Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთში სოფლების მხარდაჭერისთვის თანხა გამოიყოფა


იმერეთი
იმერეთი
მიმდინარე წელს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, შენობების რეაბილიტაციას, მათ აღჭურვასა და ტექნიკის შეძენას შეძლებს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, იმერეთის 11 მუნიციპალიტეტის მოსახლეობა. იმერეთის მხარეში რეგიონალური პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, 26 თებერვლიდან 10 მარტამდე ყველა სოფელში ჩატარდება საერთო კრება, სადაც მოსახლეობას თემისთვის აქტუალური პრობლემის დასახელება შეეძლება. იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, აუცილებელია სოფლად მცხოვრებთა ჩართულობა და მათი მონაწილეობა პროექტების შესრულებაში. ხახალეიშვილი იმ პროექტებზე საუბრობს, რომელთა განხორციელებაც უმჯობესია სოფლებში, ხელისუფლებისა და მხარის ხელმძღვანელთა რეკომენდაციით.

„შესაძლებელია ყველანაირი პროექტის დაფინანსება, რომლის მესაკუთრეც ადგილობრივი თვითმმართველობა იქნება - გზა, წყალი, საბავშვო ბაღები... განსაკუთრებით ვაძლევთ რეკომენდაციას ხოლმე კულტურის კერების არსებობას, რათა ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ადგილები არსებობდეს. ამ სახის შენობების რეაბილიტაცია პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია“ ,-აცხადებს ხახალეიშვილი.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2014 წლის ბოლომდე „სოფლის მხარდაჭერის პროგრამებისთვის“ საქართველოს მასშტაბით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. როგორც იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხას მიიღებს 2014 წელს იმერეთი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მისივე განცხადებით, ახალი პროგრამის დაწყებამდე მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციამ გასულ წლებში განხორციელებული პროექტები შეისწავლა:

„რამდენიმე ათეული ასეთი პროექტი მოვინახულეთ თითოეულ მუნიციპალიტეტში და ჩვენ გვაქვს წარმოდგენა იმ პრობლემებზე, რომლებიც გასულ წლებში განხორცილებულ პროექტებს აქვს და რა პრობლემებიც ამჟამად არის, მაგრამ მათი მოგვარების გზა მოსახლეობის სოფლის კრებაზე დასწრებაა“, - ამბობს იოსებ ხახალეიშვილი.

ჩვენი სოფელი 400 კომლიანი იყო, ახლა დარჩენილია 160-170 ოჯახი. თანდათან იცლება სოფელი. ახალგაზრდებს პერსპექტივა არა აქვთ. უგზოდ, უწყლოდ, უექიმოდ, უავტობუსოდ - ყოველნაირად მიტოვებულია სოფელი...
თავად იმერეთის სოფლების მცხოვრებნი გასულ წლებში განხორციელებულ პროექტებს არაერთგვაროვნად აფასებენ. მოსახლეობის ნაწილი კმაყოფილია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გზის საფარისა და სხვა პრობლემების მოწესრიგებით, ნაწილი კი დაწყებულ და დაუმთავრებელ სამუშაოებზე საუბრობს. მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები გლეხები პრობლემების სიმრავლის გამო ნიჰილისტურად არიან განწყობილნი და მიიჩნევენ, რომ პროგრამის ფარგლებში პრობლემების მოგვარება შეუძლებელია:

„ჩვენი სოფელი 400 კომლიანი იყო, ახლა დარჩენილია 160-170 ოჯახი. თანდათან იცლება სოფელი. ახალგაზრდებს პერსპექტივა არა აქვთ. უგზოდ, უწყლოდ, უექიმოდ, უავტობუსოდ - ყოველნაირად მიტოვებულია სოფელი. მაღალმთიანია და გაზს არც ველოდებით, არც გვაქვს პრეტენზია. მთავარია, გზა გვქონდეს“.

„ბევრი რამე გაკეთდა სოფლის პროგრამის ფარგლებში და ძალიან კმაყოფილი ვარ“.

„როგორც ვიცი, პროგრამის ფარგლებში გზა გაიყვანეს. თავისთავად სოფელს ბევრი რამე სჭირდება და საკრებულო მოითხოვს და გაკეთდება“.

„ჩემს ქუჩაზე შემოსასვლელში დაიწყო გზის დაგება სოფლის პროგრამის ფარგლებში და აღარ გაგრძელდა და ძალიან მინდა იყოს მხედველობაში მიღებული“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას რესპონდენტებმა.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2014 წელს გაზრდილია მცირეკომლიანი მაღალმთიანი სოფლების დაფინანსება, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და არასასურველი მიგრაციული პროცესის შენელებას. ამასთან, პროგრამის ფარგლებში არ განხორციელდება ისტორიული ძეგლების, სოციალურ-კულტურული და რელიგიური დანიშნულების ობიექტების რეაბილიტაცია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და მომსახურების შეძენა, რადგან მათი დაფინანსება სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
XS
SM
MD
LG