Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისის ნაგავსაყრელი -„ნელი მოქმედების ნაღმი“


ნიკეას დასახლების მცხოვრებნი უკვე წლებია ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, ნაგავსაყრელისა, რომელიც ქუთაისის გარეუბნიდან კილომეტრ-ნახევარშია განთავსებული. ნიკეას დასახლება, რამდენიმეათასიანი მოსახლეობით, ქალაქის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა და იქ განთავსებულ მრავალბინიან კორპუსებში მცხოვრებნი გაუსაძლის პირობებზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ.

„აუტანელი სიტუაციაა. ვიგუდებით, ყოველ საღამოს იწვება ნარჩენები.“

„სუნთქვის საშუალება არაა. ცელოფნებია ირგვლივ ყველაფერზე, საშინელებაა, ბუზებია აუარებელი,ზაფხულში ფანჯარას ვერ ვაღებთ - ვიგუდებით.“

„ვერ გაჩერდები - ბოლის გამო თვალებიც გეწვის და ცხვირიც. ხალხს ჯანსაღი გარემოს შექმნის არავითარი საშუალება არა გვაქვს საკუთარ სახლში“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ნიკეას დასახლების მცხოვრებლებმა.
ნაგავსაყრელი ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის არა მარტო ქუთაისს, არამედ ირგვლივ არსებულ დასახლებებსა და სოფლებს და, რაც ყველაზე საგანგაშოა, მდინარე რიონს...

ნაგავსაყრელი 1959 წელს 30 წლიანი ვადით შევიდა ექსპლუატაციაში და 42 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ეკავა. ეკოლოგები მას „ნელი მოქმედების ნაღმს“ უწოდებენ. სპეციალისტთა დასკვნებით, ნაგავსაყრელი საფრთხეს უქმნის როგორც მოსახლეობას, ასევე გარემოს, რადგან, ბოლო მონაცემებით, მისი დიდი ნაწილი მდინარე რიონმა ჩარეცხა და პოლიგონისთვის მხოლოდ 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთია დარჩენილი.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი და „მწვანე ალტერნატივა“ ნაგავსაყრელით გამოწვეულ ეკოლოგიურ საფრთხეებს იკვლევენ. საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ხვიჩა ვაშაყმაძის განცხადებით, არ არსებობს ნაგავსაყრელის გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რის გარეშეც მისი ფუნქციონირება წლების მანძილზე უკანონოდ ითვლება.

„ნაგავსაყრელი ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის არა მარტო ქუთაისს, არამედ ირგვლივ არსებულ დასახლებებსა და სოფლებს და, რაც ყველაზე საგანგაშოა, მდინარე რიონს, რომელსაც უშუალოდ ესაზღვრება. ქუთაისის ნაგავსაყრელს არ გააჩნია გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ფაქტობრივად. ასეთი შეფასების გარეშე ნაგავსაყრელი არ შეიძლება ფუნქციონირებდეს და მისი ფუნქციონირება უკანონოდ ითვლება. არსებული კანონმდებლობით, მას უნდა ჰქონდეს შეფასება, მაგრამ გარემოს დაცვის სამინისტრო შევიდა ინიციატივით პარლამენტში, რომ საქართველოში მოქმედ ნაგავსაყრელებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოპოვება 2014 წლამდე გადაუვადდეს“, - განმარტავს ხვიჩა ვაშაყმაძე.

მაგალითად, ჰოლანდიაში 489 მუნიციპალიტეტს 28 ნაგავსაყრელი აქვს, რომელსაც კონტროლს უწევს ცენტრალური ხელისუფლება, ხოლო მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს წყვეტს ადგილობრივი თვითმმართველობა...
ადგილობრივი ხელისუფლება ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას მისი გასხვისებით შეეცადა და 2009 წელს იტალიურ კომპანია „რაფანო -სერვისთან“ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას მძიმე ტექნიკის შემოყვანა და ნაგავსაყრელის პოლიგონის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობა ევალებოდა. დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის ფრიდონ ბეშკენაძის განცხადებით, კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა და მიმდინარე წლის 15 მარტს „რაფანო -სერვისს“ ხელშეკრულება შეუწყდა. ფრიდონ ბეშკენაძის ინფორმაციით, ამჟამად გერმანული ფირმა მუშაობს 450 ათასი ლარის ღირებულების პროექტზე, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ გვეცოდინება როგორც წარმადობა, ასევე ის, თუ როგორ მიმდინარეობს უტილიზაციისა და გაუვნებელყოფის სამუშაოები.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ხელისუფლებას საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებასა და იმ კომპანიების შესაძლებლობების შესწავლას ურჩევენ, რომლებსაც მომავალში ნაგავსაყრელს ექსპლუატაციაში გადასცემენ. ახალგაზრდული სამეცნიერო -საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ხელაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ნაგავსაყრელის მოკლე დროში კონსერვაცია და რეკულტივაცია:

„მაგალითად, ჰოლანდიაში 489 მუნიციპალიტეტს 28 ნაგავსაყრელი აქვს, რომელსაც კონტროლს უწევს ცენტრალური ხელისუფლება, ხოლო მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს წყვეტს ადგილობრივი თვითმმართველობა.“

ჩვენს შემთხვევაში ოპტიმალური გამოსავალია, იმერეთში 2 ან მაქსიმუმ 3 ნაგავსაყრელი პოლიგონი იყოს, ხოლო არსებულს გაუკეთდეს კონსერვაცია და შემდეგ რეკულტივაცია, რაც დენდროლოგების გადასაწყვეტია, - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზაზა ხელაძე.

როგორც ქალაქის დასუფთავების სამსახურში აცხადებენ, ახალი ნაგავსაყრელის მოსაწყობად რამდენიმე ადგილი მოიაზრება, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე მათი დასახელებისგან თავს იკავებენ. სპეციალისტების განმარტებით, ახლანდელი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობანის მშენებლობაა დაგეგმილი, რაც, თავის მხრივ, ახალი პოლიგონის ამოქმედებას შეუწყობს ხელს.
XS
SM
MD
LG