Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე: საქართველოს პროგრესი ადეკვატურად უნდა აისახოს უელსის სამიტზე


მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე
ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, 2 აპრილს დასრულდა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის უმთავრესი საკითხი უკრაინის ყირიმში რუსეთის ინტერვენცია და მისი ანექსია იყო. „უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიითა და ყირიმის ანექსიით, რუსეთმა მთლიანად შეცვალა ევროპის უსაფრთხოების ლანდშაფტი და პირდაპირ ნატოს საზღვრებს დაემუქრა არასტაბილურობითო“, - განაცხადა 1 აპრილს ნატოს გენერალურმა მდივანმა. ალიანსის გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს საქართველო-ნატოს კომისიაზეც არ აუვლია გვერდი რუსეთის მიერ ნატოს სამეზობლოში გამოწვეული კრიზისისათვის. „კიდევ ერთხელ, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ დაუშვებელია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. ქვეყნებს აქვთ უფლება თავადვე გააკეთონ არჩევანი და ამ არჩევანს ყველამ უნდა სცეს პატივიო“, - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა და ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ანდერს ფოგ რასმუსენის ამ სიტყვების კომენტირებით დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან საუბარი კობა ლიკლიკაძემ, რომელიც ბრიუსელში ადევნებდა თვალს ნატოს მორიგ მინისტერიალს.


კონკრეტული მინიშნებები სანიმუშო პერსპექტივის ქვეყნისათვის

რადიო თავისუფლება: ქალბატონო მაია, თავის შესავალ რემარკაში ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ აპირებთ იმსჯელოთ კრიზისზე, რაც ნატოს სამეზობლოში რუსეთის ქმედებებმა გამოიწვია. რატომ გადაწყვიტა ნატოს გენერალურმა მდივანმა ამ საკითხზე მსჯელობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში? რაიმე საფრთხე არსებობს საქართველოში ამის განმეორების?

მაია ფანჯიკიძე: ნატოს კომისიის ფარგლებში ამაზე მსჯელობა, პრინციპში, არ ყოფილა. რასაკვირველია, აღინიშნა ის გარემო, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და ის რთული პოლიტიკური ვითარება, რომელიც არის რეგიონში, მაგრამ, პირდაპირი გაგებით, ამ თემაზე ლაპარაკი არ ყოფილა. კომისიის სხდომა კონცენტრირებული იყო საქართველოს მიერ განხორციელებულ პროგრესზე და, ძირითადად, განიხილებოდა ნატოსა და საქართველოს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

რადიო თავისუფლება: თქვენ თუ გქონდათ თბილისიდან წამოღებული რაიმე მესიჯი უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით, რომელიც გაუზიარეთ კოლეგებს?

მაია ფანჯიკიძე: ჩვენი მესიჯი დიდი ხანია არ შეცვლილა. ჩვენ გვინდა ნატოს წევრობა. 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, ვმუშაობდით მანამდეც, ახლა ეს მუშაობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სწორედ უელსის სამიტზე იქნება ადეკვატურად აღნიშნული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

რადიო თავისუფლება: არა, ცოტა სხვა რამ გკითხეთ, ქალბატონო მაია, და დავაზუსტებ ჩემს შეკითხვას. თქვენ გამორიცხავთ რაიმე საფრთხეს რუსეთის მხრიდან და არ ჩათვალეთ საჭიროდ კოლეგებთან ამაზე საუბარი?

მაია ფანჯიკიძე: საფრთხე არასოდეს არ არის გამორიცხული. ჩვენ ამ საფრთხეებზე, რასაკვირველია, ყურადღება გავამახვილეთ, მაგრამ ეს საფრთხეები ჩვენი კოლეგებისთვისაც ძალიან კარგად არის ცნობილი. ჩვენ ამაზე საკმაოდ ინტენსიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვაქვს.

რადიო თავისუფლება:
ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ საქართველო რეგიონში არის სანიმუშო ქვეყანა, ვთქვათ, უსაფრთხოების წვლილით, სტაბილურობით, დემოკრატიით. ეს სანიმუშო ქვეყანა როდის მიიღებს სანუკვარ MAP-ს (ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამას)?

მაია ფანჯიკიძე: ეს სანიმუშო ქვეყანა, არ ვიცი ზუსტად, როდის მიიღებს MAP-ს. იმედი მაქვს, რომ მალე და იმედი მაქვს, რომ საქართველოს გზა ნატოსკენ ისე განვითარდება, რომ იგი მიაღწევს საბოლოო შედეგს. საბოლოო შედეგი არის ნატოს წევრობა. ამ მიზნის მისაღწევად შეიძლება MAP-ი იყოს შემდეგი ნაბიჯი, შეიძლება სხვა რამე. ამას გვაჩვენებს უელსის სამიტი.

რადიო თავისუფლება: ყოველ შემთხვევაში, რაიმე მინიშნება არ ყოფილა?

მაია ფანჯიკიძე: იყო საკმაოდ კონკრეტული მინიშნებებიც დღეს. განსხვავებულია ქვეყნების პოზიციები, განსხვავებული იყო, ასე ვთქვათ, მათი განცხადებები. მაგრამ ერთ რამეში ყველა იყო ერთიანი, რომ საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია და რომ ეს პროგრესი ადეკვატურად უნდა იყოს ასახული შემდგომი სამიტის გადაწყვეტილებებში და ყველა არის დარწმუნებული იმაში, რომ ეს ასეც მოხდება.


ნახსენები არჩევნები და არნახსენები ექსპრეზიდენტი

რადიო თავისუფლება: აი, ეს რა ძალებია, მტკიცე მხარდაჭერის ძალები (Resolute Support Forces)? ეს ის ძალებია, რომელიც ნატოს მომავალ წელს ეყოლება ავღანეთში?

მაია ფანჯიკიძე: არა, არსებობს ნატოს რეაგირების ძალები, რომელში მონაწილეობაზეც ჩვენ დავთანხმდით 2015-2016 წლებში. ეს არის ჩვენი ურთიერთობის კიდევ ერთი საშუალება.

რადიო თავისუფლება: დაბოლოს, ქალბატონო მაია, ევროკავშირზეც შეგეკითხებით. ვიზების ლიბერალიზების საკითხზე როგორ მიდის მუშაობა? ამას გეკითხებით იმიტომ, რომ მე ჩეხეთში ვცხოვრობ და ჩეხეთის მაგალითზე, ჯერჯერობით მაინცადამაინც არ შეიმჩნევა, რომ საქართველოს მოქალაქეთათვის გაიოლდა ვიზების მიღება.

მაია ფანჯიკიძე: ვერ დაგეთანხმებით. ბევრი მიმართულებით გაიოლდა. ეს ეხება გარკვეული კატეგორიის ვიზებს. რაც შეეხება ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას, ჩვენ ახლა ვამთავრებთ პირველ ეტაპს. ეს არის საკანონმდებლო ეტაპი. გადავდივართ მეორეზე, სწორედ აპრილის დასაწყისში ორი კვირით იქნება ჩამოსული ევროკავშირის მისია, რომელიც შეისწავლის ჩვენ მიერ აქამდე განხორციელებულ საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, რომ შეფასება იქნება ძალიან დადებითი და ჩვენ საშუალება გვექნება ზაფხულის არდადეგებამდე გადავიდეთ მეორე ფაზაზე. მეორე ფაზა შეიძლება გაგრძელდეს წელიწადი, წელწად-ნახევარი და შემდეგ, სადღაც 2015 წლის ბოლოს, 2016 წლის დასაწყისისთვის ვვარაუდობ, - მაგრამ ამის გარანტიას დღეს ვერ ვიძლევი, - რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის ორდინარული პასპორტებით შესაძლებელი იქნება უვიზო მიმოსვლა ევროპაში.

რადიო თავისუფლება: მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით რა მოლოდინი აქვთ ევროპაში? რაიმე რჩევა ან შენიშვნა ხომ არ გამოთქმულა?

მაია ფანჯიკიძე: ხაზი გაესვა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს არჩევნებიც იქნება იმავე დონეზე, რომელზედაც იყო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც, კარგად მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იყო შეფასებული როგორც ყველაზე დემოკრატიული, ფაქტობრივად, ევროპული სტანდარტების არჩევნები.

რადიო თავისუფლება:
ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს თქვენთან საუბარში ხომ არ წამოუწევიათ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვის საკითხი?

მაია ფანჯიკიძე: ეს თემა საერთოდ არ ყოფილა დღეს. არავის არ უხსენებია ყოფილი პრეზიდენტი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG