Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟანრები გალაკტიონის ცხოვრებისა


როსტომ ჩხეიძის ახალი ბიოგრაფიული რომანი "კომიკოსი ტრაგედიაში“, შარშან ,,ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების“ ეგიდით რომ დაისტამბა, მკითხველს გააოგნებს თავისი მასშტაბურობით, მრავალპლანიანობით, პოლიფონიურობითა და კიდევ იმ ძვირფასი თვისებით, რაც საერთოდ ახასიათებს ამ ავტორის ნაწერებს: აქ ისე გადადის სამეცნიერო კვლევა ბელეტრისტიკაში, იმდენი მასალაა თავმოყრილი და შესანიშნავად დამუშავებული, რომ თითქმის არ რჩება აღუნუსხავი არც ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც ამა თუ იმ ბიოგრაფიული რომანის პერსონაჟს შეეხება.

მარტო ამ ფაქტების აღნუსხვაც კი დიდი საქმე იქნებოდა, მაგრამ როსტომ ჩხეიძე, ცხადია, მხოლოდ სტენოგრაფისტის საპატიო ფუნქციით არ შემოიფარგლება და ისეთ შინაგან, სიღრმისეულ კავშირებს ადგენს ფაქტებს შორის, რომ ჩვენ თვალწინ ცხოვრების, როგორც უდიდესი საიდუმლოს, დრამა მთელი სისავსით თამაშდება.
ამ წიგნში ძალიან კარგად არის წარმოჩენილი გალაკტიონის ამ ნიღბის სხვადასხვა შტრიხები და გალაკტიონი წარმოგვიდგება სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, აქ არის მისი სულიერი სამყარო გაჩხრეკილი ძირისძირობამდე...
მაია ჯალიაშვილი

მხოლოდ ოსტატს შეუძლია მკითხველი ისე აიყოლიოს უვრცესი ტექსტის მთელ მანძილზე, რომ ერთი წამით დაღლილობა არ აგრძნობინოს, პირიქით, ტექსტის ნაწილად აქციოს და ჰიპერტექსტურ რეალობაში თავი ფურცლებზე მომხდარი ამბების თანამონაწილედ განაცდევინოს.

"კომიკოსი ტრაგედიაში“ როსტომ ჩხეიძის რიგით მეთხუთმეტე ბიოგრაფიული რომანია. ამ რომანებით მან არა მხოლოდ თვალსაჩინო ქართველ მოღვაწეთა შთამბეჭდავი პორტრეტები დახატა, არამედ შესაშური ცოდნითა და სიზუსტით აღადგინა მეცხრამეტე-მეოცე საუკუნის საქართველოს სინამდვილე - აღადგინა იმ ადამიანებზე დაყრდნობთ, იმ ადამიანთა წარმოჩენით, ვინც არსებითად შექმნა ეს რეალობა.

"კომიკოსი ტრაგედიაში“ გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრების რომანია. გალაკტიონზე უკვე იმდენი რამ დაწერილა და, მათ შორის, ბიოგრაფიული რომანებიც, რომ თითქოს ძალზე ძნელი უნდა ყოფილიყო ახლებურად დაგენახა მეოცე საუკუნის საქართველოს პირველი პოეტი, - ძნელი, მაგრამ არა როსტომ ჩხეიძისათვის, რომელსაც, მწერლურ გამოცდილებასა და მეცნიერულ ცოდნასაც რომ თავი დავანებოთ, ლამის რელიგიური სასოებით უყვარს ყველა ის საქმე, რასაც მთელი ცხოვრება შესაშური გულმოდგინებითა და ვირტუოზული ოსტატობით აკეთებს.

კრიტიკოსმა ლევან ბრეგაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გვითხრა:
ლევან ბრეგაძე
ლევან ბრეგაძე
"გალაკტიონის შესახებ რამდენიმე ძალიან კარგი წიგნი არსებობს. მოდით, ვთქვათ ასე: ესენი ყველანი ბიოგრაფიული რომანებია, ყველანი მეტ-ნაკლებად ამ ჟანრის ფარგლებში თავსდება. ჯერ თავიდან დავასახელებ რევაზ თვარაძის "გალაკტიონს“. შემდეგ ვახტანგ ჯავახაძის სამგზის გამოცემულ და სამგზის გამდიდრებულ "უცნობს“ და ნოდარ ტაბიძის ასევე "გალაკტიონის“ სახელწოდებით გამოცემულ შესანიშნავ რომანს. აი, ამის შემდეგ თითქოს აღარ იყო მოსალოდნელი, რომ გალაკტიონზე ვინმე დაწერდა ბიოგრაფიულ რომანს და ისეთივე ინტერესით წავიკითხავდით ამას, როგორი ინტერესითაც ისინი გვაქვს წაკითხული; მაგრამ აი, გამოჩნდა როსტომ ჩხეიძის ბიოგრაფიული რომანი, მორიგი. ის ამ ჟანრის დიდი ოსტატი გახდა, ჩამოყალიბდა ამ ჟანრის დიდოსტატად და მე ეს ძალიან მიხარია იმის გამო, რომ მე პირადად, ჩემი გემოვნებით, "ნონ ფიქშენის“ მხარეზე ვარ, ანუ კარგად დაწერილი, დიდი ოსტატობით დაწერილი დოკუმენტური პროზის მოყვარული გახლავართ. რით განხვავდება ეს წიგნი გალაკტიონზე დაწერილი ადრინდელი წიგნებისაგან? ჩემი აზრით, განსხვავდება იმით, რომ აქ მთავარი გახლავთ ის დაკვირვება, რაც როსტომ ჩხეიძის მამას, დიდ მწერალ ოთარ ჩხეიძეს, ჩანაწერებში დაუტოვებია, კერძოდ ის, რომ "გალაკტიონი ასრულებდა კომიკოსის როლს დიდ ეროვნულ ტრაგედიაში.“ აი, ეს უწერია მხოლოდ და აი, ამის გაშიფვრა არის მთელი ეს ვეებერთელა რომანი...“
უმთავრესი იდეა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ წარმოაჩინოს გალაკტიონი, როგორც კომიკოსის ნიღაბაფარებული დიდი შემოქმედი დიდ ეროვნულ ტრაგედიაში, ანუ იმ საბჭოურ ყოფაში, რაც მაშინ ჩვენში სუფევდა, ძალიან სარისკო იდეა გახლავთ...
ლევან ბრეგაძე

რასაკვირველია, ოთარ ჩხეიძის ამ თავისთავად სიღრმისეული ჩანაწერის გაშიფვრა არ არის იოლი საქმე, თუკი მოინდომებ მწერლური თვალით დაინახო მთელი ის გარემო, რამაც გალაკტიონს გადააწყვეტინა დიდ ეროვნულ ტრაგედიაში კომიკოსის როლი ეთამაშა. აქ ისეთი ფსიქოლოგიური წიაღსვლები გჭირდება, ისეთი ცოდნა გალაკტიონის პოეზიისა და, საერთოდ, ხასიათისა, რომ ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევს ყველას, ვინც აღნიშნულ თემას შეეჭიდება. ლევან ბრეგაძე ამბობს:

"უმთავრესი იდეა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ წარმოაჩინოს გალაკტიონი, როგორც კომიკოსის ნიღაბაფარებული დიდი შემოქმედი დიდ ეროვნულ ტრაგედიაში, ანუ იმ საბჭოურ ყოფაში, რაც მაშინ ჩვენში სუფევდა, ძალიან სარისკო იდეა გახლავთ. საქმე ის არის, რომ თუ ეს ასეა, ანუ თუ მართებულია ოთარ ჩხეიძის ლაკონიური თეზისი, მაშინ რა გამოდის? გამოდის ის, რომ გალაკტიონს, თავისი სწორუპოვარი ლირიკული შედევრების გარდა, საკუთარი ცხოვრებითაც შეუქმნია ხელოვნების ნაწარმოები, საკუთარ ცხოვრებაში შეუსხამს ხორცი კონსტანტინე გამსახურდიას ფარსმან სპარსის ძნელად განსახორციელებელი შეგონებისათვის, რომელსაც როსტომ ჩხეიძეც იმოწმებს ამ წიგნში: "ბრძენკაცი უნდა იყო და შლეგად მოაჩვენო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყო და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყო და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი“. აი, ეს იდეა დიდი ოსტატობით არის ხორცშესხმული ამ წიგნში, განსაცვიფრებელი ოსტატობით...“

კრიტიკოსმა მაია ჯალიაშვილმა როსტომ ჩხეიძის რომანის შესახებ საუბრისას ასევე აღნიშნა:
მაია ჯალიაშვილი
მაია ჯალიაშვილი
"ამ წიგნში ძალიან კარგად არის წარმოჩენილი გალაკტიონის ამ ნიღბის სხვადასხვა შტრიხები და გალაკტიონი წარმოგვიდგება სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, აქ არის მისი სულიერი სამყარო გაჩხრეკილი ძირისძირობამდე. ოცი თავი არის და ოც თავში სხვადასხვა გზა და ბილიკია ნაჩვენები, რომელსაც მივყავართ გალაკტიონის სულამდე და სრულყოფილად წარმოგვიჩენს, როგორ იქმნებოდა მისი ეს სამყარო - აბსოლუტურად განსხვავებული ენობრივი სამყარო“.

საერთოდ, ნებისმიერ ადამიანზე, მით უმეტეს, პოეტზე და თანაც დიდ პოეტზე წერა სარისკო საქმეა. გალაკტიონის შემთხვევაში ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება, რადგან ის იმდენ ვარიანტს ქმნიდა საკუთარი ცხოვრებისას, ისე ცდილობდა მოუხელთებელი ყოფილიყო გარემომცველი რეალობისათვის, რომ კაცმა არ იცის, სად იმალებოდა მისი ნამდვილი სუბსტანცია.

როსტომ ჩხეიძის ამ რომანის, ისევე როგორც მისი სხვა ბიოგრაფიული რომანების დიდი ღირსება ისიც არის, რომ ავტორი არასოდეს გვაწვდის რამეს მტკიცებითი ფორმით. ის ცდილობს ერთსა და იმავე მოვლენას სხვადასხვა თვალით შეგვახედოს და მკითხველმა თვითონ გაიაზროს ამ მოვლენათა არსებითი გარემოებანი.
როსტომ ჩხეიძე არის ძალიან კარგი მთხრობელი. ოსტატობა მისი თხრობისა ეხება ნაწარმოების ყველა დონეს: კომპოზიციასაც ეხება, ლექსიკასაც ეხება, ფრაზის წყობასაც ეხება. ის ამ მხრივ დიდი ოსტატი გახლავთ...
ლევან ბრეგაძე

როსტომ ჩხეიძე, ერთი მხრივ, აღადგენს ადამიანის ცხოვრებას და, მეორე მხრივ, ქმნის მკითხველს, რომელმაც ეს ცხოვრება თავის თავში ხელახლა უნდა გაიაროს. არაჩვეულებრივისა და ჩვეულებრივის კვეთაზე კი დგას ავტორი, რომლის ყოველი წიგნი ჟანრის შედევრია და სხვა, უკეთეს ვითარებაში ეს წიგნები საზოგადოებრივი განსჯის საგნად უნდა ქცეულიყო. ლევან ბრეგაძის შეფასებით:

"როსტომ ჩხეიძე არის ძალიან კარგი მთხრობელი. ოსტატობა მისი თხრობისა ეხება ნაწარმოების ყველა დონეს: კომპოზიციასაც ეხება, ლექსიკასაც ეხება, ფრაზის წყობასაც ეხება. ის ამ მხრივ დიდი ოსტატი გახლავთ“.

ამიტომაც წარმოგვიდგება „კომიკოსი ტრაგედიაში“ გალაკტიონის ცხოვრების ღირსეულ რომანად, რომანად, რომელსაც ნამდვილად იმსახურებდა საქართველოს პირველი პოეტი და მკითხველს, რომელიც როსტომ ჩხეიძის წიგნს აიღებს ხელში, გალაკტიონთან - ამ მრავალმხივ უცნობთან - მოულოდნელი შეხვედრის კიდევ ერთი სიხარული ელის.
XS
SM
MD
LG