Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სარგებლობას, თუ ზიანს მოიტანს ნამახვანჰესის მშენებლობა?


„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა ნამახვანთან დაკავშირებით
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა ნამახვანთან დაკავშირებით
გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ პროექტის განხორციელება, რასაც თურქულ-კორეული კონსორციუმი გეგმავს, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს ეკოლოგიური, სოციალური და დემოგრაფიული კუთხით მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს. სრულიად საპირისპიროს აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე.

არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, რომელიც თურქულმა კომპანიამ მოამზადა, არაკვალიფიციურად არის შედგენილი. მიუხედავად ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს არგუმენტებისა ნამახვანჰესის სარგებლიანობასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები, 2000 წელს კაშხლების მსოფლიო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზზე დაყრდნობით, ირწმუნებიან, რომ ასეთი ტიპის ჰიდროელექტროსადგურების ექსპლუატაციით მიღებული ეკონომიკური სარგებელი ბევრად ნაკლებია იმ სოციალურ, დემოგრაფიულ და ეკოლოგიურ ზარალზე, რომელსაც ქვეყანა იღებს ასეთი პროექტების განხორციელებიდან.
ასეთი დიდი რაოდენობით წყლის დაგუბება იწვევს ტენის დაგროვებას. ეს გავლენას იქონიებს როგორც გრუნტის წყლებზე, ასევე ფლორაზე, ფაუნაზე და განსაკუთრებით ნიადაგებზე...

არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო დებატებს მოითხოვენ და უახლოეს დღეებში ერთობლივი სპეციალური მიმართვის გავრცელებას გეგმავენ.

დასავლეთი საქართველო - ტვიში-ნამახვანი-ჟონეთი, ეს ის მონაკვეთია, სადაც 2011 წლის მიწურულს მდინარე რიონზე უცხოური ინვესტიციებით ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის დაწყება იგეგმება.

როგორც გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და სპეციალისტები ირწმუნებიან, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის რეგიონში არსებულ ეკოლოგიურ სიტუაციას და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს სეისმურად არამდგრად ზონას. ექსპერტების მტკიცებით, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაცია მთელი რიგი საკითხების იგნორირებით არის შექმნილი, რაც ეჭვქვეშ აყენებს დოკუმენტის ავტორების კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს. არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანეთა მოძრაობის” ექსპერტი კოტე ბურჯანაძე იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს, რაც ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას შეიძლება მოჰყვეს:

”ასეთი დიდი რაოდენობით წყლის დაგუბება იწვევს ტენის დაგროვებას. ეს გავლენას იქონიებს როგორც გრუნტის წყლებზე, ასევე ფლორაზე, ფაუნაზე და განსაკუთრებით ნიადაგებზე. ეს კი ყველაზე საშიშია, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა დაგუბების შედეგად საკარმიდამო ნაკვეთებს კარგავს. განსაკუთრებით საშიშია ეს პროცესი დემოგრაფიული თვალსაზრისით - 14 სოფელი ყვება დაგუბების ზონაში. აქედან პირდაპირ დაგუბების ზონა რვა სოფელზეა განვითარებული. დანარჩენი ექვსი სოფელი მოხვდება იმ ზონაში, რომელსაც საკარმიდამო მიწის ნაკვეთი აღარ ექნება და მაშინ იქ სოფლის არსებობასაც აზრი აღარ აქვს.”

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ მტკიცებით, გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტში იგნორირებულია ის პუნქტი, თუ რა ზემოქმედებას მოახდენს საპროექტო კასკადის მშენებლობა ფოთის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის ეროვნულ პარკზე - არ არის წარმოდგენილი წითელ ნუსხაში შემავალი რა რაოდენობის სახეობების განადგურება შეიძლება მოჰყვეს ჰესების მშენებლობას. არაერთი ნაკლი აღმოუჩინა არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივამ” ნამახვანის ჰიდროელექტრისადგურების კასკადის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს. ორგანიზაციის წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც ამ ეტაპზე იკვეთება, განსახლების გეგმის არსებობაა:
ირაკლი მაჭარაშვილი

”განსახლების გეგმა, რომელიც, კანონმდებლობის მოთხოვნით, აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი დოკუმენტში, არ არის. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მხოლოდ ეს ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ეთქვას ასეთი დონის დოკუმენტს.”

მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოსახლეობის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით რამდენიმე საჯარო შეხვედრა გამართა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ის მოსახლეობა, რომელიც შესაძლებელია დატბორვის ზონაში მოყვეს, არ არის ინფორმირებული არც კომპენსაციებისა და არც შესაძლო ნეგატიური შედეგების შესახებ.

კასკადის მშენებლობა გამოიწვევს უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობის განადგურებასო, ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია. ის ამ შემთხვევაში იმ ადგილწარმოშობის დასახელებების განადგურებას გულისხმობს, რომლებიც კასკადის მშენებლობას შეიძლება მოჰყვეს.

”ძალიან მნიშვნელოვანი ადგილწარმოშობა, - სოფელი ტვიში და მის გარშემო არსებული ცოლიკოურის ჯიშის ვენახები, საიდანაც დგება ერთ-ერთი ძალიან ცნობილი კლასიკური ქართული ღვინო ტვიში, - მთლიანად წყლის ქვეშ ექცევა”, - ამბობს ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია.
როდესაც ქვეყანაში მილიარდიანი ინვესტიცია კეთდება, აბსურდია იმაზე ლაპარაკი, რომ აქედან სახელმწიფო სარგებელს არ უნდა ელოდოს...

პასუხად ბუნებრივად გაჩენილი კითხვისა, თუ რა სარგებლობა მოაქვს ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობას, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე მარიამ ვალიშვილი ამბობს, რომ მილიარდიანი ინვესტიცია, რომელსაც თურქულ-კორეული კონსორციუმი პროექტის განსახორციელებლად საქართველოში დებს, აუცილებლად მოიტანს შედეგს.

”ყოველწლიურად ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაახლოებით 800 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. თუ ახალი სიმძლავრეები არ შევქმენით, ეს რას ნიშნავს, ვემათხოვროთ რუსეთს, თურქეთს ან ნებისმიერ სხვა ქვეყანას? ან რაიმე სხვა რესურსი ავაშენოთ? მაგალითად, ატომური სადგური? თუ რა გავაკეთოთ? რაც შეეხება სარგებელს, როდესაც ქვეყანაში მილიარდიანი ინვესტიცია კეთდება, აბსურდია იმაზე ლაპარაკი, რომ აქედან სახელმწიფო სარგებელს არ უნდა ელოდოს. ეს ინვესტიცია ჩილეში კი არ კეთდება, საქართველოში იდება. დასაქმდება საქართველოს მოსახლეობა და ათასი სხვა რამ გაკეთდება. ჩადით და სადაც მშენებლობები მიდის, გაიკითხეთ ერთი”, - ამბობს მარიამ ვალიშვილი.

მისივე მტკიცებით, ჰიდროელექტროსადგურების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ანგარიშში დაწვრილებით არის განხილული რეგიონის გეოლოგიურ-სეისმური მდგომარეობა. რაც შეეხება ადგილწარმოშობის დასახელებებისა და ფლორისა და ფაუნის განადგურებას, მარიამ ვალიშვილის თქმით, ამ საკითხებთან დაკავშირებით გარემოს დამცველების მხრიდან მხოლოდ ზეპირი საუბარი არასერიოზულია.

მარიამ ვალიშვილი: ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მათ საკუთარი პრეტენზიები კვლევის საფუძველზე უნდა დაასაბუთონ. ეს შენიშვნა მარტო წინადადებების თქმის დონეზე არ უნდა დარჩეს. რეალური არგუმენტირებული სჯა-ბაასია საჭირო.

რადიო თავისუფლება: არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ ხელახალ დებატებსა და განხილვებს, საზოგადოების ჩართულობას...

მარიამ ვალიშვილი: იცით რა, თუ დებატები სჭირდებათ და პოლიტიკურ რელსებზე გადასვლა უნდათ, არჩევნები მოდის და მიიღონ მონაწილეობა, ბოლოს და ბოლოს, რა. საჯარო განხილვები იყო და საკუთარი შენიშვნები მათ შეუძლიათ დააფიქსირონ დოკუმენტურად.

რაც შეეხება კომპენსაციებისა და განსახლების სამოქმედო გეგმას, მარიამ ვალიშვილის თქმით, აღნიშნული საკითხები ჯერჯერობით დამუშავების პროცესშია და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG