Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი პატიმართა ცემის ფაქტის გამოძიებას მოითხოვს


სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურორს მიმართავს წინადადებით, დაუყოვნებლივ დაიწყოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის # 8 დაწესებულებაში "მსჯავრდებულთა მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების" გამოძიება. სახალო დამცველის განცხადებაში საუბარია სამი პატიმრის სავარაუდო ცემის ფაქტის შესახებ. ამასთან, ფაქტები, რომლებზეც უჩა ნანუაშვილი მოუთითებს, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაშია მომხდარი.

სახალხო დამცველის განცხადებაში, რომლითაც ის მთავარ პროკურორს მიმართავს, სამი პატიმრისადმი არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზეა საუბარი. განცხადებაში ნათქვამია, რომ პატიმართა ცემაში, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები და რომ პატიმრებს, რომელთაც ომბუდსმენის მონიტორინგის ჯგუფი გაესაუბრა, სხეულზე, გარეგნული დათვალიერებისას, აღენიშნებოდათ დაზიანებები. სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ გამოძიების დაწყებასთან ერთად, მსჯავრდებულთა სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად დროული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარებაა აუცილებელი.

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ კვარაცხელია საგანგაშოდ მიიჩნევს იმ მეთოდებს, რომელთა გამოყენებაზეც პატიმრები მიუთითებენ:
გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო პოლიტიკა არის ასეთი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული პატიმართა უფლებები, თუ საჭირო გახდება გამოძიება, სამინისტრო, ცხადია, მაქსიმალურად შეუწყობს გამოძიებას ...
თაია მახარაშვილი

„მათ მიმართ გამოყენებული იქნა ფიზიკური ძალა, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა იქნა მიყენებული, ერთ-ერთ პატიმარს შეაფურთხეს კიდეც ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების დროს, ხოლო ორ შემთხვევაში გამოყენებული იყო ასევე ხელბორკილი და, აგრეთვე, რაც შემაშფოთებელია, ბორკილები დადებული იქნა ფეხებზეც და ასეთ პირობებში იყვნენ დატოვებულები ე.წ. საკარანტინო განყოფილების საკანში. სამწუხაროა და საგანგაშო თვითონ ეს ფაქტი, ვინაიდან ამ ავად სახსენებელი საკარანტინო განყოფილების საკანში კვლავ ფიქსირდება პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები და მოვითხოვთ, რომ პროკურატურამ გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს“.

ნიკოლოზ კვარაცხელია გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურის გარდა, სასჯელაღსრულების სამინისტროსაც მიმართავს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თაია მახარაშვილი მცირე კომენტარით შემოიფარგლა. მისი განცხადებით, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები სამინისტროსთვის ცნობილი მანამდე არ ყოფილა. რაც შეეხება ომბუდსმენის მიმართვას, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტრო მასზე სათანადო რეაგირებას მოახდენს:

„გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო პოლიტიკა არის ასეთი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული პატიმართა უფლებები, თუ საჭირო გახდება გამოძიება, სამინისტრო, ცხადია, მაქსიმალურად შეუწყობს გამოძიებას ამ ფაქტების დადგენაში და გამოკვლევაში ხელს“.

მთავარ პროკურატურაში ომბუდსმენის მიმართვის თაობაზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა, ჩვენთან პირად საუბარში კი აღნიშნეს, რომ დასვენების დღის გამო, სავარაუდოდ, განცხადების ჩაბარების გაფორმება ვერ მოხერხდებოდა, რის გამოც პროკურატურა დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
სამჯერ ჰყავდათ ნაცემი ერთი და იგივე ადამიანი და თან მისი დედა იყო მოსული, რომელიც ამბობდა, შეიძლება ვერც გადარჩეს, ისე უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს ნაცემი პატიმარი საკანშიო. ანუ ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ, მოხშირდა და მე მგონია, რომ ეს ძალიან ცუდი ნიშანია ...
ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძეს, ხელმძღვანელს ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, გამოძიების ეფექტურობაში ეჭვი ეპარება. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელსაც ის ძირითადად პატიმართა ოჯახის წევრებისგან იღებს, საპატიმროებში ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები არცთუ იშვიათად ხდება, მსგავს ქმედებებში კი მონაწილეობენ არა მხოლოდ დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები, არამედ თავად პატიმრებიც, რომლებიც ადმინისტრაციის მითითებებს ასრულებენ.

ნანა კაკაბაძის თქმით, სულ რამდენიმე დღის წინ მის ორგანიზაციას მიმართა პატიმრის ოჯახმა, რომლის მონათხრობის თაობაზე ინფორმაცია ორგანიზაციამ სახალხო დამცველის ოფისსაც გადაუგზავნა. ომბუდსმენის წარმომადგენელთა მიერ მონახულებული პატიმარი, რომლის სავარაუდო ცემის ფაქტის გამოძიებასაც უჩა ნანუაშვილი მთავარი პროკურორისგან მოითხოვს, სწორედ ის არის, ვისმა დედამაც ნანა კაკაბაძის ორგანიზაციას მიმართა:

„სამჯერ ჰყავდათ ნაცემი ერთი და იგივე ადამიანი და თან მისი დედა იყო მოსული, რომელიც ამბობდა, შეიძლება ვერც გადარჩეს, ისე უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს ნაცემი პატიმარი საკანშიო. ანუ ასეთი ფაქტები, სამწუხაროდ, მოხშირდა და მე მგონია, რომ ეს ძალიან ცუდი ნიშანია, იმიტომ რომ თუ მაშინ, ნაციონალური მოძრაობის დროს ვგულისხმობ, პატიმართა რაოდენობა იყო 25 ათასი და ასეთი ფაქტები ყოველდღიურად ხდებოდა, დღეს პატიმართა რიცხვი 8 ათასამდეა და როდესაც ასეთი სიხშირით ხდება მსგავსი ფაქტები, რა თქმა უნდა, საგანგაშოა“.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG