Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყეს ფირნიში დაიცავს


მთავრობა ხე-ტყის მასალის ბრუნვაზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე გადაეცა პარლამენტის ბიუროს. პროექტის მიხედვით, ტყიდან გამოტანილი მორების ტრანსპორტირება და გადამამუშავებელ საამქროებში ჩაბარება შეუძლებელი იქნება სპეციალური ფირნიშების გარეშე.

საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტით გრძელდება რეფორმა, რომელიც ორიოდე თვის წინ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციით დაიწყო. მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის თქმით, ერთმანეთისაგან იმიჯნება ბუნებრივი რესურსების ეკონომიკურ მართვასთან დაკავშირებული და გარემოსდაცვითი ფუნქციები. ამასთან, მთავრობა დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელმაც მაქსიმალურად უნდა შეამციროს ხე-ტყის მასალების უკანონო მოპოვება და ბრუნვა:

„ნებისმიერი მორი, რომელიც გამოვა ტყიდან, იქნება იდენტიფიცირებული და მასზე გაიცემა სპეციალური ფირნიში, რომელსაც ექნება ნომერი. ნომერი ასახული იქნება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში და როდესაც ხე-ტყის გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს მორს, იმის მიხედვით, აქვს თუ არა ფირნიში, ეცოდინებათ, არის თუ არა ის ლეგალურად მოჭრილი.“

გია ხუროშვილის განმარტებით, ფირნიში, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, მხოლოდ ლიცენზიის მფლობელებზე გაიცემა. ამასთან, საამქროში მორის ჩაბარების შემდეგ ფირნიშის ერთი ნაწილი სააგენტოს დაუბრუნდება, მეორე კი საამქროში დარჩება. მთავრობის საპარლამენტო მდივანი იმედოვნებს, რომ სიახლე შეამცირებს ხის მასალების უკანონო მოპოვებას, ანუ დანაშაულს, რომელიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შესაშური სტაბილურობით გამოირჩევა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, წლის დასაწყისიდან ამ ტიპის 50 დანაშაულია ჩადენილი. ამასთან, დაკავებულთა შორის ხშირად არიან როგორც მეწარმეები, ასევე სატყეოს თანამშრომლები, რაც, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო გუჯარაიძის თქმით, კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებასთან ერთად, სხვა რამეზეც მეტყველებს:

„ასეთი რაოდენობით ადამიანების დაჭერა მიანიშნებს სისტემის მანკიერებაზე და უნდა ვიფიქროთ მის შეცვლაზე და არა იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავიჭიროთ. ჯერჯერობით სისტემურ გაუმჯობესებაზე ლაპარაკი ნაადრევია. თუმცა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით იმედი გვაქვს, რომ ყურადღება ამ თვალსაზრისითაც გამახვილდება.“

ნინო გუჯარაიძის თქმით, მარკირების ტექნოლოგიას, როგორც ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ მიმართულ ეფექტიან საშუალებას, ბევრი ქვეყანა იყენებს. სიახლის საწინააღმდეგო არაფერი აქვს კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსლის პროექტების კოორდინატორს რეზო გეთიაშვილს, თუმცა იგი იმასაც შენიშნავს, რომ ლიცენზიების ნაჩქარევად გაცემით დაიკარგა ტყეების მონიტორინგის საშუალება. ანუ, იმის გამო, რომ ლიცენზიანტებზე ტყეები გაიცა წინასწარი შეფასებისა და ინვენტარიზაციის გარეშე, არ არსებობს პირველადი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებოდა შემოწმებულიყო ტყეკაფი და დადგენილიყო, დაცულია თუ არა ლიცენზიის პირობები.

„აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, ხელისუფლება ცდილობს მონიტორინგი განახორციელოს არა უშუალოდ ტყეში, არამედ ხე-ტყის ტრანსპორტირების ეტაპზე და ეს გასაგებიცაა. მაგრამ ხელისუფლებამ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ თუკი მომავალშიც გაგრძელდება ლიცენზიების გაცემა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ლიცენზიების გაცემა ინვენტარიზაციის გარეშე. სახელმწიფომ უნდა დაიტოვოს რეალური მონიტორინგის საშუალება“, - უთხრა რეზო გეთიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

საგულისხმოა ის, რომ ფირნიშის აღება მოუწევთ მხოლოდ მეწარმეებს და სიახლე არ შეეხება სოფლების მოსახლეობას, რომლისთვისაც შეშა გათბობის ძირითადი საშუალებაა. ამასთან, მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის თქმით, სიახლეა ისიც, რომ შემოდის ბუნებრივი რესურსების რეგულირების საფასური, რომლის გადახდის წესსა და ოდენობას მთავრობა დაადგენს. ამ შემთხვევაშიც, ხუროშვილის თქმით, რეგულირების საფასურის გადახდა მხოლოდ ლიცინზიების მფლობელებს მოუწევთ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG