Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკა და ნატოს ქვეყნები განაგრძობენ საქართველოს არმიის მხარდაჭერას


გენერლებმა ჯეიმს კარტრაიტმა და დევი ჭანკოტაძემ 30 მარტს, გორში, გვირგვინით შეამკეს აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი
გენერლებმა ჯეიმს კარტრაიტმა და დევი ჭანკოტაძემ 30 მარტს, გორში, გვირგვინით შეამკეს აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი
გასულ კვირაში საქართველოს უცხოეთის რამდენიმე სამხედრო დელეგაცია ესტუმრა, რამაც გარკვეული ბიძგი უნდა მისცეს საქართველოს შეიარაღებული ძალების ომისშემდგომი გარდაქმნის პროცესს. ექსპერტები არც იმას გამორიცხავენ, რომ სამხედრო კონტაქტებს ჰქონდეს პრევენციული მნიშვნელობაც იმ პირობებში, როცა რუსეთიდან მომდინარე საფრთხე ჯერ კიდევ ემუქრება საქართველოს სუვერენიტეტს.

აშშ-ის სამხედრო დახმარება, რომელსაც რუსეთთან ომის შედეგდ დაზარალებული საქართველოს შეიარაღებული ძალები გასული წლის აგვიტოდან ელოდება, ბოლოს და ბოლოს, რეალურ კონტურებს იძენს. ეს ცნობა თბილისში ჩამოიტანა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჯეიმს კარტრაიტმა.

"დავიწყებთ წვრთნით, - განაცხადა გენერალმა კარტრაიტმა მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისში. - ეს არის ჩვენი საქმიანობის ცენტრალური ასპექტი და საფუძველი, მაგრამ წვრთნა საქართველოს თავდაცვაზე იქნება ფოკუსირებული. ბევრს ვიმუშავებთ იმისთვის, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ და, როგორც პარტნიორები, ვითანამშრომლებთ აუცილებელ აღჭურვაზეც."

გენერალი კარტრაიტი და პრეზიდენტი სააკაშვილი თბილისში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე
შეერთებული შტატები ამ შემთხვევაშიც სამხედრო დახმარების იმ აპრობირებული გზით აპირებს სიარულს, რომელსაც 7 წლის წინ, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით ჩაეყარა საფუძველი. ამ პროგრამას მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გენერალთა კლუბის თანადამფუძნებელი დავით თევზაძე.

მისი თქმით, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა ითვალისწინებდა საქართველოში რეალური ანტიტერორისტული შესაძლებლობების შექმნას. "წვრთნა და აღჭურვა" უნიკალური პროგრამა იყოო, ამბობს თევზაძე და დასძენს, რომ მისი პრაქტიკული განხორციელება აშკარად დააჩქარა 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებმა. მაშინ, როგორც ყოფილი მინისტრი იხსენებს, საქართველოს პრობლემა ჰქონდა პანკისის ხეობაში.

სხვათა შორის, მაშინაც და ამჯერადაც ვაშინგტონი დიდხანს ფიქრობდა, ვიდრე პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამდა. აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან მალე საქართველოში ჩამოვიდა შეერთებული შტატების ევროპაში განთავსებული ძალების სარდლობის არაერთი ჯგუფი, რათა შეესწავლათ საქათველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა. ზემოთ უკვე ნახსენებმა გენერალმა კარტრაიტმა გასულ კვირაში, თბილისში, იმაზეც ისაუბრა, თუ რატომ დასჭირდა ამდენი დრო საქართველოს არმიის დღევანდელი მდგომარეობის შეფასებას.

მისი განმარტებით, რუსეთთან ომის შემდეგ აუცილებელია, დადგენილ იქნეს, თუ როგორი უნდა იყოს პრიორიტეტები აღჭურვის მიმართულებით, რას შეძლებს საქართველო საკუთარ ძალებზე დაყრდნობით, რა სახის აღჭურვილობა უნდა გაძლიერდეს და როგორი ახალი აღჭურვილობაა საჭირო ქვეყნის თავდაცვისთვის.

თუმცა, გენერალ კარტრაიტს აღარ დაუზუსტებია, თუ სად არის საქართველოს არმიის აქილევსის ქუსლი და რა სახის აღჭურვილობით აპირებს ვაშინგტონი რუსეთთან ნაომარი საქართველოს ჯარის გაძლიერებას. თუმცა, ამას ალბათ არც სჭირდება განმარტება. ჯერ კიდევ შარშან, დეკემბრის ბოლოს, ერთ-ერთ ამერიკელ სამხედრო შემფასებელზე დაყრდნობით, "ნიუ-იორკ ტაიმსმა" გამოაქვეყნა ვრცელი სტატია საქართველოს არმიაზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს სამხედრო სისტემის მთავარ პრობლემას წარმოადგენს მართვისა და ორგანიზების დაბალი დონე. ამ შეფასებას იზიარებენ ქართველი ექსპერტებიც. სამხედრო ჟურნალ "არსენალის" რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, არასწორი მართვის გამო ქართველმა სარდლობამ ვერ შეძლო, ეფექტიანად გამოეყენებინა ყველა თავდაცვითი საშუალება.

მაგალითად, არ გამოგვიყენებია არც ერთი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსიო, - ამბობს ალადაშვილი და დასძენს, რომ საქართველოს ხელისუფლება, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ არმია თავდაცვითი ომისთვის უფრო უნდა მოამზადოს. საამისოდ კი მას, პირველ როგში, საჰაერო თავდაცვითი საშუალებები და ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგო აღჭურვილობა სჭირდება.
თავდაცვით ტაქტიკაზე გადასვლას განსაკუთრებული ადგილი უკავია "თავდაცვის მინისტრის ხედვაში", რომელიც პროგრამული დოკუმენტია შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისათვის. ამ დოკუმენტში, სხვათა შორის, საუბარია სწორედ ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარებაზე, თუმცა ვადებისა და იმ ქვეყნების მიუთითებლად, საიდანაც საქართველო იარაღის ან ტექნიკის შესყიდვას აპირებს.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, თბილისს არ გაუჭირდება იარაღის ექსპორტიორი ქვეყნების პოვნა. სხვათა შორის, არსებობენ ტრადიციული პარტნიორები, რომელთანაც საქართველო წარმატებით განაგრძობს სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას. ერთ-ერთი მათგანია თურქეთი, რომელმაც 31 მარტს საქართველოს არმიას რამდენიმე მატერიალურ-ტექნიკური საშუალება გადასცა. მათ შორისაა, სავარაუდოდ, ახალი თაობის ჯავშანმანქანები ქვეითებისა და სპეცდანიშნულების ნაწილებისათვის.

არმიის სამეთაურო შემადგენლობისათვის ცოდნის ამაღლების კარგი შესაძლებლობა იქნება ნატოს ერთბაშად ორი სწავლება, რომლებიც საქართველოში მცირე ინტერვალით ჩატარდება მაისის თვეში.
ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი უფროსის თენგიზ გოგოტიშვილის თქმით, საქართველოში ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს კიდევ ერთი ჯგუფის ვიზიტი, რომლის დროსაც დაზუსტდა მომავალი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნის ჩატარების დრო და სცენარი.

გოგოტიშვილის ცნობით, ჯერ გაიმართება სწავლება "კოოპერატივ ლონგბოუ", ხოლო შემდეგ დაიწყება რამდენიმეკვირიანი წვრთნა "კოოპერატივ ლანსერი". პირველი გათვლილია საშტაბო ოფიცრებისათვის, ხოლო მეორე არის ქვეითი სწავლება, რომელიც განკუთვნილია 1000-მდე სამხედრო მოსამსახურისთვის. ამ სწავლებაში, როგორც ვარაუდობენ, ოცამდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები აქტიურად განაგრძობენ გეგმიურ საველე მეცადინეობებს განახლებული თავდაცვითი დოქტრინიდან გამომდინარე. ამ წვრთნის დროს სანგრების გათხრა სამხედროებს ზოგჯერ მცხეთასა და წეროვანშიც უწევთ. როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, მათ სხვა გზა არ რჩებათ მაშინ, როცა მოწინააღმდეგის ტექნიკა და ცოცხალი ძალა დედაქალაქიდან 40 კილომეტრშია განთავსებული და მისი თბილისისკენ დაძვრის საფრთხე, ზოგი ექსპერტის ვარაუდით, სულაც არ არის გამორიცხული.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG