Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევნილთა კოტეჯებში იატაკი ჩაინგრა


კარალეთის დევნილთა დასახლება
კარალეთის დევნილთა დასახლება
კარალეთისა და სკრის დევნილთა დასახლებებში ათეულობით კოტეჯს იატაკი ჩაენგრა. იძულებით გადაადგილებული პირები დახმარებას ითხოვენ. მარტოხელა მოხუცი იულია ბერუაშვილი კარალეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. დაახლოებით ერთი წლის წინ მისი კოტეჯის საძინებელში იატაკმა ჯერ დაიწია, შემდეგ კი მთლიანად ჩაინგრა.

ანალოგიური პრობლემა არაერთ დევნილს აწუხებს. ბოლო 6 წლის განმავლობაში კოტეჯები სამჯერ შეაკეთეს, მაგრამ კედლებზე ნესტის კვალი ახლაც ჩანს. იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მთავრობამ მშენებლობა ზამთარში ნაჩქარევად დაასრულა - მაშინვე ხის სველი მასალა დააგო. ამას ისიც დაემატა, რომ კარალეთისა და სკრის დევნილთა დასახლებები ჭაობიან ადგილებში გაშენდა.

დევნილთა ნაწილმა პრობლემის მოგვარება საკუთარი ფინანსებით დაიწყო - მთლიანად ამოყარა იატაკი, ცარიელ სივრცეში ბეტონი ჩაასხა და შემდეგ ახალი მასალა დააგო, მაგრამ ყველა დევნილს ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია და მთავრობის დახმარებას ელოდება. იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი თამაზ გვიმრაძე სამშენებლო ხარვეზების შესახებ თვითონაც ლაპარაკობს და აცხადებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს.

სკრის დევნილთა დასახლებაში არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა. იქ ომის შემდეგ აშენებული საერთო აბანოც უფუნქციოდ არის დარჩენილი. იძულებით გადაადგილებული პირები როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას მათი პრობლემების სასწრაფოდ მოგვარებას სთხოვენ.
XS
SM
MD
LG