Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: „გელაშვილის საქმე“ გახსნილია


პროკურორი კოკა კაციტაძე
პროკურორი კოკა კაციტაძე
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაუსწრებლად ბრალი წაუყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ერეკლე კოდუას, და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროს გია სირაძეს. პროკურატურის ინფორმაციით, 2005 წლის 14 ივლისს დეპუტატ ვალერი გელაშვილს თავს დაესხნენ სპეციალური რაზმის მებრძოლები, რომლებიც ერეკლე კოდუას დავალებითა და გია სირაძის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ. ვალერი გელაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი ცემა ყოფილმა პრეზიდენტმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა დაგეგმეს.

2005 წლის 29 ივნისს გაზეთ „რეზონანსში" გამოქვეყნდა ვალერი გელაშვილის ინტერვიუ, რომელშიც მან ილაპარაკა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პირადი ცხოვრებისა და პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობის საეჭვო დეტალებზე. ამ ინტერვიუდან ორი კვირის თავზე, 14 ივლისს, დღისით, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვალერი გელაშვილს, რომელიც საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა, თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები. შედეგად, ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიიღო ტვინის შერყევა და ორივე ყბის მძიმე მოტეხილობა. საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელ კოკა კაციტაძის თქმით, თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მაშინდელმა დირექტორმა, ერეკლე კოდუამ, დაგეგმა:

„2005 წლის 14 ივლისს, წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა ქ.თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავი ვალერი გელაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ბლოკირება მოახდინეს და თავს დაესხნენ ვალერი გელაშვილს. ერეკლე კოდუას დავალებითა და გია სირაძის ხელმძღვანელობით მოქმედმა სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ძალის გამოყენებით, ვალერი გელაშვილი ავტომანქანიდან თანმხლებ პირებთან ერთად გადმოიყვანეს და დაუწყეს იარაღის კონდახებით სასტიკად ცემა. აღნიშნული პირები ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ მისი დაცვის წევრს, მალხაზ ცხაკაიას. სპეციალური რაზმის მებრძოლებმა, ერეკლე კოდუას დავალებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ვალერი გელაშვილს მართლსაწინააღმდეგოდ გასტაცეს კანონიერ მფლობელობაში არსებული Heckler Koch-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და მისი ავტომანქანიდან გაიტაცეს სხვადასხვა ნივთები“.
კოდუა იყო შემსრულებელი. ის არ ყოფილა დამკვეთი. მან შეასრულა უფროსების, ზემდგომების დავალება. ვგულისხმობ ვანო მერაბიშვილს, რომელმაც, თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო დავალება...
ვალერი გელაშვილი
კოკა კაციტაძის თქმით, ერეკლე კოდუას და გია სირაძეს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების
ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო
დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა) და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, ანუ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ათიდან თოთხმეტ წლამდე ვადით. თავად ვალერი გელაშვილი მიიჩნევს, რომ დანაშაულის გახსნისა და ნამდვილი ორგანიზატორების გამოსავლენად ბრალის დაუსწრებლად წაყენება არ კმარა. საჭიროა კოდუასა და სირაძის დაკითხვა.

„კოდუა იყო შემსრულებელი. ის არ ყოფილა დამკვეთი. მან შეასრულა უფროსების, ზემდგომების დავალება. ვგულისხმობ ვანო მერაბიშვილს, რომელმაც, თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო დავალება. მიხეილ სააკაშვილმა პირად შეურაცხყოფად მიიღო ის, რომ მე არ დავუთმე და მოვითხოვე რეზიდენციის მშენებლობისათვის გაწეული სამუშაოს ანაზღაურება. ასევე მიზანი იყო ხალხის დაშინება, ბიზნესმენების, დეპუტატების, რომ ვინც ჭკვიანად არ იქნებოდა, უარეს დღეში ჩავარდებოდა“, უთხრა ვალერი გელაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ვალერი გელაშვილს არ უკვირს, რომ მასზე განხორციელებული თავდასხმა არ გაიხსნა წინა ხელისუფლების პირობებში. ეჭვი, რომ დანაშაულში ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ჯერ კიდევ 2005 წელს გამოითქვა როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე სახალხო დამცველის ანგარიშში, სადაც ვკითხულობთ:

ნდობისთვის საჭიროა პროკურატურა იძიებდეს არა მხოლოდ 9 წლის წინანდელ საქმეებს და დაკავებული იყოს არა მხოლოდ წარსულთან ბრძოლით, არამედ იძიებდეს იმ საქმეებსაც, რომელიც დღეს ხდება ჩვენ თვალწინ, მათ შორის, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს...
დავით ბაქრაძე
„იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ვალერი გელაშვილმა ამ ფაქტამდე
ხელისუფლების მისამართით გააკეთა, ჩნდება ეჭვი, რომ თავდასხმა
ორგანიზებული იყო თავად ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. ამ ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ის გარემოება, რომ დანაშაული მოხდა დღისით
შუაგულ ქალაქში და დღემდე ვერ ხერხდება მისი გამოძიება. სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, გამოიძიოს ნებისმიერი მსგავსი დანაშაული, მით უმეტეს, როცა საქმე ეხება პარლამენტის წევრს, რომელსაც იცავს იმუნიტეტი. სამართალდამცავმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ ამ
თავდასხმის დროულად გამოძიებისთვის“.

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მთავარი პროკურატურა პოლიტიკური მიზანშეწონილობით მოქმედებს და მხოლოდ იმ დანაშაულს იძიებს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იქნა ჩადენილი. ასე ფიქრობს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე:

„ნდობისთვის საჭიროა პროკურატურა იძიებდეს არა მხოლოდ 9 წლის წინანდელ საქმეებს და დაკავებული იყოს არა მხოლოდ წარსულთან ბრძოლით, არამედ იძიებდეს იმ საქმეებსაც, რომელიც დღეს ხდება ჩვენ თვალწინ, მათ შორის, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს, მათ შორის, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებისა და შალვა თათუხაშვილის წამებისა და გარდაცვალების ფაქტებს“.
დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის სახით, 31 მარტს. მომდევნო დღეს, ანუ 1 აპრილს, პროკურატურაში ცხადდება 5 სპეცრაზმელი, რომლებიც ამბობენ, რომ მათ სცემეს ვალერი გელაშვილს და აღიარებენ დანაშაულს...
ოთო კახიძე

დავით ბაქრაძის ეს აზრი გარკვეულწილად გაამყარა ერეკლე კოდუას ადვოკატის, ოთარ კახიძის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ. ოთარ კახიძის თქმით, გელაშვილის საქმის გახსნა საეჭვოდ დაემთხვა დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე განხორციელებულ თავდასხმას.

„მიმდინარე წლის 1 აპრილამდე გამოძიება გელაშვილის ცემის ფაქტზე უშედეგოდ მიმდინარეობდა - გამოძიებამ ვერ შეძლო საერთოდ ვერაფრის დადგენა, ვერც ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოპოვება. შემდეგ ხდება ძალიან საინტერესო ფაქტი, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის სახით, 31 მარტს. მომდევნო დღეს, ანუ 1 აპრილს, პროკურატურაში ცხადდება 5 სპეცრაზმელი, რომლებიც ამბობენ, რომ მათ სცემეს ვალერი გელაშვილს და აღიარებენ დანაშაულს. ასევე ამბობენ, რომ დავალება მიიღეს ვინმე სირაძისგან და ვარაუდობენ, რომ, ალბათ, სირაძეს დაავალებდა კოდუა“, უთხრა ოთარ კახიძემ რადიო თავისუფლებას.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, არც ერეკლე კოდუა და არც გია სირაძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან. ამასთან, ერეკლე კოდუა კიდევ ერთ სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG