Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტები დონეცკში არ აპირებენ დაკავებული შენობების გათავისუფლებას


დონეცკი
დონეცკი
„დონეცკის რესპუბლიკის“ სახელით მოქმედი სეპარატისტული გაერთიანების ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი არ წარმოადგენენ ჟენევის მოლაპარაკების მხარეს და ამიტომ შენობებს მანამდე არ გაათავისუფლებენ, სანამ თავად უკრაინის არალეგიტიმური ხელისუფლება არ გაათავისუფლებს უკანონოდ დაკავებულ ადმინისტრაციულ შენობებს კიევში. ჟენევაში სერგეი ლავროვს ჩვენი სახელით არ მოუწერია ხელი შეთანხმებაზე, - განაცხადა ჟენევაში 17 აპრილს მიღწეული შეთანხმების კომენტირებისას დონეცკის თვითგამოცხადებულმა ლიდერმა დენის პუშინინმა.

„რაც შეეხება დაკავებული შენობების გათავისუფლებას, ლაპარაკი მიდის ყველა იმ შენობის დაცლაზე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში იქნა დაკავებული. მინდა გითხრათ, რომ ამას სავსებით ვიზიარებთ და შეთანხმება სავსებით ნორმალურია. მაგრამ მაშინ შენობები ყველამ უნდა დატოვოს, მათ შორის, ამხანაგებმა იაცენიუკმა და ტურჩინოვმა, რომლებმაც, ასე ვთქვათ, უკანონოდ, სამხედრო გადატრიალების შედეგად, დაიკავეს ეს შენობები. მათ შემდეგ ჩვენც თანახმა ვართ, ასევე მოვიქცეთ“.

უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მოქმედი სეპარატისტები ასე იოლად რომ არ დაეთანხმებოდნენ ჟენევაში ოთხმხრივი შეხვედრის მონაწილეების მიერ მიღწეულ შეთანხმებას, ამას ბევრი ვარაუდობდა, მათ შორის, პირველ რიგში, აშშ-ის პრეზიდენტი. ბარაკ ობამამ ჯერ კიდევ 17 აპრილის ღამით გამოთქვა ფრთხილი ოპტიმიზმი აშშ-ის, რუსეთის, უკრაინისა და ევროკავშირის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების მიერ მიღწეული შეთანხმების შეუფერხებლად შესრულებაზე:

„ვიმედოვნებ, რამდენიმე დღეში დავინახავთ, როგორ სრულდება შეთანხმება. მაგრამ აქამდე მომხდარს თუ გავითვალისწინებთ, იმედის საფუძველი ნაკლებად არსებობს. ჩვენ პოტენციურად მზად უნდა ვიყოთ, პასუხი გავცეთ რუსეთს, თუ ის გააგრძელებს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში ჩარევას“.

დონეცკელი სეპარატისტების ულტიმატუმის შესრულებას არ აპირებს უკრაინის მოქმედი ხელისუფლება, რომელიც აქამდეც დარწმუნებული იყო, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ადმინისტრაციული შენობების ძალადობრივი დაკავება მოსკოვიდან იყო ორკესტრირებული.

უკრაინის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა 18 აპრილს განაცხადა, რომ მომზადებულია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სეპარატისტულ დანაშაულში ეჭვმიტანილი ყველა პირის შეწყალებას ითვალისწინებს, თუკი ისინი იარაღს დაყრიან:

„მინდა გაცნობოთ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უკვე მოამზადა კანონპროექტი ამნისტიის შესახებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პირები, ვინც უკანონოდ აიღო იარაღი და დაიკავა შენობები, ამნისტიას დაექვემდებარებიან, თუ ისინი იარაღს დაყრიან და შენობებს დაცლიან“.

უკრაინის მთავრობის თავმჯდომარე თავის გამოსვლაში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიასაც შეეხო და განაცხადა, რომ უკრაინა ყველა დიპლომატიური და პოლიტიკური გზით იბრძოლებს ყირიმის დასაბრუნებლად.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG