Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პასუხი ევროპელ სკეპტიკოსებს


როგორც აღმოჩნდა, მეტი ყურადღება გვმართებს, როცა უცხოეთში ვართ და რაღაც უხერხულის, თუნდაც რაიმე მსუბუქად უზრდელურის თქმას ვაპირებთ, რადგან შესაძლოა უცხოელის მსგავსი ქართველი (ან - კიდევ უკეთესი! - ქართულის მცოდნე უცხოელი) გვედგას გვერდით და ისე მშვენივრად გაიგონოს ყველაფერი, რომ მერე თავად აღმოვჩნდეთ ჩვენს ნათქვამზე არანაკლებ უხერხულ მდგომარეობაში.

პირადად მე ნამდვილად არ მეგონა, თუკი ამდენ ქართველს გადავაწყდებოდი ცამეტმილიონიან პარიზში.

ეტყობა, გერმანიის კანცლერის სკეფსისით ნაწყენმა ქართველებმა, რაკი სრულად არ გამოდის, ინდივიდუალურ რეჟიმში გადაწყვიტეს ევრო-ატლანტიკურ სივცეებში შესვლა-დამკვიდრება და თუკი ადრე მხოლოდ აეროპორტში, უკანა გზაზე ვაწყდებოდით ერთმანეთს (მას მერე, რაც მოძრაობით და მშობლიური დაბღვერილობით ამოვიცნობდით ტკივილამდე სათუთ მიხრა-მოხრას), უკვე აქაურ ტრანსპორტში, ქუჩასა და თვით-თერაპიულ სავაჭრო ცენტრებშიც ვხვდებით თანამემამულეებს. წყვილებს, უმეტესად.

დიაღ, ნოეს კიდობანშიც წყვილებად შეუშვეს გადარჩენილები და, როგორც ჩანს, ჩვენც წყვილ-წყვილად შევალთ ევროპაში, რადგან, ნუ, რა ვქნათ, ჯერ-ჯერობით ერთად არ გამოგვდის.

მინინუმ, 10-40 წელი მაინც...

თუმცა ინდივიდუალური შეღწევები რამდენიც გნებავთ!

აგერ, რამდენიმე დღის წინ სწორედ ორ ქართველ გოგონას გადავაწყდი პარიზის მეტროში.

გოგონებმა წარმოუდგენელი ძლევამოსილებით შემოაგორეს ვაგონში ორი დიდი ჩემოდანი და ისე ჩამომისხდნენ ჩემგან ხელმარცხნივ, რომ ვერც დავით-დეფი გოგიბედაშვილი ამოიცნეს ჩემში, ვერც ჯანსუღ ჩარკვიანი და ვერც აკაკი ბელიაშვილი, რადგან არც უფიქრიათ, რომ ამ სკამზე ქართულენოვან მგზავრთან ერთად მიუწვდათ გადაადგილება. მეც, ბუნებრივია, აქაური წესით გავინაბე და უცხოელის განრიდებულობით მოვისმინე ჩემთვის ეგზომ ძვირფასი და მონატრებული გაბმული ქართული.

ქ. გ.-ბმა ერთმნიშვნელოვნად მოიწონეს საკუთარი გამჭრიახობა, რაკი, როგორც ჩანს, შიშობდნენ რომ სწორ ხაზზე ვერ აღმოჩნდებოდნენ, გაიხსენეს დაბნეულობის წუთნახევარი, როცა მეტროს გვირაბთა სიმრავლემ მრავალი არასწორი არჩევანის შესაძლებლობა წარმოქმნა, მცირედ და არცთუ წყენით იწუწუნეს მოულოდნელი თავსხმის მიზეზით შესველებული კედების გამო და მერე, როცა სამი გაჩერება მოვიტოვეთ უკან, მგზავრთა შეფასებას შეუდგნენ.

ვერ დავუკარგავ, მთელი გულით აქეს მათ წინ მჯდომი ნორდიული იერსახის მქონე ბანოვანი და უთქმელად და განაჩენგამოუტანლად ათვალიერეს ერთი შეხედვით მობოგანოო, გამომწვევი თმაშეუღებლობით ამაყი (ჭაღარა თმა, როგორც პოზიცია!), კაბარეს მოცეკვავეობასა და ბუღალტერობას შორის გაჩხერილი ქალი, ხოლო მას შემდეგ, რაც ზუსტად თოთხმეტჯერ მიიხედეს სადგურების აღმნიშვნელი ხაზისკენ, საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ მიუხედავად დამაბნეველი წვიმისა, მათ ერთმნიშვნელოვნად ბრძნულად აერჩიათ საჭირო მიმართულება.

ასეც ვიმგზავრებდით უთქმელად, მსუქანი წყვილი რომ არ შესულიყო და თავისი შეყვარებულისთვის არ ეკოცნა სქელ ბარძაყებზე შორტებშემოტმასნილ გოგონა-დელფინს.

აი, აქ კი ერთბაშად ამოეწურათ მოთმინების ფიალა, ჩემმა გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს და თითქმის ერთდროულად ამოთქვეს:

- უიმე, ამასაც შეყვარებული რომ ეყოლება!

ეს არც სევდა იყო (“ჩვენ რატომ არ გვყავს?”) და არც ფიზიოლური სნობიზმი (“სქელები სიყვარულის ღირსები აღარ არიან”), ეს მხოლოდ პროტესტი იყო უზომოდ ბუთქუჩა ბარძაყებზე მოტეტკვილი შორტების მიმართ.

ეს იყო ესთეტთა რეაქცია.

თუმცა ამით არ დაკმაყოფილებულან, მეორე გოგონამ წმინდათა წმინდა წესი დაივიწყა და თითქმის რასისტული შინაარსის განცხადების მოწმენი გაგვხადა (ოდნავ შესუქებული ბიჭი, სავარაუდოდ, ჩინელი უნდა ყოფილიყო):

- ან ერთი რას გავს, ან მეორე!

ხოდა, მართალია, ბოლომდე განრიდებული ევროპელის სტატუსით ვაპირებდი მგზავრობას, მაგრამ აქ კი ვეღარ მოვითმინე და იმ ენაზე გამოვთქვი მცირე საყვედური, რომლის ასე ზეზეულად და უცებედად გაჟღერებას არც არავინ ელოდა მდინარე სენას ქვეშ გამავალ გვირაბში:

- რა, ვითომ ჩვენ უფრო ლამაზები ვართ?!

არა, არა, აქ არ ყოფილა არც სკამიდან გადმოვარდნა და არც ცრემლიანი შეცხადება: “ვაიმე, დედიკო, ვაიმე, შევჩენკო!”, აქ იყო ძალადაუტანებელი შეკივლება და მშობლიური ენის ცნობიერად აღქმის შემდგომი შოკური თვითგვემა: ერთი წელია ბოლონიაში ვცხოვრობთ და სულ იმას ვამბობთ, კიდევ კარგი, ქართველები არ არიან და არ ესმით, რეებს ვლაპარაკობთო.

ამ დროს, როგორ არ არიან, ყმაწვილებო, ყველგან არიან!

უკვე ყველგან ვართ!

ევროპული ციხეებით დაწყებული - სადაც, არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ საკმაოდ ბლომად გვყავს ქურდბაცაცები (“ქართული მაფიის წარმომადგენლები” - ზოგჯერ ასეთ სათაურსაც გადააწყდები აქაურ გაზეთში), - და, ნუ გაიკვირვებთ, წიგნების მაღაზიებითა და მუზეუმებით დამთავრებული.

თუმცა იყო დრო, როცა ჩემი ქართველი კოლეგა სასოწარკვეთილი ჰყვებოდა, როგორ შევიდა გერმანიის ერთ-ერთი დიდი ქალაქის დიდი თუ მცირე წიგნების დიდ მაღაზიაში და როგორ გაახარა იქ შესული დიდი ქართველი კაცის დანახვამ - აჰა, წიგნის საყიდლად შემოსულაო, თუმცა კაცმა უცებ მოძებმა ე. წ. კარტის კალოდა და როგორც შემოვიდა, ისევე სწრაფად გავიდა. ცხადია, უწიგნოდ. კარტით.

ხოდა აღარაა ასე, მის სკეფსისს ვეღარ ვიზიარებ.

ჯერ ერთი, სულ ერთია, რა მიზნით შევალთ კულტურის ნიშნით აღბეჭდილ შენობაში (მთავარია შევიდეთ), და მეორეც, უკვე საკმარისად ბევრი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ ჩვენი თანამემამულეები აქ დაწესებულებების ფუნქციის შესაბამისად გადაადგილდებიან.

აგერ, მაგალითიც:

ლუვრში სრულიად შემთხვევით შემომხვდა ქართველი კაცი, რომელსაც შორიდანვე ეტყობოდა, რომ სწორედ სამუზეუმო ექსპონატთა სანახავად იყო მოსული.

ვხედავ, აშკარად ნაცნობი სახე მიღიმის და ჩემკენ მოდის. ვაკვირდები: არ მეჩვენება...

და აჰა:




ასე რომ, რაც არ უნდა თქვან სკეპტიკურმა კანცლერებმა, უკვე წერტილი არაა ევროპაში, სადაც თითო კაცი მაინც არ გვყავს გამაგრებული.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG