიღუპა ისტორიკოსის დაბადებამდე ხუთიოდე წლით ადრე.

„რადარამის“ მიერ ქართულად ნათარგმნ წიგნში - „უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას“ - ჯატი რამდენიმე როლს ითავსებს. ეს წიგნი ერთდროულადაა ომის შემდგომი დასავლეთის ისტორიაც და უკომპრომისო პოლემიკაც თანამედროვეობის პოლიტიკური კლიმატისა თუ სოციალური პრობლემების შესახებ.

ამ წიგნზე მუშაობისას ჯატი უმძიმესი და უკურნებელი სენით იყო ავად. ბრიტანელი ისტორიკოსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, მოტორული ნეირონების დაავადებამ კისრის ქვემოთ პარალიზებული დატოვა და ბოლოს, 2010 წლის 6 აგვისტოს, 62 წლის ასაკში იმსხვერპლა კიდეც. სანამ ლაპარაკი ჯერ კიდევ შეეძლო, ეტლში მჯდომმა და სუნთქვის დამხმარე აპარატზე მიერთებულმა ჯატმა მნიშვნელოვანი საჯარო ლექცია წაიკითხა სახელმწიფოს ფუნქციის, სოციალური სამართლისა და სოციალ-დემოკრატიის კრიზისის შესახებ. სწორედ ეს ლექცია დაედო საფუძვლად ამ წიგნს - რომელიც ჯატის ერთგვარ ანდერძადაც შეიძლება მივიჩნიოთ.


ტრიუმფალური მითები, დაურეგულირებელი ბაზრები, გაღრმავებული პრობლემები
„რაღაც ნამდვილად არ არის კარგად ჩვენს დღევანდელ ყოფაში“ - იწყებს ჯატი და ჩამოთვლის იმ მასშტაბურ პრობლემებს, რომლებიც, მისი აზრით, დღევანდელი დასავლეთის, უწინარესად კი აშშ-ისა და ბრიტანეთის რეალობაში დგას: მზარდ სოციალურ უთანასწორობას, ცხოვრების დონის გაუარესებას, ფულის გაფეტიშებას, პრივატიზაციის კულტს, ძლიერი და მდიდარი ძალების გავლენას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და, რაც მისთვის ყველაზე მტკივნეულია, საზოგადოებაში თანაცხოვრების განცდისა თუ საერთო ინტერესების აღქმის თანდათანობით მოშლას.

ტონი ჯატის "უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას". ქართული თარგმანიტონი ჯატის "უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას". ქართული თარგმანი
x
ტონი ჯატის "უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას". ქართული თარგმანი
ტონი ჯატის "უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას". ქართული თარგმანი
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დასავლეთის ისტორია, ჯატი რომ გვიყვება, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ნარატივისგან, რომელიც ხშირად გვესმის ხოლმე - რომ ფაშიზმზე გამარჯვებას მოჰყვა კომუნიზმზე გამარჯვება მოქალაქეების სიმდიდრის, კეთილდღეობისა და შესაძლებლობების ზრდის ფონზე. ამ ვერსიას ბედნიერი დასასრული აქვს - ტოტალიტარიზმს და დიქტატურას ამარცხებს ლიბერალური დემოკრატია, გეგმურ ეკონომიკას - თავისუფალი ბაზარი. ცივი ომის დასრულების და ბერლინის კედლის დანგრევის ფონზე ზოგიერთი ინტელექტუალი იმასაც კი წერდა, დღევანდელი ვითარება საკუთრივ ისტორიის დასასრულს მოასწავებსო - დასავლური ლიბერალური დემოკრატიის უნივერსალიზაციის და მსოფლიოში იდეოლოგიური დაპირისპირებების აღმოფხვრის გზით. მაგრამ ჯატი ამ პომპეზური ფასადის მიღმა ბევრად უფრო პრობლემურ რეალობას ხედავს - რეალობას, რომელიც თავად დემოკრატიულ კულტურას უქადის საფრთხეს.

პრობლემების სათავედ ჯატი ორი მთავარი ფაქტორის ერთობლიობას მიიჩნევს - ზედმეტ ოპტიმიზმს „თავისუფალი ბაზრის“, თუ დაურეგულირებელი კაპიტალიზმის მიმართ და გადაჭარბებულ სკეფსისს სახელმწიფოს როლთან დაკავშირებით. ამ იდეოლოგიური კონფიგურაციების აქტუალიზაცია, წერს ჯატი, დასავლეთის უახლესი ისტორიის ნაყოფია - 1970-იანი და 80-იანი წლებიდან განვითარებული პროცესების. მანამდე, დასავლეთის საზოგადოებები სხვა ტრაექტორიით მოძრაობდნენ - უთანასწორობას ამცირებდნენ პროგრესული გადასახადების, მთავრობის მიერ ღარიბებზე გაცემული დახმარებების და სოციალური მომსახურების მეშვეობით. ცხადია, ეს სხვადასხვანაირი ფორმით ხდებოდა - სკანდინავიის ქვეყნები ბევრად უფრო იყვნენ ორიენტირებული თანასწორობაზე, ვიდრე სამხრეთ ევროპის სახელმწიფოები, ბრიტანეთი ან აშშ. მაგრამ პრინციპი, რომ მოქალაქეებს შორის უთანასწორობის მაღალი დონე მთელი საზოგადოებისთვის არის საზიანო და ვითარების გამოსწორებაზე სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს, მეტნაკლები ინტენსივობით ყველგან იჩენდა თავს.

ბოლო 30 წლის განმავლობაში კი ვითარება შეიცვალა - განსაკუთრებით აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში, რომლებსაც ჯატი „დერეგულირებული საბაზრო კაპიტალიზმის ეპიცენტრებად“ მოიხსენიებს, რეიგან-თეტჩერის მმართველობის შედეგად. სახელმწიფოს ვალდებულებებს დიდწილად გამოაკლდა სოციალური უთანასწორობის შემსუბუქება, მაგალითად, პროგრესული გადასახადების დაწესებით და სიმდიდრის გადანაწილების გზით. ამის ნაცვლად, უპირატესობა საბაზრო ძალებს მიენიჭა - პოზიციას, რომ შეძლებულთა ხელში სიმდიდრის მაქსიმალური კონცენტრაცია გამოიწვევდა მეწარმეობის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას - და, ამის შედეგად, სიმდიდრე თავად „ჩააღწევდა“ ქვემოთ, ნაკლებშემოსავლიან ფენებამდე.

ამგვარი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგების შეფასებაში ჯატი ცალსახაა - უთანასწორობა კი არ შემცირდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბრიტანეთის საზოგადოებაში, ჯატის თქმით, შემოსავლის, სიმდიდრის, განათლებისა თუ შესაძლებლობების თვალსაზრისით უთანასწორობის მაჩვენებელი დღევანდელივით მაღალი 1920-იანი წლების შემდეგ აღარ ყოფილა - ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით ბრიტანეთი ერთ-ერთია იმათგან, რომლებშიც ყველაზე მეტი ბავშვი ცხოვრობს სიღარიბეში. აშშ-ში კი მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებმა წარმოუდგენელ კონტრასტებს მიაღწია - ჰიპერმარკეტების უმსხვილესი ქსელის, „უოლმარტის“ გენერალური დირექტორის შემოსავალი ცხრაასჯერ აღემატება ამ კომპანიის რიგითი მუშაკის შემოსავალს მაშინ, როცა 1968 წელს, მაგალითად, „ჯენერალ მოტორსის“ აღმასრულებელ დირექტორს ხელფასისა და პრემიების სახით რიგითი მუშაკის ხელფასზე დაახლოებით 66-ჯერ დიდი შემოსავალი ჰქონდა. მეტიც - 2005 წლის მონაცემებით, „უოლმარტის“ დამაარსებელი ოჯახის სიმდიდრე 90 მილიარდ დოლარამდე იყო - დაახლოებით იმდენი, რამდენსაც აშშ-ის მოსახლეობის დაბალი ფენების შემადგენელი 40 პროცენტი, ანუ 120 მილიონი ადამიანი, კოლექტიურად ფლობს.


სოციალური უსამართლობა - მუქარა დემოკრატიისთვის
ჯატისთვის უთანასწორობის ასეთი გროტესკული მაჩვენებელი სერიოზული პრობლემების სიმპტომია - თანაც ეკონომიკურზე უფრო მეტად, პოლიტიკური თვალსაზრისით. „ეკონომიკური ბაზრების“ ცნება მისთვის იმდენადაა ღირებული, რამდენადაც ისინი ადამიანების - მოქალაქეების - ინტერესებს ემსახურება. მას ეჭვი არ შეაქვს იმაში, რომ ბაზრებს ნამდვილად შეუძლიათ სიმდიდრისა და კეთილდღეობის წარმოქმნა. მაგრამ თავად „ბაზარი“ ჯატისთვის არც თავისუფლებას უდრის და, მით უფრო, არც სამართლიანობას. პირიქით - დაურეგულირებელმა, უკონტროლო, „თავისუფალმა“ ბაზრებმა შესაძლოა საზოგადოებაში მწვავე უსამართლობა და უთანასწორობა წარმოშვას. ჯატისთვის მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რამდენად მდიდარია ესა თუ ის ქვეყანა, არამედ ის, თუ როგორ არის ეს სიმდიდრე განაწილებული და რამდენად დიდია უთანასწორობის მაჩვენებელი მოქალაქეებს შორის.

ტონი ჯატიტონი ჯატი
x
ტონი ჯატი
ტონი ჯატი
მოკლედ რომ შევაჯამოთ, „უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას“ სოციალ-დემოკრატიას ეძღვნება - როგორც იდეას და ჩრდილოევროპული სახელმწიფოების მოწყობის ძირითად პრინციპს. ჯატის აზრით, სწორედ სოციალ-დემოკრატიაა ის ერთადერთი და ოპტიმალური ჩარჩო, რომელიც, ერთი მხრივ, ლიბერალიზმის მსგავსად ითავსებს პიროვნული თავისუფლების, კულტურული მრავალფეროვნებისა თუ რელიგიური ტოლერანტობის პრინციპებს. მაგრამ თან იმასაც ახერხებს, რომ თავი აარიდოს უკიდურეს ინდივიდუალიზმს თუ საზოგადოების ატომიზაციას და სწამდეს კოლექტიური სიკეთის იდეის, რომლის მისაღწევად საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.

კონტრასტები, რომლებსაც ჯატი აღწერს, მართლაც თვალშისაცემია. ევროპის სახელმწიფოებში მოქალაქეების უმრავლესობა აუცილებელ და საბაზისო სიკეთეებად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების ჯანდაცვაზე ზრუნვას, უფასო ან სუბსიდირებულ განათლებას, გამართულად მომუშავე საზოგადოებრივ ტრანსპორტს და სხვა აუცილებელ მომსახურებას. შესაბამისად, მოქალაქეები თანხმდებიან გადასახადების სისტემას, რომელიც სახელმწიფოს ამ სოციალური მომსახურებების ამოქმედების საშუალებას მისცემს. აშშ-ში კი განსხვავებული ვითარებაა. პოლიტიკურ დისკურსში „სახელმწიფო“, „მთავრობა“ და „საჯარო სექტორი“ დიდწილად ნეგატიური კონოტაციებით დატვირთული ცნებებია. ჯანდაცვის, დაზღვევის და განათლების მსგავს, უმნიშვნელოვანეს სფეროებში ფართოვდება კერძო სტრუქტურების როლი - ითვლება, რომ ეს ეფექტიანობას გაზრდის. მთავრობის უმთავრეს მოვალეობად ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მიიჩნევა. სხვა სფეროებში - მაგალითად, ჯანდაცვაში - მთავრობის როლის გაზრდის მოთხოვნა იქ „სოციალიზმის“ იარლიყს იკრავს.


ტერმინოლოგიური სირთულეები
ტერმინებთან მიმართებით ჯატის პოზიცია მკაფიო და უკომპრომისოა. ის თვლის, რომ „სოციალიზმი“, როგორც ცნება, გვერდზე უნდა გადავდოთ, ვინაიდან ეს მეცხრამეტე საუკუნის იდეა (რომლის ხორცშესხმაც მეოცე საუკუნეში მოხდა) იმდენად არის გადაჯაჭვული საბჭოთა დიქტატურის, ტოტალიტარიზმის თუ რეპრესიების გამოცდილებასთან, რომ დღევანდელ პოლიტიკურ დისკუსიებში მისი გამოყენება მორალურად გაუმართლებელი და პრაქტიკულად შეუძლებელია. „მაგრამ „სოციალიზმსა“ და „სოციალ-დემოკრატიას“ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. სოციალიზმი გულისხმობდა ფუნდამენტურ ცვლილებას - კაპიტალიზმის ჩანაცვლებას რეჟიმით, რომელიც წარმოებისა და საკუთრების სრულიად სხვა სისტემაზე იყო დაფუძნებული, - წერს ჯატი და განაგრძობს, - სოციალ-დემოკრატია კი კომპრომისი იყო. ის ემყარებოდა კაპიტალიზმს და საპარლამენტო დემოკრატიას, როგორც ჩარჩოს, რომლის შიგნითაც შესაძლებელი გახდებოდა აქამდე იგნორირებული ბევრი სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინება“.

ჯატის აზრით, სწორედ სოციალ-დემოკრატიაა ის ერთადერთი და ოპტიმალური ჩარჩო, რომელიც, ერთი მხრივ, ლიბერალიზმის მსგავსად ითავსებს პიროვნული თავისუფლების, კულტურული მრავალფეროვნებისა თუ რელიგიური ტოლერანტობის პრინციპებს. მაგრამ თან იმასაც ახერხებს, რომ თავი აარიდოს უკიდურეს ინდივიდუალიზმს თუ საზოგადოების ატომიზაციას და სწამდეს კოლექტიური სიკეთის იდეის.

ამ საკითხს - იგნორირებული, მარგინალური, დაჩაგრული და გარიყული ჯგუფების ინტერესების გათვალისწინებას - ჯატი ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მეტიც - ამგვარი სოლიდარობის იდეა მისთვის საკუთრივ მოქალაქეობის განცდის საფუძველს წარმოადგენს. თუ მუშაობთ, კარგია, რომ თქვენი გადასახადების ნაწილი გამოიყენება იმათ დასახმარებლად, ვინც უმუშევარია. თუ არ გყავთ შვილები, კარგია, რომ
სახელმწიფო უზრუნველყოფს სხვების შვილების განათლებას. ყველა მოქალაქეს შეაქვს წვლილი საზოგადოების ფუნქციონირებაში, შედეგად კი ეს საზოგადოება უფრო თანასწორი, უფრო სამართლიანი, უფრო სტაბილური და უფრო უსაფრთხო ხდება. „ღარიბების“ დახმარების აუცილებლობაზე მსჯელობისას ჯატი შორს არის სენტიმენტალიზმისაგან. ის არც ვინმეს შებრალებისკენ მოგვიწოდებს და არც ქედმაღალი ქველმოქმედებისკენ. პირიქით - ზედმიწევნით რაციონალურად და მკაფიოდ გვიხსნის, რომ მწვავე სოციალური უსამართლობის შემცირება ყველას ინტერესს წარმოადგენს - როგორც „ღარიბების“, ისე „მდიდრებისაც“. საზოგადოებას, რომლის წევრების უმრავლესობა ეკონომიკური სასოწარკვეთის პირობებში ცხოვრობს, უამრავი პრობლემა ექმნება ჯანმრთელობის, განათლების, კრიმინალისა თუ პოლიტიკური კულტურის კუთხით.


პარადოქსები: მცირე სოციალური ფუნქცია, ფართო რეპრესიული მექანიზმები
მოქალაქეების უმთავრესი მომსახურებებით უზრუნველყოფის ფუნქციის სახელმწიფოსთვის მოხსნას და კერძო სტრუქტურებზე გადაბარებას ჯატი პოლიტიკურ პრობლემად აღიქვამს. ღარიბ მოქალაქეს, რომელსაც უმუშევართა დახმარება, ექიმის ყურადღება, სოციალური შემწეობა ესაჭიროება, აღარ აქვს ადმინისტრაციისა თუ მთავრობის იმედი, ხოლო კერძო კომპანიების მიერ მოწოდებული სოციალური მომსახურება აღარ აღიქმება კოლექტიურ სიკეთედ, რომელზეც ყველა მოქალაქეს უნდა მიუწვდებოდეს ხელი. „შედეგად კი იმას ვიღებთ, რომ სოციალური კონტაქტებისა და საჯარო სიკეთეების კომპლექსური სტრუქტურები მინიმუმამდე დადის. მოქალაქეს სახელმწიფოსთან ძალაუფლებისა და მორჩილების გარდა აღარაფერი აკავშირებს“ - წერს ჯატი.

ამ ვითარებაში ის ერთგვარ პარადოქსსაც ხედავს. სახელმწიფო, რომელიც სოციალურ ფუნქციას კარგავს, უფრო და უფრო მეტად ხდება დამოკიდებული თავის ძალისმიერ თუ ძალადობრივ მხარეზე. მოქალაქეების თვალში დისკრედიტირებულ თუ გულგრილ მთავრობებს თავიანთი მიზნების მისაღწევად ხშირად თვალთმაქცობა, მუქარა და დამორჩილების სხვა ფორმების გამოყენება უწევთ. შედეგად კი მთავრობის როლის შემცირებას კი არა, პირიქით - მისი შეუზღუდავი ძალაუფლების გაძლიერებას ვიღებთ.

"უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას". ინგლისური გამოცემის ყდა."უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას". ინგლისური გამოცემის ყდა.
x
"უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას". ინგლისური გამოცემის ყდა.
"უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას". ინგლისური გამოცემის ყდა.
ამ ჭრილში ჯატი კიდევ ერთ პარადოქსზეც წერს. ქვეყნებში, რომლებშიც სახელმწიფოს ეკონომიკური უფლებები თუ ინიციატივები „თავისუფალი ბაზრების“ სახელით შეიკვეცა, თავად სახელმწიფო, როგორც ასეთი, მაინც დიდი ძალაუფლების მფლობელად დარჩა. ცენტრალური მთავრობები იყენებენ რეპრესიულ მექანიზმებს, რომლებიც ინფორმაციის მოპოვებას თუ პანოპტიკურ კონტროლს ემსახურება. ნორვეგიას, ფინეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და ავსტრიას - ქვეყნებს, რომლებსაც მთავრობის ეკონომიკური თუ სოციალური ფუნქციების გამო „ძიძა-სახელმწიფოების“ სახელსაც კი უწოდებენ - საომარი პერიოდების გარდა, ბრიტანეთისა და აშშ-ის მსგავსი მასშტაბით არასოდეს აუმოქმედებიათ სათვალთვალო კამერები, შიდა უშიშროების სტრუქტურები, სატელეფონო თუ საინტერნეტო დაკვირვების მექანიზმები. „ამგვარ ორველიანურ მიმართულებებში ყველაზე შორს სწორედ თავისუფლებაზე ომახიანად მოლაპარაკე, ანგლო-საქსონური საბაზრო საზოგადოებები წავიდნენ“, - აცხადებს ისტორიკოსი.


სამოქალაქო აპათია: ტრადიციული დემოკრატიებიდან პოსტკომუნისტურ სივრცემდე
ჯატი ბევრს წერს პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეების ჩართულობის დეფიციტზე - იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ლიბერალური დემოკრატიის კულტურა უკვე საუკუნეებს ითვლის. „სასამართლოს გადაწყვეტილების, ან პარლამენტის აქტის შესახებ ჩვენ აღარ ვსვამთ შეკითხვებს - კარგია? მართებულია? სამართლიანია? სწორია? შეუწყობს ხელს საზოგადოების/მსოფლიოს გაუმჯობესებას? უწინ ესენი იყო უმთავრესი პოლიტიკური შეკითხვები - მაშინაც კი, როცა პასუხები ადვილად არ მოიძებნებოდა. ახლა კი ამ შეკითხვების დასმა თავიდან გვაქვს სასწავლი“ - წერს ის.

ოდნავ განსხვავებულ, მაგრამ არსობრივად იდენტურ სირთულეებს ხედავს ის ე.წ. „ახალი დემოკრატიების“ ცხოვრებაშიც - ქვეყნების, რომლებიც ოციოდე წლის წინ განთავისუფლდნენ საბჭოური ავტორიტარიზმისგან. „ორი აზრი არ შეიძლება იყოს იმაში, რომ ბერლინის კედლის დანგრევამ და კომუნისტური სახელმწიფოების დომინოს პრინციპით კოლაფსმა - ვენის შემოგარენიდან წყნარი ოკეანის ნაპირებამდე - უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოიტანა. მილიონობით კაცი და ქალი განთავისუფლდა დამთრგუნველი და უსიცოცხლო იდეოლოგიისგან და მისი ავტორიტარული ინსტიტუტებისგან. მაგრამ დამაჯერებლად ვერავინ დაამტკიცებს, რომ კომუნიზმი იდილიური სიმშვიდის ეპოქამ ჩაანაცვლა“.

ჯატი შიშობს, რომ პოსტსოციალისტურ სივრცეში პოლიტიკური თავისუფლების იდეა თითქმის გაუტოლდა ფულის კეთების შესაძლებლობებს თუ გამდიდრების ფეტიშს. საბჭოური, რეპრესიული თანასწორობა ჩაანაცვლა შეუზღუდავი სიხარბის კლიმატმა, რაც უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ცნებებს - ისეთებს, როგორებიცაა „დემოკრატია“, „ლიბერალიზმი“ თუ „სამოქალაქო სოლიდარობა“ - სიცოცხლისუნარიანობის დაკარგვას უქადის. „რატომ უნდა იყოს ავტორიტარული სახელმწიფოს დანგრევისგან ხეირის მნახველი, რამდენიმე ხარბი ბიზნესმენის ყურება უფრო სასიამოვნო, ვიდრე თავად ავტორიტარიზმის? ორივე მოვლენა საზოგადოებაში არსებულ ღრმა პრობლემებზე მიუთითებს. თავისუფლება თავისუფლებაა. მაგრამ თუკი მას უთანასწორობა, სიღარიბე და ცინიზმი მოაქვს - ეს აუცილებლად უნდა ვაღიაროთ და არ მივჩქმალოთ ნარატივით, რომელიც რეპრესიულ წყობაზე თავისუფლების გამარჯვების ამბავს გვიყვება“ - წერს ჯატი.


ჯატის ტექსტი და საქართველოს კონტექსტი
საქართველოში ახლახან დასრულდა პოლიტიკური კლიმატი, რომელიც ტლანქად და პარადოქსულად უთავსებდა ერთმანეთს დაურეგულირებელი ბაზრების მიმართ ენთუზიაზმს, ბიზნესებზე პოლიტიკურ ზეწოლას და ხელგაშლილ საბიუჯეტო ხარჯებს ბრჭყვიალა
საქართველოს კონტექსტში ამ წიგნს აქტუალურობას ის ფაქტორიც მატებს, რომ დისკუსია, რომლის ხელახალ გაჩაღებასაც ჯატი დასავლეთის ქვეყნებში ცდილობდა, ჩვენში ჯერ არც კი დაწყებულა.

ღონისძიებებზე და „გრანდიოზულ“ პროექტებზე. ახლა მივიღეთ ხელისუფლება, რომელიც სოციალური უსამართლობის შემსუბუქების დაპირებებით გამოდის, მაგრამ, ამავე დროს, მისი ლიდერის ხელში კონცენტრირებული ფინანსური კაპიტალიდან გამომდინარე, კიდევ უფრო თვალში საცემს ხდის იმ გროტესკულ უთანასწორობას, რომელიც საბჭოთა სისტემის კაპიტალიზმით ჩანაცვლებამ მოიტანა, და რომელზეც ზემოთ მოტანილ ციტატაში ჯატიც ლაპარაკობს. ამდენად, ჩემი აზრით, ქართველ მკითხველს ეს წიგნი ჩვენი ქვეყნის გამოცდილების გაანალიზებაშიც დაეხმარება თანამედროვე დასავლეთში მიმდინარე პროცესების გააზრებასთან ერთად.

საქართველოს კონტექსტში ამ წიგნს აქტუალურობას ის ფაქტორიც მატებს, რომ დისკუსია, რომლის ხელახალ გაჩაღებასაც ჯატი დასავლეთის ქვეყნებში ცდილობდა, ჩვენში ჯერ არც კი დაწყებულა. ჩვენს პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში ახლა უნდა გაჩნდეს ცნებები - სამართალი, ზომიერება, სოლიდარობა. ბოლოს და ბოლოს უნდა დავსვათ კითხვები - როგორი საზოგადოება გვინდა რომ გვქონდეს და რა უნდა მოვთხოვოთ ქვეყნის ლიდერებს საიმისოდ, ამის მიღწევა რომ შევძლოთ. ზოგადი და უმნიშვნელოვანესი ცნებების გარდა - ისეთების, როგორებიცაა სოციალური სამართალი, უთანასწორობა, ჩვენი, როგორც საზოგადოების, საერთო ინტერესები თუ კოლექტიური სიკეთე - ლაპარაკი უფრო კონკრეტულ თუ უფრო ტექნიკურ საკითხებზეც უნდა დავიწყოთ. მაგალითად, საბიუჯეტო სახსრებზე, მათი ხარჯვის მართებულ გზებზე, გადასახადების სამართლიან ფორმებზე, ეკონომიკურ სასოწარკვეთაში მცხოვრები ადამიანების ყოფის შემსუბუქების კონკრეტულ მექანიზმებზე. ამ დისკუსიის დაწყებისთვის კი ეს წიგნი შესაძლოა მართლა შეუცვლელი მნიშვნელობის იყოს.

ხელისუფლებების ცვლილების და „სამართლიანობის აღდგენის“ შესახებ ომახიანი ლოზუნგების ფონზე 2013 წელს ჩვენი უამრავი თანამოქალაქე კვლავ სიღატაკეში და ეკონომიკურ სასოწარკვეთაში ხვდება. მათ - დევნილებს, პენსიონერებს, მუშებს, უსახლკაროებს, უმუშევრებს, ობლებს, ვეტერანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს - ქვეყნის ცხოვრებაში ჩართვისთვის არც რესურსი აქვთ და არც შესაძლებლობა. და სანამ ამდენი ადამიანი გარიყული რჩება, ჩვენი, როგორც საზოგადოების წინსვლაზე განცხადებები განცხადებებადვე დარჩება. თანაც ფასადურ, გულგრილ და ფარისევლურ განცხადებებად.

Tags:ბლოგი, თარგმანი, ტონი ჯატი


კეკლუცობა შეუწყნარებლობასთან

მაშ ასე. მისტიკა ამოხსნილია, ბუნდოვანება - გაფანტული. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რას ნიშნავს ეს უცნაური, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად მოსმენილი ფრაზა - “უმცირესობის უფლებების დაცვა არ უნდა ხდებოდეს უმრავლესობის უფლებების შელახვის ხარჯზე”.

რას ნიშნავს და, მაგალითად, შემდეგს: როცა რელიგიური უმრავლესობა, ქრისტიანები, რელიგიურ უმცირესობას - მუსლიმებს - რიტუალის ჩატარებაში ხელს უშლის, შეურაცხყოფას აყენებს, აშინებს და სამლოცველოს გაუქმებას სთხოვს, სახელმწიფო პირველ ეტაპზე ცივად უნდა გადგეს განზე და ამაყად განაცხადოს, ინციდენტის “ამოწურვის საშუალებას” ეკლესიას ვაძლევო. მეორე ეტაპზე - როცა სახელმწიფოს მხრიდან ამგვარ უმოქმედობას აგრესიის კერების გამრავლება მოჰყვება და, სოფელ ნიგვზიანის გარდა, დაპირისპირება წინწყაროშიც იფეთქებს - მომრიგებლებად უნდა გაიგზავნონ დეპუტატები, რომლებიც “სისხლის დაღვრის” შესახებ მუქარებს გაგებით მოეკიდებიან და უმრავლესობის აგრესიას დინჯად დაუქნევენ თავს. მესამე, დასკვნითი ეტაპი კი უკვე ნამდვილი ტრიუმფია. სატელევიზიო სიუჟეტებში საზეიმო ინტონაციით გვამცნობენ, რომ დეპუტატ ქუცნაშვილის და ადგილობრივი ეპისკოპოსის შუამავლობით დიდი შერიგება იქნა მიღწეული და “მართლმადიდებლები მუსლიმებს ხელს აღარ შეუშლიან”. ერთი ეგაა, რომ ეს შერიგება მუსლიმთა ინტერესების უხეშად შელახვის ხარჯზე შედგა. წინწყაროში სალოცავად სურვილისამებრ ჩასვლა აეკრძალათ სხვა სოფლების და რეგიონების მცხოვრებთ - ანუ, აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად მათ მიმოსვლის თავისუფლებაც შეეზღუდათ. დაირღვა ფუნდამენტური უფლებები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია გვანიჭებს.

თუმცა ეს არაფერი. თემას დავუბრუნდეთ - “უმრავლესობის უფლებების შელახვის ხარჯზე უმცირესობების უფლებების არდაცვას”. პროცესი მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი სამი ეტაპისგან არ შედგება. ამ ეტაპების აღსრულებას თან უნდა სდევდეს ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოები - რომ “საქართველოს ოდითგანვე ტოლერანტული კულტურა ჰქონდა” და რომ “უმცირესობებთან დაპირისპირება ჩვენთვის სრულიად უცხოა”. თითქოს არც 1990-იანი წლები ყოფილა, არც ბასილ მკალავრიშვილი, არც სხვა სასულიერო პირების მიერ ნაქადაგარი შეუწყნარებლობის და ქსენოფობიის უამრავი მარგალიტი; თითქოს დიდი ხნის მოგვარებული იყოს სომხური, კათოლიკური, ლუთერული ეკლესიებისთვის, იუდეველებისთვის ან თუნდაც იმავე მუსლიმებისთვის ქონების დაბრუნების პრობლემა; ან თითქოს საჯარო სკოლების დაწყებითი კლასებიდანვე არ ირღვეოდეს სეკულარიზმის თუ რელიგიური თანასწორობის პრინციპები - პედაგოგების მიერ დაპატიჟებული მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ მოსწავლეების ინდოქტრინაციის გზით.

ზემოთჩამოთვლილ ზომებს ემატება კიდევ ერთი, დამატებითი და ეფექტური ნაბიჯი - რომელიც განსაკუთრებით ცხადად პრემიერ-მინისტრისა და რეინტეგრაციის მინისტრის განცხადებებში გამოიკვეთა. შექმნილი ვითარება რელიგიური უმცირესობის უფლებების ხელყოფად კი არა, “პროვოკაციად” უნდა შეირაცხოს. მზაკვრულ შეთქმულებად, რომელსაც, სავარაუდოდ, ნაციონალური მოძრაობა აწყობს, რათა ჩვენი სინამდვილეში ღრმად ჰარმონიული საზოგადოება “შეუწყნარებლად”, ზედმიწევნით ტოლერანტული საპატრიარქო კი “ქსენოფობად” წარმოაჩინოს. მერე რა, რომ ორივე სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა ტელეკამერების წინ გაცნობიერებულად, გულახდილად და ღიად გამოდის მუსლიმების წინააღმდეგ ძალადობრივი მუქარით. მეტიც - ტოლერანტობის ცენტრი იუწყება, რომ სოფლებიდან მუსლიმთა გასახლების მოთხოვნით ხელმოწერებიც კი გროვდება. ამ ხალხის საქციელის კრიტიკა თუ მათი აგრესიის დაგმობა მაინც არ შეიძლება - “უმრავლესობას”, თანაც მართლმადიდებლობის სახელით მოქმედს, ხომ ვერ ვაწყენინებთ. ამიტომაც, ეს ყველაფერი “პროვოკაციაა” და მორჩა.

მოკლედ, “უმრავლესობის უფლებების არშელახვის” ფორმულა მგონი მართლა ამოვხსენით, რაც თავისთავად შესანიშნავი ამბავია. ოღონდ აქ ერთი პატარა სირთულე იჩენს თავს - რაც უფრო მეტად ვუკვირდებით, ეს ფორმულა თვალსა და ხელს შუა სულ უფრო და უფრო ემსგავსება სხვა, ბევრად უფრო პრობლემურ ცნებას. “უმრავლესობის ტირანიას” - რომელიც სახელმწიფოს მიერ პირველ ადგილზე უმრავლესობის შეხედულებების თუ გადაწყვეტილებების დაყენებას გულისხმობს, შედარებით მცირე ჯგუფების, თუ ცალკეული ინდივიდების ინტერესების შეზღუდვის ფონზე. ანუ წინწყაროს სცენარს: მუსლიმთათვის გადაადგილების თავისუფლების და კოლექტიური ლოცვის უფლების წართმევას, მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობას - ქრისტიანებს - ასე სურს.

ეს პოზიცია და ამგვარი პოლიტიკა კი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებების თუ ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებთან. გასაგებია, რომ ხელისუფლება ხალხის მიერ არის არჩეული და ვალდებულია გაითვალისწინოს თავისი ამომრჩევლის შეხედულებები. მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს უმრავლესობის ტირანიის მხარდაჭერას. უმცირესობების უფლებები მთავრობამ მაშინაც კი არ უნდა შეზღუდოს, როცა ამას მოქალაქეთა უმრავლესობა მოითხოვს (თუმცა, ამ შემთხვევაში კიდევ საკითხავია, რამდენად არის ასე. NDI-ს ბოლო კვლევას თუ დავუჯერებთ, გამოკითხულთა უმრავლესობა - 51% - მიიჩნევს, რომ მუსლიმ მოქალაქეებს უნდა მიეცეთ კერძო შენობებში შეკრების და მსახურების ჩატარების უფლება, წინააღმდეგ კი მხოლოდ 29% გამოდის).

მცირე ჯგუფების ინტერესების დაცვა კი ალბათ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით უნდა მოხდეს. საამისოდ ნამდვილად არ კმარა მხოლოდ კონსტიტუცია და კანონები. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია არაფორმალური შეთანხმებები - ისეთი იდეოლოგიური კლიმატის, თუ კულტურული გარემოს ხელშეწყობა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს მოქალაქეების თავისუფლების და თანასწორობის პრინციპებს. სხვა, უფრო კონკრეტული სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი მანანა კობახიძე სწორია, როცა ამბობს, რომ „ევროპულ ქვეყნებში ყველას საზოგადოების ჩვეულებრივ თანასწორ წევრებად თვლიან - ჩვენთვის ამის მიღება ძნელია, რადგან ეს მართლმადიდებლურ მორალთან წინააღმდეგობაში მოდის“ (და ახლა „გლუკსმანი“ არაფერ შუაშია; ეს ციტატა მის მიერ „საქინფორმისთვის“ მიცემული ინტერვიუდან არის მოტანილი) - ხელისუფლებამ ამგვარ შეხედულებებს კოჭი არ უნდა გაუგოროს. ჩვენი ახალი მთავრობა კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით პირიქით იქცევა და ამ განწყობებს კიდევ უფრო აღვივებს - მუსლიმთათვის ლოცვის და მიმოსვლის შეზღუდვას ასაღებს “დიდ შერიგებად”, ჩვენი მრავლისმნახველი საჯარო ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური, ფაშისტოიდური და აგრესიული ფიგურის, მალხაზ გულაშვილის თანამოაზრეებს კი “პოლიტპატიმრების” საპატიო წოდებას ანიჭებს. კი, ბატონო, ამ ახალგაზრდების ვადაზე ადრე განთავისუფლება, თავისთავად, ჰუმანური და კარგი ნაბიჯია, მით უმეტეს მაშინ, როცა მათ სულიერ მოძღვრებს და სავარაუდოდ წამქეზებლებს პასუხი არავინ არაფრისთვის მოსთხოვა და ერთ-ერთი მათგანი, დავით ისაკაძე, „გამშვენებული ჯვრითაც“ კი დააჯილდოვეს. მაგრამ მათთვის სარწმუნოებისთვის წამებულთა როლის მიკუთვნება რელიგიური შეუწყნარებლობის ლეგიტიმაციას ნიშნავს. წესით კი პირიქით უნდა ხდებოდეს - როგორც ამ ახალგაზრდებს, ისე მთელი ქვეყნის მოქალაქეებს მშვიდად, მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად უნდა განემარტოს, რომ მართლმადიდებლად ყოფნა უფლებრივ პრივილეგიებს არ ნიშნავს; რომ სამართალდამცავები შეებრძოლებიან სიძულვილის ნიადაგზე გამოვლენილ აგრესიას და ჩადენილ დანაშაულს; და რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჩაგვრას მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უმრავლესობისგან განსხვავდებიან.

ამ ფუნდამენტური პრინციპების ერთხელ და სამუდამოდ დადგენის შემდეგ კი დისკუსია უკვე კონკრეტულ საკითხებზეც შეიძლება. მაგალითად, იმაზე, წარმოადგენს თუ არა „დანაშაულს“ სასაფლაოს ღობეზე მიდუღაბებული ჯვრების ახსნა - მითუმეტეს მაშინ, როცა იქ მუსლიმები არიან დაკრძალული; რამდენად, და რა ფორმით უნდა დარეგულირდეს რელიგიური რიტუალების ხმა ისე, რომ მოსახლეობას რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შეექმნას (და აქ ალბათ „მოლას ყივილით“ შეწუხებულ ქრისტიანებს იმის გათვიცნობიერებაც მოუწევთ, რომ ვიღაცას შეიძლება ეკლესიების ზარების რეკვა და გამაძლიერებლებით გადაცემული წირვის ხმაც უშლიდეს ხელს). უფრო რთულ თემებზეც მოგვიწევს ფიქრი - მაგალითად, სეკულარიზმის პრინციპებზე; რელიგიის და გამოხატვის თავისუფლებების ურთიერთმიმართებაზე; სახელმწიფოს მართებულ ნაბიჯებზე მაშინ, როცა მოქალაქეები რელიგიური მოსაზრებებით ამბობენ უარს სასიცოცხლო მნიშვნელობის მკურნალობის ჩატარებაზე; ან სწორ გამოსავალზე ისეთ ვითარებებში, როცა ამა თუ იმ ჯგუფის რელიგიური შეხედულებები, ვთქვათ, ქალთა უფლებების ხელყოფას იწვევს.

მაგრამ ასეთ არსობრივ დისკუსიებამდე ჯერ კიდევ შორია. ჯერ, როგორც ჩანს, ზედმიწევნით ტრივიალური საკითხებით უნდა დავიწყოთ. მაგალითად იმით, რომ „მეზობლური მოლაპარაკება“, რომელიც სხვა სოფლების მკვიდრ მუსლიმებს წინწყაროში ჩასვლის უფლებას მხოლოდ „2 დღესასწაულზე და მიცვალებულის დაკრძალვის დროს“ აძლევს, დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციურია. ხოლო ხელისუფლება, რომელიც ამ გარიგებას საზეიმო მიღწევად ასაღებს, სინამდვილეში შეუწყნარებლობას და უსამართლობას ეკეკლუცება და „უმრავლესობის უფლებების არშელახვას“ კი არა, უმრავლესობის ტირანიის დამყარებას უწყობს ხელს.

Tags:პოლიტიკა, რელიგია, მართლმადიდებლობა, უმცირესობები, შეუწყნარებლობა, ისლამი


მანტრებს მიღმა

ბლოგზე ახალი პოსტის გამოქვეყნება ძალიან დამიგვიანდა. ამასობაში არჩევნებიდან უკვე საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ალბათ შეიძლება, დღეს აღარ გავიმეორო ისედაც მანტრად ქცეული ფრაზა - რომ 1 ოქტომბერს, ხელისუფლების არჩევნებით შეცვლით, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა. ამაზე უკვე ძალიან ბევრი ითქვა და დასამატებელი აღარაფერია. უცხოელები “ისტორიულ” არჩევნებს გვილოცავდნენ და გვეუბნებოდნენ, ეს „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია“ დემოკრატიისკენ თქვენი სვლის გზაზეო. საქართველოს შიგნით კი პოლიტიკის ანალიტიკოსები წერდნენ, დამარცხების მშვიდად აღიარებით სააკაშვილმა “გარღვევა” მოახდინა და ევროპული ტიპის დემოკრატ ლიდერად მოგვევლინაო.

კი ბატონო, ყველაფერი სწორია. პრეზიდენტს და ნაციონალურ მოძრაობას ნამდვილად უნდა დავუფასოთ, რომ სწორედ მათი მმართველობის პირობებში შედგა ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის პირველი პრეცედენტი. ამ მიღწევის უარყოფა არ შეიძლება და ამას არც არავინ აპირებს. თუმცა ალბათ ისიც სათქმელია, რომ აღტაცების, აღფრთოვანების თუ პოსტსაარჩევნო ეიფორიის ასეთი მაღალი ხარისხი ცოტა არ იყოს დაბალ მოლოდინზე მიუთითებს “დემოკრატიის შუქურად” გამოცხადებული ქვეყნის მიმართ. ყველა, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, გაკვირვებული დავრჩით, რომ სააკაშვილის
აღტაცების, აღფრთოვანების თუ პოსტსაარჩევნო ეიფორიის ასეთი მაღალი ხარისხი ცოტა არ იყოს დაბალ მოლოდინზე მიუთითებს “დემოკრატიის შუქურად” გამოცხადებული ქვეყნის მიმართ.
 ხელისუფლებამ არჩევნები ვერც მასშტაბურად გააყალბა - ვერ გასცდა წინასაარჩევნო პერიოდში კონტროლიდან გამოსულ კონტროლის პალატას, ან, ვთქვათ, საკუთრივ არჩევნების დღეს ხაშურის საარჩევნო უბანზე მშვიდად მოსეირნე შეიარაღებულ ნიღბიანს - და არც არჩევნებისშემდგომ არეულობაზე წავიდა. არადა, კაცმა რომ თქვას, არჩევნებში განცდილი ძლიერი მარცხის შემდეგ ძალაუფლების დათმობას განსაკუთრებული შუქურობაც არ უნდა სჭირდებოდეს. მით უმეტეს მაშინ, როცა ამ მარცხამდე, ხელისუფლებაში ყოფნის 9 წლის განმავლობაში მოახერხებ და დასავლური ფასეულობების, განახლების თუ სამართლიანობის დაპირებებით მოსული გუნდიდან გადაიქცევი ხელისუფლებად, რომელმაც, როგორც მინიმუმ, არ აღკვეთა და, სავარაუდოდ, სანქციაც გასცა ადამიანების წამებაზე - მოზარდი პატიმრების სხეულებით “კენწლაობის” პრაქტიკის ჩათვლით.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ხელისუფლება შეიცვალა და ახლა, ცხადია, არჩევნების ხარისხის, თუ შედეგის შეფასება-დაფასებაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რაღაცეებზე ფიქრი და ლაპარაკია. “სამომავლო პერსპექტივასთან” დაკავშირებულ პრობლემებზე. მით უფრო, რომ საფრთხე არც ისე ცოტაა. საქმის გამარტივების მიზნით, მათ ორ ტიპად დავყოფდი - ერთი მხრივ ღირებულებით, იდეოლოგიურ, ან, თუ გნებავთ, „დისკურსულ“, მეორე მხრივ კი ინსტიტუციურ სირთულეებად. თუმცა, ცხადია, ასეთი დაყოფა პირობითია და რეალობაში - პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში - მათი მკაფიოდ განცალკევება არც არის შესაძლებელი.


„მეინსტრიმი“ და „მარგინალები“

იდეოლოგიით დავიწყოთ. ამ ტიპის საფრთხეებზე წარსულშიც გვისაუბრია და ამიტომ დღეს მოკლედ ვიტყვი - მე მართლა ვშიშობ, რომ სააკაშვილის რეჟიმის მარცხთან ერთად ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში იმ ღირებულებებმაც განიცადა დისკრედიტაცია, რომელთა სახელითაც ეს ხელისუფლება მოქმედებდა. მაგალითად, “დასავლური ფასეულობების”, “ლიბერალიზმის”, “მოდერნიზაციის” თუ ზოგადად, კულტურული ცვლილების, ან ღირებულებითი ტრანსფორმაციის ცნებებმა. ის, რომ ეს ფასეულობები დიდწილად რიტორიკული ფასადი იყო, რეჟიმი კი, თავისი არსით, საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას ესწრაფვოდა და ძალადობრივ მექანიზმებს ემყარებოდა, დღეს უკვე ბანალური რეალობაა. მაგრამ, ამის მიუხედავად - და ალბათ სწორედ ამის გამოც - დარტყმის ქვეშ სწორედ ეს ღირებულებები მოდის.

ამის მაგალითები ბევრია და მკაფიო. ხელისუფლების ცვლილებიდან სულ რამდენიმე დღე იყო გასული, “მაესტროს” ვარსკვლავმა, შალვა რამიშვილმა, ტელელექცია რომ ჩაგვიტარა და მიგვითითა, ნაციონალური მოძრაობის მარცხი “სოციო-კულტურული მეინსტრიმის” გამარჯვებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ “მარგინალური ჯგუფების” წარმომადგენლები აწი მორიდებით უნდა მოიქცნენ და მეინსტრიმი დიდად არ უნდა შეაწუხონო. ახლა - ამ ბლოგში - იმაზე ვერ ვილაპარაკებ, ამგვარი დაყოფა თავისთავად რაოდენ უაზრო განზოგადების თუ ტლანქი იარლიყების მიწებების მაგალითს წამოადგენს - ნაციონალური მოძრაობის, სხვადასხვა უმცირესობის თუ სუბკულტურის ერთ დიდ და ამორფულ ქვაბში მოხარშვის მცდელობას. ამ შემთხვევაში სხვა რამეა უფრო მნიშვნელოვანი - ის, რომ ჟურნალისტმა ლამის ტოტალიტარიზმი გვიქადაგა და მრავალფეროვნების, ნონკონფორმიზმის, სკეფსისის თუ განსხვავებულობის მიჩქმალვისკენ მოგვიწოდა. არადა ღია საზოგადოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სწორედ “მეინსტრიმთან” დაპირისპირებას, მის წინააღმდეგ ამბოხებას. საზოგადოება, რომელიც სრულ კონსენსუსს, ერთფეროვნებას და კონფორმიზმსაა დაფუძნებული, მოსაწყენის გარდა, თავისი არსით, არადემოკრატიული და ჩაკეტილი იქნება.

ბევრს არ ვილაპარაკებ არც სხვა, ბევრად უფრო შემაშფოთებელ მაგალითებზე - ნიგვზიანში რელიგიური უმცირესობის პირდაპირი და აშკარა დისკრიმინაციის ფაქტისგან ახალი ხელისუფლების ხაზგასმულად გვერდზე გადგომაზე, ან ბობოქარ ჰომოფობიაზე ომბუდსმენობის (!) ზოგიერთი კანდიდატის რიტორიკაში. არც იმ ალოგიკურ, არაკონსტიტუციურ, მაგრამ “სოციო-კულტურული მეინსტრიმის” ყურის საამებლად ნათქვამ ფრაზას ჩავუღრმავდები, სულ უფრო და უფრო ხშირად რომ გვესმის ჩვენს საჯარო სფეროში - რომ თურმე “უმცირესობის უფლებების დაცვა არ უნდა ხდებოდეს უმრავლესობის უფლებების შელახვის ხარჯზე”. ამ ფრაზის კეთილხმოვანება, თუ ზედაპირული პოზიტივი ნუ მოგვატყუებს. ეს მხოლოდ სიტყვების რახარუხია. უმცირესობა უმრავლესობის უფლებას ვერ „შელახავს“ - თუ, რასაკვირველია, იმას არ ვიტყვით, რომ ნიგვზიანში ქრისტიანების „უფლება“ იყო მუსულმანების შეურაცხყოფა და მათთვის ლოცვის და თავშეყრის აკრძალვა. რეალურად, ეს პოზიცია სხვა არაფერია თუ არა უმცირესობების თუ სუბკულტურების ჩაგვრის, მათი გარიყვის ლეგიტიმაცია და საზოგადოების იმ ერთფეროვან, კონფორმისტულ და იერარქიზებულ ერთობად წარმოჩინება, “მაესტროს” წამყვანი როგორზეც საჯაროდ ოცნებობდა იმ დღეს, არჩევნების შემდგომი ეიფორიის ფონზე.

ეს ტენდენციები ნამდვილად დასანანი და საშიშია, თუმცა, სამწუხაროდ, გასაგები და ლოგიკურიც. “ლიბერალიზმის”, “დასავლური ფასეულობების” თუ “ტოლერანტობის” ცნებები ბოლო 9 წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა მონოპოლიზებული, თავისი ძალადობრივი ნაბიჯებით და მმართველობის ქედმაღალი, ცინიკური სტილით კი მათი სერიოზული გაუფასურება მოიტანა. ის იდეოლოგიური ბირთვი, ჩვენი საზოგადოება რომელსაც ეფუძნება, დიდად ისედაც არ გამოირჩეოდა ლიბერალურ ღირებულებებზე აქცენტით - მისი მთავარი შემადგენელი ეთნიკური შეფერილობის ნაციონალიზმია, თავისი თანმდევი მითებით, შოვინიზმით, უცხოს შიშით და ქსენოფობიური განწყობებით. შესაბამისად, ახლა - მას შემდეგ, რაც კულტურული ცვლილების და საბჭოთა ინერციის დაძლევის მისიით მოსული ნაციონალური მოძრაობა ჩვენს თვალწინ გარდაიქმნა ძალისმიერ და ფარისევლურ რეჟიმად - ნამდვილად არაფერი იქნება გასაკვირი იმაში, რომ კიდევ უფრო მეტად იმძლავროს კონსერვატიულმა თუ შოვინისტურმა განწყობებმა. მით უფრო, რომ ახალი მმართველი კოალიცია თავის იდეოლოგიურად ამორფულ რიგებში შოვინისტი ქსენოფობების ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა - ამის კარგ მაგალითს თუნდაც აჭარაში მისი წარმომადგენლები გვაძლევენ, თავიანთი იაფფასიანი პოპულიზმით და ანტითურქული სულისკვეთებით.

მოკლედ, სურათი მარტივია. პოპულარული მითი გვასწავლის, რომ სააკაშვილს და მის გარემოცვას “ახალი ქართველის” გამოყვანა სურდათ, “ტრადიციების” წართმევის გზით და “მენტალიტეტის” შეცვლით. და სანამ ეს მითი პოპულარობას ინარჩუნებს, დახავსებულ კლიშეებთან დაპირისპირების თუ გაბატონებული ეთნონაციონალისტური შეხედულებების ეჭქვეშ დაყენების მცდელობები ხშირად სწორედ ამ კონტექსტში იქნება აღქმული - და, შესაბამისად, უნდობლობის, თუ მიუღებლობის მაღალ ხარისხს გადააწყდება.


დიდი და პატარა ვერტიკალები

მაგრამ ეს კიდევ არაფერი. დომინანტური იდეოლოგიური კლიმატის შეცვლა, შოვინიზმთან დაპირისპირება თუ მრავალფეროვნებისთვის ბრძოლა, გართულებული პირობების მიუხედავად, მაინც შესაძლებელია - ღია დისკუსიების, ღირებულებებზე კამათის და, რაც უპირველესია, ქსენოფობიის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორის, მასშტაბური ეკონომიკური გაჭირვების ოდნავ მაინც შემცირების გზით. ამაზე კიდევ უფრო სერიოზული პრობლემა, თუ საფრთხე, ჩემი აზრით, იმ სტრუქტურებს უკავშირდება, პოლიტიკის ანალიტიკოსები „დემოკრატიულ ინსტიტუტებს“ რომ უწოდებენ ხოლმე. უფრო ზუსტად კი ამ ინსტიტუტების სისუსტეს, სიმყიფეს თუ ფაქტობრივ არარსებობას.

ზოგადი სურათი აქაც მარტივია. ნაციონალურმა მოძრაობამ ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ მემკვიდრეობად დაგვიტოვა რამდენიმე კაცის ნებაზე მორგებული, ძალაუფლების რეპრესიული და გაუმჭვირვალე ვერტიკალი. მთელი ამ წლების განმავლობაში ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს ხელში იყო კონცენტრირებული უზარმაზარი ძალაუფლება - რასაც, პირველ პერიოდში, გარკვეული დადებითი შედეგებიც მოჰყვა, რეფორმების სწრაფად გატარების თუ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების კუთხით. მაგრამ ამ ვერტიკალის მანკიერი მხარე ბევრად უფრო ღრმა და ძლიერი იყო. სწორედ ამ ვერტიკალმა განაპირობა ის, რომ დღეს არ მუშაობს ყველაზე მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური კონსტიტუციური იდეები თუ პრინციპები - ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გადანაწილება და ურთიერთკონტროლი, კანონის უზენაესობა, სამოქალაქო უფლებები.

ახლა კი იმ ვერტიკალის სათავეში, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს სათავისოდ რომელიც ჰქონდათ კომფორტულად მოწყობილი, სხვა ძალა მოვიდა - და ყველაფერი მათ ნებაზე გახდა დამოკიდებული. იხეირებენ ამ ვერტიკალით და, მთლად იდენტურით თუ არა, მსგავსი სტილით გააგრძელებენ ქვეყნის მართვას, თუ უარს იტყვიან ძალაუფლების უზურპაციაზე და მართლა დაიწყებენ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას? ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი რამ ფაქტად დარჩება - „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ინსტიტუციური თვალსაზრისით, „ქართულ ოცნებას“ ისეთი მემკვიდრეობა გადააბარა, ავტორიტარული მიდრეკილებების მქონე ნებისმიერ პოლიტიკურ გუნდს რომ დიდად გაუხარებდა გულს. ამ მემკვიდრეობის პირობებში ქვეყანას მართლაც კეთილსინდისიერი, მტკიცე ნების მქონე პოლიტიკოსები სჭირდება - რომლებსაც ძალაუფლება არ აცდუნებს და ქვეყნის მართვას თამაშის წესების დაცვით შეუდგებიან.

ვითარებას განსაკუთრებულად ირონიულ ელფერს ის ფაქტორი ანიჭებს, რომ ახალი მმართველი ძალა - „ქართული ოცნება“ - თავადაა სპეციფიკური „ვერტიკალი“.

ვითარებას განსაკუთრებულად ირონიულ ელფერს ის ფაქტორი ანიჭებს, რომ ახალი მმართველი ძალა - „ქართული ოცნება“ - თავადაა სპეციფიკური „ვერტიკალი“. ფაქტია, რომ მისი არსებობაც და გამარჯვებაც ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის - ნებამ, გავლენამ და უზარმაზარმა ფინანსურმა რესურსებმა გახადა შესაძლებელი. ამ ეტაპზე ჯერ მაინც ნაადრევია იმის დარწმუნებით მტკიცება, რომ ივანიშვილი ცალსახად და აუცილებლად ავტორიტარი, ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიმღები ლიდერი იქნება - ამგვარი კატეგორიული განცხადებების გასაკეთებლად  უბრალოდ არასაკმარისი დროა გასული. მაგრამ საფრთხე არის. და ასეთი რომ აღმოჩნდეს, პირობები მართლა ხელსაყრელი ექნება. დემოკრატიული ინსტიტუციების სიმყიფე იქით იყოს - საქართველოს მოქალაქეები ისეთ ტრივიალობებსაც მიგვაჩვიეს, როგორიცაა ქვეყნის ლიდერის სურვილით თუ გემოვნებით გადაწყვეტილი ქალაქების იერსახეები, ბრჭყვიალა ფასადები თუ ქალაქების მოედნებზე მოულოდნელად წამოჭიმული ექსტრავაგანტული მონუმენტები. აღარაფერს ვამბობ ოპერეტის უცვლელი დივას მელოდრამატულ საახალწლო დუეტებზე საბიუჯეტო სახსრებით ჩამოყვანილ უცხოელ ვარსკვლავებთან.

არადა, წმინდად ფორმალურად რომ მივუდგეთ, დღევანდელი სურათი სწორედ ერთ-ერთ იმ შესაძლებლობას წარმოადგენს, რის გამოც თუ რის შესაკავებლადაც ოდესღაც გონიერმა ხალხმა ძალაუფლების დაბალანსების, შეზღუდვის თუ გაკონტროლების მექანიზმები მოიფიქრა - მათ შორის ის ინსტიტუციები, ჩვენ რომლებსაც ვერაფრით ვეღირსეთ. ხელისუფლებაში მოვიდა და, შესაბამისად, პოლიტიკური ძალაუფლება მოიპოვა ინდივიდმა, რომელსაც ფინანსური თვალსაზრისით უკვე ჰქონდა გიგანტური, საქართველოს მოქალაქეების კოლექტიურ ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებით აბსოლუტურად არათანაზომადი ძალაუფლება. ერთი ადამიანის ხელში ასეთი უზარმაზარი მასშტაბის ეკონომიკური და პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია თავისთავად არის საფრთხის შემცველი - საქმე მორალურად სრულყოფილ ლიდერთან რომც გვქონდეს, მაინც. ხოლო ბანალური ჭეშმარიტებები - სრულყოფილი რომ არავინაა და ძალაუფლება რომ დიდი ცდუნებაა - ჩემგან ნამდვილად არ გესწავლებათ.


იმედები და ბერკეტები

ცხადია, ახლა ცოტას ვაზვიადებ და საქმე მთლად ისეც არ არის, რომ ყველა ეს საფრთხე წუთი წუთზე რეალობად გადაგვექცევა. იმედის მომცემი თუ შემაკავებელი ფაქტორები - “ბერკეტებს” რომ უწოდებენ ხოლმე - სუსტად, მაგრამ მაინც გვაქვს.

ერთ-ერთი ასეთი ფაქტორი დღევანდელი კონტექსტი და ის დაპირებები მგონია, რომლებიც “ქართული ოცნების” კამპანიაში მთავარ ადგილს იკავებდა. უმძიმესი ეკონომიკური გაჭირვების შემსუბუქების გარდა, დღევანდელი მმართველი პარტია სამართლიანობის განცდის გაჩენის, სასამართლოს დეპოლიტიზაციის და, ზოგადად, ავტორიტარული ინერციის მოშლის პირობებს დებდა. ამ პირობების შესრულების მოლოდინი დიდია - მთლად ევროპის “გაოცებას” არა, მაგრამ არსებული, წინა ხელისუფლებისგან დატოვებული ვითარების გაუმჯობესებას მოქალაქეთა დიდი ნაწილი ნამდვილად მოელის - რამაც, წესით, ახალ მმართველ გუნდს უნდა გაურთულოს ავტორიტარიზმისკენ გადახრა. ისიც მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია, რომ, მაგალითად, რესპუბლიკური პარტიის წევრების სახით მთავრობის წამყვან თანამდებობებზე ნამდვილად არიან სამართლებრივად მოაზროვნე და დემოკრატიული პრინციპების ერთგული ფიგურები. ამასთან, როგორც ბოლოდროინდელ დაპატიმრებებზე ნატოს, ევროკავშირისა და აშშ-ის მყისიერმა და მკვეთრმა რეაგირებამ მკაფიოდ დაადასტურა, დასავლეთის ქვეყნები და სტრუქტურებიც გააგრძელებენ ზეწოლას საქართველოს მთავრობაზე, მისი ავტორიტარიზმისკენ გადახრის პრევენციის მიზნით.

ამის შემდეგ საქმე ცოტა უფრო რთულადაა. პოლიტიკური ძალაუფლების დაბალანსების ერთ-ერთი უმთავრესი ბერკეტი ოპოზიციაა და, ფორმალური თვალსაზრისით, ნამდვილად დადებითი მოვლენაა ის, რომ ყველა სხვა, უწინდელი არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად დამარცხებული პარტია არ გამქრალა და პარლამენტში უმცირესობის სახით მოგვევლინა. მეტიც - მრავალპარტიულობა საკანონმდებლო სფეროსაც სცდება და, ბედის ირონიით, ქვეყანას, რომლის პოლიტიკური კულტურა აქამდე ერთპარტიულ მმართველობაზე იყო აგებული, ახლა მთლად “კოჰაბიტაციის” ნიუანსების გათვალისწინება უწევს. მაგრამ, როგორც ალბათ ყველა ვხედავთ, ამ პოლიტიკურ თანაცხოვრებას დიდად ვარდებით მოფენილი მომავალი არ უჩანს. ამ შთაბეჭდილებას, ერთი მხრივ, ქართული ოცნების ლიდერების ნაბიჯები ქმნის - ძნელია კოჰაბიტაციის პრინციპების ხორცშესხმის იმედი გქონდეს მაშინ, როცა, მაგალითაც, პრემიერ-მინისტრი გაკვირვებას გამოთქვამს, საინტერესოა, საერთოდ რატომ ინარჩუნებს ხელისუფლებას სააკაშვილი მას შემდეგ, რაც მან არჩევნები წააგოო. მაგრამ ამაზე კიდევ უფრო დიდი პრობლემა თავად ოპოზიციურ ძალას - ნაციონალურ მოძრაობას - და მის სამართლებრივ, თუ მორალურ სახეს უკავშირდება.

“შერჩევით სამართალზე”, “სასამართლოს პოლიტიზაციაზე” თუ “მედიაზე ზეწოლაზე” მათ აღშფოთებას ცინიზმის და ფარისევლობის ელფერი დაჰკრავს.

დღესდღეობით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის როლის შესრულება უხერხულობის განცდას აჩენს. 9 წლის განმავლობაში თავად იყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებები და პოლიტიკური სისტემის შემქმნელები - მემკვიდრეობად კი სამართლიანობის პრინციპებზე კი არა, ძალაზე და ძალადობაზე აგებული პოლიტიკური კულტურა დაგვიტოვეს. შესამაბისად, “შერჩევით სამართალზე”, “სასამართლოს პოლიტიზაციაზე” თუ “მედიაზე ზეწოლაზე” მათ აღშფოთებას ცინიზმის და ფარისევლობის ელფერი დაჰკრავს. მით უფრო იმის გამო, რომ, როგორც სჩანს, ნაციონალური მოძრაობა ვერც ოპოზიციაში ყოფნისას ახერხებს თავისი ერთ-ერთი უმთავრესი ნაკლის - საზოგადოებასთან კომუნიკაციის არაადეკვატური ფორმის - გამოსწორებას. ჯერჯერობით მათ მორალისტურ რიტორიკაში არც ბოლო 9 წლის განმავლობაში დაშვებული სერიოზული შეცდომების აღიარების სურვილი ჩანს, არც თვითრეფლექსიის უნარი და, მით უფრო, არც საბოდიშო განწყობა.

ვითარებას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაამძიმებს ახალ-ახალი ამბების გამოაშკარავება - მათ შორის “გახმაურებულ საქმეებად” მიჩნეული მოვლენების ირგვლივ. ქიმერიძის, გირგვლიანის, კვინტრაძე-ასათიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის, ხურჩის, ციხის სკანდალების, წამების თუ ელიტური კორუფციის გამოძიებამ შეიძლება ზედაპირზე ისეთი ინფორმაცია ამოატივტივოს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ისედაც შერყეულ პოზიციებს კიდევ უფრო დაასუსტებს. კონკრეტული პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ერთად, ზოგადად ნაციონალური მოძრაობის მორალური გაკოტრების პრობლემაც გამწვავდება.

თუმცა იქნებ ეს მორალური დისკრედიტაციის პროცესი შეუქცევადი მაინც არ იყოს. ნაცმოძრაობის მოსალოდნელი „კათარზისის“ თუ „განწმენდის“ შესახებ სააკაშვილის მიერ გამოთქმული ლამის ბიბლიური მეტაფორების სერიოზულად აღქმა ნამდვილად რთულია - მაგრამ იქნებ ნაცმოძრაობის წევრთა ნაწილმა მაინც შეძლოს წარსულის პოლიტიკური შეფასება, თავიანთი შეცდომების აღიარება და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მათი დღევანდელი მდგომარეობისთვის შესაფერისი და ადეკვატური ინტონაციის პოვნა. სხვა გზა მათ უბრალოდ არ აქვთ. სხვანაირად, ჩემი აზრით, ვერც საზოგადოების ნდობას დაიბრუნებენ და ვერც პოლიტიკურ ცხოვრებაში შეძლებენ კონსტრუქციული ფუნქციის შესრულებას.

არადა ძლიერი ოპოზიცია ნამდვილად გვჭირდება. ორგანიზებული, მრავალფეროვანი და დინამიკური სამოქალაქო საზოგადოება - კიდევ უფრო მეტად. კითხვები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაისვას ახალი ხელისუფლების მიმართ, გროვდება და გროვდება. როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ზღვრის გავლება „სამართლიანობის აღდგენასა“ და „პოლიტიკურ რევანშს“ შორის; იურიდიული ბერკეტების ამოქმედებისთანავე რატომ მიანიჭეს უპირატესობა საქმეებს, რომლებშიც პირადად იყვნენ დაინტერესებული - სატელეფონო მოსმენებს, თვალთვალს თუ ივანიშვილისთვის ჯარიმის დაბრუნებას; პირველივე ნაბიჯებით რატომ ამოიღეს მიზანში იმ სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებსაც კონსტიტუციურად ვერ აკონტროლებენ - გაერთიანებული შტაბი, თუ დედაქალაქის მერია; აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს გავლენა პროკურატურის გადაწყვეტილებებზე; შეუძლია თუ არა ჩვენს სასამართლოს იმ პირების სამართლიანი გასამართლება, რომელთა მიმართ განსაკუთრებით მაღალია საზოგადოების კოლექტიური აგრესია და დასჯის მოთხოვნა; რა კრიტერიუმებს დაეფუძნა „პოლიტიკური პატიმრის“ ცნების განმარტება - თუკი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს სტანდარტები უგულებელყოფილი იქნა; რამდენად ნორმალურია - და რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს - ის, რომ ერთ-ერთ პოპულარულ ტელეარხს პრემიერ-მინისტრის მეუღლე ფლობს. ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ამ კითხვების დასმა ახლავე უნდა დავიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ზემოთჩამოთვლილ საფრთხეებს კიდევ ერთი დაემატება - ბანალური, ბრტყელ-ბრტყელი აფორიზმების გულდაწყვეტილი ინტონაციით წარმოთქმის აუცილებლობის საფრთხე. მორიგი მანტრების - ძალაუფლება რომ რყვნის, პოლიტიკოსები ერთმანეთს რომ გვანან და იმედგაცრუება რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მთავარი მახასიათებელია.

Tags:პოლიტიკა, ბლოგი, ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა


საფუძვლიანი პარანოია

არ ვიცი რას დავაბრალო, - მზარდ პოლიტიკურ დაძაბულობას თუ იქნებ ჩემს ასევე მზარდ ასაკს, - მაგრამ მგონი შეხედულებების გადახედვა მიწევს. ის, რასაც ჯერ კიდევ ახლახან მანტრასავით ვუმეორებდი საკუთარ თავსაც და გარშემო მყოფებსაც - რომ ძალაუფლების ყველა წყაროს და განსაკუთრებით ხელისუფლებას ყოველთვის, ყველა ვითარებაში დიდი ეჭვით, სკეფსისით თუ კრიტიკით უნდა მოვეკიდოთ; რომ “ძლიერებს” არასოდეს არ უნდა ვენდოთ; რომ ფრთხილად თუ არ ვიქნებით, მაშინვე, ავტომატურად მანიპულაციის ობიექტად გადავიქცევით - არც იმდენად ტოტალური პრინციპი ყოფილა. უფრო სწორად, თვითონ პრინციპი უმნიშვნელოვანესია და ძალიან საჭირო - მაგრამ მგონი გარკვეული ჩარჩოების ფარგლებში.

ეს ბუნდოვანი და თან ცოტა არ იყოს პრეტენზიული შესავალი კი იმიტომ დამჭირდა, რომ ვშიშობ, მთავარი სათქმელი ზედმიწევნით მარტივი მაქვს: რამდენადაც უნდა ვაფასებდე სკეფსისის მნიშვნელობას, გარკვეულ, ძალიან ფუნდამენტურ დონეზე თურმე მირჩევნია სერიოზული ეჭვების გარეშეც შეგვეძლოს ჩემი ქვეყნის ხელისუფლების ნდობა. და თურმე ძალიან მაწუხებს ის, რომ მთავრობა, თავისი ნაბიჯებით, მისთვის ნდობის გამოცხადებას ასეთ ძირეულ პერსპექტივაშიც კი ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის.

მიხვდებოდით - ეს განცდა ლაფანყურის მოვლენებმა გამიჩინა. უფრო ზუსტად კი - საზოგადოების მიერ ამ მოვლენების აღქმამ. კვლევა არ ჩამიტარებია და ახლა მხოლოდ სუბიექტურ შთაბეჭდილებას გიზიარებთ. მაგრამ, ჩემი აზრით, ვარაუდი, რომ „დივერსანტების“ წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის სახით საქმე ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ “დადგმულ” ამბავთან გვქონდა, მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს პირველივე წუთებში გაუჩნდა და ახლაც ფართოდ არის გავრცელებული. ხოლო ნდობის ასეთი ღრმა დეფიციტი უკვე სერიოზულ პრობლემას ნიშნავს. ეს აღარ არის ძალაუფლებასთან მიმართებით მოქმედი ის სკეფსისი თუ ეჭვი, რომელიც სასურველი და აუცილებელიც კია სამოქალაქო ცნობიერებისთვის. იმის მარტივად და ფართოდ დაშვება, რომ ქვეყნის მთავრობა, თავისი მიზნების გამო, ასეთი სისხლიანი და სახიფათო სცენარის დადგმაზე და ადამიანების, მათ შორის საქართველოს სპეცდანიშნულების რაზმის სამი თანამშრომლის, გაწირვაზეა წამსვლელი, მოქალაქეების დიდ ნაწილში გავრცელებულ ცინიზმზე, ნიჰილიზმზე და ხელისუფლებისგან ლამის ტოტალურ გაუცხოებაზე მიუთითებს.

რასაკვირველია, როგორც ალბათ ყველა რთულ ვითარებაში, ახლაც მხოლოდ ერთი ძალა არ გვევლინება “დამნაშავედ”. მთავრობის როლის და ქცევის ზოგადი კონტექსტიდან განცალკევებით განხილვა ნამდვილად არ მოგვცემდა სრულ სურათს. ამიტომ აქვე ვაღიაროთ, რომ პრობლემა მართლა კომპლექსურია. შეთქმულების თეორიების მიმართ ლტოლვა ჩვენს საზოგადოებას ზოგადად ახასიათებს; ოპოზიციური ფლანგის პოლიტიკოსებს კი ლამის ტრადიციად ექცათ ამ ლტოლვით მანიპულაცია და მისი გაძლიერება (ჭორად მოარული ხმები სიმართლეა - შაჰ-აბასის და თემურ ლენგის გეგმას განხორციელება ეღირსა. საქართველოს მოსახლეობა მილიონნახევრამდე დაჰყავთ და ამათშიც მხოლოდ 40 პროცენტი, ანუ 600 ათასი იქნება ქართველიო - ასეთი მარგალიტი შემოგვთავაზა, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა სულ ახლახან). მოვლენების უკან მდგარ ძალებზე თუ გეგმებზე საუბარს არც “მოლაპარაკე თავები” აკლებენ  – ექსპერტები, ინტელექტუალები, სხვადასხვა, ხშირად თავისივე დაარსებული კვლევითი ცენტრის, ინსტიტუტის თუ ფონდის თავმჯდომარეები თუ პრეზიდენტები. (გაიხსენეთ თუნდაც ამ წინასაარჩევნო პერიოდში რამდენჯერ გსმენიათ მტკიცებითი ტონით გაკეთებული განცხადებები -  რომ, მაგალითად, “არჩევნების შედეგზე ამერიკა და რუსეთი მოილაპარაკებენ”; რომ “ამერიკამ მიშას უთხრა, წადიო“ ან რომ “მიშა და ბიძინა ერთმანეთს გაურიგდნენ”...) ისიც სამწუხარო რეალობაა, რომ დამოუკიდებელ მედიად გამოცხადებული ტელევიზიები და გაზეთები ხშირად ოპოზიციური ძალების სამსახურში დგანან და სერიოზული ჟურნალისტიკის ნაცვლად სენსაციებს, ვარაუდებს და ჭორებს გვთავაზობენ ხოლმე. ზოგჯერ კი, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლობის და პროპაგანდის მაგალითებსაც.

კიდევ ცალკე ამბავი, თუ საერთოდ ცალკე სამყაროა ის ფანტასმაგორიული თეორიების კასკადი, რომელიც ეკლესიის მესვეურებისგან მოედინება უწყვეტად. მარტო „დალესის გეგმა“ რად ღირს - შეთქმულების თეორიის ჟანრის კლასიკა, რომელიც ერების გახრწნა-გადაგვარების შესახებ შემუშავებულ გეგმაზე სრული სერიოზულობით მოგვითხრობს. მაგრამ მხოლოდ დალესი როდი გვებრძვის. ჩვენს წინააღმდეგ შეთქმულებებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე თხზავენ. ID ბარათი ინგლისურად “მე ვარ დემონს” ნიშნავს და ქართველი ხალხის გამოსაცდელად არის მოვლენილი; ელექტრონულ ბიოჩიპს მარჯვენა ხელში და შუბლში ჩაგვიდგამენ, რათა ის ჩვენი ორგანიზმით გამოვკვებოთ; ყველა პროდუქტზე შტრიხკოდით სამი ექვსიანი არის გამოსახული; კომპანიები ჩვენი სულების გასამრუდებლად მასიურად უშვებენ სუნამოებს და ესენციებს; ბოროტი ძალა ტოტალური კონტროლის სისტემას ქმნის, რომლის ერთ-ერთ პირველსახედ ევროკავშირი გვევლინება; ცრუ მესია კი ამასობაში ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში იწყებს მოღვაწეობას...

ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ აღარ გავაგრძელოთ და ვაღიაროთ - მიდგომა, რომ მოვლენების უკან გარკვეული ძალების, მთავრობების თუ ორგანიზაციების მიერ ფარულად შემუშავებული და, როგორც წესი, მზაკვრული გეგმები დგას, ჩვენს რეალობაში მართლაც მრავალფეროვანი გამოვლინებით გვხვდება. მაგრამ ალბათ გაგიგიათ ირონიული გამოთქმა - პარანოია რომ გაქვს, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ვიღაც მართლა დაგდევს. როგორი ძლიერიც უნდა იყოს შეთქმულების თეორიების მიმართ ჩვენი კოლექტიური მიდრეკილება, ფაქტია, რომ ამ მიდრეკილებას სერიოზული მაპროვოცირებელი ფაქტორი აქვს ჩვენი მთავრობის ქცევის სახით. მეტიც - ხელისუფლებამ, ჩემი აზრით, ისეთი რეალობა შეგვიქმნა, რომელშიც უკვე ობიექტურად არის შეუძლებელი ზღვრის გავლება „ჯანსაღ სკეფსისსა” და “შეთქმულების თეორიებზე” დამყარებულ უნდობლობას შორის. ასეთ პირობებში მგონი ჩვენ კი არა, ყველაზე რაციონალური, “ცივი გონებით” აზროვნებას მიჩვეული საზოგადოებაც კი შეთქმულებებზე დაიწყებდა ლაპარაკს - საჯაროდ თუ არა, ვიწრო წრეში მაინც.

პირველი პრობლემა, რომელსაც ამ ჭრილში ალბათ ყველაზე ხშირად ახსენებენ ხოლმე, საზოგადოებასთან „კომუნიკაციაა“ - ან, მეორენაირად რომ ვთქვათ, „ხელისუფლების საინფორმაციო პოლიტიკა“. არაპროფესიონალური, კოორდინაციას და დამაჯერებლობას მოკლებული, ხშირად ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანი განცხადებები, რომლებიც ავტომატურად იწვევს ეჭვების და უნდობლობის ზრდას. ახლა არ შევეხები ლამის უკვე არქეტიპად ქცეულ, ძალიან მტკივნეულ და მასშტაბურ  შემთხვევებს - მაგალითად, აგვისტოს ომს, როდესაც ცხინვალზე  შეტევა ჯერ „რეგიონში კონსტიტუციის აღდგენის“ გადაწყვეტილებად გამოცხადდა, შემდეგ კი რუსეთის სამხედრო ძალების შემოჭრის საპასუხო თავდაცვით ზომად. მხოლოდ ლაფანყურის შემთხვევაც საკმარისია - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პირველ ეტაპზე  „დანამდვილებით“ და კატეგორიულად გაკეთებული განცხადებები, რომ 11 ლიკვიდირებულ შეიარაღებულ პირს შორის საქართველოს მოქალაქე არ იყო; შემდეგ კი - როცა უკვე ათასი ვარაუდი, ცნობა, ჭორი და  ბოლოს დუისში გათხრილი საფლავების კადრებიც გავრცელდა - აღიარება, რომ სულ მცირე ორი მათგანი საქართველოს მოქალაქე ყოფილა. მე, პირადად, ეს კონკრეტული შემთხვევა პირველ რიგში არაპროფესიონალიზმი მგონია - ნაჩქარევად წარმოთქმული სიტყვები მაშინ, როცა გვამების ამოცნობის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. მაგრამ მშვენივრად მესმის და ვერანაირად ვერ გავამტყუნებ მათ, ვისაც ამ ურთიერთგამომრიცხავმა და თან კატეგორიულ ტონალობაში გაკეთებულმა განცხადებებმა ბევრად უფრო სერიოზული ეჭვები გაუჩინა და „სცენარების“ არსებობის ვარაუდებიც გაუმყარა.

თუმცა, სამწუხაროდ, გაუმართავი და არაპროფესიონალური საინფორმაციო პოლიტიკა მხოლოდ ზედაპირია. საქმე კიდევ უფრო კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს - სამწუხარო რეალობასთან, რომელშიც სიმართლის, ნახევარსიმართლის, პროპაგანდის, დადგმის თუ სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევა მართლა, ობიექტურად ძალიან რთულია. დამაბნეველი და უსიამოვნო მოგონებები ბევრი დაგროვდა - ხურჩის ავტობუსების დაცხრილვა, „მოგებული“ ომი, მოდელირებული ქრონიკა, დაკითხვისას „კიბიდან გადმოვარდნილი“ სოლომონ ქიმერიძე... აღარ ჩამოვთვლი - სიას თავადაც გააგრძელებთ. მთავარი ის არის, რომ ასეთი შემთხვევები, ერთობლივად, ეჭვებით გაჯერებულ კლიმატს ქმნის - არაჯანსაღ ატმოსფეროს, რომელშიც მოქალაქეების დიდ ნაწილში ფუნდამენტურ დონეზეა შერყეული ხელისუფლების მიმართ ნდობა.

ცხადია, ვერც მე და ვერც თქვენ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ ზემოთჩამოთვლილ, ან სხვა შემთხვევებში ხელისუფლება ცალსახად „დამნაშავე“ იყო. ჩვენ არ ვიცით და ვერც გავიგებთ სინამდვილეში რა მოხდა - და მხოლოდ ინტუიციაზე, ჩვენთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე და ვარაუდებზე დაყრდნობით შეგვიძლია ლაპარაკი. „მჯერა-არმჯერას“ დონეზე - გააჩნია, ხელისუფლების მხარდამჭერები ვართ, თუ მისი მოწინააღმდეგეები. და სწორედ აქ არის პრობლემა. ასეთ დროს, წესით, სიმართლის დადგენა იმ უწყებების პრეროგატივა უნდა იყოს, პოლიტოლოგები „ინსტიტუტებს“ რომ უწოდებენ ხოლმე - სასამართლოსი, პროკურატურის, მედიის... ჩვენს რეალობაში კი, მოგეხსენებათ, ამის იმედად დიდად ვერ ვიქნებით, ვინაიდან არც ერთი ეს ინსტიტუტი არ ფუნქციონირებს მთავრობისგან დამოუკიდებლად. გავლენიანი ტელევიზიები - ისინი, რომელთა  მაუწყებლობაშიც „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ სახელმწიფო უწყებების მხრიდან „სისტემატურ ჩარევაზე“ წერდა - მოდელირებულ ქრონიკას გვთავაზობენ, დაკითხვისას დაღუპული ქიმერიძის საქმეს ზომბებივით, იდენტურად აშუქებენ და შტატივზე დამაგრებული კამერით მზადყოფნაში ხვდებიან ხურჩაში ავტობუსის აფეთქებას. პროკურატურამ და სასამართლო სისტემამ კი ჩვენი ახლო წარსულის ერთ-ერთი ყველაზე დამთრგუნველი შემთხვევის, სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიებისას ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოც „გააოგნეს“ შეთანხმებული ქმედებით, რათა ”ამ საზარელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

ასეთ ვითარებაში - ეჭვებით, ვარაუდებით, პასუხგაუცემელი კითხვებით, ირაციონალური შიშებით გაჟღენთილ გარემოში - „შეთქმულების თეორიებზე“ დაფუძნებული აზროვნება სამწუხაროდ არსად გაქრება. ასე დავრჩებით - „გეგმების“, „სპექტაკლების“ თუ „დადგმების“ ძიებაში - მანამ, სანამ ჩვენი მმართველები ოდნავ უფრო სერიოზულად მაინც არ მოეკიდებიან ანგარიშვალდებულების პრინციპს.  სხვა, უფრო ხმამაღალ კატეგორიებზე - მაგალითად, მმართველების მორალურ პასუხისმგებლობაზე - არაფერს ვამბობ. მზარდი პოლიტიკური დაძაბულობის და ჩემი ასევე მზარდი ასაკის პარალელურად, ვხვდები, რომ ეს ზედმეტი გულუბრყვილობა იქნება.

Tags:პოლიტიკა, ბლოგი, საზოგადოება, სკეფსისი, შეთქმულების თეორია


დასკვნის გარეშე

მართლა მაინტერესებს, ამას როგორ ახერხებენ. რანაირად გამოსდით, რომ ყველა მნიშვნელოვანი იდეა, იდეოლოგია, პრინციპი თუ ფასეულობა, რასაც კი ხელი მოკიდეს, სწრაფად და ერთმნიშვნელოვნად გადააქციეს გროტესკად და კარიკატურად. „მოდერნიზაციის“, „ლიბერალიზმის“, „დასავლური ღირებულებების“ და, ზოგადად, კულტურული ცვლილების ცნებებს რაც უქნეს - როგორ დააკნინეს, გააუფასურეს და დაიყვანეს „ჩარეცხილ მუმიებთან“ ბრძოლამდე, ასფალტის დაგებამდე და ბუტაფორიულ ფასადებამდე - ამაზე უკვე ვისაუბრეთ და ახლა აღარ შევჩერდებით. „რუსული საფრთხის“ კლიშეზეც არ ღირს ბევრი ლაპარაკი - ისედაც ვიცით, რომ ეს ძალიან რეალური და მწვავე გეოპოლიტიკური პრობლემა, მათი რიტორიკის წყალობით, პრიმიტიულ ნაციონალიზმს, პლაკატურ მტრის ხატს, პოლიტიკურ პარანოიას და ოპონენტებთან საბრძოლველ იარლიყს გაუტოლდა. ახლა კი, მგონი, უკვე თავსაც გადააჭარბეს. განახლებული მთავრობის ახალი პრიორიტეტების მხოლოდ გამოცხადება იყო საკმარისი საიმისოდ, რომ სოციალური სახელმწიფოს იდეისგან, თუ სოციალური პოლიტიკის პრინციპებისგან, უხეირო იმიტაცია თუ უხერხული პაროდია შეგვრჩენოდა ხელში.

ამ ბოლო შემთხვევაში სხვაგვარად, ალბათ, ვერც იქნებოდა. ჯერ ერთი, მოტივაცია გამოიყურება ძალიან ბანალურად. რამდენიც უნდა გვიმტკიცონ, რომ ახალი პროგრამა „ხალხთან შეხვედრების“, თუ ხალხზე წუხილის შედეგია, ცხადია, რომ მთავარი მიზეზი მოახლოებული არჩევნები და ოპონენტის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირებების „გადაფარვის“ საჭიროება იყო. თან კონტრასტია თვალშისაცემი. წლების მანძილზე სულ სხვა რეალობას გვიხატავდნენ - ომახიან, ენერგიულ, ბრჭყვიალაპროექტებიან რეალობას, რომელშიც „სიღარიბე“, „უმუშევრობა“, „სოციალური დაცვა“ და სხვა ტრივიალური ამბები დიდად აქტუალურ საკითხებს არ წარმოადგენდა. კი, როგორც ფაქტი, ყველამ ვიცოდით, რომ ქვეყნის „სახელმწიფოდ შედგომის“ ფონზე ჩვენ გვერდით ძალიან ბევრ ადამიანს - სულ მცირე, მილიონნახევარს - უკიდურესად უჭირდა. მაგრამ ეს პრობლემა - და, მით უფრო, მისი გადაჭრის გზები - არასოდეს გამხდარა სერიოზული დისკუსიის საგანი (წინა ბლოგებში ამ „გაპრიალებული რეალობის“ საკითხზეც გვისაუბრია - მაგალითად, აქ - და დღეს არც ამაზე გავაგრძელებთ).

ჰოდა, რა გასაკვირია, თუკი მთავრობის ეს ენერგიული და მონდომებული ტრანსფორმაცია ღიმილის და სკეფსისის მომგვრელი გამოდგა. ხელისუფლება, რომელიც სულ ახლახან დასაშვებად მიიჩნევდა, 30 ლარით შეემცირებინა მუდმივი მოვლის საჭიროების მქონე უნარშეზღუდული ბავშვების ისედაც ძალიან მწირი შემწეობა - და რომელმაც გაღატაკებული სოფლებიდან ხალხის ქალაქებში გადინების მიზნით წამოიწყო ექსცენტრიზმის, თუ ექსტრავანგანტიზმის იშვიათი ნიმუში, პროექტი სახელად “ლაზიკა” - უცებ სულ სხვა ინტონაციით ალაპარაკდა. დაიწყო დაპირებების რახარუხი - ოთხი მილიარდი სოფლის მხარდაჭერისთვის, სამი მილიარდი დაზღვევისთვის, ასდოლარიანი პენსია... მთავრობამ, რომელმაც საბაზრო პრინციპები დომინანტური ისეთ სფეროებშიც გახადა, როგორებიცაა, მაგალითად, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვა - თითქმის ყველა საავადმყოფო კერძო საკუთრებაში გასცა, გარემოს დაბინძურება კი გაყიდვად უფლებად გადააქცია - ახლა ოთხწლედის ეკონომიკური გეგმები დაგვისახა: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უნდა გაორმაგდეს, უმუშევრობა უნდა შემცირდეს, დაზღვევა ყველაზე უნდა გავრცელდეს.

ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეუსაბამობის, პარადოქსულობის თუ პოპულიზმის მაგალითები მართლაც უხვადაა. ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება შრომის რეგულირებაზე არათუ არ ზრუნავს, არამედ, საერთაშორისო პროფკავშირების შარშანდელი შეფასებით, სისტემატურად არღვევს „ყველა შრომით უფლებას და შრომის საერთაშორისო სტანდარტებს“ - ახლა მოგვივლინეს „დასაქმების სახელმწიფო მინისტრი“, რომელმაც დანიშვნისთანავე ელიავას ბაზრობას მიაშურა და „უშუალოდ გაიგო დასაქმების მსურველების პრობლემებისა და მოთხოვნების შესახებ“. ამგვარი პოპულიზმის, ანუ „ხალხთან დგომის“ ილუზიის, სულ მთლად თავზეხელაღებული მაგალითი თავად პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრისას - თავისივე ელიტისგან გამიჯვნით, „ბენდუქიძის აუზზე“ ქილიკით და აღშფოთებით, რომ ამ აუზით სარგებლობისთვის დაწესებულ „კატასტროფულ“ ფასებს მხოლოდ „პრივილეგირებული“ ხალხი თუ შესწვდება. მდიდრებს და ღარიბებს შორის კონტრასტების ასეთი აღიარება განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება მთავრობის ახალი პროგრამით გათვალისწინებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტის - ოთხ წელზე გაწერილი ათასლარიანი ვაუჩერის - ფონზე. ხელისუფლების მზრუნველი პოლიტიკა ამ ვაუჩერის გარეშე არც ერთ ოჯახს არ დატოვებს - მათ შორის, როგორც ჩანს, არც იმ აუზზე მოსიარულე, სააკაშვილისვე სიტყვებით „პრივილეგირებულ“ მოქალაქეებს; ხოლო დახმარების ასე განურჩევლად და ხელგაშლილად გაცემა - ოჯახების ზომის, შემოსავლის და საჭიროების მიუხედავად - ქვეყნის ბიუჯეტს, როგორც ამბობენ, მილიარდ ლარზე მეტი დაუჯდება.

ეს ყველაფერი რომ პოპულიზმი, ძალაუფლების შენარჩუნების ვნება და სიყალბეა, ამას თუნდაც ორი დღის წინანდელი გახმაურებული ამბავი ადასტურებს - პრეზიდენტის ვიზიტის მომლოდინე, უმწეო მოხუცზე, როზა წყაბელიაზე ძალადობის თავზარდამცემი ფაქტი. ცინიკური პარალელური რეალობა - „ხალხისთვის მეტი სარგებლის“ შესახებ დაპირებების ენერგიულად გამცემი პრეზიდენტი და მისი თვალთახედვის არიდან არამზადების მიერ ძალით გათრეული და სარდაფში გამოკეტილი სასოწარკვეთილი ადამიანი. ეს ამბავი - რომელიც, ალბათ, სხვა მსგავსი ფაქტებისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ კამერებმა აღბეჭდეს და ამის გამო დამნაშავეები საჩვენებლად დაიტუქსნენ - მორიგი და უხეში დასტურია, რომ მზრუნველი დაპირებების და ჰუმანური განცხადებების ფასადის მიღმა ძალის პოლიტიკაზე ორიენტირებული, ფარისევლური და „გაპრიალებული“ რეალობა დგას; რეალობა, საიდანაც საგულდაგულოდ განდევნილია სიღარიბის, გაჭირვების, ავადმყოფობის თუ ჩაგვრის ნამდვილი, შემზარავი და დამთრგუნველი სახე.

ამას მხოლოდ ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ. ძალიან სერიოზული ღირებულებითი პრობლემები აქვს თავად საზოგადოებას, რომელიც როზა წყაბელიაზე ამ თავაშვებული ძალადობის სცენას უყურებს და ამის აღკვეთას არ, თუ ვერ ცდილობს. გროტესკამდე მისული სოციალური უთანასწორობა და ფაქტი, რომ „საქართველოში ბევრს კვლავაც ძალიან უჭირს“, ჩვენთვის - ყველასთვის - ჩვეულებრივი და ბანალური ამბავი გახდა. კოლექტიურ წარმოსახვაში „ღარიბები“ წარმოგვიდგება ერთ დიდ, უმოქმედო, უუნარო და მთავრობისგან დახმარების პასიურად მომლოდინე ჯგუფად, რომელზეც, საუკეთესო შემთხვევაში, სწორხაზოვანი სენტიმენტალიზმით ვლაპარაკობთ - ისეთით, „ცუდი მთავრობის“ შესახებ ოპოზიციური მედიის სიუჟეტებში რომ გვხვდება ხოლმე. უფრო უარეს შემთხვევაში კი მათზე თუ მათი სახელით საუბრისას ცინიზმს და მანიპულაციას ვაწყდებით - დაახლოებით ისეთს, როგორსაც დროდადრო კოალიციის - „ევროპული საქართველოსთვის“ - წევრები ავლენენ ლტოლვილებთან მიმართებით. ერთ დღეს მათ „თავის დასაწვავ ბენზინსაც“ რომ ამადლიან, სხვა შემთხვევაში კი მედიდური თანაგრძნობით აღწერენ „ძალიან გამწარებულ“ ხალხად, რომელიც იმდენად მოკლებულია რაციონალური აზროვნების თუ ღირსეული ქცევის უნარს, რომ, მაგალითად, კარალეთში, ველური ფორმით, ქვებით და ჯოხებით უსწორდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.

და მაინც - ყველაფრის მიუხედავად - თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ახლა უფრო ხშირად ისმის სიტყვები „ჯანდაცვა“, „პენსიები“, „უმუშევრობა“ თუ „სიღარიბე“, მე დადებითი მგონია. რა გაეწყობა - ვხედავთ, რომ სოციალურ უსამართლობაზე, უთანასწორობაზე, ჩვენი, როგორც საზოგადოების, საერთო ინტერესებზე, სოლიდარობაზე, ეთიკის პრინციპებზე სერიოზული დისკუსია ჯერჯერობით არ გამოგვდის - არც პოლიტიკურ, არც ინტელექტუალურ და არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მით უმეტეს არ არსებობს უფრო სპეციფიკურ თუ უფრო ტექნიკურ საკითხებზე ლაპარაკის ტრადიცია - საბიუჯეტო სახსრებზე, მათი ხარჯვის მართებულ გზებზე, სახელფასო გადასახადების სამართლიან ფორმებზე, სოციალურად დაუცველი ადამიანების ყოფის შემსუბუქების კონკრეტულ შესაძლებლობებზე, იმაზე, თუ რის გაკეთება შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას. მაგრამ რაღაცით უნდა დავიწყოთ. და სხვა თუ არაფერი გამოგვდის, იქნებ ეს რაღაცა პოპულიზმი იყოს.

ამიტომაც, ამ ბოლო დრომდე სწორედ სოციალური თემებისთვის სიმწვავის შეძენას მივიჩნევდი ოპოზიციურ ფრონტზე „ქართული ოცნების“ გამოჩენით მოტანილ ძირითად დადებით ცვლილებად. კი, კოალიციის და მისი ლიდერის განცხადებებსაც აშკარად დაკრავდა პოპულიზმის ელფერი. თავისთავად ის დაპირებაც, რომ გაჭირვებულ მოსახლეობას ხელისუფლებაში მოსული ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი „დააპურებს“, პატერნალიზმის და ქედმაღალი, მამობრივი მზრუნველობის კონტურებს შეიცავდა. მაგრამ რახან ყველაფერი შეფარდებითია, მაინც მომწონდა, რომ ბიძინა ივანიშვილი თითქოს არ იმეორებდა სხვა უამრავი ოპოზიციონერის მიერ მანამდე გაკვალულ, მოყირჭებულ და იაფფასიან გზას - ეთნონაციონალისტურ მითებზე, რელიგიურ ფარისევლობაზე და „ქართველობის დაკარგვის“ შესახებ შიშების გაღვივებაზე დამყარებულ, ფანტაზმების პოლიტიკას. კი, პატრიარქთან ტელეკამერების თანხლებით მისი ოჯახური ვიზიტებიც მახსოვს და „ქართველების გამოჩეულობაზე“, „წინაპრებისგან გენეტიკით გადმოსულ მუხტზე“ და „ასაკში შესულ ერზე“ გაკეთებული გაუგებარი განცხადებებიც - მაგრამ მაინც ვთვლიდი, რომ მისი რიტორიკის ბირთვს არა ეთნოშოვინიზმი, არამედ ისეთი საკითხები შეადგენდა, როგორებიცაა სამედიცინო დაზღვევა, პენსიების გაზრდა, სოფლის მეურნეობა, განათლება. ხოლო ნაციონალისტური პოპულიზმიდან სოციალურ პოპულიზმზე გადასვლის ეს ნიშნები თავისთავად მიმაჩნდა მნიშვნელოვან ამბად; იმპულსად, რომელსაც შეიძლება დღეს არა, მაგრამ მომავალში მაინც მოეტანა სოციალურ სამართალზე სერიოზული და ღირებული დისკუსიის დაწყება.

თუმცა, მგონი, სულ ტყუილად. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ დისკუსიას - და, მით უფრო, ჩვენი პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღებას - დიდად სახარბიელო მომავალი არ უნდა ჰქონდეს. "ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის მიერ ბოლო პერიოდში დემონსტრაციულად და ერთმანეთის მიყოლებით გადადგმული ნაბიჯები სხვა პერსპექტივას აჩენს. ჯერ ერთი, ძალიან მეეჭვება სოციალურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე კომპეტენტური აზრი ჰქონდეს კოალიციის აქტივისტებად გამოყვანილი თუ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული „კულტურული ელიტის“ - არტისტების, სპორტსმენების თუ სხვა „ცნობადი სახეების“ - დიდ უმრავლესობას. პირიქით. იმ დამტკბარი, ქედმაღალი, პათეტიკური და მელოდრამატული ინტონაციის გახსენებაც კი არ მინდა, რომლითაც ისინი „უბრალო ხალხის გაჭირვებაზე“ ლაპარაკობენ ხოლმე. ამაზე კიდევ უფრო საგანგაშო სიგნალი მგონია მაჟორიტარ დეპუტატებად რესპუბლიკური პარტიიდან ქსენოფობიის გამო გარიცხული, ქართველების „გენეტიკურ სისუფთავეზე“ მოქადაგე მურმან დუმბაძის და „კედელთან მიყუდებული დედაენით“ შეწუხებული შოთა ზოიძის დასახელება. აღარაფერს ვამბობ „ძალიან მყარ დასაყრდენად“, მაგალითად, სანდრო ბრეგაძის გამოცხადებაზე - კაცისა, რომელიც რამდენიმე წლის წინ „სიამოვნებით“ ეთანხმებოდა ადოლფ ჰიტლერს იმაში, რომ მან „რამოდენიმე გემი გაგზავნა ზღვაში და ჩაძირა, სადაც გარკვეული ადამიანები იყო თავმოყრილი.“

მოკლედ, დიდი შანსია, პოლიტიკური კულტურის გაჯანსაღების და სოციალურ სამართალზე არსობრივი დისკუსიის დაწყების ნაცვლად, საქმე სხვაგვარად წავიდეს. სოციალური თემები, სავარაუდოდ, აქტუალური დარჩება - ოღონდ, შესაძლოა ვერ გასცდეს „ხალხთან დგომის“ პოპულისტურ ჩარჩოს. და თან, როგორც სჩანს, ამგვარი სოციალური პოპულიზმი შეერწყმება დუმბაძის და მისი თანამოაზრეების იაფფასიან, სიძულვილით გაჟღენთილ ნაციონალისტურ შოვინიზმს. ამ ყველაფრის ერთ-ერთი შედეგი კი, შეიძლება ის იყოს, რომ ჩვენს პოლიტიკურ სივრცეს კიდევ ერთი იდეოლოგიის კარიკატურა თუ პაროდია დაემატება. ოღონდ, ამჯერად ეს კარიკატურულობა და არასერიოზული ფორმა უნდა გვიხაროდეს - რადგან ნამდვილი და სრული სახით ამ იდეოლოგიას ნაციონალ-სოციალიზმის სახელი ჰქვია.

ბლოგის დასასრულს - ბოლო აბზაცში - წესით „შეჯამება“ უნდა შემოგთავაზოთ და რამე „დასკვნის“ გამოტანაც უნდა ვცადო. დაწერა ბევრი რამის შეიძლება - მაგალითად, იმის, რომ პოლიტიკური ელიტის სიყალბის თუ პოპულიზმის მთავარი გამანეიტრალებელი ფაქტორი ჩვენი, საზოგადოების სიფხიზლე და სკეფსისი უნდა იყოს; ან იმის, რომ სწორედ ჩვენ - საზოგადოებამ - უნდა ვაქციოთ სიღარიბის და სოციალური სამართლიანობის თემები საჯარო სივრცისთვის მწვავე და აქტუალურ საკითხებად; ან იმის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ ამ პრობლემის გამოსწორებაზე მუშაობა ჩვენი საერთო, კოლექტიური ინტერესია - როგორც „მდიდრების“, ისე „ღარიბების“. რადგან უხეშად უთანასწორო საზოგადოება არასტაბილური და გახლეჩილი საზოგადოებაც არის, რომელშიც ნიჰილისტური, ფატალისტური და ქსენოფობიური განწყობები ჭარბობს და ზოგად, დემოკრატიულ განვითარებას ექმნება საფრთხე. მაგრამ ახლა, რატომღაც, ყველა ეს ხმამაღალი განცხადება უადგილოდ მეჩვენება - ყველა ბანალურია და თავისთავად ცხადი. ამიტომ იქნებ დღეს ასე დავამთავროთ - უბრალოდ, დასკვნის გარეშე.

Tags:არჩევნები, პოპულიზმი, სოციალური პოლიტიკა, ნაციონალიზმი

ყველაზე პოპულარული