Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიწის ნაკრძალი - ოკუპანტებისგან დასაცავი „დაცული ტერიტორია“


რიწის ტბა
რიწის ტბა
რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, უნდა შეიქმნას რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის ტრანსსასაზღვრო ნაკრძალი, სახელწოდებით „კავკასიის რელიქტური“. განკარგულების მიხედვით, ნაკრძალი გააერთიანებს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე კავკასიის ბუნებრივ-ბიოსფერულ სახელმწიფო ნაკრძალსა და აფხაზეთის რიწის რელიქტურ ეროვნულ პარკს. რუსეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საპროტესტო განცხადებით გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო უწყება და გარემოს დაცვის სამინისტრო, თუმცა პოლიტიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვერც საპროტესტო განცხადებები და ვერც ე.წ. „რიტორიკის შეცვლის“ პოლიტიკა ვერ შეაჩერებს რუსეთის ხელისუფლების მიზანმიმართულ ძალისხმევას.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა განკარგულება, რომლის სრული დასახელებაა „რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის მთავრობებს შორის ტრანსსასაზღვრო ნაკრძალის შექმნის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების შესახებ“, 2013 წლის 13 აგვისტოს გამოსცა. განკარგულებაში ვკითხულობთ:

„გაერთიანებული ნაკრძალის შექმნა იძლევა დამატებით შესაძლებლობას შენარჩუნებულ იქნეს ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნება; ჩატარდეს სამეცნიერო კვლევები, განხორციელდეს გარემოს დაცვის მონიტორინგი და შედგეს ეფექტიანი თანამშრომლობა უნიკალური ბუნებრივი კომპლექსების შესანარჩუნებლად“.

საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე უნიკალური ბუნებრივი კომპლექსების შენარჩუნება მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ხათუნა გოგალაძის თქმით, რიწის ნაკრძალს, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა, საქართველოს კანონმდებლობით, ისედაც აქვს მინიჭებული დაცული ტერიტორიის სტატუსი.

„რიწის ტბა მნიშვნელოვანი ტბაა, რომლის სიღრმე 100 მეტრზე მეტია. ის ბიომრავალფეროვნება, რომელიც მის გარშემოა, ასევე ხასიათდება უნიკალურობით. კოლხური ბზა გვხვდება, სოჭი, ნაძვნარი და ა.შ. თანაც საკმაოდ დიდი ტერიტორიაა - 13 ათას ჰექტარზე მეტია - და, შესაბამისად, დაცვის თვალსაზრისით, ეს ადგილი მნიშვნელოვანია! თუმცა, როცა ხდება გარკვეული გადაწყვეტილების მიღება ტრანსსასაზღვრო რეზერვატის შექმნის შესახებ, ამაზე შეთანხმება უნდა არსებობდეს ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის. ამის გათვალისწინებით, დაცული ტერიტორიების საკითხი უკანა პლანზე გადადის და ჩვენთვის მიუღებელია ის, რომ ყოველგვარი საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის გარეშე იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება“, უთხრა ხათუნა გოგალაძემ რადიო თავისუფლებას.

ვხედავთ, რომ ორგანიზებულად ჩაიღვარა ერთგვარი სითხე - სტრუქტურის მიხედვით, სავარაუდოდ, ბენტონინი, რომელიც შესაძლოა შეზავებული იყო ბურღვისას გამოყოფილ ნივთიერებებთან. სამი დღის წინ მთელი თევზი, რაც მდინარეში ბინადრობდა, ამოტივტივდა და განადგურდა...
საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზეა ყურადღება გამახვილებული საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშიც:
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსკოვის მხრიდან მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ნებისმიერი „შეთანხმება" უკანონოა საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, რადგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ამჟამად არის რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ. რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ნაკრძალის შექმნის თაობაზე განსაკუთრებით არაადეკვატურია იმის გათვალისწინებით, რომ თავად რუსეთი სერიოზულ ზიანს აყენებს აფხაზეთის რეგიონისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის უნიკალურ ეკოსისტემას სოჭში დაგეგმილი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის ინერტული მასალების გატანით“.

და მართლაც. რუსეთის ადგილობრივი და საერთაშორისო გარემოსდამცველი ორგანიზაციები ხშირად აკრიტიკებენ რუსეთის ხელისუფლებას სოჭის ოლიმპიადისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობისას გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამო, რისი დამადასტურებელი ვიზუალური მასალის მოპოვება იოლად არის შესაძლებელი სოციალურ ქსელებში. ავიღოთ თუნდაც იუტუბზე ატვირთული ვიდეომასალა, რომელშიც ერთ-ერთ ტბაში ჩამავალი მდინარის დაბინძურებაა ასახული:

„ვხედავთ, რომ ორგანიზებულად ჩაიღვარა ერთგვარი სითხე - სტრუქტურის მიხედვით, სავარაუდოდ, ბენტონინი, რომელიც შესაძლოა შეზავებული იყო ბურღვისას გამოყოფილ ნივთიერებებთან. სამი დღის წინ მთელი თევზი, რაც მდინარეში ბინადრობდა, ამოტივტივდა და განადგურდა“.

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის“ ბიომრავალფეროვნების კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი კი, იუნესკოს, გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა და გრინფისის არაერთი კრიტიკული ანგარიშის საფუძველზე, გამოთქვამს ვარაუდს, რომ რუსეთის მთავრობას ტრანსსასაზღვრო ნაკრძალის შექმნა შელახული რეპუტაციის აღსადგენად სჭირდება. ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, სოჭის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის მშენებლობისას გაიჩეხა იუნესკოს საერთაშორისო სიაში შეტანილი კავკასიის ბიოსფერულ რეზერვატში მოქცეული ბზის კორომები. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაკრძალის ტერიტორიაზე გამოიყო ადგილი უსაფრთხოების ძალების განსათავსებლად.

მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო მიიღებს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში ან რიტორიკას შეცვლის, საქართველოს ტერიტორიული პრობლემები ამით არ გადაიჭრება და მცოცავი ოკუპაციისა თუ ანექსიის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს წლების განმავლობაში, ეს ყველაფერი ასე მალე არ შეიცვლება...
თენგიზ ფხალაძე
„რომ გაათეთრონ ეს გაშავებული საქმე! როგორც ჩანს, ამისკენ არის მიმართული ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ თითქოს რიწის ნაკრძალთან რაღაცას თანამშრომლობს ეს ბიოსფერული რეზერვატი და რომ აძლიერებენ გარემოს დაცვას. რა თქმა უნდა, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, რაც უფრო მეტი დაცული ტერიტორია შეიქმნება (მათ შორის, ტრანსსასაზღვრო ტერიტორიებიც) გარემოსთვის უკეთესი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, ეს ქაღალდზე განხორციელებული ღონისძიებაა თუ რეალური ღონისძიება. მოგეხსენებათ, მცენარეები და ცხოველები პოლიტიკურ საზღვრებს არ ცნობენ და რაც უფრო უკეთ იქნება დაცული და რაც უფრო ფართო ტერიტორიები იქნება დაცული, მით უკეთესია გარემოს დაცვის თვალსაზრისით“, უთხრა ირაკლი მაჭარაშვილმა რადიო თავისუფლებას.

გარემოს დამცველებისაგან განსხვავებით, პოლიტიკის ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დმიტრი მედვედევის განკარგულება ე.წ. მცოცავი ოკუპაციის ნაწილია. ასე ფიქრობს თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. მისი თქმით, რუსეთი თანმიმდევრულად ახორციელებს გეგმას, რომლის მიზანიც ექსკლუზიური ინტერესების არეალის გაფართოებაა. თენგიზ ფხალაძისავე თქმით, ამ მიზნის განხორციელების გზაზე რუსეთი თანმიმდევრულია და ერთგულებას იჩენს საკუთარი საგარეო პოლიტიკის კონცეფციისა და სხვა სტრატეგიული დოკუმენტებისადმი:

„მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო მიიღებს მონაწილეობას სოჭის ოლიმპიადაში ან რიტორიკას შეცვლის, საქართველოს ტერიტორიული პრობლემები ამით არ გადაიჭრება და მცოცავი ოკუპაციისა თუ ანექსიის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს წლების განმავლობაში, ეს ყველაფერი ასე მალე არ შეიცვლება. გზა, რითაც ყოველივე ამას შეიძლება შევებრძოლოთ და შევეწინააღმდეგოთ, გადის საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველო არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს მარტო, ერთი-ერთზე რუსეთის ფედერაციასთან და მან უნდა გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვა“.

თენგიზ ფხალაძის ამ მოსაზრებას იზიარებს პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი, აფხაზეთიდან დევნილი პოლიტიკოსი პაატა დავითაია, რომლის თქმითაც, რუსეთის გააქტიურება ნაწილობრივ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია:

„დღეს კი რახდება? პრემიერ-მინსტრი იძახის, რომ არ არის საჭირო არანაირი მძაფრი რიტორიკა... საერთოდ, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოხსნილია დღის წესრიგიდან, ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, მეათეხარისხოვანი თემა გახდა. ამით სარგებლოს რუსეთი და მოქმედებს როგორც იმპერია. უნდა ვთქვათ, რომ როუსეთი, მისი გადმოსახედიდან, მოქმედებს სწორად!“

თუმცა, პასუხად საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსეთის-პრემიერის განკარგულება ტრანსასაზღვრო ნაკრძალის შექმნის თაობაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო კანონმდებლობასთან, არსებითად არაფერს ცვლის. მედვედევის განკარგულების ტექსტის მიხედვით, გაერთიანებული ნაკრძალი რუსეთისა და აფხაზეთის ბიუჯეტებიდან დაფინანსდება, ხოლო მოსკოვისა და სოხუმის წარმომადგენლები, გარემოსდაცვითი ღონისძიებების გეგმის შესათანხმებლად, ყოველ წელიწადს შეხვდებიან ერთმანეთს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG