Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის ოთხეული უკრაინაში ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების განიარაღებაზე დათანხმდა


ჟენევის ოთხეულის შეხვედრა
ჟენევის ოთხეულის შეხვედრა
მოსკოვი, რომელიც დღემდე უკანონოს უწოდებს უკრაინის გარდამავალ ხელისუფლებას, დასავლეთის ეკონომიკური სანქციებისა და დიპლომატიური ზეწოლის შემდეგ დასთანხმდა შუამავალთა მონაწილეობით უკრაინასთან მოლაპარაკებას. მეტიც, 17 აპრილს დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების მონაწილეებმა განიარაღებისაკენ მოუწოდებს უკრაინაში მოქმედ ყველა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას. ამის თაობაზე მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სერგეი ლავროვმა განუცხადა.

თუმცა მანამდე უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციაში. უკრაინის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი დეშჩიცამ ჟენევაში ოთხმხრივი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ მოსკოვისგან მოითხოვს, შეწყვიტოს უკრაინაში ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერა და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან. უკრაინის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის ამ განცხადებას „სისულელე“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც 17 აპრილს პირდაპირ სატელევიზიო ეთერში სამსაათიანი ყოველწლიური ბრიფინგი გამართა:

„ყველაფერი ეგ სისულელეა. აღმოსავლეთ უკრაინაში არ იმყოფება არავითარი რუსეთის ქვედანაყოფი. არ იმყოფებიან იქ სპეციალური სამსახურები და ინსტრუქტორები. ყველანი ადგილობრივი მცხოვრებნი არიან. ამის ყველაზე საუკეთესო დასტური ისაა, რომ ადამიანებმა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მოიხსნეს ნიღბები. ჩემს დასავლელ მოკავშირეებს ვუთხარი, მათ წასასვლელი არსაით აქვთ. ისინი არსად არ წავლენ“.

ვლადიმირ პუტინი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასაც შეეხო და მას კიევის ხელისუფლების „ძალიან სერიოზული დანაშაული“ უწოდა:

“იქამდე მივიდნენ, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ტანკები და ავიაცია აამოქმედეს. ეს კიევის დღევანდელი მბრძანებლების კიდევ ერთი ძალიან სერიოზული დანაშაულია“.

რაც შეეხება, პუტინის თქმით, „კიევის დღევანდელ მბრძანებლებს“, უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განკარგულებით, 16 აპრილს დაიწყო ეტაპობრივი ანტიტერორისტული სპეცოპერაცია დონეცკის რეგიონის იმ ქალაქებში, სადაც პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა და მათმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ხელთ იგდეს სამთავრობო შენობები. ყველაზე დაძაბული ვითარებაა ქალაქ მარიუპოლში. ოთხშაბათ საღამოს სეპარატისტულად განწყობილმა ელემენტებმა უკრაინის სამხედრო ნაწილზე მიიტანეს იერიში.

“სამი ბოროტმოქმედი დაიღუპა, 13 დაიჭრა, 63 ბოროტმოქმედი დაპატიმრებულია. დანარჩენები გაიქცნენ და მათ პოლიცია დაეძებს“.

17 აპრილს, ვერხოვნა რადაში გამოსვლის დროს, უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ტურჩინოვმა დეპუტატთა კორპუსს გააცნო სპეცოპერაციის შედეგები და ისიც განმარტა, თუ რატომ და რა ვითარებაში გახდა იარაღის გამოყენება საჭირო:

„ტერორისტებს დონეცკის რეგიონის ქალაქ მარიუპოლში განზრახული ჰქონდათ სამხედრო ბაზის ხელში ჩაგდება, რათა იარაღსა და ჯავშანმანქანებს დაუფლებოდნენ. მათ მიერ ავტომატური იარაღის, ხელყუმბარებისა და აალებადი ბოთლების თანხლებით განხორციელებული მესამე იერიშის შემდეგ ეროვნულმა გვარდიამ კონტრშეტევა მიიტანა ბოროტმოქმედებზე“.

თუმცა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული გვარდიის მონაწილეობით მიმდინარე სპეცოპერაციის დროს სერიოზულ ჩავარდნებსაც ჰქონდა ადგილი. ასე, მაგალითად, პრორუსულად განწყობილმა აქტივისტებმა ქალაქ კრამატორსკში უკრაინელი ჯარისკაცები განაიარაღეს და რამდენიმე ერთეული ჯავშანტრანსპორტიორიც წაართვეს.

ამ ინციდენტს მკაცრი პოლიტიკური შეფასება მოჰყვა კიევში. უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის და სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით, დაიშლება დნეპროპეტროვსკში განლაგებული უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადა, რომლის მებრძოლებმაც 16 აპრილს კრამატორსკში სეპარატისტებს იარაღი ჩააბარეს, თავად სამხედროები კი სიმხდალის გამო პასუხისგებაში მიეცემიან. აღნიშნული დავალება უკვე მიიღეს თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ.

სწორედ ამ ფონზე დაიწყო საერთაშორისო მოლაპარაკება ჟენევაში. ზემოხსენებული პირდაპირი სატელევიზიო ბრიფინგის დროს 17 აპრილს პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის კრიზისის თაობაზე დიალოგის დაწყებას მნიშვნელოვანი უწოდა, თუმცა ერთი დათქმაც გააკეთა:

„ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ დღევანდელი მოლაპარაკებების დაწყებას, რადგან, ჩემი აზრით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ერთად ვიფიქროთ იმ თემაზე, თუ როგორ გამოვიდეთ მდგომარეობიდან. ხალხს შევთავაზოთ ასეთი ნამდვილი - არა მოჩვენებითი, არამედ ნამდვილი - დიალოგი“.

შვიდსაათიანი შეხვედრის ბოლოს ჟენევის მოლაპარაკების მონაწილეებმა განიარაღებისკენ მოუწოდებს უკრაინაში მოქმედ ყველა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას. ამის თაობაზე მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სერგეი ლავროვმა განუცხადა.

„ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირება უნდა განიარაღდეს, ყველა ადმინისტრაციული შენობა უნდა დაუბრუნდეს თავის კანონიერ მფლობელს. უნდა განხორციელდეს ყველა დემონსტრანტის ამნისტია, იმათ გარდა, ვინც მძიმე დანაშაული ჩაიდინა“, - მოჰყავს სერგეი ლავროვის სიტყვები დასავლურ მედიას. იგივე მოთხოვნები მოგვიანებით ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმაც გაიმეორა.

ჟენევის მოლაპარაკებაში მონაწილე აშშ-ის, რუსეთის, უკრაინისა და ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელები გამოვიდნენ წინადადებით, რომ დაიწყოს ფართო ეროვნული დიალოგი უკრაინაში, „რომელშიც უკრაინის ყველა რეგიონი და ყველა ჯგუფი ჩაერთვება“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG