Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ციხისთავი - უფლებადამცველი


11 მარტი, კვირა
დიდია კვირა, დიდი, ნელი, გრძელი კვირაა. მთელი დღე ნელა მიედინება და მით უფრო დიდებულია, რომ თავია მთელი კვირისა.

დილაა ყველაზე მძიმე დღის მანძილზე. დილიდანვე ბევრი ბარიერი უნდა გადაილახოს. რომ დაიძლევა ისინი, მერე ადვილდება. წამალ-შხამები, ჭურჭელ-ქვაბები და მოულოდნელობის ლოდინი. რაც მთავარია, არასოდეს ვიცი, როგორ დასრულდება დღე - დიდი და მაინც მოუსწრებელი. ბევრი რამ უკვე გავაკეთეთ ერთად. ვიკამ ჭურჭელი გარეცხა, გიორგი მეხმარება ძალიან. დავგეგმეთ დედაჩემთან წასვლა. გვიყვარს იქ მისვლა. სულ გვეფერება, განსაკუთრებით ვიკას. მე ცარიელი ქილები ჩავაწყვე პარკში, რომ თან წავიღო. მთელი ზამთარი დედაჩემის ჟოლოს მურაბა გვაძლიერებდა. ჟოლო ნანას დაკრეფილია. ტრადიციული ქალია ჩემი და! დარბის, შრომობს, წერს, წერს გაუთავებლად თავის წიგნებსა და სტატიებს, თან დრო სადღა რჩება, არ ვიცი, რომ კიდევ თავის ბაღში ჟოლო დაკრიფოს...

გავაპრიალე ფეხსაცმელი და ვფიქრობ, უკვე შევინახო. გარეთ კი ისევ ცივი ქარია. ხვალინდელზე მეპარება ფიქრები. სულ ხვალინდელზე. დღეს, ვითომ არაფერი, მექანიკაა, დავგეგმავთ და ვასრულებთ... ხვალინდელზე კი სულ ვფიქრობთ, კონკრეტულ ხვალინდელზე.

ხვალ, ორშაბათს, წავალ ლიტერატურის მუზეუმში. ვერა ორშაბათს დაკეტილია. საჯაროში უნდა წავიდე. ჩემს ალექსანდრე ყიფშიძეს (ფრონელს) უნდა მივაკითხო. მისი დღიურები მელოდებიან. პერიოდიკის ანალიზი მაქვს დასასრულებელი.

ახლა დედაჩემისგან დავბრუნდით. იქ ვისადილეთ. ძალიან მიყვარს ეს ცერემონია. დედაჩემი განსაკუთრებულ ზეიმს გვიმართავს ხოლმე სახლში, მასთან რომ მივდივართ – სუფრას გაშლის, ყველაფერს, რაც კი მაცივარში მოეძებნება, ძველ-ახალს, გაალამაზებს და ისე გამოიტანს. სულ თვალებში გვიყურებს – რა გვესიამოვნება, თავისთვის თეფშს სიმბოლურად დაიდგამს ხოლმე და, თითქოს, ჩვენ რომ ჭამას ვიწყებთ, ამით თავადაც ნაყრდება. რა სასიამოვნოდ ტრადიციული აღწერილობაა დედის! საინტერესოა, რომ რაც დრო მომემატა, მით მეტად მივეჯაჭვე ტრადიციებსა და „აქაურ“ წესებს. ბევრ მათგანს, ვისაც ახალგაზრდობაში, ასე ვთქვათ, ვაკრიტიკებდი, დღეს ძალიან კონკრეტულად გამართლებული მეჩვენება. ეს რა არის, არ ვიცი, შემობრუნება, შებრუნება თუ, ადგილზე ტრიალი? ამ პროცესში განსაკუთრებით ხელი შემიწყვეს უცხოელებმა. ბოლო ორი ჩემი ათწლეული, მათთან თანამშრომლობით რომ ვიმუშავე სხვადასხვა პროექტში, აი, ამან შემიწყო ხელი, უკეთ დამენახა და მეგრძნო ჩემი ქვეყანა. ეს ბოლო დრო კი, საერთოდ შეყვარებული დავდივარ. მიყვარს ის საქმე, რომელსაც ახლა ვაკეთებ და სულ, სულ ყოველდღე მასზე ვფიქრობ. ეს 1880-1885 წლების პერიოდია საქართველოში. მე პაპაჩემის არქივზე ვმუშაობ. თუმცა დღეს ბევრი რამის გაგებაში მეხმარება ის ძველი, გაყვითლებული დღიურები, საარქივო მასალა და ის სიბრძნე, რომელიც იქ წერია. ჩემი ასეთი მნიშვნელოვანი „პროექტი“ გასული წლის დეკემბრიდან დავიწყე. მაშინვე, როდესაც დავასრულე და დავსტამბე პაპაჩემის, ლუკა ციხისთავის წერილები, გამოგზავნილი სტალინის გულაგიდან. ამ წიგნის შემდეგ გადავწყვიტე, შემესწავლა მისი საარქივო მასალის ერთი პატარა ნაწილი, რომელიც ხელთ მაქვს.

დღეს დიდი ინტერესის დღეა. სოხუმი არჩევნებს ატარებს. ჩემი ქმარი, გიორგი, დილიდან ჟურნალისტების გაუთავებელ ზარებს პასუხობს. აფხაზები თავიანთ პარლამენტს ირჩევენ. ჩვენ შორიდან ვადევნებთ თვალს. ვეღარ გავიგე, ვინ არის ჯანდაბაში, ისინი თუ ჩვენ. ალბათ ორივე. აქ მაინც ვართ ერთად.
თავისუფლების დღიურები - ნინო ციხისთავი
please wait

No media source currently available

0:00 0:16:04 0:00
გადმოწერა

12 მარტი, ორშაბათი
ბევრი რამე მაქვს მოსასწრები: ბანკში უნდა გავიქცე - ჩემი მამამთილის (88 წლისაა ბატონი შოთა 100-მდე საავტორო პატენტის მფლობელია და დღემდე გამუდმებით მუშაობს) ახალი გამოგონების გადასახადი მაქვს შესატანი „საქპატენტის“ ანგარიშზე; მერე დამკაბადონებელთან უნდა მივირბინო, შოთაზე ჩვენი საოჯახო წიგნის პირველი, შავი ანაბეჭდები უნდა წამოვიღო საკორექტუროდ; მერე – საჯარო ბიბლიოთეკა. იქ მაია მოვა, კუპრავა-შარვაშიძე, ერთად ვიმუშავებთ ბიბლიოგრაფიაზე. დაგეხმარებიო, შემომთავაზა. იმასაც შეუყვარდა ალექსანდრე ყიფშიძე. მე მაინც „საჯარო ბიბლიოთეკას“ ვეძახი, თუმცა ოფიციალურად სახელი კარგა ხანია, შეცვლილი აქვს, ახლა „ეროვნული“ ჰქვია. რატომ, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ცუდი არაფერია იმ ძველსა და ჩემთვის ძალიან ახლობელ სახელში – „საჯარო“. მერე უფრო იოლიც იყო მისი შემოკლება: საჯაროში ვარ, საჯაროში ვიქნები, საჯაროში მივალ და სხვა. ახლა არ ვიცი, როცა ვინმეს მინდა ვუთხრა და მივანიშნო მასზე, ვიბნევი, ვჩქარობ, მინდა შევამოკლო და „ეროვნული ბიბლიოთეკიდან“ რომელი დავტოვო, აღარ ვიცი ხოლმე: ეროვნულში ვარ – გაუგებარი მეჩვენება, ბიბ-ლი-ო-თე-კა-ში ვარ – ეს რაღა დამოკლებაა?! ერთი სიტყვით, მე „საჯარო“ მირჩევნია. თანაც, იმას ვგრძნობ, რასაც, ალბათ, ბებიაჩემი გრძნობდა ხოლმე, როცა იმეორებდა და იმეორებდა და არაფრით „გამოასწორა“ თავის მეტყველაბაში: კირიჩნი, მალაკნები, ჩელუსკინელები, ჟელიაბოვი და სხვა და სხვა. ახლა ორ-ორი სათაურის ქვეშ იძულებული ვარ ხოლმე, ძველიც ვახსენო, ახალიც ვთქვა და, გონებაში სამომავლო ვარიანტებიც მქონდეს დაჭერილი - ისე, ყოველი შემთხვევისათვის. შემდეგ დაველოდო, ჩემი მითითებული ქუჩისა თუ უბნის რომელ სახელზე (სათაურზე) მოახდენს ადამიანი რეაგირებას: ძველზე თუ ახალზე?!

აი, ასეა. თითქოს უნდა აღმოფხვრილიყო ეს ყველაფერი ძველი და დიდი ხნის წინ გადაშენებულიყო სადმე, მაგრამ არ გამოდის ერთი ხელის დაქნევით; და არც მუშტის მოქნევით. ისე, ტყუილად ვცდილობ, დიდი მდგრადობა წარმოვაჩინო ადამიანებისა და, ზოგადად, ხალხისა. ეს დრო სხვადასხვაგვარად გადანაწილდა ადამიანებისთვის და სულ მესმის ამ ბოლოს, ნუთუ ასე წაკუზულები ვყოფილვართ უმეტესობაო?

გუშინდელი ამბავი მახსენდება: ყვავილის ყიდვა მინდოდა. ქოთნის ყვავილის. 5 ლარი ღირდა ერთი პატარა ქოთანი. მეძვირა. ცოტა დამიკელი-მეთქი, ვაჭრობის ტრადიციული დიალოგი დავიწყე. არაო, კაპიკი არ დააკლდებაო (ისევ „კაპიკს“ ვხმარობთ, ნაცვლად თეთრისა). რა გაეწყობა-მეთქი, ერთ ქოთანს ხელი დავავლე და საფულე გავამზადე. გვერდით მდგომმა მამაკაცმა მყისიერად გამომიშვირა თავისი ყვავილი ქოთნით და მითხრა: „აჰა, ეს აიღე, ოთხად მოგცემ“. მე მეორე გამყიდველის, მის გვერდით მდგომი მამაკაცის ქოთანი მეჭირა უკვე ხელში და ერთი წამი გავშრი ადგილზე. მერე გამოვერკვიე და მივუგე: მე ქალი ვარ და ამიტომ ხომ არ მაკადრე, ერთი ლარის ცდუნებას წამოვყოლოდი და ჩემი სინდისი დამემშვიდებინა – დახე, რა კარგად ვივაჭრე-მეთქი? ერთი წუთის წინ რატომ არ დამიკელი ფასი, მე რომ შეგეხვეწე-მეთქი? ან ამ შენ მეზობელ გამყიდველს რას ეუბნები, კლიენტი თვალსა და ხელს შუა რომ გინდა ააცალო-მეთქი?

ამ შემთხვევაზე გვარიანად ვიფიქრე მერე. ვფიქრობდი, უნდა მეთქვა მისთვის რაიმე თუ არა, უფრო მკაცრად უნდა მეთქვა თუ ესეც ზედმეტი იყო, რაც ვუთხარი? ფაქტი ერთია: ყველაზე საოცარი იმ გამყიდველის რეაქცია იყო, გვერდით რომ იდგა და ჩუმად გვისმენდა. იდგა ჩუმად, თავჩაქინდრული, ხმა არ ამოუღია. ბოლოს, ფული რომ მივაწოდე, ერთი მითხრა – მაგეებს შეჩვეული ვარ, ქალბატონო, ყოველდღე ეგეთები არ ხდება?! რა ვქნათ, ასე ყოფილაო. დავჩუმდი, ხმა ვეღარ ამოვიღე, რა უნდა მეთქვა, არ ვიცოდი, დავუძლურდით და დავძაბუნდით, პირიდან ლუკმას ისე გამოვაცლით ერთმანეთს, გვერდით არ გავიხედავთ. აი, ამას გვაჩვევენ და ჩვენც ამას ვეჩვევით. აგერ, ეს, შვრება, ის შვრება, ისიც ასე აკეთებს, იმანაც ასე ჰქნა, ხელს ვიშვერთ და მერე იმავე ხელით ჩვენც იმასვე ვშვრებით. ჩვენც, ყველანი, ერთად და ცალ-ცალკე. ერთია განსხვავება, ალბათ, რომ სხვადასხვაა ზომა-წონა. იმ ქოთნის ყვავილმა მოსვენება წამართვა. თან ვფიქრობდი, ეს ხომ მე გამოვიწვიე. ის ხუთი ლარი ხელთ მქონდა და უნდა დამეხარჯა ერთ ქოთან ყვავილში. მე რომ იქ არ მივსულიყავი, ხომ არც ერთი გამოვიდოდა თავის როლში და არც მეორე? ე.ი. ჩვენ სამივეს ერთი დღე გვქონდა და ერთი სცენა, როლები რომ შეგვესრულებინა?! და საწყისი იმპულსი მაინც მე ვიყავი, რადგან იმ 5 ლარზე კიდევ ვაჭრობა დავიწყე და ვთხოვე, დამიკელი-მეთქი. რა ვიცი, რა არის ეს ყველაფერი, იქნებ ერთი დღეა იმ 40 წელიწადში, რომ უნდა ვიაროთ და ჩვენი როლი გვქონდეს ყველას, მანამ კი ერთმანეთისკენ ხელი ვიშვიროთ და ვიძახოთ, როგორც მგლებმა, ჰკა მაგასო. გუშინაც, დღესაც, და კიდევ ვინ იცის, რამდენი ათასი დღე გვაქვს წინ ამისთანა ქმნაში...

თოვლი ისე წამოვიდა, ისე წამოვიდა, თითქოს ზამთარი დღეს გამოცხადდაო. შუა მარტია და თოვლი დიდი ფანტელებით მოფრინდა. მე ზამთრის ტანსაცმელი კარადის გზას გავუყენე ბოლო ერთი კვირაა. თოვლმა კი მიწყინა ალბათ. თან ჩემი ქმარი ხომ სულ დამძახოდა, ტანსაცმელს რომ ვალაგებდი: ნინო, ზამთარს ნურც აქებ და ნურც აძაგებო, ნურც აქებ და ნურც აძაგებო... აი, იმდენი მითხრა, ქებაცა და ძაგებაც აქა ძევს, ქუჩაზე, და ისეთი ლამაზი თეთრია, მბზვინვარე, ამაყი, როგორც კუთვნილი შვებულება დიდი ჯაფის შემდეგ.

ჩემი ალექსანდრე ყიფშიძე. მის დღიურებზე ვმუშაობ. დღეს გაზეთების ანალიტიკური ბიბლიოგრაფიის დამუშავების დღე მქონდა. მთელი სიტკბოთი ვიმუშავე. მაიასთან ერთად დავამუშავე რამდენიმე ტომი, აღვრიცხე ფრონელის გამოქვეყნებული მასალები „ივერიაში“, „დროებაში“, „ნობათში“, „ცისკარში“ და სხვა გაზეთებში. ერთხელ, ერთმა ბრძენმა ადამიანმა, რეჯებ ჟორდანიამ (თბილისში რომ იყო ჩამოსული, ჩემი მეუღლე და მე მიგვიპატიჟა), მითხრა, წარსული ცვალებადია, მომავალი, უცვლელია, ხოლო აწმყო არ არსებობსო. შთაბეჭდილებებით სავსენი, უკან რომ ვბრუნდებოდით, ჩემმა ქმარმა მითხრა, არისტოტელეს პერიფრაზიაო. მახსოვს, მე ისიც გამიკვირდა. მაშინ ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ბ-ნი რეჯების ფრაზა და გიორგის ცოდნა ჩემი გამტარი იყო სადღაც შორს, შორეულ საუკუნეში და სასიამოვნო გრძნობა დამეუფლა.

იმ საღამოს გადავედი სადღაც შორს, დამოუკიდებელი საქართველოსა და არისტოტელეს შუაწერტილში, სრულიად უწონო მდგომარეობაში. დღეს მსგავსი გზა მაქვს არჩეული. გავიქეცი მე-19 საუკუნეში და იმ სათვალით ვიცქირები, იმ ენით ვსაუბრობ და ის აზრები მინდა მოვიზიდო, რითაც სუნთქავდა ალექსანდრე, შაშა, როგორც მას ეძახდნენ. და თუ ეს ჩემი ბოდვა დღიურია, მე გადმოვწერ ალექსანდრესგან, რომლისგანაც ჩემმა პაპამ, ლუკა ციხისთავმა გადმოწერა, სანამ სტალინი ციმბირის გზას გაუყენებდა. ეს დაახლოებით 1925-30-იანი წლებია. ლუკას ხელნაწერ ასლებს ჯერ კიდევ ის საინვენტარო ნომრები აქვს მითითებული, რომელთა შესახებაც საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში ინფორმაცია არ მოიპოვება. ამ ნომრებთან დაკავშირებით მარინე ყიფიანმა, მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციის განყოფილების გამგემ, ამიხსნა, ჩვენი მუზეუმის დაარსებამდე (1930 წელს) დაუნომრავს ვიღაცას და უკვე ასეთი სახით დანომრილი შემოვიდა მუზეუმშიო. აი, მაშინდელი ასლია პაპაჩემის მიერ გადმოწერილი ასლი. გადმოუწერია შაშას დღიურები, მოთხრობები, მეფეთა დოკუმენტები. ბევრი უშრომია, როგორც ვხედავ, რათა თავის საქმიანობაში შესძლებოდა მათზე დაყრდნობა. ისტორიკოსი იყო და მუშაობდა თავის საყვარელ ქაღალდებთან. მერე სტალინმა 20 წლით ციმბირში უკრა თავი. იმას არ სჭირდებოდა არც მეცნიერება, არც ილიას ეპოქის შესწავლა. პირიქით, ყველა შესაძლო ნაკვალევს ანადგურებდა, რომ ყველაფერი აღეგავა მიწის პირიდან. ყველაფერი, რაც მოძრაობდა. და საქართველო ჭაობად ექცია.

რაც შეეხება მარინე ყიფიანს მისით გაოგნებული დავრჩი...

რაც მეტი დრო გადის, მეტ ადამიანს ვკარგავ. მაგრამ, იმავდროულად, გზადაგზა, მეტს ვნახულობ. ამ დროს ისეთ სიხარულს განვიცდი, ისეთი ნეტარება მეუფლება, როგორც ხარბს ოქროს დანახვაზე. ისეთი დახარბებული ვარ, მწყურვალი, თითქოს დიდი ხანია უდაბნოში დავდივარ და ჭიქა წყლის დანახვაზე კი არა, ამ სიტყვის გაგონებაზეც მზადა ვარ, გული გავიხსნა და წინ დავუდო ადამიანს. ასე მომივიდა ამ მუზეუმშიც. მივედი. თავის მაგიდასთან დამხვდა თავჩაქინდრული ქაღალდებში. ჯერ ზემოდან გადმომხედა (ყიფიანია!). რამდენიმე ხანში, რაც იქ ვიარე, მიმიღო, მგონი. ტოლივით დამელაპარაკა. თუმცა, მე ვუთხარი, თქვენს საქმეში ყრუ-მუნჯი ვარ და მასწავლეთ, რა ვქნა-მეთქი. ალექსანდრეს ვეძებ და მაპოვნინეთ-მეთქი. კიო, ჯერ მითხრა, მერე და მერე, ისე მომენდო, ისე მომენდო, როგორც პატარა ბავშვი. და ერთ წუთში სულ ჩამოიშალა მისი სიმკაცრე, მიუწვდომლობა, ხმელი პროფესიული ფრაზები. ეს ერთი წუთი კი მაშინ დადგა, როცა ვკითხე, ამ ნაწერს როგორ არჩევთ, ეს ხომ წარმოუდგენელია-მეთქი? და მაშინ ისეთი რამ მომიყვა, ისეთი რამ, ცალკე დეტექტივის თემაა. მით უფრო, რომ ქ-ნი მარინე თავისი დიდი გამადიდებელი შუშითა და წაწვეტებული ფანქრით ხელში უნდა წარმოვიდგინოთ.

- ხელნაწერების გაშიფვრას ერთი თავისებურება აქვს. გააჩნია, ვის ეკუთვნის ხელნაწერი. აკაკის ხელნაწერი შესახედად ისეთი ჩახუჭუჭებულია, ისე მიჯრითაა... მაგრამ თვითონ აკაკის ენა ისეთი გაშლილი, მსუბუქი და ნათელია, რომ მისი რთული ხელნაწერიც ადვილად იკითხება. აი, გალაკტიონი კი, პირიქით. რადგან თვითონ გალაკტიონი მძიმეა, რთული, დახურულია, თუმცაღა მისი ხელწერა ჩაწიკწიკებულია და „ლამაზი“, მაინც იყო ხოლმე დღეები, ერთ სიტყვას ჩავკირკიტებდი და ვერაფრით ვერ ვხსნიდი, რა ეწერა – მიამბობს ქ-ნი მარინე.

- მერე? ვეკითხები.

- მერე? მერე ვთხოვდი, ხოლმე.

- ვის?

- ჰო, მას, მაგალითად, გალაკტიონს, ვთხოვდი ხოლმე, ვეტყოდი, კარგი, ახლა, გალაკტიონ, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, ხომ უნდა დამეხმარო, გამიხსენი ახლა შენი ნაწერი, წამაკითხე, რა გიწერიაო. რა მექნა, აბა? იმედი როცა გადამეწურებოდა, ვთხოვდი ხოლმე.

- ესმოდა?

- ერთი ის კი ვიცი, რომ ის სიტყვა, რომელსაც თხოვნამდე ვერ ვკითხულობდი და დღეები ვწვალობდით, რაღაც სასწაულებრივად ადვილი წასაკითხი და მისახვედრი ხდებოდა...

აი, ასეთი ადამიანი ევლება თავს ჩვენს საგანძურს. და ასე მგონია, იქ სულ ასეთები არიან - ძველებიც, ახლებიც. სხვანაირი იქ ვერ გაჩერდება, მათ ხელფასებს ხომ მხოლოდ ჰქვია „ხელფასები“! ეს სიმბოლური „სუვენირებია“, ამ შრომის სანაცვლოდ რომ ურიგებს მათ ხელისუფლება. თუმცა, ამაზე და კიდევ ბევრ სხვაზე, თავად დღიურებზე, საქართველოზე, არჩევნებზე (დღეს დამპატიჟეს ამერიკელთან შეხვედრაზე, საარჩევნო გარემოზე უნდა ვესაუბრო) უკვე ხვალ დავწერ. ამასობაში ღამის პირველი სრულდება. დიდი დღეა ორშაბათი. დიდი, მოძრავი, გრძელი დღეა, შესვენება არ იცის ხოლმე. რა დროს შესვენებააო, მთელი კვირა უკან მომყვება და იმთავითვე ხომ ენერგიულად უნდა დავძრაო. დიდი დღეა ორშაბათი.

13 მარტი, სამშაბათი
დილა ისევ კამათით დავასრულე. ვიკას ვეკამათე (ვერ ვეჩხუბები, დიდი გოგოა, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ ხოლმე კამათისა და საყვედურისგან). რაზე? რა თქმა უნდა, თბილად ჩაცმაზე. მაგრამ, ვატყობ, უშედეგოა. მაინც ისე აკეთებს, როგორც დამარწმუნებს ხოლმე რამდენიმე დამაჯერებელი არგუმენტით, ნაზი ღიმილითა და მოფერებით! ეს მძლავრი ინსტრუმენტები მუდამ მზადყოფნაში აქვს! ახლანდელ ტინეიჯერებს ამ ფაქტობრივი მდგომარეობის გამო ასე ვაფასებ: კრიტერიუმი, თუ როგორ ამოიცნო ტინეიჯერი - უნდა დადიოდეს შიშველი (ზამთარში), მშიერი, და, თუ შესაძლებელია, თმადაუვარცხნელდაუბანელი. აქ მე ვაჭარბებ - თმას კი იბანენ, მაგრამ შემდეგ ისეთი მანქანები აქვთ ამუშავებული, რომ ის ახალდაბანილი თმა ისე გამოიყურებოდეს, როგორც გვარიანად მოთელილი თექა. რა ვიცი, იქნებ მე ვარ უკვე დინოზავრი? თუმცა ჩემი თავი ლიბერალი მგონია და უფრო წინწასული მშობელი, ვიდრე ჩემი წინა თაობები და მათი წინაპრები. როგორ ვიქებ თავს! მეც არ ვარ ძალიან შორს წასული ჩემი ქვეყნის ტიპური წარმომადგენელისგან. ან სად, და რისთვის უნდა წავიდე შორს? აქ არის ჩემი შეკითხვა. ახლა უნდა გავიქცე, დამკაბადონებელს შევხვდე და მერე მუზეუმი, ისევ ლიტერატურის. ისევ მუზეუმი და ისევ ალექსანდრე ფრონელი.....

„1880 წელსა. 13 მარტი. დუელი.

ქართველების დუელზე მე არსად გამიგონია; ეგება ეს ჩემი უცოდინარობის ბრალია, მაგრამ კი ვიტყვი, რომ მაგათ დუელის შნო არც ექნებოდათ და არც აქვთ. აგერ კვირა ნახევარია, რაც ჩვენში დუელი მოხდა, მაგრამ დღიურში არაფერი ჩავწერე. ახლა კი, როცა დღეს ერთი ჩემს ყმაწვილობის დროიდან შემთხვევა მომაგონდა, რომ არ ჩაურთო მაგ ამბავს სწორეთ საპატიებელი არ იქნება. აი საქმე რაში იყო: ამ ორის წლის წინათ გაზაფხულის ერთს კვირა დღეს ქ. გორში, მე და სანდრო ნათაძემ ერთი ‘ივერიის’ ნომერი საიდღანაც ვიშოვნეთ, და გავწიეთ გორიჯვარზე. მაშინ ცხონებული ‘ივერია’ გაზეთი იყო, ეხლანდელივით ჟურნალ-კრებულათ არ ყოფილა. გორისჯვრის მთა სიმაღლით თითქმის ერთი ვერსი იქნება და ამპარტავნულათ დასცქერის პატარა გორს. ამ მთის წვერზე ერთი ერთმანეთზე ახლოს მდებარეობს ორი ეკლესია: ერთი იმათგანი ძრიენ ძრიელი და მეორე კი უფრო ნაკლები. ორთავ ეკლესიებს აქვთ მშვენიერი წყაროები. მე და სანდრომ გავწიეთ უფრო ნაკლებ ცხოველ ეკლესიასთან, რომელიც იმ ჟამათ ტყემლის ფოთლით იყო მოფერფლილი. მეტი-მეტი მშვენიერი პოეტიკური მდებარეობა აქვს ამ ალაგს, სადაც ეს პატარა ეკლესიაა აშენებული. ეს პატარა მინდვრაკი შემოზღუდული ტყიანი მთით, საყვარლათ იყო შემოსილი მწვანე ბალახით, სურნელოვან ყვავილებით და მღელვარე ყანებით. აქედან კაცი თავისუფლათ ხედავს მშვენიერს ლიახვის ხეობას, მტკვარს.

აშენებულს გორს იმ დროს ამწვანებულს კვერნაკს და ხიდისთავს, წითლათ გაბიბინებულს ყვავილოვან ატმებისაგან. ამისთანა ალაგას თხუთმეტ თექვსმეტი წლის ყმაწვილები კი არა, პაპა ჩემი ფილიპეც რომ აგეყვანათ იქ, დამტკბარი ბუნებით და გაზაფხულის სიმშვენიერებით მოყვებოდა ისეთ ნაირ ოცნებას (мечтать), რაგვარიც შეფერებს ისეთ ახალგაზრდებს, როგორიც ვიყავით ჩვენ.

ავედით თუ არა იმ მშვენიერ მინდვრაკზე მე და სანდრო, მაშინვე ძირს დავეყარენით, ძიენ დავიღალეთ იმ გვერდაზე სიარულით! შევიქაქანეთ თუ არა ცოტაოდენი, ამოვიღეთ ‘ივერია’ და დაუწყეთ შინჯვა. ყველაზე წინათ წავიკითხეთ მოწინავე სტატია საქართველოს მატიანეს განყოფილებაში გამორეკილ სემინარიელებზე. ი დალოცვილი, ისეთი მარილიანათ იყო დაწერილი, რომ ისეთ ახტაცებაში და ოცნებაში მოგვიყვანა, რომ ჩვენს თავებს აღარ ვიცნობდით! ერთის მხრით ეს შეუდარებელი ბუნება, მეორეს მხრით ეს კარგი წიგნი და მესამეს მხრით ჩვენი ახალგაზრდობა – აბა ბატონებო, რაღა გვიშლიდა, რომ არ მივცემოდით ისეთს ოცნებებს, რომელთაც არა აქვთ არც საზღვარი და არც ბოლო! ჩვენ სწორეთ ანგრე მოვიქეცით. ჯერ ვიყბედეთ მასზე თუ რა დიდი სარგებლობა მოაქვთ „გამორეკილ სემინარიელებს“ საქართველოსთვინ და მერმე იმ მწერლებზე, რომლებიც ასე მშვენივრად სწერენ. მწერლებიდან და სემინარიელებიდან გადავედით საქართველოზე და გავმართეთ ბაასი მასზედ, თუ რა ბედნიერები ვიქნებოდით, რომ საქართველო რესპუბლიკა ყოფილიყო. ერთმა ჩვენგანმა წამოიძახა: ეს რესპუბლიკა კარგიო, მაგრამ პრეზიდენტათ ვის დავსვამთო? შე ოხერო, მაგას რაღა ლაპარაკი უნდა, მანდე ე ილია ჭავჭავაძე!!

‘სად ერეკლე, სად ჩემი ყ.... !’ იტყვის ზოგიერთი. სად ჭავჭავაძის და ნიკოლაძის დუელი, სად თქვენი ოცნებები საქართველოს რესპუბლიკაზე და მის პრეზიდენტებზეო? აბა თუ მიხვდებით ვინმე, მაგრამ რას მიხვდებით? აბა ერთი რაც მე თავში მომივა! ერთი ღერი კაცი ვარ, თქვენი შეწუხევა რათ მინდა, მჟავე სალათას ეხლავე მოგართმევთ. ვსთქვათ, რომ ახდენილიყო მე და სანდროს ნატვრა და საქართველო რესპუბლიკათ გადაქცეულიყო, მის პრეზიდენტათ ი. ჭავჭავაძე? მერმე მაგ დაუყენებელმა ნიკოლაძემ ჩვენი პრეზიდენტი რომ ანგრე შეაწუხა, იცოდა მერმე რას უზამდა! ვინ იცის სად გაგზავნიდა! მაგრამ სად გაგზავნიდა? რუსებივით ციმბირი ჩვენ არ გვექნებოდა, ფრანცუზებივით კაიენა და ბასტილია; არა ჩვენც გვაქვს – მეტეხი. არა მეტეხი არ ვარგა! ეგ ხომ ისევ აქ იქნება. მაგას ან პრომეტეისთან მიაკრავდა, რომ საუკუნოდ ის არწივებს ეგლიჯათ, ან კიდევ ტანტალთან ჩააბამდა, საიდანაც ვერც ჩვენი პრეზიდენტის ჯავრს ამოიყრიდა, და ვერც მოკვდებოდა, რომ საუკუნო ტანჯვას მოშორებოდა!

გამომეღვიძა: თვალების ფშვნეტით პირის საბანთან მივდივარ ფხიზელ-მძინარა.“

(ლუკა ციხისთავის პირადი არქივიდან, 1925-1935, ალექსანდრე ყიფშიძე, დღიური ერთი სემინარიელისა, ქვეყნდება პირველად).

მეც მღვიძავს თითქოს, მაგრამ ფხიზელ-მძინარი ვარ შენსავით. 18 წლისა ხარ, როცა ეს ჩაწერე შენს დღიურში, ალექსანდრე, მე კი ასე ფხიზელ-მძინარი შენზე ბარე სამჯერ უფროსი ვარ. დავიბენი. ამდენი სიძულვილი, ჩვენში რომ დაგროვდა, მწამლავს. დუელი არა გვაქვს, თორე, ახლა უნდა დაგეთვალა, ჩვენში რამდენი იქნებოდა, „მწკრივათ“ ჩამოწყობილი. იმდენი უსამართლობა ტრიალებს, ხანდახან, შაშა, დუელიც აღარ არის საჭირო – ვკლავთ ასე ერთმანეთს, თუ ვერ ვკლავთ, ვჭამთ და ლოყაგამობერილნი, ღეჭვა-ღეჭვით გავიძახით, მიცქირე, რა კარგი გვარიანი დავარტყი და გავასწორეო? შაშა, შენი მაშინდელი ნატვრა დღეს ახდენილია, საქართველო რესპუბლიკად გადაიქცა, დამოუკიდებელი სახელმწიფოა, შინაგანად კი ვერ გავთავისუფლდით.... აი პრეზიდენტი კი, პრეზიდენტი, ილია არა გვყავს. სულ პირიქით, ჩემო შაშა, სულ პირიქით. შაშა! არც არავინ გვყოლია ილიასთანა, შენისთანა, თქვენისთანა პრეზიდენტად, და ვერც გვეყოლებოდა, რადგან ჩვენ თავად ვკლავთ ხოლმე ყველაზე გამორჩეულ, თვალსაჩინო შვილს. ვისაც ვერ ვკლავთ, დავამცრობთ, გავაჩანაგებთ, სახალხოდ მოვაჭრით თავებს, ჩავხდით და მერე – გვიხარია, ჰოი, როგორ გვიხარია. ჩემი არ გჯერა? მოდი, შეგახედო, მოდი, დაგანახო, პირდაპირ ჩანს ეს ყველაფერი ისე, ჩემი ახსნა აღარც დაგჭირდეს! მოიცა, ჩავრთო, ჩავრთო, ახლავე. რომ შეგახედებ და დაინახავ ამ სუყველაფერს ერთად, ერთი, რაც არ გეცოდინება, ის მთავარი კითხვა იქნება, ვინა ვართ ეს ხალხი დღეს. ვინა ვართ, ვის წარმოვადგენთ, რანი ვართ და რატომ ვართ ასე, რომ ამოდენა სისხლში აღარც სისხლის სუნი გვირევს გულს და არც ამდენი ერთმანეთის ჭამა მოგვბეზრდა. ხედავ? ხედავ, როგორი გვაქვს ამპარტავნობა? ხედავ? როგორ დგას, ზემოდან გვიყურებს, ხელებს გვიქნევს, გვიყვირის, დანარჩენები გარეშემო უდგანან, მტრული სახით გვიყურებენ იქიდან, ჰო, იმ პატარა ფანჯრიდან. კიდევ კარგი, ფანჯრიდან, თორემ... ეგენი ახლოში რომ მოვლენ, ტყუილია მერე, რაც ადრე ნაფიქრი გქონდა ადამიანს, სულ ქაღალდად დაგიდებენ და ჰაიდააააააააა... შენი საქმე წასულია. ხედავ? ქალებიცა ჰყავთ გვერდით და კაცებიცა. ბავშვებიცა. ჩვენნაირები არიან, თითქოს, ჩვენებურად საუბრობენ, ჩვენებური იერფერიც აქვთ. მხოლოდ, ისე მოექცა ამ წლებში, რომ ერთმანეთისა აღარა გვესმის რა და ერთმანეთის ჭირი ღობეს ჩხირია და სხვა აღარაფერი. მომიახლოვდება? მზად უნდა ვიყო! მოვა? უნდა დავასწრო, ვუკბინო, თორემ შემჭამს, გესმის? შემჭამს. ვაი მე, თუ სისწრაფე მომაკლდა! ან თუ ნება დამიქვეითდა ადამიანის ჭამის... და თუ სისხლი გულს მირევს? მაშინ აღარავის ახსოვხარ და უნდა წახვიდე სანაგვეზე. ესეა, ჩემო შაშა, ვკითხულობ შენს დღიურს, გრძნობას და ვიცი, არაფერი აქ, დღეს, არაა გასაკვირი. 2012 წელია, მარტის, გაზაფხულისა და იის სურნელის თვე. დღეს იძახიან ჩხუბით, ბრაზითა და მუქარით ისევ იმ ფანჯრიდან, კახეთს ავაშენებთო და ჩვენ ვიქნებით აშენებულ კახეთშიცაო, ეს კი ერთი ხუთი წლის შემდეგ იქნებაო. ადრე დაწერილი სიბრძნე ფურცელ-ფურცელ ინომრებოდა, ადრე ჩვეულებრივიც იყო ნაწერის დანომვრა, ყოველ მერვე გვერდზე. ახლა ჩემი საქართველო და-ხუთ-ულია. და-ხუთ-ეს ჯერ ძველი კომუნისტური ფანჯრებიდან, გისოსებიდან, ახლა ის გისოსები მოგვიხსნეს, მაგრამ ჩვენი ხუთ-ვა გრძელდება იმავე ზომის ფანჯრებიდან!

არ დამიჯერო, შაშა, გესმის, არ დამიჯერო. მოდი და შენი თვალით დაგანახვებ და ყურით მოგასმენინებ. აი, ისიც ჩავრთე, აინთო, განათდა და წამოვიდა იმ ოთხკუთხედიდან უშვერი ლანძღვა-გინება ერთმანეთისა, ჯერ მე გიკბენ და არა, ჯერ მეო. ის, პირველი ფანჯარა ისე ხუთ-ავს ჩემს სამშობლოს, თითქოს ფული ჩვენგანვე არ წაეღოს. ჩვენ კი პასუხი ვერ მოგვითხოვია, რათა გვხუთ-ააამ! ბიჭო, რათაო!???

ამასობაში, გავარდნენ წლები. იქნებ რვა, იქნებ ასრვაც! მაშინ რატომღა ვიხუთ-ებით!

...შუაღამე გადასულა კარგად! ახლა ტატა მეჩხუბა ვენიდან, რადგან ისევ გავაცდინე ექიმთან ვიზიტი. სულ ჩვენზე დარდობს ჩემი საყვარელი ტატა. ტატა ვიკამ და ლუკამ შეარქვეს ბავშვობაში. ისე თამარი ქვია, ჩემი გაზრდილი პატარა და.

იმდენი მაქვს სამუშაო, იმდენი!.. წიგნის კორექტურა, ქართული გაზეთების ანალიზი, კვლევის ნაწილის ჩამატება. დედნები შესადარებელია, რა ვიცი, რა მოთვლის, მთავარია, ჭურჭელი დავრეცხე, დავაბინავე მაცივარში გარეთ დარჩენილი რაც იყო. მამამთილს ისევ გაეჭედა ფოსტა, ჩემი დედამთილი ისევ ეჩხუბა, თავი დაანებე მაგ ოხერ კომპიუტერს, ხომ ხედავ, წნევა გიწევსო... სევდიანად სასაცილონი არიან ხანდახან, სულ ჩხუბობს ერთმანეთში ეს 88 წლის ხალხი, ერთად კი ქორწინების 67-ე წელში არიან.

დღეს „მაესტრომ“ ახალი ოფისიდან დაიწყო ტელეგადაცემები. რამდენი თვე გატარეს რადიოს ოთახში შეყუჟულებმა, სივიწროვეში, შეზღუდვებში, ზეწოლაში, მაგრამ იმხელა სიყვარულს გრძნობენ მაყურებლებისაგან, არც უფიქრიათ უპირობობის, სამსახურის შენობიდან გამოძევების, უფულობის, მარწუხების გამო მაუწყებლობის შეჩერება. ახლა, მარტში ძლივს ეღირსათ ახალ ოფისში გადასვლა. ალბათ, ცოტას ამოისუნთქავენ, გაიშლებიან და ძალას მოიკრებენ.

14 მარტი, ოთხშაბათი
დიდი დღეა ოთხშაბათი, დიდი. სკოლა, სამსახურები... და კიდევ, დღეს ჩემი ქმარი უნდა გავაცილო. ძალიან ხშირად დადის შეხვედრებზე, მე ვერ ვიტან, როდესაც მიდის. ძალიან მიჭირს ხოლმე უიმისოდ. ერთი მთავარი რამ მაიმედებს ხოლმე ასეთ დღეებში – რისთვის, არ ვიცი, მაგრამ ღმერთმა დამაჯილდოვა და ეს ადამიანი ამიტომ შემხვდა ჩემს ცხოვრებაში. გიორგის ქართველები მიჰყავს და რუსებთან ექნებათ შეხვედრა სტამბოლში. უნდა დავეხმარო გამგზავრებაში. დამოუკიდებელი ცნობილი ექსპერტების შეხვედრები 2008 წლის ომის შემდეგვე წამოიწყო საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით. შეხვედრების ადგილის გამო ამ პროცესს უკვე სტამბოლისა ჰქვია. ახლაც მცირე ფორმატში შეხვდებიან ერთმანეთს: შვიდი აქედან, ექვსი იქიდან. სასაუბრო ბევრი ექნებათ, სულ ახლახან ხომ ახალი პრეზიდენტი აირჩიეს რუსეთში – ძველი პუტინი.

დავბრუნდი ადრე. გმირობაზე ბევრი ვისაუბრე ვიკასთან. სკოლაში აქვს დასაწერი. გადმოვალაგე წიგნები, ანდაზები, აკაკის ნაკვესები. ერთ წიგნს, ხელი რომ დავავლე, „სიყვარულის წიგნი“ ჰქვია. ყველა ქართველი პოეტია თავმოყრილი, ვისაც სიყვარულზე, მეგობრობაზე დაუწერია ლექსი. გადავშალე, რომ დავხმარებოდი განწყობის მოძებნაში. ეს წიგნი შემოცვეთილია, რადგან ხშირად ვფურცლავდი ახალგაზრდობაში. დღეს კი ისეთი რამ აღმოვაჩინე ამ ნაცნობ, გაცვეთილ წიგნში, გავოცდი... ჩემი ბავშვობის ლექსი „ჩემო ტკბილო მეგობარო“ ალექსანდრე შანიძის ყოფილა. იმან გამახარა, რომ წლების, წლების შემდეგ, სულ ახლახან გავიგე შემთხვევით, რომ თეა წულუკიანის ბაბუა ყოფილა პოეტი ალექსანდრე შანიძე. მე კი მისი ლექსი ბავშვობაში მასწავლა ბებიაჩემმა და მე, ჩემი უფროსი და და ბებიაჩემი – ერთად ვმღეროდით ხოლმე. თეა საქართველოში რომ დაბრუნდა, ბევრი რამ გამოაცოცხლა. მყისიერად დაიწყო წერილების, სტატიების, ანალიზის პუბლიკაცია ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე საქართველოში. თავისი ცოდნა და გამოცდილება სტრასბურგის სასამართლოდან უკან, სამშობლოში ჩამოიტანა და კონკრეტულ, გაჭირვებულ ადამიანებს მოახმარა.

დღეს მე და მაია ისევ ბიბლიოგრაფიას ვაკეთებდით. გაზეთები, ჟურნალები... მოვრჩით. ფსევდონიმები და სამსახურებრივი თანამდებობები უხვად გამოჩნდა. დღიურებს კი ვერსად წავაწყდით. ჯერ არ გამოქვეყნებულა, როგორც ჩანს. დიდი კვლევა-ძიება გვაქვს გამართული.

გაეროს ახალ წამოწყებაზე ინფორმაცია მივიღე: ახლა გაერო თურმე ოჯახურ ძალადობას სცენაზეც დაამარცხებს. ყოველ შემთხვევაში, ინფორმაცია ასეთი მაქვს. დააფინანსეს კონკურსი სცენარისტებისთვის და შემდეგ სპექტაკლიდანაც აღარ ვართ შორს. მაშინ კი დავანარცხებთ ძირს ოჯახურ ძალადობას! მაშინ კი გვეშველება ნამეტნავად! ცოტა გადავაჭარბე: სინამდვილეში გაერომ დააფინანსა კულტურის სამინისტრო, ხოლო კოტე მარჯანიშვილის თეატრი გამარჯვებულ სცენარს (თუ პიესას) თავის სცენაზე დადგამს. აი, ასეა ეს ამბავი. ახლა შემიძლია ტკბილადაც დავიძინო, ჩემს ქვეყანაში ყველაფერს გაერო და კულტურის სამინისტრო მიხედავენ ერთობლივად. თავისუფლად!

15 მარტი, ხუთშაბათი
დღეს რიგითი, დატვირთული დრე მქონდა. ჩემი სტატია ჩავასწორე, სათარგმნიც მაქვს. როგორც ყოველთვის, მაჩქარებენ. მერე ჩემი საკვლევი მასალა დავალაგე, დოკუმენტები მოვაწესრიგე, ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი დღე იყო.

საღამოს სასიამოვნო გარემოში აღმოვჩნდი. რადიო თავისუფლების 2011 წლის დღიურების პრეზენტაცია გაიმართა ძველი თბილისის უბანში. ძლიერი ქარის მიუხედავად, იმდენი ხალხი მოვიდა, სკამებს ამატებდნენ დარბაზში და მაინც ბევრი ფეხზე იდგა. ამ, რიგით მეექვსე წიგნის პრეზენტაციაზე, ტრადიციულად გვაჩუქეს წიგნები და ვნახეთ ფილმი, რომელშიც წიგნის გმირები თავად გვიყვებიან დღიურებს. საღამო ერთობ თბილი და სასიამოვნო გამოდგა.

ვწერ ახლა და უკან ეკა ბერიძის ხმა მესმის ტელევიზორიდან, სტუდენტ ლევან ლორთქიფანიძეს რომ ესაუბრება პირდაპირ ეთერში. ბ-ნი ლევანი სერიოზული ახალგაზრდა კაცი ჩანს, რომელიც ცდილობს, დაასაბუთოს მათი, სტუდენტობის ჯანსაღი ნაწილის მოთხოვნები, რის გამოც მათ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელთაგან პირდაპირი ძალადობრივი რეაგირება გამოიწვიეს, უკვე მერამდენედ!..

ერთი სიტყვით, ჩვენი საზოგადოების ყოველ სეგმენტში გამალებული ბრძოლა მიდის. სულ დაპირისპირებისა და საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზეა ის აგებული, ნაცემი სტუდენტები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. არაფერს განსაკუთრებულს, თითქოს არ მოითხოვენ სტუდენტები – მოგვეცით რეალური განათლების შესაძლებლობა, დაგეგმეთ ის, რაც საჭიროა და არა ის, რაც ხელისუფლების კამპანიის ნაწილიაო. ვწუხვარ, რომ სტუდენტებს სწავლის მიზნით სწავლა კი არა, ბრძოლა უწევთ. ასეა სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში, ყველგან. ერთი საბავშვო ბაღებში არ (ან ვერ) იბრძვიან ბავშვები. სამაგიეროდ, მათთან ბრძოლა ეფექტიანად გამოსდის იმ ხელისუფლებას, რომელმაც ყველა საბავშვო ბაღი ფასიანი გახადა სულ რამდენიმე თვის წინ და ამით ქალებს მიუთითა რკინის ხელით – სახლში დასხედით და ბავშვებს თქვენ მიხედეთ, ფული მაინც არა გაქვთ, გადასახადს ვერ გადაიხდით და აღარც უმუშევრობის სტატისტიკა იქნება მაღალიო.

ხვალ კონფერენციაზე უნდა წავიდე. მისი თემა პოლიციისა და მოქალაქეების ურთიერთობის მონიტორინგის შედეგებია. წინასწარმეტყველი არა ვარ, მაგრამ ვიცი, როგორი იქნება მონიტორინგის შედეგები – ადამიანის უფლებები დარღვეულია და დამნაშავენი არ არიან გამოვლენილი და დასჯილი. ყოველ შემთხვევაში, მე ჩემი საქმიანობიდან ასეთი სტატისტიკა მაქვს. სამწუხაროდ, ბოლო წლების მანძილზე ასეთი დასკვნები აღარავის უკვირს - არც ჩვენში, არც საზღვარგარეთ.

ამ გვიან საღამოს ჩვენი თბილისი ფოიერვერკებმა შეაზანზარა. რას ვზეიმობთ, ნეტავ? ნუთუ ხალხს გაუხარდა რაიმე? არა, ეს „ჯეოსელს“ უხარია. მისი „ივენტი“ ყოფილა. დღეს, მაგალითად, ბარათი მომწერა: იასამნისფერია მარტი და შენც ასე დაინახავ, თუ გადმოხვალ „მაგთიდანო“... ტოჟე მნე გალაკტიონი!

16 მარტი, პარასკევი
რთული დღეა. ძლიერი ქარია და ცივა.

დღეს ისევ გრძელდება ხელისუფლების რეპრესიების მანქანის მუშაობა. მისი საკეთებელი საქმე რომ „კანონიერი“ გახადოს, ამიტომაც შეიტანა ცვლილებები ყველა კანონში, კონსტიტუციით დაწყებული... განსაკუთრებული იყო 2010 დეკემბრის ცვლილებები, როცა დევნილთა მიმართ შეიცვალა, გაუარესდა მდგომარეობა. ამას მოაყოლეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ძალიან მძიმე შედეგების მომტანი ცვლილებები, რომელთაც სერიოზული საპროტესტო ტალღა მოჰყვა საზოგადოებისგან, ჩემი კოლეგებისგან. ცვლილებებით პირდაპირ ჩიხში შეაგდეს არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ ის უკვე ფიზიკურ პირებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაავრცელეს და თუ ვინმე „შემჩნეული აღმოჩნდება“ ხელისუფლებისთვის „არასახარბიელო საქმიანობაში“, კონტროლის პალატას ხელ-ფეხი ექნება გახსნილი, დაახრჩოს და გაუსწორდეს მათ. ამაზე ბევრი ვთქვით და დავწერეთ. ამ დღეებში კი უკვე ინტენსიურად ამუშავდა ხელისუფლების რეპრესიული მანქანა კონტროლის პალატის რკინის ხელებით და, განსაკუთრებით, რეგიონებში დაიწყო რიგითი მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების გატარება - თან სრულიად მიუღებელი, უფლებადამრღვევი და ღირსებაშემლახავი ფორმით: ზეწოლა, ფსიქოლოგიური წნეხი, ჩხრეკა, დაშინება და სხვა. არ მიუშვეს არც ჟურნალისტები, აწვალებენ საქართველოს მასშტაბით ასობით ადამიანს ადვოკატებთან დაკავშირებისას, ჩხრეკენ, შეურაცხყოფას აყენებენ... ერთი სიტყვით, კონტროლის პალატის ქმედებებს პოლიტიკური დევნის განხორციელების სრული ელფერი აქვს და მის ქმედებებს მყრალი სუნი ასდის. ამით, სრულიად ეწინააღმდეგება მისი, როგორც კონტროლის პალატის ცნებას – იყოს მიუკერძოებელი, ნეიტრალური და დამოუკიდებელი. ამ სიტყვებზე ხალხს უკვე უიმედოდ ეღიმება. ძნელია, საქართველოში დაასახელო რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს მისი „მმართველი“ კორპორაციული ინტერესებისა და დირექტივების გარეშე. „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება ისევ პრობლემებს უქმნის და მას ძალადობრივ ქმედებას უპირისპირებს. ამის უკან რეალური შიში დგას – ჩანს, ხელისუფლებას სერიოზულად ეშინია მომავალი არჩევნებისა. არჩევნები კი უკვე შორს აღარ არის. ხელისულების შტო ისე შეეზარდა თავის დაკავებულ ადგილს, რომ ეშინია დემოკრატიის საფუძვლის – მონაცვლეობისა. მათ დიდი ხანია დაავიწყდათ, რომ მონაცვლეობის გარეშე არაფერი ვითარდება. ეს არის საფუძველი განვითარებისა და დემოკრატიის. მაგრამ, ეს მხოლოდ ჩვენ ვიცით, მოკვდავებმა, უკვდავები კი ამბობენ – რა დროს მონაცვლეობაა, რაებს ბოდავთ, ჩვენ იერუსალიმში მივდივართ ჯვრის მონასტრის დასაბრუნებლადო... დიდი დელეგაცია გაემგზავრა ისრაელში, დიდი. დიდი საქმე უნდა გააკეთონ, დიდი! დღეს კი ტელეგზავნილით შევიტყვე, რომ ისრაელში რუსი ტურისტების გრაფიკის შესწავლა დაუწყია საქართველოს დელეგაციას და მათ ვანდალიზმზე „ლაივში“ ისაუბრეს ჯვრის მონასტრის დასაბრუნებელი პროექტის სანაცვლოდ.

მგონი, სულ ტყუილია ყველაფერი. ყველაფერი ტყუილია, ყველაფერი!

მატყუებენ, როცა ამბობენ, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყო ან დასრულდაო. ჩვენში ხელისუფლება დაუსრულებელ საარჩევნო კამპანიაშია, ჩაფრენილია მას და ამ არაადამიანური ნონსტოპით კი – ჩვენ დ ა ვ ძ ა ბ უ ნ დ ი თ.

17 მარტი, შაბათი
დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. დედაჩემმა დამირეკა, კოლიო მოვხარშე და გელოდებითო. მეც ველოდები, როდის მივალ. ბ-ნი ჯანრი კაშია გარდაცვლილა. ადამიანები მიდიან, ჩვენ კი ვრჩებით დროებით, და მინდა, სანამ ვარ, მეც ადამიანი მერქვას! დღეს პანაშვიდზე უნდა წავიდეთ მე და ჩემი სიყრმის მეგობარი თეო კანდელაკი. უკვე შევუთანხმდი.

მთელმა კვირამ ჩემთვის გაუცხოებული ცხოველივით ჩაირბინა. თან მიარბენინებდა კონტროლის პალატის მიერ უბრალო ადამიანების ჩხრეკისას გახდილ ფეხსაცმელებს, აყრილ ღირსებას, თავისუფალი სიტყვისთვის ნაცემი სტუდენტების გმინვას, დამძიმებული ხალხის შიშნარევ გამოხედვას.

ჰაერი მძიმდება ყოველდღიური კამპანიით, არჩევნები მოდის, ხოლო მის სარგო გარემოს კი ხელისუფლება უზრუნველყოფს, ყოველ შემთხვევაში – გააპიარებს.

აქოური წესია და მიტომ...
XS
SM
MD
LG