Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე ილაპარაკებენ აბაშიძე და კარასინი პრაღაში


16 აპრილს პრაღაში დაგეგმილია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა, რომელიც უკვე რამდენჯერმე გადაიდო. ამ ფორმატისთვის უჩვეულოდ, ამჯერად აუცილებლად განსახილველ საკითხებს შორის სახელდება საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებიც. ასეთ პერსპექტივას არ მიესალმება ანალიტიკოსების ერთი ნაწილი და ლაპარაკია იმის შესახებაც, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატი აზრს კარგავს უკრაინის მიმართ რუსეთის მწვავე აგრესიის ფონზე.

”ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, შეძლებისდაგვარად სრული ინფორმაცია გვქონდეს, თუ როგორ უყურებს რუსეთი ჩვენი დიალოგის პერსპექტივას და, ზოგადად, საქართველოსთან ურთიერთობებს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, რომელიც ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს, უნდა შეხვდეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ეკონომიკური თემების გარდა, აუცილებლად განსახილველი საკითხების ერთი ნაწილი ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხება:

”რა თქმა უნდა, დავაყენებთ საკითხს იმ მწვავე თემებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ გვაწუხებს. მხედველობაში მაქვს საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება და სხვა პრობლემატური საკითხები”.
ეს გახლავთ საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ისეთ პრაქტიკულ სფეროებთან, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, გარკვეული ჰუმანიტარულ-კულტურული საკითხები...
ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძის თქმით, შეხვედრაზე ასევე აუცილებლად იქნება საუბარი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს საჰაერო საზღვრის დარღვევის ბოლოდროინდელ ფაქტებზეც. ეს ყველაფერი კი, შეიძლება ითქვას, რომ, ზოგადად, აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატისადმი ერთგვარ განსხვავებულ მიდგომაზე მიგვანიშნებს. საქმე ის არის, რომ მუდმივად ესმებოდა ხაზი და, მათ შორის, 21 ნოემბერს, ბოლო შეხვედრის შემდეგაც, ზურაბ აბაშიძემ კვლავ ჩამოთვალა საკითხები, რომლებიც განიხილება პრაღის შეხვედრების ფორმატში:

„ეს გახლავთ საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია ისეთ პრაქტიკულ სფეროებთან, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, გარკვეული ჰუმანიტარულ-კულტურული საკითხები. ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით იმაზე, რომ არ განვიხილავდით იმ პრობლემებს, რომლებსაც ე.წ. ჟენევის ფორმატში განიხილავენ“, - უთხრა ზურაბ აბაშიძემ 21 ნოემბერს ჟურნალისტებს პრაღაში.

ამ დღის შემდეგ, ის აღარ შეხვედრია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს, რომელიც ამ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან დაკავშირებული გეგმების განხორციელების პროცესში. აბაშიძე-კარასინის შეხვედრა, რომელიც ჯერ თითქოს თებერვლის ბოლოს, ხოლო შემდეგ მარტის შუა რიცხვებში უნდა გამართულიყო, ორივეჯერ გადაიდო. და, აი, ახლა ზურაბ აბაშიძე კვლავ ემზადება გრიგორი კარასინთან შესახვედრად და მასთან მხოლოდ ეკონომიკურ თუ კულტურულ თემებზე არ აპირებს ლაპარაკს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღის წესრიგში უსაფრთხოების საკითხებიც დგას.
ეს მხოლოდ და მხოლოდ დაგვაზარალებს, რადგანაც ერთი ერთზე ოკუპანტ ქვეყანასთან ამ საკითხებზე საუბარი არ შეიძლება. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ საერთაშორისო აზრის და ორგანიზაციების მობილიზება, რათა რუსეთზე განხორციელდეს ზეწოლა ამა თუ იმ საკითხზე ...
მამუკა კუდავა

სიმწვავისა და მნიშვნელობის მიუხედავად, აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას არცთუ ცოტა მოწინააღმდეგე ჰყავს. როგორც, მაგალითად, საზოგადოება ”ივერიის” დამფუძნებელმა, ყოფილმა ელჩმა საფრანგეთში მამუკა კუდავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ასეთი სვლა მხოლოდ წამგებიანი იქნება საქართველოსთვის:

”ეს მხოლოდ და მხოლოდ დაგვაზარალებს, რადგანაც ერთი ერთზე ოკუპანტ ქვეყანასთან ამ საკითხებზე საუბარი არ შეიძლება. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ საერთაშორისო აზრის და ორგანიზაციების მობილიზება, რათა რუსეთზე განხორციელდეს ზეწოლა ამა თუ იმ საკითხზე. ამისათვის არის შექმნილი ჟენევის ფორმატი, სადაც ჩვენი პარტნიორები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ასევე სხედან მაგიდის გარშემო”.

ზოგადად ამ ტიპის შეხვედრებს არ ეწინააღმდეგება და სასარგებლო მხარეებსაც ხედავს, მაგრამ, როგორც მამუკა კუდავა აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის და როცა რუსეთი კვლავაც მიზანმიმართულად, საერთაშორისო სამართლის სრული იგნორირებით უტევს უკრაინას, წარმოუდგენელია რაზე უნდა ისაუბრონ ზურაბ აბაშიძემ და გრიგორი კარასინმა.
საქართველომ ნებისმიერი ფორმატი უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ მან მოახერხოს არსებული საფრთხეების პრევენცია და საფრთხეები ძალიან დიდია...
თენგიზ ფხალაძე

რატომ იმართება ეს შეხვედრა მაინცდამაინც ახლა და რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მას? - ამ შეკითხვებზე პასუხად, გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე ჩვენთან საუბრისას ვარაუდობს, რომ შესაძლოა ”რუსეთს რაღაც მესიჯი აქვს გასაჟღერებელი ანდა საქართველოსთან რაღაც პოზიციების მოსინჯვა აინტერესებს”. მაგრამ როგორც უნდა იყოს, ანალიტიკოსის აზრით, საქართველომ ყველა შესაძლებლობა სათავისოდ უნდა გამოიყენოს:

”საქართველომ ნებისმიერი ფორმატი უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ მან მოახერხოს არსებული საფრთხეების პრევენცია და საფრთხეები ძალიან დიდია. ის, რომ ჩვენ ველაპარაკებით რუსეთს პრაღის ფორმატში - ეს, უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ საერთაშორისო არენაზე ჩვენი უკეთესი პოზიციონირებისათვის და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვახდინოთ ჩვენი პრობლემების ლოკალიზაცია ორმხრივი დიალოგის ფორმატში. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცირება საფრთხეებისა, რომლებიც, სამწუხაროდ, დღითიდღე იზრდება”.

როდესაც აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზეა საუბარი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერესი ინფორმაციის მაქსიმალურად მიღებაშიც მდგომარეობს. მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მარტის დასაწყისში, ვიდრე აბაშიძე-კარასინის შეხვედრა მეორედ გადაიდებოდა, გამოთქვა იმედი, რომ ამ შეხვედრის შემდეგ უკეთ გაირკვეოდა, თუ რას გვიპირებდა რუსეთი.

”გაიმართება ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის კიდევ ერთი შეხვედრა, რომლის შემდეგაც, მე იმედი მაქვს, ჩვენ უკეთ გავერკვევით, თუ რას შეიძლება ველოდეთ ამ ეტაპზე - ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე - რუსეთისგან. ჩვენ გვაქვს, რასაკვირველია, ევროკავშირის და ჩვენი მეგობრების დახმარების იმედი, რომ ისინი თავს აგვარიდებენ იმ საფთხეებს, რომელთა წინაშეც დადგა უკრაინა და რის წინაშეც შეიძლება დადგეს სხვა”, - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ 4 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მინისტრი, უკრაინაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს მიმართ რუსეთის ”ზეწოლის გაძლიერების” მოლოდინზე ლაპარაკობდა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG