Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყის ხანძრების გამომწვევი მიზეზები ჯერ ვერ დადგინდა


მეექვსე დღეა თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით ტყის ხანძრებია. ცეცხლის ლოკალიზების მიუხედავად, ახალი კერები ჩნდება - მთიან რეგიონებში ცეცხლის გავრცელებას ქარი უწყობს ხელს. როგორ მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, რამდენი ჰექტარი ფართობი მოიცვა ხანძარმა და როდის დაიწყება ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა?

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს ტყის დაცვის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ყელიხაშვილის ინფორმაციით, ტყეში ხანძარია კახეთის რეგიონში: ახმეტის სატყეო უბანსა და თელავში, ყვარლის სატყეო უბანთან, ასევე სოფელ ართანასა და შილდასთან. თიანეთსა და საგარეჯოში ხანძარი ლოკალიზებულია, ანალოგიური მდგომარეობაა ონსა და ხარაგაულში. მესტიაში ხანძრის ლოკალიზებას დღეისთვის ვარაუდობდნენ, მაგრამ ქარის გამო კვლავ ახალი კერები გაჩნდა. სატყეო სააგენტოს მონაცემებით, საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო ფასანაურის რაიონში, სოფელ ჩირიკთან. აქ სტიქიასთან საბრძოლველად კახეთის რეგიონში ცეცხლის ქრობაზე მომუშავე ვერტმფრენი გამოიძახეს.

დღეს საქართველოს ტყეებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სატყეო სააგენტოს ტყის დაცვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ყელიხაშვილი აცხადებს, რომ ხანძარი, საბედნიეროდ, ცოცხალ ხეებზე არ გადასულა:

” მონაცემი არ გვიფიქსირდება, რომ რაიმე სერიოზული ზიანი მიადგა გარემოს, რადგან ცეცხლი მხოლოდ ჩამოცვენილ ფოთოლს და ბალახს უკიდია. ზიანზე შეიძლებოდა გვესაუბრა, თუ წიწვოვან ტყეებში იქნებოდა ხანძარი და ცოცხალ ხეებზე იქნებოდა გადასული.”

ამ დრომდე საგამოძიებო სამსახურებს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა არ დაუწყიათ. როგორც რადიო თავისუფლებას გარემოს დაცვის ინსპექციაში აუხსნეს, სპეციალური კომისია მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს გამომწვევი მიზეზების დადგენას, როცა ხანძარი მთლიანად ლოკალიზებული იქნება. გასულ კვირაში კი, ჩვენთან საუბრისას, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის სამსახურის უფროსმა ნათია იორდანიშვილმა, ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად დაუდევრობა დაასახელა.

” კახეთში, მაგალითად, საქონლის გადასარეკი პერიოდია. ჩვენს შემთხვევაში ყველაზე ხშირად მიზეზი არის ხოლმე დაუდევრობა. გარდა ამისა, საკმაოდ ცხელი პერიოდია თბილისშიც და რეგიონებშიც, მიწაც გამომშრალია, ჩამოცვენილი ფოთოლიც გამომშრალია და ადვილად აალებადია. უფრო კონკრეტულად, ალბათ, უკვე მომავალი კვირიდან შეუდგება გამოძიება საქმეს”, - განმარტა გასულ კვირაში ნათია იორდანიშვილმა.

გამოძიების საკითხს პრობლემურს უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მას პირადად არასოდეს გამოუთხოვია შესაბამისი უწყებიდან ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ ინფორმაცია, ამბობს, რომ არ ახსენდება შემთხვევა, ერთის გარდა, რომ რეალური მიზეზი და კონკრეტული დამნაშავე გახმაურებულიყო:

” 2008 წელს დაიჭირეს მეტყევეები, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ ატენის ხეობაში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით, თუმცა ეჭვმიტანილობა ბრალის დადასტურებაში რამდენად გადაიზარდა, ეს ინფორმაცია არ გამაჩნია და არც საჯარო უწყებები ავრცელებენ ხოლმე, შემდგომ რა მოჰყვა ამ ყველაფერს.”

ირაკლი მაჭარაშვილისვე განცხადებით, იქმნება ხოლმე კომისიები, რომლებიც თითქოს გარკვეულ ზიანს ითვლიან, მაგრამ, მისი თქმით, გაუგებარია ზიანის დადგენის მიზანი, თუ პასუხისმგებლობა ამ ზიანზე არავის დაეკისრა ან თუ ზიანის ასანაზღაურებლად არ გატარდა რამე ღონისძიება.

ირაკლი მაჭარაშვილის ინფორმაციით, 2008 წლის ზაფხულში დამწვარი ტყეების აღსადგენადაც კი მხოლოდ ერთი პროექტი შეიქმნა, რომელსაც ფინეთის მთავრობა აფინანსებს:

”ფინეთის მთავრობის დაფინანსებული ინიციატივა გულისხმობს სოფელ დაბის ტერიტორიაზე აღდგენა-გაშენებით ღონისძიებებს და ეროზიისგან დაცვით ღონისძიებებს. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, კონკრეტული ღონისძიებები დაწყებული არ არის. სხვა ღონისძიებები, რომელსაც გვეუბნებოდნენ, რომ ხეები დარგეს, ეს არაფერი ამ ხანძართან კავშირში არ არის და, უბრალოდ, პიარ აქციები იყო.”

წინასწარი ინფორმაციით, გასულ კვირაში გაჩენილი ხანძრების შედეგად, ცეცხლმა დაახლოებით 100 ჰექტარამდე ტყის ფართობი მოიცვა.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG