Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საყდრისი-ყაჩაღიანი ინგრევა - ვინ გასცა ნებართვა?


საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანი
საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანი

კომპანია „RMG GOLD”-მა საყდრის-ყაჩაღიანის N1 სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები განაახლა. ამის საფუძველი გახდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანებები. სწორედ ამ ბრძანებების სამართლიანობას აყენებენ ეჭვქვეშ საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის ის წარმომადგენლები, რომლებიც, საყდრისის დაცვის მიზნით წარმოებული სამოქალაქო აქტივობის გარდა, თავადვე არიან სამართლებრივ დავაში RMG GOLD-თან.

კომპანია „RMG GOLD”-მა საყდრის-ყაჩაღიანის პირველ სალიცენზიო უბანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები 13 დეკემბერს დილიდან განაახლა. „საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წევრთა თანახმად, რომლებსაც სამუშაოების ტერიტორიაზე არ უშვებენ, ორი ძლიერი აფეთქების შემდეგ ობიექტზე 4 ბულდოზერი შეიყვანეს. ამ პროცესს უშუალოდ ადგილზე ადევნებდა თვალს დავით გულბანი:

„მთლიანად მობილიზებულია დაცვის სამსახური. დაახლოებით 20-30 ადამიანია. ამ შემთხვევაში ტექნიკაა ზედ შეყენებული და, შესაბამისად, მიდის საყდრისის ნგრევა. იყო ორი ძლიერი აფეთქება. სავარაუდოდ, ალბათ, მოხდა თვითონ ობიექტის დაზიანება, ჩამონგრევა, ასე ვთქვათ, და მერე, ალბათ, ზემოდან ჰყავთ ტექნიკა შეყენებული და ანგრევენ, რა. დაიწყეს მუშაობა. სამინისტრომ ასე ჩუმად, სავარაუდოდ, ახალი დოკუმენტის საფუძველზე, მოახდინა ნებართვის გაცემა”.

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მიიღო საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანია RMG-ის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიას, დაგეგმილი აქვს დააფინანსოს და ეროვნულ მუზეუმთან ერთად ააშენოს ახალი არქეოლოგიური მუზეუმი ბოლნისის რაიონში...
ნატალი ნოზაძე

დავით გულბანი საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ის მაინც უნდა გადარჩეს, რისი გადარჩენაც შესაძლებელია. კომპანია „RMG”-ის ოფიციალურ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ კულტურის მინისტრისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებები ობიექტის ნაწილის სრული არქეოლოგიური შესწავლის შედეგია. ობიექტზე არსებული ავარიული მდგომარეობისა და ნგრევის საფრთხის გამო კი დარჩენილ ნაწილზე დამატებითი კვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო. ამას, კომპანიის განცხადების მიხედვით, ადასტურებს შესაბამისი გეოლოგიური დასკვნა. ამასთანავე, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის შესაბამისად, ვკითხულობთ განცხადებაში, ობიექტზე მოსალოდნელი არ იყო თვისებრივად ახალი არტეფაქტების აღმოჩენა. კომპანია განმარტავს ასევე, რომ ობიექტის გარშემო წარმოებულ სამეცნიერო დისკუსიაში ის არ ერთვებოდა, თუმცა არსებობდა კომპანიის სრული გაჩერების საფრთხე, რაც, გარდა თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნისა, საწარმოო ციკლის იძულებით შეწყვეტის გამო მძიმე ეკოლოგიურ რისკებსაც ქმნიდა. RMG GOLD-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნატალი ნოზაძემ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება:

„აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ მიიღო საწარმოო აუცილებლობიდან გამომდინარე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომპანია RMG-ის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანიას, დაგეგმილი აქვს დააფინანსოს და ეროვნულ მუზეუმთან ერთად ააშენოს ახალი არქეოლოგიური მუზეუმი ბოლნისის რაიონში, სადაც განთავსდება ყველა ის არტეფაქტი, რომელიც აღმოჩენილი იყო აღნიშნულ ობიექტზე“.

სამეცნიერო დავის მიუხედავად, სამართლებრივად რა საფუძვლები დაუდო სახელმწიფომ რეალურად ამ საკითხებს, მაშინ როცა ორი სასამართლო დავა არის დაკავშირებული ძეგლის სტატუსის ბათილად ცნობასთან, მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოებასთან და სამინისტრო ღებულობს ახალ გადაწყვეტილებას? ...
სულხან სალაძე

საყდრის-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე „RMG GOLD”-ის მიერ სამთო-მოპოვებითი სამუშაოები 2014 წლის მარტიდანაა შეჩერებული, ამ სამუშაოთა მართებულობის საკითხზე სასამართლო დავები კი ამ დრომდე გრძელდება. ერთ-ერთი მომჩივანია არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იმ გადაწყვეტილების გაბათილებას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც საყდრის-ყაჩაღიანს 2013 წელს ეროვნული ძეგლის სტატუსი მოეხსნა. „მწვანე ალტერნატივასა“ და სახელმწიფოს შორის დავა ჯერ არ დასრულებულა - მორიგი პროცესი 12 იანვრისთვისაა დანიშნული. კიდევ ერთი საქმე, რომელშიც მოსარჩელეები არიან „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და კაზრეთის მცხოვრები დალი მამულაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იმ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც კომპანია RMG-მ საყდრის-ყაჩაღიანის მაღაროს ტერიტორიაზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების ჩატარების უფლება მიიღო. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი სულხან სალაძე ვარაუდობს, რომ 12 დეკემბერს მიღებული იქნა კიდევ ერთი სამართლებრივი აქტი, თუმცა რამ გამოიწვია ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულება და რატომ დაიწყო კომპანიამ სამუშაოების დაჩქარებულ რეჟიმში განახლება, მისთვის უცნობია:

„ჩვენ არ ვართ არც გეოლოგები, არც არქეოლოგები და ვერ შევალთ სამეცნიერო დავაში აქტიურად. სამეცნიერო დავის მიუხედავად, სამართლებრივად რა საფუძვლები დაუდო სახელმწიფომ რეალურად ამ საკითხებს, მაშინ როცა ორი სასამართლო დავა არის დაკავშირებული ძეგლის სტატუსის ბათილად ცნობასთან, მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოებასთან და სამინისტრო ღებულობს ახალ გადაწყვეტილებას? ეს ორი სტრუქტურა აბსოლუტურად დახურულად მუშაობდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საკითხთან დაკავშირებით, საკითხის გამჭვირვალედ შეფასების არანაირ საფუძველს არ გვიტოვებს, რომ სამინისტრო და სააგენტო მოწოდებული იყვნენ, რომ რეალურად გადაეწყვიტათ სადავო საკითხი“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აპირებს ორშაბათს მიმართოს როგორც კულტურის სამინისტროს, ისე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს და მოსთხოვოს იმ დოკუმენტების გამოქვეყნება, რომლის საფუძველზეც RMG-ს საყდრის-ყაჩაღიანზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოების განახლების საშუალება მიეცა. ამ სახელმწიფო უწყებებიდან განმარტებების მიღება 13 დეკემბერს, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, ხელოვნებათმცოდნე სოფიო კილასონიამაც სცადა, მაგრამ უშედეგოდ:

„სამინისტრო ისვენებს. შენობაში არ შეგვიშვეს და პოლიცია გამოიძახეს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ქალბატონი ვიდექით მხოლოდ. სააგენტოშიც ისვენებენ. ერთადერთი, სადაც არ ისვენებენ, არის კაზრეთი და RMG GOLD-ის მუშები. გადახსნილია ძეგლი, ბულდოზერები მუშაობენ. სამი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს შუამდგომლობით ეკრძალება RMG GOLD-ს ამ ძეგლთან შეხება, არამცთუ აფეთქება და ბულდოზერები“.

სოფიო კილასონია შენიშნავს, რომ როგორი ბრძანებაც არ უნდა გამოსცეს მინისტრმა, იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გადაწონის.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან სატელეფონო კომენტარში კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, რომ 12 დეკემბერს შეკრებილმა კომისიამ ხმათა უმრავლესობით ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის აღდგენა მიზანშეუწონლად მიიჩნია და, კანონით გათვალისწინებული ნორმებით, არქეოლოგიური ობიექტის დაშლის ნებართვა გასცა.

საყდრის-ყაჩაღიანს, როგორც არქეოლოგიურ ობიექტს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა. 2013 წელს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, მას არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა. ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ერთი ნაწილის თანახმად, საყდრისი-ყაჩაღიანი მსოფლიოში დღემდე გამოვლენილ ოქროს მაღაროთა შორის უძველესია.

XS
SM
MD
LG