კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 00:38

ბლოგები / ზაზა ბურჭულაძე

ტექსტის ზომა - +
მარტი 2012

რაც გინახავს, ვეღარ ნახავ

დროულად მოვინახულოთ თბილისში ადგილები, რომლებიც რაღაცას ნიშნავდა ჩვენთვის. მოვინახულოთ, თორემ მათ ადგილას მალე შეიძლება ბანკი ან აფთიაქი დაგვხვდეს.

ძნელია, აქ “თორმეტი სკამის” დასაწყისი არ გაგახსენდეს: “სამაზრო ქალაქ N-ში იმდენად ბევრი საპარიკმახერო და დამკრძალავი ბიურო იყო, გეგონებოდა, ქალაქელები მხოლოდ იმიტომ იბადებოდნენ, რომ გაეპარსათ, თმა შეეკრიჭათ და მაშინვე მომკვდარიყვნენ”. დაახლოებით მსგავსი რამის თქმა შეიძლება დღევანდელ თბილისთან დაკავშირებით. იმ განსხვავებით, თუ საპარიკმახეროსა და დამკრძალავ ბიუროს ბანკითა და აფთიაქით ჩავანაცვლებთ. თუმცა დიდი განსხვავება ამათ შორის არცაა. ვინც ფანტაზიის ნაკლებობას არ უჩივის, მიხვდება, რასაც ვგულისხმობ. კერძოდ, კლიენტს ორივე დაწესებულებაში: საპარიკმახეროშიც და დამკრძალავ ბიუროშიც “ალამაზებენ”. ბანკის კრედიტ-მენეჯერთან საუბრის შემდეგ კი უფრო ხშირად ხდები აფთიაქის კლიენტი. და კიდევ, იმავე კლიენტს საპარიკმახეროშიც და ბანკშიც ცხვარივით “პარსავენ”. დამკრძალავ ბიუროსა და აფთიაქს შორის მსგავსებაზე კი როცა ვფიქრობ, უნებურად რამდენიმე წლის წინ კოსტავას დაღმართზე დამონტაჟებული ბანერი მახსენდება, რომელზეც ეწერა: “პსპ – ჩემი ოჯახის აფთიაქი”. ეგაა, რომ ბანერზე ამ ამბამდე 20 წლით ადრე გარდაცვლილი სესილია თაყაიშვილი გამოესახათ. იშვიათი იუმორი იყო: აფთიაქების ქსელს მიცვალებული უკეთებდა რეკლამას. მოკლედ, “თორმეტი სკამისა” არ იყოს, თბილისში იმდენად ბევრი ბანკი და აფთიაქია, გეგონება, თბილისელები მხოლოდ იმიტომ იბადებიან, რომ ბანკში კრედიტი აიღონ, გული შეუღონდეთ და მაშინვე აფთიაქში შეირბინონ.

ცოტა გაუგებარია, ამდენი ბანკი და აფთიაქი რა საჭიროა.

 უკაცრავად ამ ტრივიალური შეკითხვისთვის, თუმცა აქვე ისიც მაინტერესებს, არის თუ არა ჩვენთან ბევრი ავადმყოფობის მიზეზი უფულობა? ანუ, ფული რომ იყოს, გვეყოლებოდა თუ არა ამდენი სნეული? ცოტა ვერ ვხვდები, ეს ორი – ბანკი და აფთიაქი – ერთმანეთის პარალელურად როგორ მრავლდება. ჩემს წარმოდგენაში, ეს დაწესებულებები ერთმანეთს უნდა გამორიცხავდნენ. თუმცა კი მრავლდებიან მეტასტაზებივით.

მაგრამ მარტო ბანკები და აფთიაქები როდია პრობლემა. ისედაც საშუალოდ ლამაზი თბილისი სახეს სრულიად კარგავს და დღითი დღე კიდევ უფრო მახინჯდება, პლასტმასდება, ჭრელდება. მძიმეა ამ ყველაფრის პერსპექტივაში წარმოდგენა. ანუ, მიაქციეთ ყურადღება, მძიმე იმის წარმოდგენა კი არაა, რომ თბილისს იერსახე ეცვლება, არამედ იმის, რომ ქალაქი დიდხანს დარჩება ისეთად, როგორადაც დღეს იძერწება. ეს ცვლილებები კი სულაც არ მგონია რამე დისციპლინის შედეგი. ეს რაღაც პროპაგანდისტული სიაბანდობაა. ამ სიაბანდობის გამო მოიშალა აპოლოს შენობაზე რუსული წარწერა, კინოს სახლზე ვარსკვლავი მოიხსნა, და ა.შ. ყველაფერს რა ჩამოთვლის. არადა, წარწერა აპოლოზე და ვარსკვლავი კინოს სახლზე თბილისური არქიტექტურის ორგანული ნაწილი უფრო იყო, ვიდრე ქალაქელთა კოლექტიურ ქვეცნობიერში რუსეთისა და საბჭოეთის მიმართ ტრფიალი. მეტიც, თბილისელთა გადაწყვეტილება არც ყოფილა მათი გაქრობა, მხოლოდ ფუნქციონერთა კაპრიზი. ეს იმას გავს, ნაპოლეონის არმიამ სფინქსს ცხვირი რომ მოამტვრია. იმ განსხვავებით, რომ არც აპოლოა სფინქსი და არც ჩვენი ფუნქციონერები არიან ნაპოლეონის ჯარისკაცები. ეს, ვიმეორებ, პროპაგანდისტული სიაბანდობაა. აქვე საკითხავია, რატომ გაქრა რუსთაველის პროსპექტიდან “ლაღიძის წყლები” ან ოფიცერთა სახლის წინ მდგარი ქვის ფიგურა? ნუთუ ესენიც იმპერიალისტური გადმონაშთები იყო? იმას კი არ ვამბობ, მე ახალი არ მინდა, ძველი მირჩევნია-მეთქი, უბრალოდ რაღაცების მოფრთხილება გვმართებს, მგონი. ყველაფერს საბაზრო ეკონომიკის წმიდათაწმიდა თარგზე ხომ არ გამოვჭრით.

ან იქნებ ვინმეს მართლა სჯერა, რომ ტურისტს ეს პლასტმასურობა და სიჭრელე იზიდავს? თუმცა ტურისტს გააჩნია. თბილისში ბოლო დროს მომრავლებული მინის შენობები კი დასავლურის იმიტაციაა მხოლოდ, თანაც უმწეო იმიტაცია. ასე რომ, საკითხავია, ვინ აღფრთოვანდება ამ უსახურობით – იმ პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები ხომ არა, რომლებიც ჩვენზე უგვანი და უსახური ქალაქებიდან არიან? დაბოლოს, ნურც სიტყვა “ჭრელი” და “ფერადი” აგვერევა ერთმანეთში. სამწუხაროდ, დღევანდელი თბილისი ჭრელი ქალაქია და არა – ფერადი. ჭრელი კი, მოგეხსენებათ, ფუფლოა.

ან იქნებ ვინმეს მართლა სჯერა, რომ ტურისტს ეს პლასტმასურობა და სიჭრელე იზიდავს?

ან ის მაინც თუ იცის ვინმემ, ყოველ საღამოს რატომ ვისვრით ფოიერვერკს? რას ვზეიმობთ ასე დაუსრულებლად, წაგებულ ომებს თუ დაკარგულ ტერიტორიებს? ან იქნებ ეს ფოიერვერკია დემოკრატიის შუქურა? შეიძლება, რატომაც არა. დემოკრატია თქვენ ლობიოობა ხომ არ გგონიათ? არადა, მოულოდნელად ისე იბუთქებს ხოლმე, გეგონება, ომი დაიწყო. თუმცა აქვე ისიც გახსენდება, რომ ყველა ომი ჩვენ უკვე წავაგეთ, და ეს ფოიერვერკიც სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი სიაბანდობა.

აქვე “სითი პარკით” შევიწროებული ტროტუარებიც უნდა ვახსენოთ. საინტერესოა, რომელ ჭკუათმყოფელს მოუვიდა თავში აზრად ქალაქში ფეხით მოსიარულეთა მანძილის შემცირება? ნუთუ არავინ იფიქრა მოხუცებზე, ბავშვებზე ან ხეიბრებზე? იმის ნაცლად, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქუჩებს ინვალიდებისთვის უფრო მოსახერხებლად ვაქცევდეთ, კიდევ უფრო ვავიწროვებთ? დღეს ტროტუარებზე ისე დაქრიან ავტომანქანები, განსაკუთრებული ყურადღება და სიმარჯვე გმართებს, რომ არ გადაგიარონ. თბილისის ქუჩებში სეირნობა დღეს ექსტრემალური სპორტის სახეობად იქცა. ტროტუარზე აქა-იქ მოულოდნელად ამომხტარ “ჯიპს” რომც გადაურჩე, იმავე ტროტუარზე ხშირად ისეა ჩამწკრივებული ავტომანქანები, რომ, ხეიბარი კი არა, ჯანმრთელი ადამიანი ვერ გაივლი.

ასე რომ, სანამ ტროტუარები საბოლოოდ გადაივსო ავტომანქანებით, შენობები კი ბანკებად და აფთიაქებად გადაკეთდა, ხოლო ფასადები აჭრელდა ან შეიმინა, ყველაფერი მეტალო-პლასტმასით შეიცვალა და მთელი თბილისი გაფუფლოვდა, დროულად მოვინახულოთ ადგილები, რომლებიც რაღაცას ნიშნავდა ჩვენთვის, რასთანაც რაღაც ისეთი გვაკავშირებს, რასაც ვერასდროს ვერაფერი ჩაანაცვლებს.

Tags:ბლოგი, თბილისი, ბანკი, ზაზა ბურჭულაძე, აფთიაქი


ღმერთების დაისი

მგონი, არ იქნება აღმოჩენა იმის თქმა, რომ არის ორი საქართველო. პირველში რამდენიმე ათასი პრივილეგირებული ადამიანი ცხოვრობს, მეორეში რამდენიმე მილიონი – ყოველგვარი პრივილეგიის გარეშე. ამ ორ ქვეყანას კი, პოეტს თუ დავესესხებით, „შუა უდევს დიდი მზღვარი“. იმის მიუხედავად, რომ ეს ქვეყნები ერთსა და იმავე დრო-სივრცეში არსებობენ და ერთი სახელმწიფო ენა აქვთ, მათ მოქალაქეებს ერთმანეთის არ ესმით. დრო-სივრცისა და ენის გარდა, ამ ქვეყნებს გერბიც ერთი აქვთ, ჰიმნიცა და ფულის ერთეულიც, თუმცა მათი მოქალაქეები ერთმანეთს თითქმის ვერ ხვდებიან. და თუ მაინც ხვდებიან ხოლმე, ვერ ცნობენ. ეს ვერცნობა ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო დეტალია პრუსტისა და პასტერნაკის რომანებში, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. რეალობა კი კიდევ უფრო პროზაულია, ვიდრე ნებისმიერი რომანი.

„მზღვარი“, ანუ მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ამ ორ საქართველოს შორის მათი მოქალაქეების სურვილები, მიზნები და მისწრაფებებია. უფრო ზუსტად, პირველ საქართველოს, რომელშიც რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, აქვს მსუბუქად განვითარებული დემოკრატია და იმის შიში, რომ ეს დემოკრატია არ განვითარდეს. მეორე, რამდენიმემილიონიან საქართველოსაც აქვს მსუბუქად განვითარებული დემოკრატია და ასევე - მისი განვითარების სურვილი. კიდევ უფრო დავაზუსტოთ: პირველ საქართველოში, ასე თუ ისე, ესმით დემოკრატიის მნიშვნელობა და ამიტომაც არ უნდათ იგი. მეორე საქართველოში კი სრულიად არ ესმით ამ ტერმინის მნიშვნელობა, თუმცა კი ძალიან უნდათ იგი. ანუ: პირველმა იცის, რა არ უნდა, მეორემ არ იცის, რა უნდა. სამწუხაროდ, ეს სიტყვების თამაში არაა.

ძალიან მარტივად რომ ვთქვათ და სხვას ყველაფერს თავი გავანებოთ, ის მაინც ხომ ვიცით, რომ დემოკრატიის პირობებში იმუშავებს დამოუკიდებელი სასამართლო. რაც სრულიად არ აწყობს რამდენიმე ათას ადამიანს. დამოუკიდებელი სასამართლო იმას ნიშნავს, რომ ეს რამდენიმე ათასი კაცი, შესაძლოა, მალე ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდეს. შეიძლება, მიხეილ სააკაშვილი ამიტომაც არ იშურებს ძალისხმევას, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ განვითარდეს, მისი ერთგული მოქალაქეები არ გასამართლდნენ და, პირიქით, რამდენიმე ათასი მოქალაქე ძალისხმევას არ იშურებს, რომ სააკაშვილი რაც შეიძლება დიდხანს, თუნდაც სამუდამოდ, დარჩეს ქვეყნის სათავეში, რადგან ყოველი მათგანის უსაფრთხოების გარანტი სწორედ იგია. მეტიც, სააკაშვილი მათი ღმერთია.

მეორე საქართველო კი ამასობაში - და ტრადიციულად - მესიის მოლოდინშია. რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ მანამდე სრულიად უღმერთოდაა დარჩენილი, პარალელურად კი ყველა უბედურების სათავედ სააკაშვილს თვლის. ეს დიდი შეცდომაა. იმ უბრალო მიზეზით, რომ სააკაშვილი არაა იმდენად მაგარი, ყველა უბედურების სათავე იყოს. ძალიანაც მოინდომოს, ვერ შეძლებს. და კიდევ, მტერი და მოყვარე იმდენად სერიოზულად აღიქვამს სააკაშვილს, რომ ამ უკანასკნელმა მართლაც დაიჯერა საკუთარი სიდიადე. რაშიც იმდენად თვითონ არაა დამნაშავე, რამდენადაც ხალხი, ვინც მას ამაში ნებსით თუ უნებურად დაეხმარა, მტერიც და მოყვარეც. ამიტომ მაინტერესებს, როდის ვაპირებთ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას და არა სხვაზე გადატანას? ასეთი რა არასრულფასოვნების კომპლექსი გვაქვს? რატომ ვთვლით სხვას ჩვენზე სრულქმნილად? ან რატომ გვგონია, რომ სხვა ჩვენს ნაცვლად გაანძრევს ხელს? სწორედ ამიტომაა მუდამ დამნაშავე სხვა. ეს კი მანამდე არ მოიშლება, სანამ მესიის მოლოდინში ვიქნებით. მოლოდინის რეჟიმი კი, მოგეხსენებათ, არა ერთჯერადი, არამედ დაუსრულებელი აქტია. ამას გარდა, პარადოქსი კიდევ ისაა, რომ ჩვენთან ღმერთი იმათ ყავთ, ვისაც იგი არ წამს, მორწმუნენი კი სრულიად უღმერთოდ არიან დარჩენილნი.

დაბოლოს, ჩვენთან რამდენიმე მილიონი ადამიანი მუდამ ელოდება, რომ მოვა ახალი ძალა, რომელიც... სტოპ! და რას იზამს ეს ახალი ძალა? სააკაშვილიც ხომ უდიდესი პროცენტებით მოვიდა ქვეყნის სათავეში? მერედა, გაამართლა? ან რა გარანტია არსებობს, რომ ახალი ძალა მასზე უკეთესი გამოდგება? ვინ იტყვის დარწმუნებით, რომ ახალი ძალა კვლავაც არ გააჩენს პატარა, რამდენიმეათასიან საქართველოს, რომელშიც მხოლოდ პრივილეგირებულები იცხოვრებენ? იქნებ, ბოლოს და ბოლოს საარჩევნო პროგრამების არჩევა ვისწავლოთ და არა პიროვნებების, რომელთაც ტრადიციულად უთუოდ ვაღმერთებთ და ასევე უთუოდ შემდეგ ჯვარზე გავსვამთ ხოლმე? იქნებ, ბოლოს და ბოლოს, ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და ყველაფერს სხვას ნუ გადავაბრალებთ? რა მნიშვნელობა აქვს, ღმერთს ზვიადი ერქმევა, ედუარდი, მიშა თუ ბიძინა? ჩემი მოკლე ჭკუით, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენთან ღმერთი არასდროს მოვა და როგორმე უმისოდ მოვაწყოთ ჩვენი ცხოვრება. სხვა თუ არაფერი, ამ ტვირთის მოშორებით ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ, და სავარაუდოდ, ერთ ადგილზე აღარ ვიქნებით ჩაკირულნი. ყოველ შემთხვევაში, სიარული თუ ადგილზე დგომა უკვე ჩვენი არჩევანი იქნება და არა ბედისწერა. ნუ აღვიქვამთ ღმერთებს სერიოზულად; მით უფრო კი მათ, ვინც ღმერთობაზე აცხადებს პრეტენზიას. მთავარია შევიგნოთ, რომ დამნაშავენი იმდენად ღმერთები არ არიან, რამდენადაც მორწმუნენი. იმიტომ რომ ღმერთებს ისე არ მოეკითხებათ, როგორც მორწმუნეთ.

ჰოდა, ღმერთების დაისით ხომ არ დაგვეწყო?

დათვური სამსახური

ზუსტად ერთი წლის წინ ვწერდი თბილისის ზოოპარკზე. კერძოდ, ვწერდი, რა ჯოჯოხეთურ პირობებში ვამყოფებთ იქაურ ბინადართ. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ ვაწამებთ მათ. დავაზუსტებ, რას ვგულისხმობ. მაინცდამაინც ზოოპარკის ტრფიალი არ ვარ. ჩემდათავად, მირჩევნია, გარეული ცხოველი ველურ ბუნებაში ცხოვრობდეს. მაგრამ ეს თანდათან სულ უფრო შეუძლებელი ხდება. აქვე ისიც სათქმელია, რომ ცივილიზაციის განვითარების, ტყეების ჩეხვისა და ეკოლოგიის გაუარესების გამო ცხოველთა რამდენიმე სახეობა დღეს ზოოპარკებშიღა შემორჩა: ზუბრი, კულანი, მილუ - იგივე დავითის ირემი, და ა.შ.

ზოგადად, ზოოპარკი ადამიანის მიერ ცხოველთა მრავალფეროვნების გადასარჩენად შექმნილი უნიკალური ლაბორატორიაა. აქ სპეციალურ ნაგებობებში, ტერარიუმებსა და აკვარიუმებში, გალიებსა და ვოლიერებში ასე თუ ისე ბუნებრივთან მიახლოებულ პირობებში ცხოვრობენ ცხოველები. რასაც ვერ ვიტყვით თბილისის ზოოპარკზე. ჩვენი ზოოპარკი იმ ტერორისტული ჯგუფის ორმოს გავს, ტყვეები გაუსაძლის პირობებში რომ არიან ჩაყრილნი.

და კიდევ, ბევრი პოზიტიური რამის გარდა, ზოოპარკის ერთ-ერთი მთავარი და მიზანმიმართული მხარე მისი შემეცნებითი დანიშნულებაცაა. კერძოდ, იგი ადამიანში იმ აზრის განვითარებას ემსახურება, რომ იგიც (ადამიანიც) ცოცხალი ბუნების ნაწილია და სამყაროს გადარჩენაზე ზრუნვა ჰარმონიაში უნდა მოვიდეს მის ყოველდღიურ ცხოვრებასთან. არა მარტო ეჭვი მეპარება, არამედ სრულიად გამორიცხული და შეუძლებელია, ჩვენი ზოოპარკი ამ აზრის განვითარებას ემსახურებოდეს. მეტიც, ზოოპარკის განმარტებას ქართულ ვიკიპედიაში გვერდიც კი არ აქვს გახსნილი. ესეც ხომ თანხებთან არაა დაკავშირებული? რაც სერიოზულად მაფიქრებს იმაზე, რომ ზოოპარკი, როგორც ასეთი, ჩვენთან არავის აღელვებს. მაშ რა საჭიროა იგი? მით უფრო იმ სახით, როგორიც დღეს გვაქვს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თბილისის დღევანდელი ზოოპარკი ტერორისტების მიერ ტყვეთათვის მოწყობილი ორმო უფროა, ვიდრე ცხოველთა მრავალფეროვნების გადასარჩენად შექმნილი ლაბორატორია. თბილისის ზოოპარკი – ესაა ადგილი, რომელიც არა მარტო სტრესავს მის ბინადრებს, არამედ კლავს მათ. კლავს ნელა და სადისტურად.

აქ შეიძლება შემომედავონ, რა დროს ცხოველთა უფლებების დაცვაზეა საუბარი, როცა ჩვენთან ყოველი ფეხის ნაბიჯზე ირღვევა ადამიანთა უფლებებიო. შარშანდელ წერილშიც ვწერდი და აქაც გავიმეორებ: ჩვენ ცხოველთა უფლებები ვერ დაგვიცავს და ადამიანთა უფლებებს როგორ დავიცავთ? ქართული ვიკიპედია კი არა მარტო ზოოპარკზე, ცხოველთა უფლებებზეც არაფერს იუწყება. ინტერესის გამო მაინც ჩახედეთ, იმავე ვიკიპედიაში უცხო ენებზე რამხელა გვერდები ეთმობა ცხოველთა უფლებებს.

დილაობით რამდენიმე საათს ქალაქში ვსეირნობ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, თბილისში სუნთქვა თითქმის შეუძლებელია. შინ რომ ვბრუნდები, ყელი და ცხვირი მტვრით მაქვს სავსე, თვალები კი აუტანლად მეწვის. მიაქციეთ ყურადღება, აქ საუბარია ქუჩაში გატარებულ რამდენიმე საათზე. ხოლო, დღედაღამ ქუჩაში რომ ვიყო, გალაკტიონს თუ დავესესხებით: “დავიხრჩობი ან გავგიჟდები”. ახლა მაინტერესებს, რატომ ვახრჩობთ და ვსტრესავთ ცხოველებს? ასე სასტიკად რატომ ვაწამებთ მათ? ასეთი რა დაგვიშავეს?

როგორც შარშან, გუშინაც ვარაზის ხევიდან გადავხედე ზოოპარკს და სუნთქვა შემეკრა. საქათმისხელა გალიებში დამწყვდეული და სმოგში გახვეული ლომებისა და დათვების ხილვამ ხასიათი გამიფუჭა. სმოგი შეიძლება გახდეს ქოშინის, სუნთქვის გართულებისა და გაჩერების, უძილობის, თავის ტკივილების, ხველების მიზეზი. სმოგი ასევე იწვევს ცხვირის, ყელისა და თვალის ლორწოვანი გარსის ანთებას და იმუნიტეტის დაქვეითებას. მტვრისგან გარუხებული ერთი დათვი სულაც მიწაზე იწვა მოკუნტული და თათები ყურებზე წაეფარებინა. გალიებიდან სულ რამდენიმე მეტრში ახალი საავტომობილო გზა გადის. ასე რომ, ცხოველები დღედაღამ მანქანების გამონაბოლქვსა და ბღუილში იმყოფებიან. თუ გვინდა, რომ ზოოპარკი გვქონდეს, მაშინ შესაბამისი პირობებიც შევუქმნათ ცხოველებს. თუ არ გვინდა ან არ გვაქვს ამისი შნო - მაშინ სულ გავაუქმოთ.

თავიდან მინდოდა, ამ წერილით ქალაქის მერისთვის მიმემართა, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ახმეტაში ახალი საავადმყოფოს გახსნისას განაცხადა, ჩემი ქონებრივი დეკლარაცია მთელი საქართველოაო, გადავწყვიტე, მიხეილ სააკაშვილს მივმართო: სადაც მთელი საქართველო, იქ თბილისის ზოოპარკიც ხომ თქვენ გეკუთვნით. თქვენ, ვისაც ყველაფერი მსოფლიო დონის გაქვთ, შადრევნით დაწყებული და სპორტული მოედნით დამთავრებული, თბილისის ზოოპარკზე რას იტყვით? რატომ არიან იქაური ბინადრები გაუსაძლის პირობებში? ნუთუ თქვენი ოჯახის წევრებს აცხოვრებდით სმოგში ტრასის პირას? ან თქვენ თვითონ თუ იცხოვრებდით ღია ცის ქვეშ მანქანების გამონაბოლქვსა და მტვერში? დაბოლოს, პოლიციელი თუ იმსახურებს კარგ პირობებს, ცხოველმა რა დააშავა?

Tags:ცხოველთა დაცვა, ზაზა ბურჭულაძე, ზოოპარკი

მარტი 2012

კალენდარი

ყველაზე პოპულარული