Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთი დნესტრისპირეთში „ხელოვნური“ დაძაბულობის შესახებ საუბრობს


იუჯინ კარპოვი
იუჯინ კარპოვი
მოლდავეთის სეპარატისტული დნესტრისპირეთის რეგიონის დეპუტატებმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, რუსეთის პარლამენტის ორივე პალატას, გაეროს და ეუთოს მიმართეს თხოვნით, აღიარონ მათი რეგიონის დამოუკიდებლობა.

პარალელურად, მოლდავეთის მთავრობის მაღალჩინოსანი გამოდის გაფრთხილებით, რომ მიმდინარეობს „პროპაგანდისტული“ კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს დნესტრისპირეთში დაძაბულობის გაზრდას.

ამის შესახებ მოლდავეთის ვიცე-პრემიერმა იუჯინ კარპოვმა უთხრა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, რობერტ კოლსონს, კიშინიოვში 16 აპრილს ჩაწერილ ინტერვიუში: „ეს ნიშნავს, რომ მიმდინარეობს კამპანია, რომელიც კვლავ პროპაგანდას ეფუძნება. ჩვენ ვიცით რასთან გვაქვს საქმე - საბჭოთა პერიოდის პროპაგანდასთან, რომელიც, სამწუხაროდ, დნესტრისპირეთში კვლავაც მოქმედებს. გაჩნდა ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან დნესტრის მარცხენა სანაპიროზე დაძაბულობის გაჩენით. რატომ? იმიტომ რომ, სავარაუდოდ, ეს ერთგვარად უკრაინის მოვლენებს უკავშირდება“.

ძირითადად რუსულენოვანმა დნესტრისპირეთმა 1990 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა.

1992 წელს ორ მხარეს შორის ხანმოკლე ომი მოხდა, რომელიც დნესტრისპირეთში რუსეთის ინტერვენციით დამთავრდა.

2006 წელს რეგიონში რეფერენდუმი ჩატარდა. ამ რეფერენდუმის ოფიციალური შედეგებით, ამომრჩევლის 97-მა პროცენტმა მისცა ხმა რეგიონის მოლდავეთისგან გამოყოფას და რუსეთის ფედერაციასთან მიერთების უფლებას.

ოფიციალურ მიმართვაში, რომელიც დნესტრისპირეთის უზენაესმა საბჭომ 16 აპრილს დაამტკიცა, დეპუტატები აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე მათი თხოვნა სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგებს ეფუძნება.

კარპოვის თქმით, მოსკოვსა და ტირასპოლში გარკვეულ ძალებს სურთ დნესტრისპირეთმა იმავე სცენარს მისდიოს, რომელიც ყირიმში განვითარდა.

რუსეთმა უკრაინის ყირიმის ანექსირება მარტში მოახდინა - მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა უკრაინისგან გამოყოფას და რუსეთთან მიერთებას.

მარტში მოლდავეთის პრეზიდენტი ნიკოლაე ტიმოფტი გამოვიდა განცხადებით და რუსეთი გააფრთხილა, რომ დნესტრისპირეთთან მიმართებით მსგავსი ნაბიჯის გადადგმა „შეცდომა“ იქნება.

კარპოვის თქმით, რუსეთის ოფიციალური პირების, მათ შორის, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხრიდან გამოთქმული ბრალდება, თითქოს დნესტრისპირეთი „ბლოკირებული“ იყოს, არ შეესაბამება სინამდვილეს - არც ეკონომიკური თვალსაზრისით და არც გადაადგილების თავისუფლების კუთხით: „რა ბლოკადაზეა საუბარი, როცა მათი ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, სადღაც 50 პროცენტით?“

კარპოვმა დასძინა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა გავლენა იქონია დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადაჭრის შესახებ მოლაპარაკების მიმდინარეობაზე.

ეს პროცესი, რომელიც 5+2 სახელით არის ცნობილი, შუამავლის რანგით მოიცავს ეუთოს, რუსეთს, უკრაინას, ხოლო დამკვირვებლების ფუნქციით - ევროკავშირსა და აშშ-ს.

კარპოვის თქმით, კიშინიოვი და ტირასპოლი „მეტნაკლებად“ რეგულარულ ორმხრივ შეხვედრებს მართავენ - ბოლო შეხვედრა 13 აპრილს შედგა. თუმცა, მისი თქმით, ტირასპოლმა გარვეული საბაბით ამ თვეში დანიშნული შეხვედრა გადადო და ის, ალბათ, მაისში გაიმართება.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კარპოვი ტირასპოლთან ნდობის პირდაპირ აღდგენაზე მუშაობს.

ის აცხადებს, რომ ამ პოლიტიკას გააგრძელებს და თავის მიზნად ასახელებს პოლიტიკური პროგრესის მიღწევას, რამაც უნდა მოიცვას მოლდავეთის და სეპარატისტული რეგიონის გამაერთიანებელი ეკონომიკური სივრცის შექმნა.

კარპოვის თქმით, დნესტრისპირეთის რუსეთის მიერ ანექსირება „მიუღებელი“ იქნება. საბოლოო ანგარიშით, რეგიონი მოლდავეთის ნაწილი უნდა იყოს და ამას ალტერნატივა არ აქვსო, - უთხრა მოლდავეთის ვიცე-პრემიერმა რადიო თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG