Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაბო...


გაბრიელ გარსია მარკესი (ფოტო გადაღებულია მეხიკოში, 2014 წლის 6 მარტს, მწერლის 87-ე დაბადების დღეზე).
გაბრიელ გარსია მარკესი (ფოტო გადაღებულია მეხიკოში, 2014 წლის 6 მარტს, მწერლის 87-ე დაბადების დღეზე).
მისი სახელი მსოფლიომ მაშინ გაიგო, როცა „მარტოობის ასი წელიწადი“ გამოქვეყნდა - რომანი, რომელმაც მარიო ვარგას ლიოსას თქმით, ლიტერატურული სამყარო შეაზანზარა. ასე გაიცნო მსოფლიომ გაბრიელ ხოსე გარსია მარკესი, ასე გაიცნო მაკონდო და აურელიანო ბუენდია. თუმცა მანამდე უკვე იყო „პოლკოვნიკს არავინ სწერს“. მოგვიანებით კუბელ ჟურნალისტთან მანუელ პერეირასთან საუბარში მარკესი იტყვის: “იმ დროს მე უკვე დაწერილი მქონდა „პოლკოვნიკს არავინ სწერს“. მოთხრობა, რომელსაც უდავოდ ჩემს საუკეთესო ნაწარმოებად მივიჩნევ. მეტსაც გეტყვით, „მარტოობის ასი წელიწადი“ იმისთვის დავწერე, რომ ადამიანებს ეს მოთხრობა წაეკითხათ...“

და მათ წაიკითხეს! ასე შემოვიდა ლიტერატურულ ცხოვრებაში მაგიური რეალიზმი და მარკესი... და ლათინური ამერიკის მწერლობა.

რა ხდება ამ დროს საქართველოში?

ლიტერატურათმცოდნე და ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი იხსენებს: „რა იყო მარკესი ჩვენთვის 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისში... იმ პერიოდის თბილისურ კულტურას, რომელშიც ჩვენ ყველანი მაშინ ვიყავით, შეადგენდა რამდენიმე ავტორი, რომლებსაც ყველანი ვკითხულობდით, „კინოს სახლი“, „კიროვის ბაღი“, ეგრეთ წოდებული „სპეკულანტები“ კვირაობით, როდესაც ჩვენ მივდიოდით და წიგნებს ვყიდულობდით... ამას შეიძლება დავამატოთ ოთარ იოსელიანისა და მერაბ მამარდაშვილის ლექციები... აი, ეს ყველაფერი არის ის, რითიც შეიძლება დავახასიათოთ თბილისური კულტურის ბოლო პერიოდი სერგო ფარაჯანოვის ჩათვლით...“

2013 წლის 30 სექტემბერი, ქალაქი მეხიკო
2013 წლის 30 სექტემბერი, ქალაქი მეხიკო
ეს სწორედ ის დროა, როცა „მარტოობის ასი წელიწადი“ ჟურნალ "Иностранная Литература"-ში დაიბეჭდა. მოგვიანებით ელზა ახვლედიანის ქართული თარგმანიც გამოვიდა. ჟურნალისტი ნელი ტორაძე იხსენებს:

„ერთ მეგობართან ვიყავი სტუმრად და მარკესი პირველად მაშინ ჩამივარდა ხელში. მახსოვს, მიშა კობახიძემ მოიტანა ეს წიგნი და გვაჩვენა. ჩვენ გაგებული გვქონდა, მე და ჩემს მეგობრებს - „ინასტრანკადან“, მაგრამ წაკითხული არ გვქონდა. ორი დღით მათხოვა - შაბათ-კვირას. მახსოვს, დავიწყე კითხვა და ვფიქრობდი, ორ დღეში როგორ წავიკითხო ამხელა წიგნი. თუმცა როგორ თენდებოდა და როგორ ღამდებოდა ამას ვეღარ ვიხსენებ...“

რომანი ხელიდან ხელში გადადიოდა. მარკესი თაობის კულტი გახდა. მოგვიანებით „პატრიარქის შემოდგომაც“ ითარგმნა. თავად ავტორი ამ რომანს გაცილებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს, თუმცა თვითონვე აღიარებს, რომ მან ვერ დაჩრდილა „მარტოობის ასი წელიწადის“ პოპულარობა... ალბათ, იმიტომ რომ რომანში აღწერილი ამბები მსოფლიოში ბევრი ადამიანის ბედს ჰგავდაო, ამბობს მარკესი ერთ ინტერვიუში.

„მარკესის გამოცდილება და ჩვენი გამოცდილება ძალიან ემთხვეოდა ერთიმეორეს. ეს გამქრალი გვამები... დახვრეტის საოცარი სცენა... რომ არ ყოფილა ეს ფაქტი საერთოდ!.. ეს ჩემთვის იყო დაახლოებით ისეთივე შემძვრელი, როგორიც შემდეგ ორუელის „ესპანური დღიური“, როდესაც მან თქვა ასეთი რამ: ტოტალიტარიზმის მთავარი დამახასიათებელი თვისება არის ის, როდესაც გეუბნებიან, რომ „ფაქტი არ ყოფილა“... ამით იყო მარკესი, მე ასე ვიტყოდი, თან შემაძრწუნებელი, თან ძალიან ახლობელიდა თან ემთხვეოდა ჩვენს გამოცდილებას“, - იხსენებს ზაზა შათირიშვილი.

სწორედ ასე აღიქვა წიგნი მერი ტორაძემაც: „მაკონდო მახსოვს, ეს ქალაქი... ჩემთვის მაშინ იყო თითქოს რაღაც დახშული წრე, ეს საბჭოთა კავშირი, ეს გამეორებები... აი, როგორც მეორდებოდა ამ ადამიანების ბიოგრაფიები, გვარები და სახელები, სულ ვუკავშირებდი ამ საბჭოთა სისტემას... ახლა როგორც ვხვდები, პრინციპში, „შეზღუდულად“ ვკითხულობდი. მეორედ რომ წავიკითხე, ძალიან ბევრი რაღაც ახალი აღმოვაჩინე...“

ახლა სად არის მარკესი?

„მერაბ მამარდაშვილი ვახსენე და ერთხელ მერაბს ჰკითხეს ასეთი რაღაც: სად იყვნენ ბერძნები მაშინ, სანამ დეკარტი მოვიდოდა? ვინც ამას იხსენებს ამბობს, ჩემთვის ვფიქრობდი, ტექსტებშიო... მაგრამ არა. არის რაღაც სხვა სივრცე, სადაც მარკესი არის და სადაც არის ლიტერატურა. ეს სივრცე შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც „კარცერი-ლუქსი“; შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც ლიტერატურის საკუთარი ატოპია თუ უტოპია - რაღაც ადგილი, სადაც ლიტერატურა რაღაცნაირადხდება“, - ამბობს ზაზა შათირიშვილი.

და კიდევ, ახლა ვისთვის არის მარკესი?

„დღეს რატომ კითხულობენ მარკესს... ერთი ასეთი ხუმრობა გვაქვს სამეგობრო წრეში: დღეს განათლებულად ითვლება ახალგაზრდა, თუ მას აქვს წაკითხული მარკესი და დოჩანაშვილი... რეალურად, დღეს მარკესი არის გაღმერთებული... ათი ახალგაზრდიდან ალბათ შვიდი იტყვის, რომ „ჩემი საყვარელი მწერალია მარკესი...“ - ამბობს ახალგაზრდა ლიტერატურის მოყვარული მაგდა კალანდაძე.
მარკესის წიგნები
მარკესის წიგნები
შემდეგ კი გაბო რამდენიმე წლით დადუმდა - დეპრესია!
რამდენჯერმე განმეორდა „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“, ნამდვილი მისტიფიკაცია.

„ეს ყველაფერი ჩემთვის გაცოცხლდა, როდესაც ვნახე ემირ კუსტურიცას „ბოშათა ჟამი“. აი როგორი შეიძლება მარკესი, ასე ვთქვათ, „ბალკანური მარკესი“. კუსტურიცა რომ ვნახე, მივხვდი, ეს კაცი გამოსული არის ორი რაღაციდან: ეს არის ფელინი და მარკესი. ანუ ბალკანურ სივრცეში ეს შედგა; მარკესის ფენომენი - სულ სხვანაირად, როგორც კინემატოგრაფი, მაგრამ არის! არის...“ - ასე ფიქრობს ზაზა შათირიშვილი.

77 წლის ასაკში მან ახალი რომანი გამოაქვეყნა - „ვიგონებ ჩემს სევდიან მეძავებს“ და დიდი აჟიოტაჟიც გამოიწვია. თუმცა დღეს კვლავ იმ რომანს გავიხსენებთ, რომელმაც მარკესს „დიდი გაბოს“ სახელი მოუტანა.

და ისევ ზაზა შათირიშვილი: „ახლა, როდესაც ამ ყველაფერს ვიხსენებ, რა თქმა უნდა, სრულიად საკრამენტული იყო ის ფრაზა - „აურელიანო ბუენდია კედელთან მდგომი, როცა გაიხსენებს...“ თუ არ ვცდები, დიდი წინადადებაა და როგორ მთავრდება?.. ყინულზეა საუბარი, არა?“

კი, ყინულზეა საუბარი....

„გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად...“ - ასე იწყება „მარტოობის ასი წელიწადი“.
XS
SM
MD
LG