Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი დასავლეთს ანტირუსულ განწყობაში ადანაშაულებს


სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „ანტირუსული განწყობის“ გავრცელებაში ადანაშაულებს დასავლეთის ქვეყნებს. ასეთია მოსკოვის ერთ-ერთი რეაქცია საერთაშორისო თანამეგობრობის მძაფრ კრიტიკასა და სანქციებზე, რომლებიც მოჰყვა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიას. ვითარება დაძაბულია აღმოსავლეთ უკრაინაშიც.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებები, რომლებიც მან 11 აპრილს მოსკოვში გააკეთა, საყურადღებო ინფორმაციას იძლევა კრემლის პოზიციის შესახებ. ლავროვმა - გარდა იმისა, რომ ანტირუსულ განწყობაში დაადანაშაულა დასავლეთი - მოითხოვა ბოლო მოეღოს უკრაინის ამჟამინდელი მთავრობის ლეგიტიმაციის მცდელობას, უკრაინაშივე განხორციელდეს „რეალური“ კონსტიტუციური რეფორმა და შეიქმნას გარანტიები იმისათვის, რომ უკრაინა ნეიტრალური ქვეყანა იყოს.

„საკვანძო საკითხია რეალური და არა კოსმეტიკური კონსტიტუციური რეფორმის განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფდა, გამონაკლისის გარეშე, ყველა უკრაინელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. რასაკვირველია, საჭიროა მტკიცე გარანტიები უკრაინის ბლოკგარეშე სტატუსის შესანარჩუნებლად, რაც მის კანონმდებლობაში აისახებოდა“, განაცხადა ლავროვმა.

უკრაინის „ბლოკგარეშე სტატუსის“, ანუ ნეიტრალიტეტის მოთხოვნა უკავშირდება მოსკოვის უარყოფით დამოკიდებულებას ნატოში უკრაინის გაწევრიანების შესაძლო პერსპექტივისადმი.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ამ მოთხოვნების ფონს ქმნის დასავლეთის მკაცრი კრიტიკა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის გამო, სანქციები და მოთხოვნა მოსკოვისადმი, გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის სასაზღვრო რეგიონიდან, სადაც, ნატოს ინფორმაციით, თავმოყრილია 35 000-დან 45 000-მდე რუსი სამხედრო მოსამსახურე.

მოსკოვი უარყოფს ამ ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, რომ ის დასტურდება ნატოს მიერ გამოქვეყნებული, სატელიტური გამოსახულებებით.

ამასობაში, მორიგი ნაბიჯი გადაიდგა ყირიმის ანექსიის მხრივ: სეპარატისტმა პარლამენტარებმა დაამტკიცეს კონსტიტუცია, რომელიც ნახევარკუნძულს აცხადებს „რუსეთის რესპუბლიკა ყირიმად“.
ვგმობთ რუსეთის ძალისხმევას, ენერგომომარაგება გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ იძულების იარაღად. უკრაინა ახლა იხდის 485 დოლარს (1000 კუბურ მეტრ გაზში) - ფასს, რომელიც აშკარად არ არის განსაზღვრული (თავისუფალი) ბაზრით და მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ფასს...

დასავლელი ლიდერების განცხადებებში ამ დღეებში, უწინარეს ყოვლისა, ფიგურირებს არა ყირიმის, არამედ აღმოსავლეთ უკრაინის პრობლემა. აშშ-ის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტები -„როგორც ჩანს, მოსკოვის მხარდაჭერით“ - ახდენენ უკრაინის დესტაბილიზაციას. როგორც ცნობილია, დონეცკის და ლუგანსკის მთავრობის შენობებში შეჭრილი არიან დემონსტრანტები და, დონეცკის შემთხვევაში, აქტივისტებმა დამოუკიდებელი სახალხო რესპუბლიკაც კი გამოაცხადეს.
ვაშინგტონის ზემოხსენებულ განცხადებაში მოყვანილია ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის სატელეფონო საუბარზეც. ორმა ლიდერმა დაადასტურა, რომ შესაძლოა გამკაცრდეს სანქციები რუსეთის მიმართ უკრაინაში მისი მოქმედების გამო და ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთმა უნდა მოაცილოს უკრაინის საზღვარს მის მახლობლად განთავსებული სამხედრო ძალები.

ვაშინგტონი ასევე აკრიტიკებს მოსკოვს უკრაინისთვის პრობლემების შესაქმნელად ენერგომომარაგების გამოყენების გამო. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ჯინ ფსაკი შეეხო ფასს, რომელსაც უკრაინისაგან მოითხოვს კომპანია „გაზპრომი“.

„ვგმობთ რუსეთის ძალისხმევას, ენერგომომარაგება გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ იძულების იარაღად. უკრაინა ახლა იხდის 485 დოლარს (1000 კუბურ მეტრ გაზში) - ფასს, რომელიც აშკარად არ არის განსაზღვრული (თავისუფალი) ბაზრით და მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო ფასს, რომელსაც ევროკავშირის წევრები იხდიან“, - აღნიშნა 10 აპრილს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა.
გადაყლაპეს საქართველო და ახლა უკრაინას მოადგნენ. გადაყლაპავენ უკრაინას და არავინ უწყის, ამას რა მოჰყვება. 1979 წლის ავღანეთი იქნება? პრაღა იქნება, ბუდაპეშტი თუ რა იქნება? ...
არსენი იაცენიუკი

მომდევნო დღეს, პარასკევს, უკრაინამ განაცხადა, რომ ვერ დათანხმდება მოსკოვს ბუნებრივი აირის ახალი ფასის - ზემოხსენებული 485 დოლარის - გადახდაზე და ახლა გაზის ევროპისაგან ყიდვის იმედი აქვს. ამავე კონტექსტში აღსანიშნავია კიდევ ერთი ინფორმაცია: სერგეი ლავროვმა პარასკევს თქვა, რომ მოსკოვი მზადაა, მომავალ კვირაში მონაწილეობა მიიღოს ოთხმხრივ მოლაპარაკებაში შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან და უკრაინასთან ერთად. და მოსკოვი მოითხოვს, დღის წესრიგში იდგეს ენერგეტიკის საკითხებიც, მათ შორის, რუსეთთან უკრაინის ვალის საკითხი გაზით მომარაგების სფეროში.

ჩვენ უკვე ვიუწყებოდით: პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ევროკავშირის ლიდერებს აუწყა, რომ შეწყვეტს უკრაინისათვის გაზის მიწოდებას, თუ კიევი არ გაისტუმრებს „გაზპრომის“ ვალს (2,2 მილიარდ დოლარს). ამასთან ერთად, პუტინმა ევროკავშირი გააფრთხილა, რომ საფრთხე შეექმნება უკრაინაზე ტრანზიტით ევროპაში რუსული გაზის ექსპორტს.

ის, რომ უკრაინის კრიზისი მარტო უკრაინასა და რუსეთს არ ეხება, კიდევ ერთხელ შეახსენა მსოფლიოს უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა არსენი იაცენიუკმა 10 აპრილს კიევში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე.

„გადაყლაპეს საქართველო და ახლა უკრაინას მოადგნენ. გადაყლაპავენ უკრაინას და არავინ უწყის, ამას რა მოჰყვება. 1979 წლის ავღანეთი იქნება? პრაღა იქნება, ბუდაპეშტი თუ რა იქნება?“ - ეს სიტყვები კიევში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმზე, წარმოთქვა არსენი იაცენიუკმა.
XS
SM
MD
LG